ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მაია (მაკა) ვირსალაძე

#

მაკა (მაია) ვირსალაძე 90-იანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებები შესრულებულა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, პოლონეთში, გერმანიაში, აშშ, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვაგან. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში. მაგალითად, 2005 წელს მაკა ვირსალაძეს ჰქონდა  მოწვეული   კომპოზიტორის სტატუსი და მიიღო შეკვეთა  შვეიცარიის მუსიკალურ ფესტივალზე „Menhir“ ფალერა, შვეიცარია.  2019 წელს მისი ლიტურგიკული სიმფონია შესრულდა უკრაინის ქალაქ ლვოვში თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე ,,კონტრასტები“ ლვოვის ფილარმონიული ორკესტრის მიერ სიმონ კამარტინის დირიჟორობით.

 

მაკა ვირსალაძის სახელი შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის გამოცემათა წიგნში „მეოცე საუკუნის გამოჩენილი მუსიკოსები“ ( Outstanding Musicians of the 20th Century),  მისი სახელი და გვარი განთავსებუილია ინტერნეტში Dan Albertsonis მიერ შექმნილ გვერდზე „ცოცხალი კომპოზიტორების პროექტი“ (“The living composers project”).

კომპოზიტორი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი სტუდენტები წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სოფიო საღარაძე დანიაში, ანზორ ღუდუშაური ავსტრიაში,  გიორგი პაპიაშვილი საქართველოში, არშია სამსამინია გერმანიაში.

კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი ასე ახასიათებდა მაკა ვირსალაძეს (მაკა ვირსალაძის საიტისათვის, რომელიც არ გაკეთებულა და ჩანაწერი დარჩა გამოუქვეყნებელი)

,,ვირსალაძე მაკას დამოუკიდებელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მეათე წელი უსრულდება და ამჟამად იგი ცნობილი ქართველი კომპოზიტორია. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის და ასპირანტურის წარმატებით დამთავრება, ასევე მუსმცოდნეობის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრება იყო იმ მხატვრულ შესაძლებლობათა პაკეტი , რომლითაც მან მიიღო ფუნდამენტური ცოდნა საკუთარი საკომპოზიტორო ხელწერის ჩამოყალიბებისათვის.

მე, როგორც მის ყოფილ პედაგოგს, განსაკუთრებით მახარებს, რომ შემოქმედებითი წარმატებების ფონზე მაკა მაინც განაგრძობს მხატვრული ჰორიზონტის გაფართოებას. იგი მუდამ სწავლობს და მისი სწავლების ინფორმაციული ინერცია არის  მუდმივი ფაქტორი მისი შემოქმედებითი წინსვლისა. ამითაც აიხსნება, რომ მისი საზოგადოებრივი შემოქმედებითი ცხოვრება უაღრესად საინტერესო და დატვირთულია. მიუხედავად თანამედროვე ყოფიერებისათვის დამახასიათებელი გემოვნებათა კალეიდოსკოპური სიჭრელისა, შემოქმედებაში მაკა მუდამ საკუთარი ხელწერის ერთგული რჩება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი მხატვრულ „იდეას ანვითარებს“, ამიტომ გარედან შემოჭრილი დაპირისპირებული მხატვრულ-სტილისტური ტენდენციები მისთვის არსებულ ინფორმაციულ ნაკადად რჩება. შემოქმედებითი ძიებანი კი სიღრმით ქვეცნობიერებიდან იბადებიან და ავტორისეულ ფსიქობუნებაშივე განიცდიან ტრანსფორმაციას. მისი ხელწერა თავისებურ მოზაიკურ-კონსტრუქციულ სიმფონიზმშია გადაწყვეტილი. თითოეული მოზაიკური სტრუქტურა ცალკე აღებული ზოგჯერ მარტივია, მაგრამ როდესაც ასეთი სტრუქტურები გამთლიანებულ კომპოზიციაში ჰორიზონტალურ ხაზებად ლაგდებიან, ისინი განცდათა რთულ სიღრმეებში წვდომის თავისებურებას იძენენ.

პირადად ჩემთვის სუბიექტურად ძვირფასია, რომ მაკას შემოქმედებითი წარმატებები უკავშირდება მუსიკადქცეულ ადამიანურ განცდებს. მისი მუსიკის ხიბლი მუდამ რჩება ესთეტიკის ტრადიციულობა (ფართო გაგებით) მაგრამ  ამავე დროს მისი მუსიკა თანამედროვეა, ამის დასტურია თუნდაც თავისებური მოზაიკური სიმფონიზმი. ვფიქრობ, სწორედ ეს შინაგანი თანამედროვეობა უხსნის გზას მის შემოქმედებას ჭეშმარიტი წარმატებებისაკენ.“

კომპოზიტორი, თეორეტიკოსი, სახ. კონსერვატორიის პროფესორი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ მამისაშვილი.  

 

 

მერიკო შეყილაძე

2023.06.