ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნანული (ნანა) კობალაძე

#

„ნანა კობალაძე მუსიკოსთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებაში თავს იჩენს ინტელექტისა და ემოციის სინთეზი. მისი მუსიკალური კომპოზიციები ცხადყოფენ ავტორის სწრაფვას საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი და, რაც მთავარია, ამ „ახალში“ გამოსჭვივის ცნობიერებისა თუ ქვეცნობიერის როლი.

ნანა კობალაძეს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის,რომ მან შექმნას საინტერესო შემოქმედებითი პროდუქცია, რის საფუძველსაც მაძლევს მის მიერ უკვე დაწერილი მუსიკალური თხზულებები: საფორტეპიანო პიესები, ვოკალური ციკლი, რომანსები, სავიოლინო სონატა, სავიოლინო პოემა, პოემა სიმფონიური ორკესტრისათვის, კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის“ - კომპოზიტორ თენგიზ შავლოხაშვილის სარეკომენდაციო წერილი.

კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების დამთავრების თანავე, ნანამ შეთვაზება მიიღო კომპოზიტორ გურამ ბზვანელისაგან ემუშავა „პიონერთა სასახლეში“ ფორტეპიანოს პედაგოგად. შემდგომ მუშაობა განაგრძო 155-ე საშუალო სკოლასთან არსებული მუსიკალური სტუდიის დირექტორად; მე-16 მუსიკალური სკოლაში პედაგოგად, მაგრამ ნანას საკონცერტო ცხოვრება იზიდავდა. 1976 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და კონცერტმაისტერია. მის საშემსრულებლო ბიოგრაფიაში უამრავი სოლო  თუ კამერული კონცერტია, სხვადასხვა მუსიკოს შემსრულებლებთან ერთად გამართული „საშეფო“ კონცერტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 1987 წელს   ნანამ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში, ახლა უკვე საკომპოზიციო განყოფილებაზე ოთარ თაქთაქიშვილისა და მოგვიანებით ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშივე შექმნა მრავალი ნაწარმოები: ვოკალურ-ინსტრუმენტული, საფორტეპიანო, რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები, რომლებიც 80-90-იან წლებში ინტენსიურად სრულდებოდა თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში. თავად ვირტუოზი პიანისტი, ასრულებდა საკუთარ ნაწარმოებებს და ამავე დროს იყო   თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი შემსრულებელიც. განსაკუთრებული შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა კომპოზიტორ ელიზბარ ლონდარიძესთან, რომლის არაერთი ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. აქტიური 80-იანი წლების შემდეგ, ბნელ და მძიმე 90 - იან წლებში  ცდილობდა იგივე ტემპით განეგრძო მუშაობა, მონაწილეობდა უამრავ კონცერტში, მაგრამ არ დაივიწყა ბავშვები. სწორედ იმ გაუსაძლის პერიოდში ნანამ საკუთარ ბინაში, თავის ქალიშვილთან ერთდ ჩამოაყალიბა საბავშვო თეატრი ახლობელი ბავშვებისათვის, სადაც თავად  ქმნიდა თოჯინებს,  დეკორაციას, წერდა მუსიკას, იყო რეჟისორი, მსახიობი. თეატრის სახელი მალე გასცდა ნანას ბინის კედლებს, დაინტერესდა პრესა, ტელევიზია, გაკეთდა სიუჟეტი, იწერებოდა საგაზეთო სტატიები, სწორედ საგაზეთო სტატიით შეიტყო თეატრის არსებობა ცნობილმა პედაგოგმა და პიანისტმა რომან გორელაშვილმა, რომელმაც ნანას თეატრი „ებრაული საზოგადოების თეატრში“ მიიწვია. გაფართოვდა რეპერტუარი, აქაც ნანა იყო სპექტაკლების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი. თეატრმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ “საჩუქარში“.

2001-2004 წლებში ნანა კობალაძე ინსტრუმენტული ტრიო „ბრავოს“  წევრი გახდა, გალინა ბანდურასა  (ვიოლინო)  და ანატოლი დანელიანთან (ვიოლა) ერთად. მიუხედავად მხოლოდ  სამწლიანი შემოქმედებითი კავშირისა, ტრიომ მრავალი კონცერტი გამართა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია ტრიოს  მეტად მრავალფეროვანი რეპერტუარი.

2004-2008 წლებში ნანას მეუღლე, ირჟი ნეკვასილი მონღოლეთში ჩეხეთის ელჩი გახლდათ. ქალაქ  ულამბატორში გატარებული 4 წელი შემოქმედებითად დატვირთული აღმოჩნდა ნანასათვის, მუშაობდა ულამბატორის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტმაისტერად და ვოკალის პედაგოგად.  უკვალოდ არ ჩაუვლია, მანამდე, თბილისში ვოკალის ცნობიოლ პედაგოგ, პროფესორ ლამარა გოგლიჩიძესთან მიღებულ ვოკალის გაკვეთილებს. ნანას მონღოლმა სტუდენტმა - ბარიტონმა, საერთაშორისო კონკურსზე მე-2 პრემია დაიმსახურა. ნაყოფიერი საკონცერტო ცხოვრება ჩქეფდა საელჩოშიც, სადაც ნანას თაოსნობით იმართებოდა საზეიმო ღონისძიებები, სრულდებოდა კონკრეტული ქვეყნის გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. აქტიური საკონცერტო და პედაგოგიური საქმიანობისთვის 2008 წელს ნანა კობალაძეს მონღოლეთის მთავრობამ კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. ამ მოვლენას მონღოლეთში არაერთი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა.

2011 წლიდან დღემდე, ნანა კობალაძე ჩეხეთის ქალაქ ბრანდისში ცხოვრობს, სადაც მისი მეუღლე ქალაქის ვიცე-მერია. ბრანდისში ჩავლიდან მოყოლებული, ნანა თანამშრომლობს 150 წლიანი ისტორიის მქონე  საგუნდო კოლექტივ „ბოიანთან“ და მის ხელმძღვანელ ვოიტეხ ვანჩურასთან. აქაც ნანა ჩვეულ რიტმში პოპულარიზაციას უწევს ქართულ მუსიკას, გუნდის რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა და მათ შორის, ნანა კობალაძის ნაწარმოებები. 2014 წლიდან კი ნანა ქალაქ ბრანდისის ხელოვნების სკოლის პედაგოგი და კონცერტმაისტერია. ამ პერიოდში იწერება უამრავი ნაწარმოები სკოლის მოსწავლეებისათვის, 3 საფორტეპიანო კრებული მოსწავლეთათვის, რომელიც მათ რეგულარულ რეპერტუარშია. 2023 წელს  დაიწერა მუსიკა თეატრალური დადგმისათვის (17 ნომერი), რომლის პრემიერაშიც მონაწილეობდნენ  ხელოვნების სკოლის მოსწავლები და პედაგაგოგები.

ნანას დიდი   სამომავლო გეგმები აქვს, აქედან აღსანიშნავია  თანამშრომლობა პრაღის საოპერო თეატრის სოლისტთან, მარინა ლისგვორკინასთან, რომელთან ერთადაც აპირებს  ვოკალური მუსიკის კონცერტის გამართვას.

თავად ნანა, შეიძლება ითქვას, რომ  მრავალმხრივი ხელოვანია,  არაჩვეულებრივად ასრულებს საოპერო არიებს, ხატავს. მისი ფერწერული ტილოები დიდ აღფრთოვანებას და მოწონებას იმსახურებს.

ნამდვილად გამართლდა კომპოზიტორ თენგიზ შავლოხაშვილის სიტყვები, მოლოდინი და ის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ნანა კობალაძის კომპოზოტირთა კავშირში გაწევრიანებისთვის დაიწერა. ნანა კობალაძის სახით ქართველ კომპოზიტორთა თაობას განათლებული, მაღალპროფესიონალი, ერუდირებული და ნიჭიერი კომპოზიტორი შეემატა. შემოქმედებითად აქტიური, მრავალმხრივად ნიჭიერი ქალი მუსიკოსი, რომელიც დღესაც ნაყოფიერად მოღვაწეობს მუსიკალურ სფეროში, გახლავთ წარმატებული კომპოზიტორი, შემსრულებელი, პედაგოგი, რომელიც  სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარიზაციას უწევს ქართულ მუსიკალურ კულტურას.

 

 

მერი შეყილაძე

2023.06.27.