ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ ვაშაკიძე

#

თამარ გიორგის ასული ვაშაკიძე - კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო) დაიბადა 1960 წლის 9 თებერვალს, თბილისში. მის შესახებ პრესაში დაბადების დღიდან საუბრობდნენ. ჯერ როგორც პაწაწინა, საყვარელ ჩვილზე, რომელსაც ფართოდ გაუღია თვალი და „სამყაროს აკვირდება“. გაზეთ „დროშას“ პირველ გვერდზე დედა-შვილის ფოტოსთან ერთად განთავსებულია ხუტა ბერულავას მათდამი მიძღვნილი ლექსი, სადაც პოეტი მას უსურვებს წარმატებულ მომავალს - „ჰქონდეს მზიანი დღე მომავალი, იყოს მართალი, მხნე და ძლიერი!“

კომპოზიტორი თამარ ვაშაკიძე რომ სამართლიანობით, მხნეობით და სიძლიერით გამოირჩევა, ამაზე მისი შემოქმედება მეტყველებს, რომელიც, ამავდროულად, მზიანი მომავლის სულისკვეთებით არის აღსავსე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ვაშაკიძის შემოქმედება გამოირჩევა ლამაზი მელოდიკით, სახასიათო თემატიკით და მაღალპროფესიული მიდგომით ნორჩი და მოზარდი ასაკის შემსრულებელთა რეპერტუარის მიმართ. აკადემიური მუსიკის სხვადასხვა ჟანრში შექმნილ მის ნაწარმოებებს, რომელიც მსმენელს დიდ სიამოვნებას ჰგვრის, გააჩნია თამარისეული ხელწერა.

რაც შეეხება მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებით გზას, საკმაოდ საინტერესოა და დახუნძლულია მოვლენებით.

თამარმა პატარაობიდანვე გამოავლინა მუსიკალური ნიჭი, რაც ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან მისი წინაპრები, დედის, ქალბატონ ლიანა ყიფიანის მხრიდან, მუსიკალურობით გამოირჩევიან. თამარის მუსიკალური ნიჭის მომსწრე და გულშემატკივარი –  კომპოზიტორი შალვა მშველიძე, რომელიც მას ბაბუად ეკუთვნოდა (ბაბუის ბიძაშვილი), ხშირად ამხნევებდა ნორჩ კომპოზიტორს და არც გულითად რჩევებს იშურებდა.

თამარ ვაშაკიძე შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა N112 -ში სწავლობდა. მუსიკალური განათლება კი ჯერ რევაზ ლაღიძის სახელობის IV სამუსიკო სკოლაში მიიღო. ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა ქალბატონ გულიკო ჭელიძესთან. IV კლასიდან კი კომპოზიციის საფუძვლების შესწავლა დაიწყო კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძესთან. 1975-1979 წლებში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. მისი ფორტეპიანოს პედაგოგი პიანისტი ალექსანდრე ტაბატაძე იყო, კომპოზიციისა - კვლავ, ნუგზარ ვაწაძე. ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით და ვაშაკიძის საავტორო კონცერტმა, რომელიც მუსიკალური სასწავლებლის ორგანიზებით ხელოვნების მუშაკთა სახლში ჩატარდა, დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

თამარ ვაშაკიძემ უმაღლესი განათლება 1979-1985 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. კომპოზიტორ ალექსანდრე (შურა) შავერზაშვილის საკომპოზიტორო კლასში სწავლისას თამარი ქმნის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს: „იმპროვიზაცია“ ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, საფორტეპიანო მინიატურები, ვარიაციები ფლეიტისთვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, სავიოლინო კონცერტი და სხვ.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე თამარი პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. 1985-2008 წლებში 14 წლის მანძილზე იმუშავა შალვა ასლანიშვილის სახ. V მუსიკალურ სკოლაში თეორიული საგნების და ფორტეპიანოს პედაგოგად. მომდევნო 3 წელი (2008-2010) - მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახ. VI მუსიკალურ სკოლაში თეორიული საგნებს ასწავლიდა. 2010 წლიდან დღმდე იგი რევაზ ლაღიძის სახ.  IV ხელოვნების  სკოლის საესტრადო განყოფილების ხელმძღვანელი და პედაგოგია. მის შემოქმედებას მუხტს აძლევს გარემოცვა და მჭიდრო ურთიერთობა ნიჭიერ ახალგაზრდობასთან. ინსპირაცია ხშირად სწორედ ბავშვებიდან და მათი მუსიკალური მონაცემებიდან წამოსულა და ულამაზესი ქმნილებით დაგვირგვინებულა. მიუხედავად იმისა, რომ თამარ ვაშაკიძე მოღვაწეობს სხვადასხვა ჟანრში (კამერულ-ინსტრუმენტული, საკონცერტო, კამერულ-ვოკალური, საგუნდო და სხვ.), მის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი საბავშვო მუსიკას უკავია. ის რომ იგი გამორჩეული შემოქმედია, ამას ათობით დიპლომი, სიგელი, ჯილდო და პრიზი მოწმობს. რთულია ყველა მათგანის ჩამოთვლა. საიტზე - „georgianwomencomposers.ge“ თამარ ვაშაკიძის „გალერეა“-ს გვერდზე წარმოდგენილია მისი მიღწევების ამსახველი ფოტომასალა. აგრეთვე, შემოქმედებითი საღამოების და საკონცერტო აფიშები, საბავშვო სიმღერების ალბომის - „მზე და მთვარე“ პრეზენტაციის აფიშა. აღნიშნული სანოტო კრებული ავტორმა გამოსცა 2003 წელს, სადაც შესულია მისი 21 სიმღერა დაწერილი პოეტების - მ. წიკლაურის, ა. დიდებაშვილის, მ. ფოცხიშვილის, ლ. ასათიანის, გ. აბაშიძის, ი. ხარაძის, ლ. სტვილიას, გ. ჭიჭინაძის და ნ. დუმბაძის ლექსებზე. 2014 წელს გამოიცა თამარ ვაშაკიძის საბავშვო სიმღერების II კრებული - „მზის საგალობელი“. ამ გამოცემას დიდი ინტერესით ელოდა კომპოზიტორის გარემოცვა და მუსიკალური საზოგადოება. საბავშვო რეპერტუარის შექმნისას მოთხოვნა კომპოზიტორის მიმართ ერთიორად იზრდება, ვინაიდან გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. თამარ ვაშაკიძის შემოქმედება ამ მხრივ მართლაც სანიმუშოა.

თამარ ვაშაკიძის პირად არქივში არის არაერთი აფიშა, პროგრამა და მოსაწვევი ბარათი. მათი უმეტესობა  იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში მის მონაწილეობაზე. აქვეა „ბავშთა და მოზარდთა მუსიკის საკავშირო კვირეულის“ 1974 წლის პროგრამა. ამ პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნულ მასალებში თამარ ვაშაკიძე მოხსენიებულია როგორც ნაწარმოებთა ავტორი, შემსრულებელია და ხელმძღვანელია.

პირველი დიპლომი, რომელიც 1997 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს განათლების მინისტრმა გადასცა თამარ ვაშაკიძეს, გვამცნობს, რომ მას, როგორც თბილისის 23-ე საშუალო სკოლის მუსიკალურ სტუდიასთან არსებული ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელს, ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშთა ანსამბლების პირველ რესპუბლიკურ დათვალიერება-კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის ლაურეატის წოდება მიენიჭა. 1999 წელს თამარ ვაშაკიძეს გადაეცა დიპლომი დამსახურებისთვის, ამჯერად როგორც ვოკალური ტრიო „ეარი“-ს ხელმძღვანელს. პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროში წლების მანძილზე მიღებულ ჯილდოთა ნუსხა საკმაოდ დიდია (იხ. ფოტო-გალერეა).

2002 წლის 10 იანვარს აქტიური და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოვდა ღირსების საპატიო ორდენით, რომელიც პირადად, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გადასცა.

2007 წელს კომპოზიტორთა კავშირის წევრი ხდება და აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას. აღსანიშნავია, რომ თუ მის დამსახურებებს გადავხედავთ, თამარ ვაშაკიძე კომპოზიტორი და თამარ ვაშაკიძე პედაგოგი, თანაბარ პოზიციაზე წარმოგვიდგება და საკმაოდ წარმატებული ნუსხით.

მის შემოქმედებაზე საუბრობენ და მაღალ შეფასებას აძლევენ კოლეგები.

თამარ ვაშაკიძის საყმაწვილო საფორტეპიანო კონცერტის მოსმენის შემდეგ კომპოზიტორი ელიზბარ ლონდარიძე აღნიშნავდა: „კონცერტი საკმაოდ ვირტუოზულია, გამართულია ფორმის მხრივ და საინტერესოა ინტონაციურადაც. გამოირჩევა საორკესტრო მიგნებებით და წერის ტექნიკით, ვირტუოზული საფორტეპიანო პარტიით. ვფიქრობ, საბავშვო რეპერტუარს შეემატა საინტერესო ნაწარმოები. ...თამარის სახით ქართულ საკომპოზიტორო სკოლას შეემატა კიდევ ერთი საინტერესო, გამორჩეული და ნიჭიერი შემოქმედი.“  (ლიტ.: 7)

კომპოზიტორი რუსუდან ხორავა თამარ ვაშაკიძის შემოქმედებაზე ასეთი აზრისაა: „...ნაწარმოებს, რომელსაც აქვს მხატვრული ღირებულება, ავტორისეული ინტონაციური ეკვივალენტი და ის ხიბლი, რაც მნიშვნელოვანია სულიერი საზრისით, დიდხანს სიცოცხლე უწერია. ამ ფორმულას სრულად აკმაყოფილებს თამრიკოს ნებისმიერი ნაწარმოები, ამიტომაც მისი შემოქმედება იოლად იხვეჭს მსმენელთა სიმპათიას“.

კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის გადმოცემით, რომელიც თავად აღნიშნავს თამარის ქმნილებათა განსაკუთრებულობასა და ბუნებრიობას, მამისგან, კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილისგან ახსოვს,  რომ იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ახალგაზრდა სტუდენტს და მას ნიჭიერ კომპოზიტორად მიიჩნევდა.

ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიათა შორის, აღსანიშნავია ბატონი მამუკა ნაცვალაძის არაერთი გამოხმაურება კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის შემოქმედების ირგვლივ. მისი შემოქმედების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მისი მეგობარი, კოლეგა, თანამედროვე და თანამოაზრე, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე. თუნდაც მცირე ამონარიდი, მკაფიოს ხდის ვაშაკიძის შემოქმედებით სახეს: „... თამრიკოს ნაწარმოებების ინტონაციები არის თბილი, მღერადი, რაც მთავარია, დასამახსოვრებელი. ნაწარმოების რიტმული და ინტონაციური ბირთვი არის ძალიან მკაფიო. ამის მიღწევა დიდი ნიჭიერების გარეშე შეუძლებელია. თამრიკო მრავალგზის პრემირებული კომპოზიტორია 2012 წლიდან 2015 წლამდე დახურულ კონკურსზე 8 პრემია აქვს მიღებული, ეს საკმაოდ წონადი დასტურია იმისა, რომ თამარ ვაშაკიძე, როგორც კომპოზიტორი შედგა. დღეს მსმენელმა ნათლად დაინახა მისი ნიჭიერება. მისი, როგორც შემოქმედის პოტენციალი. ...თამრიკოსგან ახალ-ახალ მაღალმხატვრულ შემოქმედებით სიურპრიზებს უნდა ველოდოთ...“.

თამარ ვაშაკიძის ნაწარმოებებს დიდი სიამოვნებით ასრულებენ. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ქალბატონი ნუნუ შველიძე სტატიაში „კომპოზიტორის პორტრეტი“ (ჟ. „მუსიკა“ 2017, N4), სადაც ყურადღებას იპყრობს ვაშაკიძის შემოქმედების მიმართ შემსრულებელ მუსიკოსთა გულისხმიერი დამოკიდებულება. მევიოლინე ქეთევან თავშავაძე აღნიშნავს: „მე იმ მუსიკოსთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება კომპოზიტორთან მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობისა, საშუალება მქონდა თამარის არაერთი ნაწარმოები შემესრულებინა კონცერტებსა და სატელევიზიო გადაცემებში. მისი მუსიკა საოცრად მელოდიურია და თვითმყოფადია, განსაკუთრებით მიყვარს „სერენადა“. ჩემი აზრით ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები, ნათელი და მარადიული, როგორც თავად ჭეშმარიტი ხელოვნება.“

კომპოზიტორისთვის საოცარი შეგრძნება და სტიმულის მიმცემია ავტორის დამსახურებების აღნიშვნა, დაფასება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემფასებელი მოზარდი თაობაა. 2009 წელს მას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  „ბასტი-ბუბუ“-სგან  საუკეთესო საბავშვო სიმღერის შექმნისთვის ჯილდო და მასთან ერთად „ბავშვების სიყვარულის პრემია“ გადაეცა.

2010 წელს ვაშაკიძის საფორტეპიანო ციკლს „5 საფორტეპიანო პიესა“ - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ჩატარებულ კონკურსზე III პრემია მიენიჭა; ხოლო 2 წლის შემდეგ (2012.05.05.) მისი ნაწარმოებები: „ძილისპირული“,„სამშობლო“ და „ფლეიტისტი ბუკა“ ინაწილებენ I, II და III პრემიას. ამავე კონკურსის ფარგლებში მას მიენიჭა I პრემია, ნაწარმოებისთვის „ალილო“, რომელიც დაწინაურდა „სიმღერა ბავშთა გუნდისთვის ფორტეპიანოს თანხლებით“ ნომინაციაში,

2010 წელს თამარ ვაშაკიძემ შექმნა საბავშვო მიუზიკლი „სამი გოჭი“. ლიბრეტოს ავტორია თამილა კარტოზია. მიუზიკლმა დიდი პოპულიარობა მოიპოვა, განსაკუთრებით პატარა ბავშბევში. პრემიერა შედგა იმავე წელს.

ქ. ქუთაისის მერიის კულტურის საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ და შემოქმედებითმა კავშირმა 2013 წელს ვაშაკიძის ტრანსკრიფციას საფორტეპიანო ტრიოსთვის, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის რომანსის ,,შენ  გეტრფი  მარად’’ მუსიკალურ თემაზე შეიქმნა, II პრემია მიანიჭა. ამავე კონკურსზე მისმა საფორტეპიანო ნაწარმოებმა - „სახუმარო“ I პრემია მიიღო. ნაწარმოები თავიდანვე შეიყვარა მსმენელმა და გახდა პოპულარული. ხოლო 2022 წელს ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მე-8 საერტაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში შევიდა.

ამ პერიოდში (2013.02.22.) კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო სცენაზე დაიდგა მისი საბავშვო მიუზიკლი „საახალწლო ზღაპარი“. განმეორებით, 2017.12.27., უკვე ახმეტელის თეატრის სცენაზე, სადაც შემსრულებლები მე-4 სამუსიკო ხელოვნების სკოლის მოსწავლეები იყვნენ. აღანიშნავია, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს საბავშვო მიუზიკლების შემნის,  შემდგომ მოსწავლე ახალგაზრდობისთვის სწორედ მიწოდების (სწავლების) და სპექტაკლის დადგმის პროცესი, რასაც კომპოზიტორი დიდი წარმატებით ახორციელებს.

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2014 წლის 3 ივნისს გამართულ საავტორო კონცერტზე შესრულდა სიმღერები კრებულიდან „მზის საგალობელი“.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და კომპოზიტორთა კავშირის მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა კონკურსი, სადაც ვაშაკიძის საყმაწვილო საფორტეპიანო კონცერტს II პრემია ხვდა წილად.

თამარ ვაშაკიძის ნაწარმოებს „კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის“, რომელიც წარდგენილი იყო საკონკურსოდ 2015 წელს კომპოზიტორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე II პრემია მიენიჭა. მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ამ საფორტეპიანო კონცერტს დიდი სიამოვნებით ასრულებენ. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში არაერთხელ გაჟღერებულა თამარ ვაშაკიძის მუსიკა. სწორედ აქ, 2016 წლის 25 მარტს კი მისი საბავშვო სიმღერების კრებულის „მზის საგალობელის“ პრეზენტაციის მუსიკალურ ნაწილში მისი საფორტეპიანო, სავიოლინო და ვოკალური ნაწარმოებებიც შესრულდა.

2017 წლის 11 მაისს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა კონცერტი-მარათონი, სადაც კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი შავერზაშვილმა შეასრულა თამარ ვაშაკიძის საფორტეპიანო ნაწარმოები „პრესტო“. ეფექტურმა ნაწარმოებმა და შესრულებამ დიდი ტაში დაიმსახურა.

ამავე წელს  თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი ქორმაისტერ შიო აბრახამიას ხელმძღვანელობით, საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ეროვნულ კონკურსზე წარსდგა თამარ ვაშაკიძის საგუნდო ნაწარმოებით - „ვედრება მზისადმი“და ოქროს მედალი დაიმსახურა. 

თამარ ვაშაკიძის მუსიკა ამშვენებს არაერთ საესტრადო სცენას. აქვე, აღსანიშნავია მარიამ წიკლაურის  ლექსზე ბავშვთა გუნდისთვის შექმნილი საახალწლო სიმღერა „ალილო“,  რომელიც საპარტიარქოს მიერ ყოველწლიურად ორგანიზებულ საყოველთაო მსვლელობა „ალილო“-ზე სრულდება კომპოზიტორების ვ. კახიძის, ნ. ჩხიკვაძის და ხალხურ ნიმუშებთან ერთად.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის სფეროში კონკურსების არსებობა ერთგვარ სტიმულს აძლევს კომპოზიტორის მოღვაწეობას, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათი შემოქმედების ერთგვარ პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თამარ ვაშაკიძეს არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა და მისი ნაწარმოებები ყოფილა საუკეთესოთა შორის, რაც ხაზს უსვამს მისი შემოქმედების განსაკუთრებულობას.

2019 წელს აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრმა, კომპოზიტორთა კავშირთან ერთობლივად გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ვოკალური ნაწარმოებისთვის შექმნისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა პოეტ გენო კალანდიას შემოქმედების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეთა შორის საუკეთესოდ წარმოჩინდა სწორედ თამარ ვაშაკიძის ორი ვოკალური ნაწარმოები - „მახსოვს“ სოლისტისა და გუნდისათვის, რომელმაც I პრემია დაიმსახურა და „გაზაფხულის ყვავილო“, სოლისტისთვის ფორტეპიანოს თანხლებით - II პრემიით შეფასდა.

მისი ქმნილებები არაერთხელ გაჟღერებულა საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც საკონცერტო რეპერტუარში, ასევე საკონკურსო ნაწარმოებთა შორის.

2021 წლის 30 იანვარს ფრანკფურტში (გერმანია) კონსერვატორიის აკადემიურ კონცერტზე შესრულდა ვაშაკიძის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოები „პასტორალი“ შესრულდა ფაბიან მენზელის (ჰობოი), ელიფ შაჰინის (ჰობოი) და ეკა კინწურაშვილის (ფ-ნო) მონაწილეობით. 2022 წლის 28 მაისს ბერლინში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი - „გაზაფხულის სიზმარი“, სადაც თამარ ვაშაკიძის რომანსს - „მუზა“ დიდი მოწონება ხვდა წილად და დიპლომით დაჯილდოვდა.

2022 წლის 4 ივნისს ჩატარდა თამარ ვაშაკიძის საავტორო საბავშვო სიმღერების კონცერტი, რომელის მიეძღვნა ქართველი ქალი კომპოზიტორის - მერი დავითაშვილის ხსოვნას. კონცერტი ჩატარდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში, მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 49-ე კვირეულის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ვაშაკიძის ნაწარმოებები, სხვადასხვა წლებში, შესრულდა აღნიშნული საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულზე. რაც შეეხება ქალბატონი მერისადმი მის პატივისცემას, თამარმა არაერთხელ გამოხატა მადლიერების გრძნობა და კომპოზიტორის ხსოვნას რამოდენიმე კონცერტი მიუძღვნა. ამ ფორმით თამარ  ვაშაკიძე პატივს მიაგებს ქართველ ქალ კომპოზიტორს, რომელმაც დიდი და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ქალბატონი მერის მსგავსად, თამარ ვაშაკიძე მოღვაწეობს და დგას ქართული მუსიკის „სადარაჯოზე“. საგაზეთო სტატია, რომლის სათაურია - „ვინ აგრძელებს მერი დავითაშვილის გზას“ (ლიტ.: 6) - ეძღვნება თამარ ვაშაკიძის შემოქმედებას.

ეს გზა კი ნამდვილად საპასუხისმგებლოა, თუმცა თამარის შემოქმედება და მოღვაწეობა ავსებს და აცოცხლებს მას. ასევე, მისი დიდი სურვილია დაწესდეს კომპოზიტორ მერი დავითაშვილის პრემია საბავშვო მუსიკის ჟანრში მოღვაწე კომპოზიტორებისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ საიტი ხელს შეუწყობს ქართველი ქალი კომპოზიტორის - თამარ ვაშაკიძის შემოქმედების პოპულარიზაციას და ქართული მუსიკალური კულტურის სფეროში სათანადო ადგილის დამკვიდრებას.

 

ლელა მაქარაშვილი

2022.11.11.