პროექტის შესახებ
ვებ პორტალი მომზადდა საქართველოს კულტურის სამინისტროს (2022 წლიდან) და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს (2026 წლიდან) ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის - „ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებ-პორტალის“ ფარგლებში და ემსახურება იმ ქართველი კომპოზიტორი ქალების პოპულარიზაციას, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია პროფესიულ - აკადემიურ მუსიკასთან.
კომპოზიტორ ქალთა შესახებ ინფორმაცია მწირი და რთულად მოსაპოვებელია. ამიტომაც, კვლევისას მოძიებული თითქოსდა მცირე დეტალიც კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს მომიჯნავე სფეროში არსებული მასალა (ფოტო მატიანე, თეატრის ისტორია, დოკ. კინო, ტელე-რადიო არქივი, პრესა და სხვ.).
ქართველ კომპოზიტორ ქალთა ღვაწლი, სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილია. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესობას ჩრდილში უწევდათ მოღვაწეობა. ხშირად მათ სახელებს არც კი ახსენებდნენ და მუსიკალური სამყაროსთვისაც უცნობად რჩებოდნენ.
პროექტის მიზნის განხორციელებაში მონაწილეობენ საორგანიზაციო და სარედაქციო ჯგუფის წევრები: ლელა მაქარაშვილი (კომპოზიტორი, პროექტის იდეის ავტორი), მერი შეყილაძე (მუსიკოლოგი), მარიამ ჩიჯავაძე (მუსიკოლოგი) და თამარ წულუკიძე (მუსიკოლოგი). მეორე ეტაპზე ჯგუფს შეუერთდნენ მკვლევრები: რუსუდან თაყაიშვილი (მუსიკოლოგი) და ირაკლი არეშიძე (კომპოზიტორი, მუსიკოლოგი). მეოთხე ეტაპზე სამუშაო ჯგუფს შეუერთდა მარიკა ნადარეიშვილი (მუსიკოლოგი).
პროექტის რეგლამენტი გულისხმობს ეტაპობრივად (წელიწადში) ათი კომპოზიტორის შესახებ მასალის დამუშავებას და მონაცემების განთავსებას ვებ-პორტალზე სახელწოდებით - „georgianwomencomposers.ge“.
პროექტის პირველი ეტაპი 2022 წელს (ივლისი-ნოემბერი) განხორციელდა. წარმოდგენილ იქნა ყოველ ათწლეულში დაბადებული თითო ერთეულის მონაცემები.
- ბარბარე ამირეჯიბი 1873.08.24. - 1939.04.03. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- თამარ ვახვახიშვილი 1891.10.14. - 1955.09.18. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- თამარ შავერზაშვილი 1893.12.23. - 1976.10.31. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი 1910.12.28. - 1983.11.12. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ლილი იაშვილი 1920.05.10. - 1983.12.30. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
- ნინო ზაბუკიძე 1935.09.24. - 2018.12.14. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ელისაბედ (ლილი) შავერზაშვილი 1940.10.28. - 2018.03.20. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- რუსუდან ხორავა 1954.03.06. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- თამარ ვაშაკიძე 1960.02.09. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- ეკა ჭაბაშვილი 1971.01.12. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც მიმდინარეობდა 2023 წლის აპრილ-ივლისის პერიოდში, მომზადდა და ვებ პორტალზე განთავსდა მეორე ათეულის მონაცემები.
- ოლღა ბარამიშვილი 1907.11.30. - 1956.09.29. (მკვლევარი: ირაკლი არეშიძე)
- მერი დავითაშვილი 1924.03.13. - 2014.02.17. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- დალი ჩხეიძე 1927.12.26. - 1993.12.27. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ნუნუ გაბუნია 1941.07.18. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- ნანული ბრეგვაძე 1945.06.03. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- დინარა ჯანდიერი 1946.08.15. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ნანული (ნანა) კობალაძე 1954.01.03. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
- ნინო (ნანა) გაბაშვილი 1961.02.22. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- მაია (მაკა) ვირსალაძე 1971.05.23. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
- ანა ქასრაშვილი 1986.11.23. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
პროექტის მესამე ეტაპი განხორციელდა 2024 წლის მარტი-მაისის პერიოდში, მომზადდა და ვებ პორტალზე განთავსდა მესამე ათეულის მონაცემები.
- ვალენტინა ჯაიანი 1912.05.21. - 1998.06.15. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- ელეონორა (ნორა) ექსანიშვილი 1919.02.11. - 2003.01.01. (მკვლევარი: ირაკლი არეშიძე)
- ლეილა ხაფავა 1924.06.27. - 2016.10.13. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- დარეჯან ოქრომჭედლიშვილი 1942.01.25. - 2018.12.27. (მკვლევარი: ირაკლი არეშიძე)
- მარინა ადამია 1957.02.25. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- მანანა ალფაიძე 1957.03.04. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ნინო ჯანჯღავა 1964.07.29. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- ლელა მაქარაშვილი 1968.01.03. (მკვლევარი: ირაკლი არეშიძე)
- რუსუდან მეიფარიანი 1975.10.12. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
- თამარ ფუტკარაძე-ლაშხი 1989.02.08. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
პროექტის მეოთხე ეტაპი განხორციელდა 2025 წლის მარტი-მაისის პერიოდში, მომზადდა და ვებ პორტალზე განთავსდა მეოთხე ათეულის მონაცემები.
- ქეთევან (კიწი) თუმანიშვილი 1919.08.31. - 2001.07.30. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
- ნათელა სვანიძე 1926.09.04. - 2017.11.17. (მკვლევარი: მარიკა ნადარეიშვილი)
- ლიანა (ლია) რობიტაშვილი 1930.10.26. - 1994.10.26. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- მანანა ცერცვაძე 1948.01.05. - 1983.02.21. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- ნანა გველესიანი 1955.09.11. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- მონაზონი სიდონია (ლელა ბულია) 1967.04.15. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- თამარ სალუქვაძე 1979.09.14. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ნათია დიასამიძე 1986.09.12. (მკვლევარი: ირაკლი არეშიძე)
- თინათინ თოდაძე 1994.03.07. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
- სოფიო საღარაძე 1997.06.05. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
2026 წელი ვებ პორტალისთვის საიუბილეო თარიღია - უკვე მე-5 წელია არის ინტერნეტ სივრცეში განთავსებული და დეტალურ ინფორმაციას იძლევა პორტალზე წარმოდგენილ კომპოზიტორთა და მათი შემოქმედების შესახებ.
პროექტის მეხუთე ეტაპი ხორციელდება 2026 წლის მარტი-მაისის პერიოდში.
მომზადდა და ვებ პორტალზე განთავსდა მეხუთე ათეულის მონაცემები.
- რუსუდან თოხაძე 1929.01.24. - 2001.12.11. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- მარიამ (მარიკა) კვალიაშვილი 1937.05.07. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
- მზისავარ (მზია) დიაკვნიშვილი 1937.10.27. - 2012.06.17. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- მარინე ნიკურაძე 1956.11.05. (მკვლევარი: თამარ წულუკიძე)
- ირინე ოდიშარია 1957.01.12. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
- თეა ჯინორია 1970.05.26. (მკვლევარი: ლელა მაქარაშვილი)
- ლალი საბანაძე 1987.09.27. (მკვლევარი: რუსუდან თაყაიშვილი)
- მარიამ (მაკო) ღვინიაშვილი 1989.05.26. (მკვლევარი: მერი შეყილაძე)
- ანა (ანუშკა) ჩხეიძე 1997.11.28. (მკვლევარი: მარიამ ჩიჯავაძე)
- ლიკა ჯგერენაია 1999.09.05. (მკვლევარი: მარიკა ნადარეიშვილი)
ეტაპობრივად მიმდინარეობს ვებ პორტალის მონაცემთა ბაზის გაფართოება და ადაპტირება, კომპოზიტორ ქალთა მოღვაწეობის მასშტაბების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე ვებ-პორტალზე წარმოდგენილია 50 კომპოზიტორი ქალის მონაცემები, რომელიც თვალსაჩინო და დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა თითოეული კომპოზიტორის მოღვაწეობაზე.
- ძირითადი მონაცემები (10 ველი)
- ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
- ნაწარმოებების სრული ნუსხა (22 ველი)
- ნოტები და მოსასმენი - წარმოდგენილია თითოეული კომპოზიტორის შემოქმედებიდან რჩეული ნაწარმოებების სანოტო ციფრული ვერსია (პროექტის ფარგლებში მომზადდა) PDF [30-35, ასევე დამატებითი გვერდების ოდენობით] და გასაჟღერებელი მასალა MP3 ფორმატის სახით, მონაცემები - 11 ველი)
- შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და საზოგადო აქტივობა (8 ველი)
- პუბლიკაცია, გამოსვლა (7 ველი)
- ჯილდოები (5 ველი)
- ლიტერატურა (6 ველი)
- ბმულები (7 ველი)
- გალერეა
პროექტზე მომუშავეთა ჯგუფი მუდმივ სამუშაო პროცესში არის ჩართული. პოპულარიზაციის მიზნით ფართო საზოგადოების ინფორმირებას ახდენს მედია საშუალებებით. აქვე აღვნიშნავთ, პროექტის განმხორციელებელთა მიერ ყველა ეტაპზე ეწყობა ვებ-პორტალის საპრეზენტაციო ღონისძიება, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მუსიკალურ ნაწილს - ნაწარმოებთა ცოცხალ შესრულებას. უმეტესწილად, საკონცერტო რეპერტუარი დაკომპლექტებულია ნაწარმოებებით, რომელთა უმეტესობა ხელნაწერის სახით არსებობდა, პროექტის ფარგლებში იქნა მოძიებული, აღმოჩენილი და ციფრული სანოტო ვერსიის შექმნის საფუძველზე პირველად, ან მრავალი წლის შემდეგ აჟღერდა.
აღვნიშნავთ, რომ ვებ-პორტალზე წარმოდგენილი მასალა საგანმანათლებლო სფეროს ეხმიანება, აგრეთვე მუსიკის სახელმძღვანელოებისთვის დამხმარე წყაროს ფუნქციას ითავსებს. ციფრული სანოტო ნიმუშები კი ქმნის ნაწარმოებთა საკონცერტო ესტრადაზე შესრულების წინაპირობას და ამით სიცოცხლეს ანიჭებს ავტორთა შემოქმედებას.
ვებ პორტალის მონაცემები ზრდის ინტერესს ქართული კულტურის მნიშვნელოვანი სფეროს - ქართველი კომპოზიტორი ქალების და მათი შემოქმედების მიმართ.
პორტალის სტუმრებს ვუსურვებთ სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას ვებ სივრცეში და მოვუწოდებთ საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებით, ჩაერთონ დამატებითი მასალის მოძიებაში, ამით ხელი შეუწყონ საიტის სრულყოფას და მუდმივ განახლებას.
პროექტის სარედაქციო ჯგუფი
2026 მაისი