ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნინო (ნანა) გაბაშვილი

#

ნანა გაბაშვილის მამა, გაიოზ გაბაშვილი, ეკონომისტი იყო, დედა -  ლია გაბაშვილი ექიმი, სამედიცინო ინსტიტუტში ასწავლიდა. მართალია, მშობლებს უმაღლესი მუსიკალური განათლება არ მიუღიათ, მაგრამ მათთვის მუსიკა ძალიან ახლობელი იყო. მამამ დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი, ვოკალის განხრით, ბარიტონი იყო, დედაც ეუფლოებოდა სიმღერას. ასე რომ, ოჯახში უყვარდათ მუსიკა, განსაკუთრებით კლასიკური. ჰქონდათ ფირფიტების შესანიშნავი კოლექცია.

იმ ხანად, დაწყებით სამუსიკო განათლებას ბავშვებს თითქმის ყველა ოჯახში აძლევდნენ და სრულიად ბუნებრივი იყო, რომ უფროსი ვაჟიშვილი, გიორგი სამუსიკო სკოლაში შეიყვანეს. მასზე თითქმის 6-7 წლით უმცროსი და, სულ პატარა ნანა, ხშირად ესწრებოდა მის მუსიკის გაკვეთილებს, სახლშიც სულ ჟღერდა მუსიკა. მშობლებს მუდმივად დაყავდათ კონცერტებზე, ოპერაში. და ნანამაც, რომელსაც ბუნებრივად ჰქონდა გასაოცარი სმენა, ძალიან ადრე გამოავლინა მუსიკისადმი ინტერესი და იშვიათი ნიჭი. ადვილად აწყობდა მელოდიებს, მალე მისთვის თანხლებასაც პოულობდა. დაიწყო საკუთარი სიმღერების შექმნა. ბუნებრივია, ნოტებზე გადატანა ჯერ არ შეეძლო (წერა-კითხვაც არ იცოდა), მაგრამ მშობლები ფირზე (ბაბინებზე) იწერდნენ მის დაკრულს და შემდეგ გადაჰქონდათ ნოტებზე. გაზეთი Round-up of Soviet Press, 1967 წელს სტატიაში „6 წლის კომპოზიტორი“ წერდა: „ნანა გაბაშვილი ჩამოყალიბებული კომპოზიტორია. ის მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც  სიმღერა „პინოქიო“ დაუწერა თავის საყვარელ თოჯინას. ახლა მას 50-მდე სიმღერა, ვალსი, საფორტეპიანო პიესები და სონატა აქვს ჩამონათვალში. მისი მუსიკა მელოდიური და სერიოზულია. და სრულიად განსაკუთრებული ასეთი პატარასთვის.

ნანა უკრავს „მარშს“, „გაზაფხულს“ (ეტიუდი) და სონატას, იმ მუსიკალურ სკოლაში, სადაც მისი ძმა სწავლობს.

პატარა ნანას ნიჭმა  არაერთი ცნობილი მუსიკოსის ყურადღება მიიქცია, მათ შორის იყვნენ ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ნოდარ მამისაშვილი. ბატონმა ნოდარმა რეცენზია - რეკომენდაციაც კი დაუწერა. ნოდარ მამისაშვილი წერს: “ნანა გაბაშვილი პატარა კომპოზიტორია. 5 წლისა არც კი იყო, რომ თავისი შემოქმედებით მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა გოგონამ, რომელსაც თავისი პატარა მუსიკალური სამყარო აქვს. ნანას იმპროვიზაცილი ნიჭი ხშირად სიხარულის ღიმილს იწვევდა მოზრდილებში... ბავშვის სამყარო დანახული ბავშვის თვალით, აი, რა არის ნორჩი კომპოზიტორის მუსიკის ღირსება, სწორედ აქედან მოდის მისი გულბრყვილო მელოდიურობა, სინათლე და სიხარული. უნდა ნახოთ რა კმაყოფილი ასრულებს იგი საკუთარ ნაწარმოებს „კიკლი-კიკლი“. მუსიკაშიც კი იგრძნობა ნანას კმაყოფილება, რომ გაიძვერა მელამ ვერ მოატყუა გულუბრყვილო  ბაჭიები.“ ბატონი ნოდარი შემდეგ სხვა ნაწარნოებებზეც საუბრობს და რეკომენდაციას უწევს მისი ნაწარმოებები კრებულად გამოიცეს „რაც ერთის მხრივ საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის  და მეორეს მხრივ იგი წაახალისებდა არამარტო ნანას, არამედ სხვა ნორჩ კომპოზიტორებსაც“...

ეს კრებული მართლაც გამოიცა. მასში 18 პაწაწუნა სიმღერა შევიდა, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ 4-5 წლისამ დაწერა.

ექვსი წლისას  დიმიტრი შოსტაკოვიჩმაც  მოუსმინა მოსკოვში ძალიან მოეწონა  და ურჩია იქ გაეგრძელებინა სწავლა.

ექვსი წლის ნანა „ნიჭიერთა ათწლედში“ შეიყვანეს (ერთი წლის შემდეგ წავიდა საშუალო სკოლაში). როგორც თავად ნანა იხსენებს - პირველი, ვინც ასწავლა, შეაყვარა მუსიკის ჩაწერა, იყო, არაჩვეულებრივი პედაგოგი ნინო ოცხელი. ის ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უდგებოდა. მასწავლებელს ძალიან დაუახლოვდა, და არ წყვეტდა მასთან ურთიერთობას.

მალე თავად დაიწყო საკუთარი მუსიკის ნოტებზე გადატანა. ამ სიმღერების პირველი შემსრულებლები მისივე თანაკლასელები იყვნენ. მაშინ „ნიჭიერთა ათწლედში“ საშუალო სკოლის საგნები მეხუთე კლასიდან იწყებოდა. ამიტომ,  ნანა 5 წელი 24-ე საშუალო სკოლაში დადიოდა. იქ მუსიკის მასწავლებელი იყო ლია გაჩეჩილაძე, რომელიც ბავშვებს ნანას სიმღერებს ასწავლიდა.

ნანა ტელევიზიის ხშირი სტუმარიც იყო.

„ნიჭიერთა ათწლედში“ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა  შესანიშნავი პედაგოგი, ქალბატონი სუსანა გაბუნია. „ერთი სიტყვა არ მახსოვს მისგან ოდნავ ხმამაღალი, წყნარად, მშვიდად მიტარებდა გაკვეთილებს“(ნ.გ.). კომპოზიციაში ჯერ მეცადინეობდა ცნობილ კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძესთან, მაგრამ მან მალე დატოვა ათწლედი და ნანა გადავიდა ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორ, მერი დავითაშვილთან. „მერი დეიდას ვეძახდი. ქალბატონი მერი, არაჩვეულებრივი იყო პიროვნება და პედაგოგი იყო". (ნ.გ.) მერი დავითაშვილის ხელმძღვანელობით ნანამ  სხვადასხვა ჟანრში სცადა თავისი ძალები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფორტეპიანო კონცერტის შექმნა, რომელიც ორ ფორტეპიანოსთვის იყო განკუთვნილი და ის პირველად, სხვა ნაწარმოებების მსგავსად „ნიჭიერთა ათწლედში“ შერულდა.

პატარა ნანას შემოქმედებით უცხოეთშიც დაინტერესდნენ. მასზე სიუჟეტები მოამზადეს ჩეხმა, ინგლისელმა, პოლონელმა ჟურნალისტებმა.

„ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ (1979)  ნანა გაბაშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, მისაღებ გამოცდაზე შესრულდა მისი საფორტეპიანო პიესები, რომანსი „თუთა“ და სავიოლინო პიესა. კონსერვატორიაში ნანა ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში ჩაირიცხა. ძალიან მადლიერია მისი, რადგან „ბატონი შურა (ასე ეძახდნენ მას) კარგ ბაზისს გიქმნიდა“. (ნ.გ.).

მუსიკის ისტორიას უკითხავდა პროფესორი პავლე ხუჭუა. „ისეთი პედაგოგები გვყავდა, რომ იქ რომ მივდიოდი, ლექციაც, რომ არ მქონოდა, იმ ხალხს რომ შეხედავდი, იმ ჰაერით ისუნთქებდი, იმ გარემოში, უკვე უჯრედულ დონეზე იღებდი ინფორმაციას. გარემო ხომ ძალიან მოქმედებს.“

საორკესტრო წერის დაუფლებაში ახალგაზრდა კომპოზიტორს დაეხმარნენ არაჩეულებრივი მუსიკოსები. ჯერ შალვა მშველიძე ასწავლიდა საკრავთმცოდნეობას, მესამე კურსიდან კი ორკესტრირებას - სულხან ცინცაძე, რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა ეს სპეციალობა.

პირველ კურსს უკავშირდება პირველი მნიშვნელოვანი წარმატება. მან მონაწილეობა მიიღო სტუდენტ კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსში, რომელიც მოსკოვში იმართებოდა. ნანას ახალი დამთავრებული ჰქონდა სუიტა ორი ფორტეპიანოსათვის და ის გააგზავნა. ეს კონკურსები დევიზით ტარდებოდა, ჟიურიმ არ იცოდა ვისი ნაწარმოები იყო. საკმაოდ სერიოზული და მასშტაბური კონკურსი იყო.  თხუთმეტივე რესპუბლიკა მონაწილეობდა. ნანას ნამუშევარი დიპლომით აღინიშნა. ამ კონკურსში მეორედაც გაიმარჯვა ნანა გაბაშვილმა 1985 წელს, ოღონდ ამჯერად, როგორც ასპირანტ- კომპოზიტორმა.

კონსერვატორიას უკავშირდება ნანა გაბაშვილის პირველი შეხება დრამატულ თეატრთან. „აქაც გამიმართლა, რადგან პირველი ნაბიჯები ქალბატონ ლილი იოსელიანთან გადავდგი. სტუდენტური სპექტაკლი იყო. შექსპირის „ქარიშხალი“ დადგა ქალბატონმა ლილიმ, მე ვიყავი მეხუთე კურსზე და დამიძახეს რათა მუსიკალურად გამეფორმებინა. ქალბატონ ლილისთან მუშაობა, მის რეპეტიციებზე დასწრება, ძალიან დიდი გამოცდილება იყო“.

აქ გაიცნო მანანა კვირკველია, რომელმაც მალე მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაიწყო მუშაობა და იქ მიიწვია.

ნანა გაბაშვილის ინტერესები ძალიან ფართო იყო. მუსიკის გარდა მას ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა. ჯერ ფანქარში მუშაობდა, შემდეგ ზეთის საღებავებზე გადავიდა. მისი რამდენიმე სტუდენტობის ნახატი ამ პორტალზე, გალერეაშია განთავსებული.

კონსერვატორიის წლებში დაიწერა „სიმფონიეტა“ სიმებიანი საკრავებისა და დასარტყამი საკრავებისათვის,  რომელიც რადიოში შეასრულა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურმა ორკესტრმა გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით (1983), ეს საკურსო გამოცდა იყო, რომელსაც კონსერვატორიიდან კომისია ესწრებოდა.

კონსერვატორიაში წარჩინებულის სწავლისთვის ნანა გაბაშვილს დაენიშნა ზ. ფალიაშვილის სახ. სტიპენდია.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ნანა გაბაშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედში. ის კომპოზიციასა და საკრავთმცოდნეობას ასწავლიდა.

1985 წელს დაიწერა სიმებიანი კვარტეტი. ამავე წელს ის შეასრულა საქ. ტელე-რადიოს სიმებიანმა კვარტეტმა. მოგვიანებით, 1997 წელს, სახელმწიფო კვარტეტს ჰქონდა კონცერტი ვენაში, სადაც  სურვილი გამოთქვეს რომ რეპერტუარში ქალი კომპოზიტორის ნაწარმოებიც ჰქონოდათ და მათ ნანას ნაწარმოები შეარჩიეს. ასე აჟღერდა ეს კვარტეტი ავსტრიის დედაქალაქში. მისი "შაირობა ტენორის, ბანისა და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის", გაჟღერდა პარიზის რადიოში 90-იან წლებში.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ნანა გაბაშვილმა ორ წლიანი სტაჟირება გაიარა კომპოზიტორ სულხან ცინცაძესთან და შემდეგ ორი წელი ასპირანტურაში მასთან და  კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან სწავლობდა. ის მეოცე საუკუნის, თანამედროვე საკომპოზიციო ტექნიკას და კომპოზიციას ასწავლიდა. მან განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდა კომპოზიტორის ჩამოყალიბებაში და გამორჩეულად მადლიერია მისი.

1986 წელს ნანა გაბაშვილის კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა.

ნანა გაბაშვილის ასპირანტურის სადიპლომო ნამუშევარი იყო  მუსიკა სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შეასრულა სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა, დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი. აქაც, როგორც ყოველთვის მისმა ნამუშევარმა კომისიის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც ნანა გაბაშვილმა ოჯახი შექმნა მისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა ისეთი ინტენსიური აღარ იყო.

„ძალიან მიყვარს ინსტრუმენტული ჟანრი. თეატრიც მიყვარს, ვხალისობ, მაგრამ პრიორიტეტი იყო ინსტრუმენტული მუსიკა. მგონია, რომ ინსტრუმენტულ მუსიკაში მეტს გავაკეთებდი, რომ მემუშავა.ომპოზიცია ისეთი რამეა, რომ მთლიანად გითხოვს. არიან მუსიკოსები, რომლებიც ერთდროულად ბევრ რამეს ახერხებენ. მე  ვერ  შევძელი ოჯახის შექმნის შემდეგ.

ერთგვარი წყვეტა გამომივიდა. ამასობაში გაჩნდა კომპიუტერული პროგრამები. თანდათან ესეც  შევისწავლე.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ნანა გაბაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა თეატრმა. ლილი იოსელიანთან  დადგმული სტუდენტური სპექტაკლი თავისებური ბიძგი იყო. მომდევნო სპექტაკლი, უკვე მანანა კვირკველიას „სალამურა“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა. ქალბატონი მანანა შემდეგაც თავის ყველა სპექტაკლზე ნანა გაბაშვილს იწვევდა. ესენი იყო „ჩვეულებრივი სასწაული“, „ფიცი მწამს“, „მაგრამ უფლება არ მოუციათ“ და სხვა. ნანა თანამშრომლობდა რობერტ სტურუასთან, ლევან  წულაძესთან, ოთარ ეგაძესთან, რუსუდან ბოლქვაძესთან. ეს სპექტაკლები იდგმებოდა რუსთაველის, მოზარდ-მაყურებელთა, თოჯინების, რუსთავის თეატრებში, თეატრალური ინსტიტუტში.

ანდრო  ენუქიძესთან რამდენიმე სპექტაკლზე იმუშავა, მათ შორის იყო დიურენმატის "მოხუცი ქალის ვიზიტი", ამ ნამუშევარში მიიღო პრემია საქართველოს თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლის საუკეთესო მუსიკისთვის  (1990). „სპექტაკლში არსებულ კონტრასტულ პლანებს, ირონიულ განწყობილებასა თუ მოვლენათა ქვეტექსტს მთლიად გამოკვეთს კომპოზიტორ ნანა გაბაშვილის მსუბუქი, ლაღი მელოდია. რომელიც ორგანულად ერწყმის წარმოდგენის საერთო სტრუქტურას. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა  კომპოზიტორი ასე კარგად გრძნობს სპექტაკლის მხატვრულ სისტემას, თეატრალურ სპეციფიკას. (ჟურნალი „ხელოვნება“. 1990. 08)

1992 წელს დაწერა მიუზიკლი “ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით,  თბილისის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში, დადგა ნუგზარ გაჩავამ და ანდრო ენუქიძემ.

1998 წელს რეჟისორმა თინა ჭაბუკიანმა ნანა გაბაშვილი მიიწვია მოკლემეტრაჟიან ფილმზე სამუშაოდ. ეს იყო „შვიდფერა ყვავილი“,  გააფორმა რამდენიმე სარეკლამო რგოლი.

ნანა გაბაშვილი მთელი ცხოვრება ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ჯერ იყო კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში თეორიულ განყოფილებაზე კომპოზიციის და საკრავთმცოდნეობის პედაგოგი. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე მოწვეულ პედაგოგად, მიყავს აუდიო დიზაინის კურსი. 2014 წლიდან ის გახდა უფროსი პედაგოგი, ხოლო 2022 წლიდან ასისტენტ პროფესორი.

 

 

მარიკა ჩიჯავაძე

2023.06.