ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

დინარა ჯანდიერი

#

კომპოზიტორი დინარა ჯანდიერი დაიბადა 1946 წელს, თბილისში. მისი მამა - სიმონ ჯანდიერი, პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორი იყო, გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, მუსიკალურობით,  დიდ დროს ოპერის  თეატრში ატარებდა. დედა - ელენე მალიევ-მალიაშვილი  ასწავლიდა თბილისის ქართულ და რუსულ სკოლებში (42-ე სკოლაში სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგეც იყო) ქართულ ენასა და ლიტერატურას, რის სიყვარულსაც უნერგავდა როგორც თავის შვილებს, ასევე მოსწავლეებს.  მისი მოწაფეები  იყვნენ: ოთარ თაქთაქიშვილი, სერგო ფარაჯანოვი, არჩილ გომიაშვილი და სხვ. ელენე მალიაშვილი თავადაც წერდა ლექსებს, ფსევდონიმიც ჰქონდა - ელენე ძამისპირელი, როგორც შვილები ამბობენ, ალბათ, მამიდის ზეგავლენით. მამიდამისი - დარია მწერალი იყო, დარია ვედრებისელის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაწარმოებებს.

 დინარას აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ბებიამ, დედის დედამ - ელისაბედ (ლიზიკო) ანდრონიკაშვილმა, რომელიც გენეტიკურად ერეკლე მეფის შთამომავალი იყო. ბებია ძალიან მუსიკალური იყო,  ოპერის დიდი მოყვარული,  სპექტაკლიდან დაბრუნებული სახლში სმენით უკრვდა ხოლმე ფრაგმენტებს. როდესაც დინარა და მისი და უკვე მუს.ლიტერატურის საგანს სწავლობდნენ, ბებია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს უკრავდა მათთვის გამოსაცნობად. ბებია ახალგაზრდობიდან ხატვის ნიჭს ავლენდა, სწავლობდა მოსე თოიძის სახელოსნოში ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან ერთად.  ელისაბედ ანდრონიკაშვილს გათხოვების შემდეგ მეუღლემ დაანებებინა თავი  ხატყვისთვის. არსებობს იოსებ შარლემანის შესრულებული ელისაბედის ორი პორტრეტი (ფერწერული და გრაფიკული). 

დინარას ბავშვობის პერიოდში ოჯახში გამუდმებით ჟღერდა მუსიკა. სულ იყო მსჯელობა მუსიკალურ ნაწარმოებებზე, მათ შესრულებაზე. ამის მთავარი მიზეზი კი იყო მისი უფროსი და, როდამი, შემდგომში ცნობილი მევიოლინე. როდამმა სულ პატარობიდან მიიქცია გარშემომყოფების ყურადღება განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით. ამ გარემოებამ  დინარასთვისაც მუსიკალური ატმოსფერო შექმნა, მაგრამ მეორე მხრივ, თავისი შესაძლებლობებისადმი ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება გაუჩნდა, რაც, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება გამოჰყვა. პირველი განსხვავებული მუსიკალური შთაბეჭდილება 9 წლის ასაკში მიიღო, როდესაც რადიოთი მოისმინა ანდრია ბალანჩივაძის სიმფონიური სურათი „რიწის ტბა“. ამის შემდეგ თვითონაც გასჩენია მუსიკის შეთხზვის სურვილი, კიდეც დაუწერია რაღაც და დაურქმევია „შავი ზღვა“. როდამი თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“ სწავლობდა სიმებიან განყოფილებაზე, ვიოლინოს განხრით, სავალდებულო ფორტეპიანოს ასწავლიდა თამარ რუსიშვილი, რომელიც ასევე ასწავლიდა თბილისის მე-3 სამუსიკო სკოლაში. სწორედ მასთან შეიყვანეს დინარა, აქ იღებდა  პირველად მუსიკალურ განათლება. ,  ბოლოს ქალბატონ თამარს ფიზიკურად უჭირდა და ამიტომ გადაიყვანეს ამავე  სამუსიკო სკოლაში მერი ჭავჭანიძესთან, მისი ხელმძღვანელობით  დაამთავრა სამუსიკო შვიდწლედი.

ჯანდიერებს სახლში ფორტეპიანო არ ჰქონდათ. თავის დროზე ჩამოართვეს ქონება, 1924 წელს მათ მშობლიურ სოფელ ვაჩნაძანში წაართვეს მიწა, სახლი, ნივთები.  მამის დედა, თამარ ჯანდიერი  თავისი სამი შვილით, ნათესავებმა  - ერისთავების ოჯახმა შეიფარა, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, ახლანდელ მთაწმინდის ქუჩაზე, სადაც დაუთმეს ერთი ოთახი. აქ დაქორწინდნენ  დინარას მსობლები. შემდგომში, დეიდის გათხოვების შემდეგ, დედისეულ სახლში გადავიდნენ, მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანზე. ეს მთელი სახლი თავის დროზე უყიდია დინარას დიდი ბებიის ძმას, ქველმოქმედ თომა გრიგორაშვილს, თავისი დისა და მისი ოჯახისათვის, მაგრამ იმავე 1924 წელს, მათაც ჩამოართვეს და ერთი ოთახი დაუტოვეს.

დინარა მუსიკის სამეცადინოდ ახლო მცხოვრებ ნათესავთან დადიოდა, მარი ფლორინსკაიასთან, რომელიც ძალიან საინტერესო ქლბატონი გახლდათ. მისი ძმა, ნიკოლოზ ფლორინსკი, პროფესიით მათემატიკოსი იყო, ამავე დროს უკრავდა ალტზე და თავის მეგობრებთან ერთად კვარტეტიც ჩამოაყალიბა. ისინი ხშირად ოჯახურ გარემოში მუსიცირებდნენ. დინარას ხშირად ამეცადინებდა მუსიკაში მარი ფლორინსკაიას ქალიშვილი ლენა. როგორც თავად კომპოზიტორი აღნიშნავსს: “ მე და ჩემი და როდამი ძალიან ხშირად ვახსენებთ ამ ოჯახს და ვამბობთ, რა ბედნიერები ვიყავით, რომ ასეთ გარემოში ვიზრდებოდით“.

დინარას, მუსიკალურ სკოლაში სწავლის  განმავლობაში, სულ ჰქონდა ნაწარმოებების შექმნის მცდელობა. მისმა დამ, როდამმა გადაწყვიტა რჩევისათვის მიემართა კომპოზიტორ იონა ტუსკიასათვის, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა დაუმყარდა. ტუსკიამ მოისმინა დინარას დაწერილი ნაწარმოებები (მაშინ დინარა 14 წლის იქნებოდა) და „მინიატიურშჩიცა“ უწოდა. მისი რჩევით  შევიდა დინარა მე-3 სკოლაში კომპოზიციის კლასში,  ლილი იაშვილის ხელმძღვანელობით. ამის  შემდეგ ოჯახმა  უკვე ოთარ თაქთაქიშვილს მიმართა კომსულტაციისთვის, რომელმაც ურჩია მუსიკალურ სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში. მაგრამ იმ წელს არ იყო თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტზე მიღება, ამიტომ ჯერ ჩააბარა საფორტეპიანო განყოფილებაზე  ჩააბარა გალინა მატიუხოვას კლასში.

სასწავლებელში სწავლის დროს  დაწერა რიგი ნაწარმოებები. მათგან რამდენიმე მალევე  შესრულდა, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, მისი პედაგოგის, ალექსანდრე შავერზაშვილის კლასის კონცერტზე (1966.04. 24.): საფორტეპიანო პიესა „სკერცო“ (1965), ქმნილებები სოპრანოსა და ფ-ნოსათვის - „გაზაფხული“ (1964), „კვლავაც არწივნი დაიზრდებიან“ (1965). სასწავლებელი დაათავრა -  კონცერტით ვილოლინოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ დროს შექმნილი ზოგიერთი  თხზულება ათეული წლების შემდეგ შესრულდა პირველად, ზოგიერთიც შეტანილი იქნა სოლფეჯიოს  სახელმძღვანელოში. ასეთ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება: „გაზაფხულის სიმღერა“, 2 ხმისათვის ფორტეოიანოს თანხლებით, შ. ამირანაშვილის ტექსტზე, (1964), სკერცო ფლეიტისათვის (1971). სახელმძღვანელოებში შეტანილია ამ პერიოდში დაწერილი საბავშვო სიმღერები „სწავლა მოსწავლეთა“, დავით  გურამიშვილის ტექსტზე (1965) და „დედა“, ნინო რამიშვილის ტექსტზე  (1966).

კონსერვატორიაში სწავლა კვლავ ალექსანდრე შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასში განაგრძო. ამ პერიოდში შეიქმნა  ორი რომანსი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მიხედვით - „ჩემს ვარსკვლავს“ და „სულო ბოროტო“ (1968); სამი რომანსი ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხ. - „ღამე მთაში“, „შემომღუღუნე ჩონგურო“ და „ერთხელაც იქნება მოვკვდები“;  სკერცო ფლეიტისა და ფ-ნოსათვის (1971), ეს უკანასკნელი თითქმის 40 წლის შემდეგ შესრულდა პირველად (2013), მერი დავითაშვილის სახ. ბავშვთა მუსკალურ კვირეულზე.  ამავე პერიოდში დაიწერა ვოკალურ-სიმფონიური სურათი „ღამე მცხეთაში“, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1872) და კონცერტინო ფლეიტისთვის (1974 ).

დინარა ჯანდიერის  ნაწარმოებები წლების ნანძილზე სრულდება. მას უკრავენ ბავშვები, ახალგაზრდა მუსიკოსები. კომპოზიტორის პორტრეტი კი წარმოჩნდა მის საავტორო კონცერტზე, რომელიც შედგა  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, 2014 წლის 7 ივნისს. აქ შესრულდა კამერულ-ინსტრუმენტული და ვოკალური თხზულებები: პოემა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, საფორტეპიანო თხზულებები: ბურლესკა, ვარიაციები ქართულ ხალხურ თემაზე „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“, სონატინა და სხვ. აჟღერებულ ნაწარმოებებს აერთიანებდა  სათქმელის მკაფიოება, ლაკონურობა, ეროვნული საწყისის შეგრძნება, ამ ყველაფერს ახლდა მაღალი პროფესიონალიზმი და დახვეწილი გემოვნება. 

აღსანიშნავია მუსიკოლოგ ნატო ჟღენტის აზრი  დინარა ჯანდიერის როგორც სხვადასხვა ჟანრის ცალკეულ ნაწარმოებებზე, ისე ზოგადად მის შემოქმედებაზე:

„დინარა ჯანდიერის საგუნდო ნაწარმოებების მიმზიდველ მხარეს წარმოადგენს საკომპო\იტორო წერის დახვეწილობა, საგუნდო ქსოვილის მოქნილობა, გუნდების ენა ეროვნულია, თუმცა არ არის „შებოჭილი„ მკვეთრად გამოვლენილი ეროვნული ტრადიციით (ავტორი უფრო იყენებს ინდივიდუალიზირებულ ინტონაციურ წარმონაქმნებს.

დ. ჯანდიერი იჩენს ინტერესს ჩასაბერ საკრავთა შემადგენლობისადმი, ავლენს ამ საკრავთა სპეციფიკის კარგ ცოდნას, ცდილობს გააფართოვოს ქართული მუსიკის რეპერტუარი იმ მიმართულებით, სადაც კომპოზიტორები ნაკლები ინტენსივობით მუშაობენ“.

დინარა ჯანდიერი ათეული წლებია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მუსიკალური თეორიული დისციპლინები მიჰყავს სამუსიკო სკოლებში.  ამ ფაქტორმა განაპირობა მისი საკომპოზიტორო შემოქმედების მიმართულებაც. ის ინტენსიურად ქმნიდა და ქმნის ნაწარმოებებს მოზარდებისთვის. მისი როლი ეროვნული საბავშვო მუსიკის სფეროში თავის დროზე აღნიშნა კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა: „განსაკუთრებით მომეწონა დინარა ჯანდიერის საბავშვო სიმღერები, რომელიც გივი ჭიჭინაძის მაღალმხატვრულ ლექსებზეა შექმნილი. საინტერესოა, რომ კომპო\იტორი მიმართავს მრავალხმიანობის ფორმას, რითიც მან თანამედროვე ქართულ მუსიკაში, რომელიც სოლო და ორხმიანი-ტერციული წყობის ტრაფარეტეული სიმღერბით შემოიფარგლება, სასიამოვნო სიახლე შემოიტანა“.

დინარა ჯანდიერის შემოქმედებითი მოღვაწეობა, შეიძლება ითქვას, რომ სათანადო ყურადღებასა და დაფასებას საჭიროებს.

 

 

თამარ წულუკიძე

2023.06.23.