ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

რუსუდან ხორავა

#

რუსუდან ხორავა დაიბადა 1954 წლის 7 მარტს ქალაქ ფოთში, ცნობილი ლოტბარის, არჩილ ხორავას ოჯახში. მისი წინაპრების თაობები, ორივე მხრიდან, სიმღერის ნიჭითა და ხალხურ საკრავზე დაკვრის ოსტატობით გამოირჩეოდნენ. მთელს დასავლეთ საქართველოში ცნობილი მეჩონგურე იყო მისი დიდი ბებია, მამის მხრიდან,   მენიკი ჯალაღონია.   ცნობილი მომღერალი იყო  ბაბუა - გრიგოლ ხორავა, იგი მეგობრობდა ცნობილ ლოტბარებთან ძუკუ ლოლუასთან და კირილე პაჭკორიასთან. დღეს გრიგოლ ხორავა ისტორიაში შესულია როგორც I მსოფლიო ომის ტყვეთა შორის ერთ-ერთი, ვისი ნამღერიც ჩაწერილი იქნა ლილვაკზე და ეს ჩანაწერი დღეს არსებობს კომპაქტდისკის სახით.1 ხალხური სიმღერების შესანიშნავი შემსრულებელი და მეჩონგურე  გახლდათ  რუსუდანის ბებია, გრიგოლ ხორავას მეუღლე - კლეოპატრა ხუბულავა. რუსუდან ხორავას მუსიკალურობა მოსდგამდა დედის მხრიდანაც: ბაბუა -  შალვა ჩხეიძე,  ცნობილი  იყო, როგორც კრიმანჭულის შემსრულებელი. წლების მანძილზე მღეროდა სენაკში, რემა შელეგიას გუნდში. ასევე შესანიშნავად მღეროდა ბებია, დედის მხრიდან - მელანო შეროზია.რაც შეეხება რუსუდანის მამას - არჩილ ხორავას, ის გახლდათ ლოტბარი, მომღერალი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, მეგრული სიმღერის დიდი მოამაგე და პროპაგანდისტი. არაერთი მეგრული სიმღერა მისი ძალისხმევით გაცოცხლებულა და დამკვიდრებულა ქართულ საგუნდო რეპერტუარში. რუსუდან ხორავას დედა -  თათული ჩხეიძე თავდაპირველად არჩილ ხორავას გუნდის წევრი იყო, მღეროდა და უკრავდა ხალხურ საკრავებზე, შემდგომში ოჯახზე ზრუნვამ გადასძლია და ჩამოშორდა ამ საქმეს.

რუსუდან ხორავას პიროვნული ჩამოყალიბებასა და პროფესიული ინტერესების განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ოჯახურმა გარემომ, განსაკუთრებით კი მამის ფენომენმა, მისმა თავდადებამ და ერთგულებამ საკუთარი საქმის, ქართული სიმღერის მიმართ.  როგორც კომპოზიტორი წერს: „სიყვარულით ვიგონებ ქალაქ ფოთში გატარებულ ზამთრის გრძელ ღამეებს, როცა ბუხარს მივუსხდებოდით მე, ბებია (დედის მხრიდან), მამა, დედა და გვიანობამდე ვმღეროდით ხალხურ სიმღერებს. ერთმანეთს ენაცვლებოდა ჩონგური, ფანდური, გიტარა. სწორედ რომ საოცარი სულიერებით აღსავსე, ამაღლებული სიმღერები ჩამისახლდნენ სულში და ლოცვად დამკვიდრდნენ მთელ ჩემს არსებაში“.2

რუსუდან ხორავას ცხოვრებისეული ეტაპები შემდეგნაირად წარიმართა:  1961 წელს შევიდა ფოთის საშუალო სკოლაში, 1962 წელს სამუსიკო სკოლაში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.

1973 წელს დაამთავრა ფოთის სამუსიკო სასწავლებელი საფორტეპიანო განხრით, პედაგოგ როზა ჩაფიძის კლასი.

რუსუდან ხორავა თავისი საკომპოზიტორო კარიერის წარმართვას დიდად უმადლის იმ პერიოდში ფოთში მოღვაწე მუსიკოსს არმენ შაჰბაგიანს, რომელმაც მას ჩაუნერგა სათანადო რწმენა და უსასყიდლოდ მოამზადა კონსერვატორიაში ჩასაბარებლად.

1973 წელს იგი   შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, ალექსი მაჭავარიანის კლასში.  როგორც თავად აღნიშნავს: „ალექსი მაჭავარიანს არ მოვუქცევივარ არტახებში, პირიქით, მომცა აზროვნების თავისუფლება. თუკი მე შევძელი შემოქმედებით საკუთარი თავის გამოხატვა, ეს მისი დამსახურებაა“.

რუსუდან ხორავას თავდაპირველ საკომპოზიტორო მცდელობას საფორტეპიანო, ინსტრუმენტული ნაწარმოებები წარმოადგენდა. 1975 წელს ქმნის სონატას ფორტეპიანოსათვის, 1978 წელს  ამთავრებს კონსერვატორიას  საფორტეპიანო კონცერტით, რომელსაც თავად ასრულებს. 

ასპირანტურაში სწავლის წლებში   იქმნება რიგი ნაწარმოებებისა: 1979 წელს - მისი საბავშვო ოპერეტა „რწყილი და ჭიანჭველა“ (ლიბრეტოს ავტორი იასონ დოლბაია), 1980 წელს - სიმებიანი კვარტეტი, ნაწარმოები სიმებიანი ორკესტრისათვის „ექსტაზის“ სახელწოდებით, „ელეგია“ ვიოლინოსა და ფორტეპინოსათვის, 1981 წელს - კამერული სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის. 1982 წელს დაამთავრა ასპირანტურა (ალექსი მაჭავარიანის კლასი) სავიოლინო კონცერტით. ამავე წელს დაასრულა ბალეტი „სინათლის ძალა“, 1983 წლით თარიღდება   საფორტეპიანო კონცერტინო.

1984 წლიდა მუშაობს თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლაში კომპოზიციის პედაგოგად.

თანდათანობით კი გამოიკვეთა მისი შემოქმედების მთავარი სფერო, რომლის ფესვებიც მისი წინაპრების მოღვაწეობაშია გადგმული. 1982 წელს   ქმნის საგუნდო ირაკლი აბაშიძის ლექსების ციკლის „რუსთაველის ნაკვალევზე“ მიხედვით: „ხმა კატამონთან“, „რუსთაველის ხმა ყრუ ტრამალებში“. ამას მოჰყვება a cappella კაპელა გუნდები ქალთათვის  „იავნანა“ (1982),„სახუმარო“ (1983).

კომპოზიტორი თავის შემოქმედებით გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს შემდეგ ფაქტს: ქორმაისტერმა გივი მუნჯიშვილმა მას შეუკვეთა ნაწარმოები - „ნანა“, დაფუძნებული მეგრულ კილოკავებზე. ასევე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს 2000 წელს ფოთში გამართულ საავტორო კონცერტს, სადაც სახელმწიფო კაპელამ გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა მისი 18 გუნდი. ამ საღამომ მისცა მას მოტივაცია ინტენსიურად მიემართა ამ სფეროსთვის.

რუსუდან ხორავა დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას კამერული მუსიკის სფეროში. განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენს საფორტეპინო სფეროსადმი, რითიც მან დაიწყო საკომპოზიტორო მოღვაწეობა. მისი საფორტეპიანო ნაწარმოებები ხშირად სრულდება მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსებზე, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.

2014 წელს გამართულ საავტორო კონცერტზე კი კომპოზიტორი საგუნდო ნაწარმოებებით წარსდგა. საქართველოს სახელმწიფო კაპელამ არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით შეასრულა მისი ნაწარმოებები, წლების მანძილზე გაწეული შრომის   შედეგი. დღეს რუსუდან ხორავას შემოქმედება ქართული საგუნდო მუსიკალური ხელოვნების მნიშვნელოვანი ფურცელია. ეს გამოიხატება შემოქმედებით ნაყოფიერებაში, ქართული ხალხური და პროფესიული საგუნდო მუსიკის ტრადიციიის შესისხლხორცებაში, თანამედროვე საგუნდო ტექნიკის ათვისებაში, ამ საკითხისადმი ზომიერ, გემოვნებით მიდგომაში, ამ ფონზე საკუთარი სათქმელის გამოხატვაში.

აღსანიშნავია რუსუდან ხორავას საგუნდო და ვოკალურ ნაწარმოებებში  დამოკიდებულება სიტყვისადმი, პოეზიისადმი. ის მიმართავს როგორც დიდ, ცნობილ მგოსნებს, ასევე სრულიად უცნობ შემოქმედებს. არაერთი პოეტი აღმოუჩენია და ნატიფი ფერებით წარმოუჩენია.

დღეს რუსუდან ხორავა 300-მდე გუნდის ავტორია. აქ საერთო რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია შემადგენლობრივი, ჟანრული მრავალფეროვნება. მისი საგუნდო ნაწარმოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული საგუნდო მუსიკის პოტენციალის სიცოცხლისუნარიანობას.

 

თამარ წულუკიძე

2022.10.

 

ლიტერატურა:

კაკულია ლალი, ჭყონია სოფიკო, „საქართველოს კომპოზიტორები და მუსკისმცოდნეები“ (რუს. ენ.), თბილისი, 1984;

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, შემდგ. რუსუდან ქუთათელაძე, მზია ჯაფარიძე,  თბილისი, 2015;

ხორავა რუსუდან - მოგონება მამაზე, ჟ. „მუსიკა“, 2018, N2, გვ. 45;

ქართული ხალხური მუსიკა“, კრ. თბილისი, 2007;

ქუთათელაძე რუსუდანი „ორიოდ საათში ჩატეული საუნჯე“, გაზ. „საქართველო  2003.06.07.;

„ეს არ არის დასასრული, მხოლოდ დასაწყისია“, ჟ. „მუსიკა“, 2014 N  1;

ქუთათელაძე  რუსუდან „acappella გუნდის მოტრფიალე“, ჟ. „მუსიკა“, 2015, N 1;

„არჩილ ხორავა“  (მასალა  მოამზადა თამარ ბურჯანაძემ), ჟ. „მუსიკა“, 2018, N 2;