ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ლილი იაშვილი

#

ლილი იაშვილი დაიბადა 1920 წელს თბილისში, მიხეილ და სოფია იაშვილების ოჯახში. მამამისმა, მიხეილ იაშვილმამ ახალგაზრდობის წლები საფრანგეთში გაატარა, სადაც სწავლობდა და მუშაობდა. საბოლოოდ კი საქართველოში დამკვიდრდა.პროფესიით ინჟინერი, კარგად უკრავდა ვიოლინოზე, მეგობრობდა ძმებ პეტრე და მოდესტ ჩაიკოვსკებთან. სიცოცხლის ბოლომდე  ლიკანის მინერალური წყლების ზედამხედველი იყო, სამწუხაროდ, როგორც უამრავი ადამიანი, ისიც  გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლა და 14 წლის ლილი უმამოდ დარჩა. ოჯახის სიმძიმე დედას, სოფიას დააწვა, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა.

ლილიმ ბავშვობიდან საუკეთესო განათლება მიიღო. სწავლობდა პირველ სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით, იღებდა კერძო გაკვეთილებს ცნობილ პიანისტ ალექსანდრ გოლდენვეიზერთან. ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლისას მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, სპორტის ოსტატი, ტანმოვარჯიშე გრიგოლ მამარდაშვილი, რომელიც მრავალმხრივ ერუდირებული და სრულიად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანი გახლდათ. იყო  ტექნიკური უნივერსიტეტის მათმატიკის პროფესორი, პროფესიონალი მომღერალი - ბარიტონი. გრიგოლი პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტთა სპორტულ წრეს ხელმძღვანელობდა, მუსიკალურ აკომპანემენტს კი ახალგაზრდა ლილი უწევდა.

1945 წელს ახალგაზრდა და სრულიად უცნობმა კომპოზიტორმა,  ლილი იაშვილმა, რომელსაც უმაღლესი მუსიკალური განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული,  მოულოდნელად გაიმარჯვა საქართველოს სპორტული დელეგაციის გამოსვლისათვის გამოცხადებულ მუსიკალურ კონკურსში. ამ გამარჯვების შემდეგ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ლილიმ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იონა ტუსკიას საკომპოზიციო კლასში, რომელიც  1953 წელს წარმატებით დაამთავრა.

ლილი იაშვილის შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული სპორტთან. წლების მანძილზე მას და მის მეუღლეს საქართველოს რადიო-ტელევიზიაში მიჰყავდათ გადაცემა „დილის გამამხნევებელი ვარჯიში.“ ხშირად ლილი თავად წერდა მოვარჯიშეებისათვის მელოდიას და უკრავდა ფორტეპიანოზე. 1960-1975 წლებში მიჰყავდა კომპოზიციის კლასი მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, 1970 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პედაგოგად და კონცერტმაისტერად თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში, სადაც მრავალი თაობა აღზარდა.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ,  საქართველოს რადიომ ჩაწერა მისი პირველი სიმღერა „ია ია“ ლილი გეგელიას შესრულებით. ნატიფი გემოვნებითა და მელოდიურობით გამორჩეული სიმღერა მალევე იქცა ხალხის საყვარელ და პოპულარულ სიმღერად, რომელიც არაერთხელ აჟღერდა საბჭოთა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

ლილი ქმნიდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, რაშიც გამოვლინდა მისი ნიჭის ინდივიდუალური მხარეები, მელოდიურობა, ლირიულობა, მხატვრული სახეების ემოციურობა, მაგრამ  მის შემოქმედებით ბუნებასთან უფრო ახლოს აღმოჩნდა ვოკალური მუსიკა. სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა მისი შემოქმედებაც, რითიც    არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, შოთა მილორავასა და სხვა კომპოზიტორებთნ ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო მუსიკის აღმავლობაში.

მისი სიმღერებიდან გამორჩეულია „სიმღერა ბათუმზე“ კარლო სანაძის ტექსტზე. სიმღერა, რომელიც დღემდე ამ ქალაქის არაოფიციალური ჰიმნია, შესრულების დღიდან მთელმა ქვეყანამ შეიყვარა და გაითავისა. 1995 წელს ბათუმში გამართულ კონკურსზე „სიმღერა ბათუმზე“ - უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი დაიმსახურა. სიმღერის პირველი შემსრულებლები გახლდნენ ანსამბლ „რეროს“ ახალგაზრდა მომღერლები - ნანული აბესაძე და სულიკო კოროშინაძე (არანჟირების ავტორი კონსტანტინე პევზნერი).

სიმღერა „გეპატიჟებით ყველას“ მიეძღვნა თბილისის დაარსების 1500 წლისთავს. იგი ბრწყინვალედ შეასრულა ტენორმა ზურაბ ანჯაფარიძემ. ლილის სიმღერებს ასრულებდნენ: ლილი გეგელია, მერი შილდელი, ეთერ გვაზავა, გიული ჩოხელი, ინოლა გურგულია, მარიხ გოძიაშვილი, ციცინო ციცქიშვილი, სოსო ებრალიძე, სულიკო კოროშინაძე...

საბავშვო სიმღერები, რომელსაც კომპოზიტორის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს, თავდაპირველად იწერებოდა თავისი ქალიშვილისთვის - მაიასათვის (მომავალი მევიოლინესთვის.  მაია იყო ამ სიმღერების  პირველი შემსრულებელიც. ცნობილი სიმღერა „კრიჭი-კრიჭი“ - პირველი საბავშვო სატელევიზიო კლიპია, რომელიც 1961 წელს ტელევიზიის სტუდიაში ჩაიწერა. მას მოჰყვა სიმღერები:  „ტყეში“, „გაზაფხულდა“, „ბიჭობა“ „დამბრა - დუმბრა“, „კოკროჭინას გემი“, „გავიზარდე თითქოს“ და ა.შ. მოგვიანებით კომპოზიტორის საბავშვო სიმღერები შვილიშვილის,  სოფოსათვის იწერებოდა: „წვიმა მოდის“, „რერო რერა“... ლილი იაშვილის საბავშვო სიმღერები დღემდე ყველა საბავშვო კოლექტივისა და დაწესებულების რეპერტუარშია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლილი იაშვილის თანამშრობლობა იმ დროისთვის ერთადერთ საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „მზიურთნ“, რომლისთვისაც მრავალი სიმღერა დაიწერა. ესენია: „კომში კომში“, „სიმღერა თბილისზე,“ „პიონერული მარში“ „თბილისის მერცხლები“, „საქართველო მზის სამეფო“ „იავნანა“... ანსამბლის ხელმძღანელმა გურამ ჯაიანმა გამოსცა დისკი, რომელზედაც სრულად იქნა ჩაწერილი კომპოზიტორის სიმღერები.

1968 წელს ლილი იაშვილმა  პირველად მოსინჯა თავის ძალები მუსიკალური თეატრის ჟანრში. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის  მუსიკისა და დრამის თეატრში იოსებ გრიშაშვილის ნაწარმოების,  „ბაბაჯანას ქოშების“ მიხედვით, წარმატებით დაიდგა საბავშვო ოპერეტა „ბაბაჯანას ქოშები“ (ლიბრეტოს ავტორი მიხეილ თარხნიშვილი). „ბაბაჯანას ქოშები“ პირველი ქართული საბავშვო ოპერეტაა, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წარმოდგენილი. პოლონეთის ქალაქ გდანსკში 1972 წელს დაიდგა  შეცვლილი სახელწოდებით - „ვის ეშინია ძველი ქოშების“ (ლიბრეტო და თარგმანი ე. ამირეჯიბი-სტრავინსკისა).

1973 წელს შეიქმნა მეორე  საბავშვო ოპერეტა „ირმისა“ (ლიბრეტო ვ. გოგოლაშვილის) ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით. ორივე სპექტაკლი წლების მანძილზე შეუცვლელი იყო თეატრის რეპერტუარში. 1984 წელს „ბაბაჯანას ქოშები“ კვლავ განახლებული სახით წარსდგა მსმენელის წინაშე.

ლილი იაშვილი აქტიურად იყო ჩართული ამიერკავკასიის  სამხედრო-საშეფო საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავდა მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციას სასაზღვრო ქალაქებში. მუსიკოსთა  ჯგუფის სულისჩამდგმელი და მამოძრავებელი გახლდათ ლილი იაშვილი - სილამაზით, ხალასი იუმორით,  თავმდაბლობით, ნიჭიერებით და საოცარი გულწრფელობით გამორჩეული ქალბატონი.

1979 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მისი ვაჟი გურამი. ოთხ წელიწადში დედაც გადაჰყვა ამ გაუსაძლის დარდს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ლილი იაშვილის გამოთხოვების დღეს მისი ბინა გრიბოედოვის ქუჩაზე იებით აივსო: „მაინც სად იყო ამდენი ია შუა ზამთრში, რეპროდუქტორიდან კი იღვრებოდა „ია იას“ ასე ნაცნობი საყვარელი მელოდია, ირგვლივ მიმობნეულ ცოცხალ იებთან ფერშეწყობილი“  (მერაბ თაბუკაშვილი).

ლილი იაშვილი გარდაიცვალა 1983 წელს და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

 

მერი შეყილაძე

2022.10.