ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

პროექტის შესახებ

ვებ პორტალი მომზადდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის - „ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები“-ს ფარგლებში და ემსახურება იმ ქართველი კომპოზიტორი ქალების პოპულარიზაციას, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია პროფესიულ - აკადემიურ მუსიკასთან.

პროექტის რეგლამენტი ეტაპობრივად ათ-ათი კომპოზიტორის შესახებ მასალის დამუშავებას გულისხმობს. წარმოდგენილია ყოველ ათწლეულში დაბადებული თითო  ერთეულის მონაცემები: ენციკლოპედიური ინფორმაცია, ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა, ნაწარმოებების სრული ნუსხა, დამსახურებები, არსებული ლიტერატურა, რჩეულ ნაწარმოებთა სანოტო ციფრული (PDF) და ელ. ჟღერადი (MP3) მუსიკალური მასალა, ბმულები და ფოტო-გალერეა.

პროექტზე მუშაობას თან ახლდა სირთულეები - კომპოზიტორ ქალთა შესახებ ინფორმაცია მწირი და ძნელად მოსაპოვებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაც, კვლევისას მოძიებული თითქოს და მცირე დეტალიც კი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყო მომიჯნავე სფეროში მასალის არსებობამ (ფოტო მატიანე, თეატრის ისტორია, დოკ. კინო,  რადიო და ტელე-არქივი, პრესა და სხვ.).

ქართველ კომპოზიტორ ქალთა ღვაწლი, სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილია. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ კომპოზიტორ ქალთა უმეტესობას ჩრდილქვეშ უწევდა მოღვაწეობა და ხშირად მათ სახელებს არც კი ახსენებდნენ.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი მასალა საგანმანათლებლო სფეროს ეხმიანება, აგრეთვე მუსიკის სახელმძღვანელოებისთვის  დამხმარე წყაროს  ფუნქციას ითავსებს. ციფრული სანოტო ნიმუშები კი შექმნის ნაწარმოებთა საკონცერტო ესტრადაზე შესრულების წინაპირობას და სიცოცხლეს მიანიჭებს ავტორთა შემოქმედებას.

ვიმედოვნებთ, რომ ვებ პორტალის მონაცემები გაზრდის ინტერესს ქართული კულტურის მნიშვნელოვანი სფეროს, ქართველი კომპოზიტორი ქალების და მათი შემოქმედების მიმართ.

პორტალის სტუმრებს ვუსურვებთ სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას ვებ სივრცეში და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ ჯგუფთან შეთანხმებით, ჩაერთონ დამატებითი მასალის მოძიებაში, ამით ხელი შეუწყონ საიტის მუდმივ განახლებას.