ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნუნუ გაბუნია

#

საქართველოს დამსახურებული არტისტი, მრავალი ჯილდოს მფლობელი, კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი, ნუნუ გაბუნია დაიბადა თბილისში, 1941 წლის 14 ივლისს, ინჟინერ - იურისტ, ნიკოლოზ გაბუნიას ოჯახში. მშობლები პროფესიონალი მომღერლები არ იყვნენ, თუმცა უყვარდათ კარგი, გემოვნებიანი სიმღერა, კლასიკური მუსიკა,  განსაკუთრებით - საოპერო.  დედას, ლუბა დიასამიძეს, ლამაზი ტემბრის სოპრანო ჰქონდა და პირველ სამუსიკო სასწავლებელში ვოკალურ განყოფილებაზე სწავლობდა, ამავე დროს იყო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი. მესამე კურსზე რომ გადავიდა, ვაჟი შეეძინა და იძულებული გახდა სწავლისთვის დაენებებინა თავი. თუმცა, როგორც ქალბატონი ნუნუ იხსენებს „სიმღერის სიყვარულს, არასდროს ღალატობდა. ყოველთვის, როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო ორი ბავშვის მოვლით და ოჯახური საქმეებით, მიუჯდებოდა ხოლმე პიანინოს და თავისი ლამაზი ხმით მღეროდა და იხსენებდა იმ არიებსა და რომანსებს, რომლის სწავლაც მოასწრო სასწავლებელში სწავლის დროს. მამასაც, რომელიც  საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო (საბჭოთა კავშირის დროს კი ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გახლდათ),  მშვენიერი ხმა ჰქონდა. მახსოვს, თავისი ხავერდოვანი ბარიტონით როგორ მღეროდა, რატომღაც ტენორისთვის განკუთვნილ არიებს. უყვარდა პუჩინის „ტოსკადან“ კავარადოსის მეორე არია. სახლში პატეფონიც გვქონდა, თავისი უამრავი ფირფიტით! ასე რომ დაბადებიდან ვიზრდებოდი მუსიკის ჰანგების თანხლებით.

არ შემიძლია ჩემი ბებიებიც არ  გავიხსენო: დედის დედა,  სოფო ბებია,  რომელიც სხვა სიმღერებთან ერთად საკუთარსაც მიმღეროდა (მისივე ტექსტი) და თან მასწავლიდა; მამისა დედა კი, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და ამის გამო არც თუ ისე ხშირად ვხვდებოდი, ჩემი ნასტი, ანუ  ანასტასია ბებიაც, ბანტიან გიტარას აიღებდა ხელში, დაამღერებდა ქართულ სიმღერებს და არა მარტო ქართულს, ბევრი ძველებური რუსული რომანსიც იცოდა. ბაბუასთან ერთად მღეროდა და მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. და მაინც ვფიქრობ, რომ არ დავაბდებულიყავი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, არ მეცხოვრა ოპერის გვერდით, რომ არა მეზობელი გოგონა, რომელიც 19 წლის თუ იქნებოდა და ძალიან უყვარდა საოპერო მუსიკა, საინტერესოა, რა სპეციალობას ავირჩევდი მუსიკის გარდა?

ჩემი მეზობელი, ბერძენი გოგონა, რახილ სპირანდი ვახსენე და ვფიქრობ, რომ მას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი პროფესიების (საკომპოზიტორო და ვოკალური) არჩევაში. მას, როგორც უკვე ვთქვი - უზომოდ უყვარდა საოპერო მუსიკა. მარტო რომ არ წასულიყო ოპერის თეატრში, ჩვენს ეზოში მცხოვრებ ახალგაზრდებასაც და ბავშვებსაც სთხოვდა სპექტაკლზე დასწრებას. თუმცა, ჩემდა ბედად, არავინ მიჰყვებოდა და ერთხელ მე წამიყვანა. და ნახა, რომ საკმაოდ დიდ სპექტაკლს სიამოვნებით ვისმენდი, არავის ვაწუხებდი, მშვიდად ვიჯექი, სანამ სპექტაკლი არ დამთავრდებოდა. მოუთმენლად ველოდი როდის გავიდოდა მთელი კვირა, რომ მე ისევ საოპერო თეატრში შემედგა ფეხი. რახილის დედა, დეიდა ნინა, თეატრში დამლაგებლად მუშაობდა, მსახიობების შესასვლელთან გველოდებოდა და უბილეთოდ შევყავდით. ოპერის თეატრში ყოფნა ზღაპრულ სამყაროში მოხვედრას ნიშნავდა ჩემთვის - დიდი სცენა, საოცარი, ლამაზი დეკორაციები, ნაირ-ნაირი, ფერადოვანი კოსტუმები, საორკესტრო ორმო, სადაც მრავალი საკრავი ერთდროულად უკრავდა! მაგრამ ყველაზე მომხიბვლელი მაინც - საბალეტო სპექტაკლები იყო! დღედაღამ მელანდებოდა და მესიზმრებოდა ბალერინების ე.წ. „პაჩკები“ და პუანტები. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო - ვყოფილიყავი ბალერინა!. მიუხედავად ჩემი ოცნებისა მშობლებმა საბალეტო სკოლაში არ  შემიყვანეს.

წლების მანძილზე, მრავალჯერ მქონდა ნანახი სპექტაკლები, ამიტომ ყველა საოპერო პარტია - სოლისტების, გუნდის თუ საორკესტრო, ზეპირად ვიცოდი და როცა მამამ საბალეტო სტუდიის ნაცვლად მესამე სამუსიკო სკოლაში მიმიყვანა, გამომცდელები არამარტო გავაოცე, როცა ვერდის „ტრავიატადან“ ჟერმონის არია ვიმღერე, ისეთ გუნებაზე დავაყენე, რომ გულისწავლამდე ხარხარებდნენ, რამაც მე შეურაცხყოფილად მაგრძნობინა თავი... შემდეგ შემაბრუნეს ბგერის გამოსაცნობად. შემობრუნებული ზუსტად იმ კლავიშს ვადებდი თითს, რომელიც უნდა გამომეცნო... ასე ჩავირიცხე სამუსიკო სკოლაში!“

ნუნუ გაბუნია ერთდროულად შეიყვანეს თბილისის 42-ე საშუალო სკოლასა (1947 – 1957) და მესამე სამუსიკო სკოლაში (1947 – 1955), რომლის დამთავრების შემდეგ  ჩააბარა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში, საკომპოზიტორო განყოფილებაზე (1955-1960), აქ მისი პედაგოგი იყო გამოჩენილი კომპოზიტორი შალვა მშველიძე.

1960 წლიდან იწყება ახალი ეტაპი ნუნუ გაბუნიას ცხოვრებაში, ის გახდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტი. ჩაირიცხა  კონსერვატორიის რექტორის, ცნობილი კომპოზიტორისა და პედაგოგის იონა ტუსკიას კლასში, მაგრამ ის მოულოდნელად გარდაიცვალადა, ამიტომ სწავლა გააგრძელა შესანიშნავ კომპოზიტორსა და პედაგოგთან ალექსანდრე შავერზაშვილთან.

კონსერვატორიაში პარტიტურის კითხვას ასწავლიდა ცნობილი კომპოზიტორი რევაზ გაბიჩვაძე. სწორედ მან შესთავაზა პირველ კურსელი ნუნუ გაბუნიას, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, რადიოს საბავშვო გადაცემათა რედაქციაში მუსიკალურ რედაქტორად მუშაობა. როგორც ქალბატონი ნუნუ ფიქრობს, ბატონმა რევაზმა ალბათ იცოდა ახალგაზრდა კომპოზიტორის ოჯახური მდგომარეობა (მამა აღარ ყავდა, ქმართან გაყრის შემდეგ, მარტო ზრდიდა ბავშვს) და როდესაც გაიგო,  რომ რადიოში გამოჩნდა ვაკანსია, სწორედ ის გამოარჩია სხვა სტუდენტებში. დაუწერა დახასიათება და ასე დაიწყო ნუნუ გაბუნიას მრავალწლიანი მუშაობა ტელე-რადიო კომიტეტში. რადიოს საბავშვო რედაქციაში. წლების მანძილზე, კვირაში ერთხელ მზადდებოდა თითო გადაცემა სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, „ აკაკი და ვაჟა ქართულ მუსიკაში“,  „ბალეტი“,„საკრავები“, „ბეთჰოვენი“, „მერი დავითაშვილი“, ალექსანდრე ბუკიას ოპერა „ყვავილთა სამყაროში“, ,„მაკნატუნა“, „დებიუსის „საბავშვო კუთხე“, „ნიკო ქუმსიაშვილი, „ვიქტორ დოლიძე“,  „თეატრი შექსპირის დროს“,  „პოპულარული ფრანგი მომღერლები“, „ქართველი პიანისტი ქალები“, „პაგანინი“ და სხვა.

სტუდენტობის დროს დაიწერა პირველი მიუზიკლი. ეს იყო „ფიფქიას სკოლა“ გ. ლანდაუს პიესის მიხედვით, პრემიერა თბილისის თოჯინების თეატრში შედგა 1961 წლის 14 დეკემბერს. რეჟისორი შოთა ცუცქირიძე. ამ ჟანრის სიყვარული კომპოზიტორს მთელი ცხოვრება გაყვა.

ნუნუ გაბუნიამ კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1966 წელს დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო საბავშვო ოპერა“ზამთრის ზღაპარი“. ლიბრეტო ეკუთვნოდა ჯიმშერ მუჯირს.

ახალგაზრდა კომპოზიტორს არაერთხელ მოუწია საკუთარი ნაწარმოების შესრულება და  მისი ხმით აღფრთოვანებულმა მომღერლებმა (ნადეჟდა ხარაძე, ბათუ კრავეიშვილი, დიმიტრი მჭედლიძე და სხვ.) დაჟინებით ურჩიეს კონსერვატორიში ვოკალური განხრითაც ესწავლა. და მართლაც, იმავე წელს ჩააბარა და ცნობილი მომღერლის ვერა დავიდოვას კლასში ჩაირიცხა. როგორც ნუნუ გაბუნია იხსენებს, აქ პირველივე გამოცდამ, პირველი წარმატება მოუტანა როგორც მომღერალს. „ჩემთან მოვიდა კომპოზიტორი სერგო ჟვანია და მითხრა, ხვალვე უნდა წამოხვიდე კინოსტუდიაში „მაცი ხვიტიას“ იღებენ და შენ უნდა იმღერო მეგრული სიმღერა. არ ვიცოდი ვისთან ერთად უნდა მემღერა. გამოცდიდან გამოსულს პირდაპირ მომცა ნოტები. ამ ფილმისთვის მუსიკა დაწერა ფილიპე ღლონტმა, მაგრამ ფილიპეს მუსიკა მეგრულისგან ძალიან შორს იყო, ამიტომ მუსიკალურ გამფორმებლად მიიწვიეს სერგო, რომელმაც კარგად იცოდა ხალხური შემოქმედება. მივედი ჩაწერაზე, ვხედავ დიდი სიმფონიური ორკესტრი ზის და იქვეა ჯანსუღ კახიძე. ასე ჩავწერე, გამოცდიდან მეორე დღეს „ვა გიორქო მა“ „მაცი ხვიტიასთვის“ ჯანსუღ კახიძესთან ერთად. დირიჟორობდა ზაქარია ხუროძე.“

სხვათაშორის ეს სიმღერა ნუნუ გაბუნიამ დაამუშავა და დამამთავრებელ გამოცდაზე ის შეასრულა. მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ ათეული წლების შემდეგ,  მსოფლიოს გამოჩენილ ტენორ პლასიდო დომინგოს, სწორედ ეს ნოტები გაუგზავნეს და მან დიდი სიამოვნებით შეასრულა ის ბათუმში, დიდ გალა კონცეერტზე. მართალია, დომინგოსთვის ეს ახალი ნაწარმოები იყო, საქართველოში კი  გაბუნიას მიერ დამუშავებულ  „ვა გიორქო მას“, უკვე დიდიხანია მღერიან კონსერვატორიის გამოსაშვებ გამოცდებზე ვოკალისტები.

ნუნუ გაბუნიას ჰქონდა დიდი დიაპაზონის ხმა, ამიტომ საოპერო სტუდიაში დირიჟორები აძლევდნენ როგორც სოპრანოს, ასევე მაღალი სოპრანოს და მეცო სოპრანოს რეპერტუარსაც.  კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ  თბილისის საოპერო თეატრში მხოლოდ ის გაანაწილეს, მაგრამ  ...

ნუნუ გაბუნიამ დატოვა რადიოში მუსიკალური რედაქტორის თანამდებობა და იქვე გახდა სოლისტი. აქ მუშაობდა რადიო-ტელევიზიის კონცერტმაისტერ ელენე ძამაშვილთან და სიმფონიურ ორკესტრთან - ასრულებდა და იწერდა იმას, რაც ესაჭიროებოდა ტელევიზიასა და რადიოს.

ერთი წლის შემდეგ ნუნუ გაბუნია სტუმრად იყო მოსკოვში, თავის მეგობარ, დიდი თეატრის სოლისტ, მაყვალა ქასრაშვილთან, რომელიც ასევე ვერა დავიდოვას კლასში დაეუფლა ვოკალურ ხელოვნებას. აქ ის შეხვდა პიანისტ ლია მოგილევსკაიას. როდესაც დიდი თეატრის ამ წამყვანმა კონცერტმაისტერმა ნუნუს მოუსმინა, ისე აღფრთოვანდა, რომ უთხრა რეკომენდაცია მოეტანა საქართველოს კულტურის სამინისტროდან დიდ თეატრში სტაჟირებაზე (მანამდე რეკომენდაცია ჰქონდა ნემიროვიჩ - დანჩენკოს თეატრისთვის). მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ოთარ თაქთაქიშვილმა. ეს რეკომენდაციაც ულაპარაკოდ გაუკეთა. მოსმენამ შესანიშნავად ჩაიარა და ნუნუ გაბუნია გახდა მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟორი. როგორც სტაჟორმა წარმატებით მოამზადა და იმღერა ტატიანას პარტია ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინში“

მოსკოვში ყოფნამ ძალიან შეუწყო ხელი ნუნუ გაბუნიას შემოქმედების ფართო აღიარებას. გაიცნო ბევრი ცნობილი და საინტერესო პიროვნება. მას იწვევდნენ კონცერტებზე, შეხვედრებზე, სადაც საკუთარ ნაწარმოებებს მღეროდა და უკრავდა. მიიწვიეს ცენტრალურ ტელევიზიაში. თავადაც არ სჯეროდა ისეთი აღიარებული მუსიკოსების გვერდით უწევდა გამოსვლა. ერთერთი ასეთი გამორჩეული იყო  მონაწილეობა ლია მოგილევსკაიას შემოქმედებით საღამოში 1979 წელს. როგორც ქალბატონი ნუნუ  ამბობს, აქ რამდენიმე „საჩუქარი“ მიიღო. ჯერ ერთი, მას შემდეგ, რაც ქართულად იმღერა თამარის პარტია ოთარ თაქთაქიშვილის  ოპერა “მთვარის მოტაცებიდან“ დუეტში იგორ მოროზოვთან (დავით გამრეკელის აღზრდილი) ერთად, დარბაზში ფეხზე წამოიჭრა  დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი, ბორის პოკროვსკი და აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს. კონცერტის შემდეგ კი ხანშიშესული მამაკაცი მიიჭრა მასთან (შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო რუსეთი თეატრალური საზოგადოების დირექტორის მოადგილე) და პირდაპირ „შეევედრა“,  თქვენი საღამოს მოწყობა გვინდაო. მაგრამ ამით არ დამთავრდა - ბანკეტზე, ცნობილმა მსახიობმა ვალენტინ გაფტმა პირველი სადღეგრძელო, არა  საღამოს მთავარი გმირის - ლია მოგილევსკაიას, არამედ ნუნუ გაბუნიას მიუძღვნა. აქვე მას მიმართა პოკროვსკიმ: „მე არ ვიცი ქართულ ენაზე ჟღერდა ასე კარგად (ნუნუმ ქართულად იმღერა, მოროზოვმა რუსულად), თუ ასე არაჩვეულებრივად მღერის ნუნუ გაბუნია.“ და მან სთხოვა (ნუნუ გაბუნია ამაზე იცინის, პოკროვსკიმ თანაც  „მთხოვაო“) დიდ თეატრში „მთვარის მოტაცების“ ერთერთ საპრემიერო სპექტაკლში ემღერა. ნუნუ გაბუნიას მიერ შესრულებულ თამარს უდიდესი წარმატება ხვდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნუნუ გაბუნიას უკვე ჰქონდა ნამღერი „მთვარის მოტაცების“ პრემიერა თბილისში და პირველი წარმატება სწორედ აქ მოიპოვა. მაშინ თავად ოთარ თაქთაქიშვილმა უთხრა -„ასეთი თამარი მე არ მყავსო“. მაყვალა ქასრაშვილი, რომელიც მოსკოვისთვის ამზადებდა ამ ოპერას და გავლილი ჰქონდა მიზანსცენები,  კარგად იცოდა პარტია, და თბილისური პრემიერისთვის, მთელი გულით ეხმარებოდა მეგობარს სპექტაკლისთვის მზადებაში. და ნუნუ ისე მოამზადა, ისე თამაშობდა რომ სიმღერასთან ერთად ამითაც აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება. „სიმღერით კი მე სულ სხვანაირად ვმღეროდი, ვერავინ მღეროდა „ართი ვარდში“ გარდამავალ ნოტებს, ეს მათთვის იყო მძიმედ სამღერი. მე კი ამას, როგორც ხალხურ სიმღერას მივეცი სიმსუბუქე და ძალიან ადვილად ვასრულებდი“- ამბობს ნუნუ გაბუნია.

აი, რას წერს ნუნუ გაბუნიას მოსკოვში ნამღერ თამარზე  გაზეთი “Советская Культура“: „პრემიერის მონაწილეთა შორის, თამარის მთავარ პარტიაში ჩვენ ვიხილეთ ნ. გაბუნია და მისი დებიუტი დიდი თეატრის სცენაზე. დრამატიზმით აღსავსე დიდებული ხმა, აკადემიური სკოლა დაეხმარა მომღერალს მოეპოვებინა მოსკოველი მაყურებლის აღიარება. არტისტიზმმა, შთაგონებამ, ქართული ფოლკლორის ცოდნამ თამარის სახეს, ნ. გაბუნიას ინტერპრეტაციით, განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს“. კიდევ ერთი ამონარიდი ა. მოროზოვას რეცენზიიდან: „ნ. გაბუნიამ თამარის პარტია განსაკუთრებული სითბოთ, არტისტიზმით, ვიტყოდი, ღრმა დრამატიზმით შეასრულა. მისი ლამაზი, შესანიშნავი ხმა ყველა რეგისტრში თანაბრად და ძლიერად ჟღერს. რა თქმა უნდა მომღერალს ძალიან ეხმარება მუსიკის მშობლიური სტიქია, მის ხასიათში წვდომა, გარეგნული მომხიბვლელობა და სინაზე.“

70-იანი წლები ძალიან ნაყოფიერი იყო საკომპოზიტორო განხრითაც. დაიწერა უამრავი სიმღერა.  სწორედ ისინი შესრულდა იმ შეხვედრაზე, რომლის გამართვაც სთხოვეს ლია მოგილევსკაიას საღამოზე. მაშინ ნუნუ გაბუნია გაიცნეს როგორც მომღერალი. მაგრამ ქალბატონმა ნუნუმ უთხრა, რომ ის კომპოზიტორია და თუ შეიძლებოდა  საკუთარ ნაწარმოებებსაც შეასრულებდა. იმ მამაკაცს გაკვირვებულს უკითხავს „თქვენ კომპოზიტორიც ხართო?“ და სიამოვნებით დასთანხმდა, ეს უფრო საინტერესო იქნებაო.

ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო რუსეთი თეატრალურ საზოგადოებაში გაიმართა. პირველ განყოფილებაში ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის ფრაგმენტები, ავტორის თანხლებით იმღერა ნუნუ, რადგან მოგილევსკაიამ კომპოზიტორის წინაშე ვერ გაბედა მისი ნაწარმოების შესრულება, თუმცა დანარჩენში ის იყო აკომპანიატორი. მეორე განყოფილება კი მთლიანად ნუნუ გაბუნიას ნაწარმოებებს დაეთმო. ავტორთან ერთად მათ ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებდნენ.

ამ პირველმა შემოქმედებითმა საღამომ, ნუნუ გაბუნია, მოსკოველი საზოგადოებისთვის, ცნობილი გახადა უკვე არამარტო როგორც მომღერალი, არამედ, როგორც კომპოზიტორი. მას თეატრალური საზოგადოების თითქმის ყველა ღონსძიებაზე იწვევდნენ.

 დიდ თეატრში თამარის პარტიის შესრულების შემდეგ მას ვერდის“ოტელოში“ დეზდემონას სიმღერა შესთავაზეს და მან ეს პარტია 5 დღეში ისწავლა ლიოვა შაბანოვთან, რომელიც გაოცებული იყო ამით. ქალბატონი ნუნუ ამბობს „ვმღეროდი აბსოლუტურად სხვანაირად. მეხმარებოდა ის რომ კომპოზიტორი ვიყავი. აუცილებლად მინდა ვთქვა - მომღერლებმა ვიღაცის ჩანაწერებით კი არ უნდა ისწავლონ პარტია, თავისით უნდა გადაამუშაონ, შეისისხლხორცონ და მერე მოისნინონ. თუ იქ რაღაც კარგი იქნება, ის შეიძლება გაითვალისწინონ. ამიტომ იყო, რომ ჩემი თამარიც განსხვავდებოდა. ქალბატონ ნუნუს გული წყდება, რომ სხვადასხვა ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზის გამო მან ფართოდ ვერ გაშალა საოპერო მოღვაწეობა, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, რჩებოდა რადიოსა და ტელევიზიის სოლისტად. ბევრი ნაწარმოები ჩაწერა ელენე ძამაშვილთან და რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან. ორი დისკი გამოუშვა ელენე ძამაშვილთან ერთად.

როგორც კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია, მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში გაიცნეს, სად არ გამართულა მისი შემოქმედებითი საღამო, ბალტიისპირეთიდან ვლადივოსტოკამდე. ამ შეხვედრებზე სრულდებოდა მისი, როგორც აკადემიური, ისე საესტრადო მუსიკა.

1976 წელს ნუნუ გაბუნია გახდა თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის, ერთი წლის შემდეგ კი  კომპოზიტორთა კავშირის წევრი. ამავე წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.

1979 წელს დაიწერა ოპერეტა „ნანა მღერის სიყვარულზე“, რომელსაც რუსული ტექსტი უდევს საფუძვლად, ლიბრეტოთიც არ იყო კმაყოფილი ავტორი და საბოლოოდ ეს ოპერეტა არ დადგმულა, თუმცა აქედან ცნობილია Adagio, რომელსაც დამოუკიდებლად ხშირად ასრულებენ მევიოლინეები. თან ის ბალეტშიც გამოიყენა ქალბატონმა ნუნუმ. თუმცა ეს ბალეტიც ელის სცენურ განხორციელებას.

ცალკე უნდა აღინიშნოს ხუთი „ავე მარიასგან“ შემდგარი ციკლი. ეს სიმღერა -საგალობლები სხვადასხვა დროს დაიწერა და ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ კომპოზიტორმა მათ განსხვავებული სახელწოდებები შეურჩია. ესენია: “Ave maria”, “Salve Maria” (დაიწერა თეიმურაზ გუგუშვილისთვის და ისაა პირველი შემსრულებელი), „დედაო ღვთისა“,“Madre Di Dio”, „Ave Maria”.

მათგან განსაკუთრებული ბედი ეწია პირველ “Ave maria”-ს, მისი პრემიერა ნაირა გლუნჩაძემ შეასრულა 1980 წელს. გავიდა რამდენიმე წელი და ერთხელ, ქალბატონ ნუნუს ურეკავენ მოსკოვიდან და ატყობინებენ, რომ მისი “Ave maria”, ამ ჟანრის მკვლევარმა მუსიკოლოგებმა მთელი მსოფლიოდან, შეარჩიეს და შეიტანეს კრებულში, რომელშიც რაც კი “Ave maria”დაწერილა, მათგან მხოლოდ 18 შევიდა და მათ შორისაა მისი ნაწარმოები. ბახის (ბახ-გუნო), შუბერტის, ქერუბინის, ბიზეს, სენ-სანსის, ვერდის, ტოსტის, ფრანკის და სხვათა ქმნილებებთან ერთად დაიბეჭდა ქართველი კომპოზიტორი ქალის (დანარჩენი 17 მამაკაცია) - ნუნუ გაბუნიას “Ave maria”. ეს ნაწარმოები მუდმივად სრულდება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, ავსტრიაში “Wiener Konzerthaus“-ში ის  შეასრულა ეთერ ჭყონიამ, ვენაშივე იმღერა თამარ ივერმა და ორივე შესრულებას უდიდესი წარმატება ხვდა.

ნუნუ გაბუნიას მეორე ოპერის შექმნის ისტორია ასეთია: თბილისში ჩამოსული იყო რეჟისორი პიოტრ შტეინი, რომელსაც უნდა დაედგა ვერდის „ტრუბადური“, მას ყოველთვის თან დაყავდა ძალიან კარგი კონცერტმაისტერი მარგარიტა დვორკინა. და მაშინ მან მოისმინა ნუნუ გაბუნიას პირველი „ავე  მარია“ და ისე მოეწონა, რომ მოუნდა ავტორთან შეხვედრა და როდესაც ნახა ნუნუ გაბუნია, უთხრა, რომ ეძებდა კომპოზიტორს, რომელიც სვერდლოვსკის საოპერო კონსერვატორიის სტუდიისთვის დაწერდა ისეთ მუსიკას, როგორც ეს „ავე  მარია“ იყო. მაქვს არაჩვეუმებრივი ლიბრეტო და იქნება ამაზე დამიწეროთ ოპერაო. კომპოზიტორი დასთანხმდა და ძალიან ჩქარა, 5 დღეში დაწერა ოპერა. როგორც თავად ამბობს - მთავარია ჰქონდეს დრო და სურვილი, რომ დაჯდეს და დაწეროს, დანარჩენს ჩქარა აკეთებს, თითქმის არასდროს უწევს რაიმეს ჩასწორება. “ჯერ მელოდიას ვწერ, რომ არ დამავიწყდეს, რამდენჯერ ყოფილა ღამით, რაღაც ისეთი მომსვლია თავში, ვიფიქრებ ამას რა დამავიწყებს,  და დილით აღარ მახსოვს. ამიტომ, ჯერ ვაფიქსირებ მელოდიას, შემდეგ ჰარმონიას მივაწერ. ორკესტირებაში ხშირ  შემთხვევაში მეხმარებოდა გივი აზმაიფარაშვილი.“

ოპერა „იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან“ დაიწერა ვიქტორ დვორკინის ლიბრეტოზე. მისი პრემიერა გაიმართა 1987 წლის 28 დეკემბერს,  ქ. სვერდლოვსკში (ახლანდელი ეკატერინბურგი),  ურალის სახ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. რამდენიმე თვეში კი ამ ოპერით გაიხსნა სვერდლოვსკის კამერული მუსიკალური თეატრი. გაზეთი "Вечерний Свердловск" წერდა: „ქართველი კომპოზიტორის, ნუნუ გაბუნიას მომხიბლავ, მხიარულებით, ხალისითა და ელვარებით აღსავსე მუსიკაში შეყვარებულია ყველა ვოკალისტი.“

1991 – 2000 წლებში ნუნუ გაბუნია იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. აქ მუშაობის პერიოდში ნათლად გამოვლინდა მისი საორგანიზატორო ნიჭი, უანგარობა, კოლეგების და მათი შემოქმედების დაფასების და მათზე ზრუნვის უნარი. მისი ინიციატივით გამოიცა არაერთი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართველი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერების კრებულები, 4 ტომად, რომელიც მუსიკალურმა ფონდმა გამოსცა 1992 – 1993 წლებში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას არც ერთი საკუთარი ნაწარმოები არ გამოუცია.

როდესაც ცნობილი რეჟისორი,  გურამ მელივა ვასო აბაშიძის სახ. მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო, მან ნუნუ გაბუნიას შესთავაზა ოპერეტის შექმნა.  გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ დაედო საფუძვლად მის მიერვე შექმნილ ლიბრეტოს. მან ასეთი მიზანი დაუსახა კომპოზიტორს: „მე მინდა მარტო  ძველი თბილისის სურათი, იქ ვიღაც ვაჭრობს, არიან ჯარისკაცები ან პოლიციელები მოდიან, იქ სადღაც სომხური კოლორიტია. მეუბნებოდა როგორი ტიპის მელოდია უნდოდა, ამიწერდა ხასიათს. ამას ყველაფერს რომ დამიწერთ მერე მას მოვარგებთ ტექსტებსო“. და კომპოზიტორისთვის მაშინვე ნათელი გახდა რა უნდა გააკეთებინა.  მუსიკაზე კი დაიწყო კომპოზიტორმა მუშაობა, და საკმად ბევრიც დაწერა, მაგრამ ამ იდეას ბოლომდე განხორციელება არ ეწერა. გურამ მელივა თბილისის საოპერო თეატრში გადაიყვანეს. ამ ოპერეტიდან ცალკეულმა მელოდიებმა დამოუკიდებლად მოიპოვეს პოპულარობა. მათ შემდეგში მოარგო კომპოზიტორმა ტექსტები ასეთები მაგალითად, „საქართველოს ცა“ (ტექსტი ლ. ბახტრიონელის). „გამახარე, მხოლოდ ერთხელ გამახარე“(ტექსტი ჯ. ჩარკვიანის) დღემდე პოპულარულია, „ქვეყანა ჩემი მგონია“ (ტექსტი ლილლი „აბა მითხარ სად წავიდე“, „სალაღობო“ (ტექსტი დოდო გვიშინია) პირველად სერგო ნონიაშვილმა იმღერა, შემდეგ გოგი დოლიძემ გახადა ძალიან პოპულარული... როდესაც ამ სიმღერის მუსიკა დაიწერა, ტექსტი ჯერ არ ჰქონდა და შემდეგ სთხოვა კომპოზიტორმა ჯანსუღ ჩარკვიანს და მანაც არ დააყოვნა.

40 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ და ნუნუ გაბუნია მიუბრუნდა „გაყრისთვის“ დაწერილ მუსიკას და მისი მელოდიების საფუძველზე შექმნა საორკესტრო სუიტა „ძველი თბილისის სურათები“.

„საცეკვაო სუიტაში“ კომპოზიტორმა რამდენიმე ადრეული, ბავშვობის თემაც კი შეიტანა. ასეთია „ტარანტელა“, რომელიც შემდეგ ოპერაშიც გადაიტანა, რადგან იქ მოქმედება იტალიაში ხდება. ესპანური ცეკვა მულტიპლიკაციურ ფილმ „ბულბულის იუბილეში“ ჟღერს. რეჟისორს მოუთხოვია ოფოფებისთვის დაეწერა ცეკვა, ქალბატონ ნუნუს არ მოსწონებია ეს იდეა. ბულბულის იუბილეზე  ძირითადად ქართული მუსიკა უნდა ჟღერდესო, თუმცა დაყვა ნებას და დაწერა  ესპანური ცეკვა, რომელიც ამ მულტფილმიდან, დღეს ალბათ, ყველაზე პოპულარულია. „ჩინური ცეკვა“ ჯერ კიდევ სასწავლებელში ყოფნისას დაუწერია. მის პედაგოგ  შალვა მშველიძეს მოსწავლის წასახალისებლად უთქვამს, ეს ნამდვილი ჩინური მუსიკაა, როგორ დაწერე, მე ამას ვერ შევძლებდიო. ამ ცეკვებს რამდენიმე ახალი დაუმატა კომპოზიტორმა და ასე შეასრულა პირველად,  თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, რადიოს სიმფონიურმა ორკესტრმა გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

როდესაც „მეორე ლეგენდაზე“ ჩამოვუგდე საუბარი ქალბატონ ნუნუს, როგორც ამ ჟანრში მის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებზე, მან ასე მიპასუხა: „  ჩემის აზრით ამაზე უკეთესი სიმღერებიც მაქვს დაწერილი თბილისზე, მაგრამ ისინი არაა ასეთი პოპულარული. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს შემსრულებელს. პირველად ნანა გელოვანმა და ხათუნა ხუციშვილმა შეასრულეს. მედეა გონგლიაშილმა მთხოვა ამ გოგოებისთვის რაიმე დუეტი გექნება და მიეციო. მე მქონდა დუეტი, მაგრამ არ მქონდა ტექსტი, ტექსტს რა უნდაო მითხრა. ნანა ბაჯული გელოვანის შვილია.  ბაჯული მაშინვე მოვიდა რადიოში, მე  როიალს მივუჯექი, ვუკრავდი, ის როიალთან იდგა და იქვე წერდა ტექსტს, ასე რომ პირველი შემსრულებლები იქვნენ ნანა და ხათუნა. მერე მე და ნანული აბესაძემ ვიმღერეთ. მერე ზურაბ ცისკარიძემ. ერთხელ შემხვდა შურა ჯანელიძე და მითხრა: პატარა გოგო მყავს მოწაფე, ძალიან კარგი და იმას მინდა ვამღეროო. ჯერ ერთი ასეთ პატარას რატომ ამღერებ და მერე ეს ხომ დუეტია. რას ამბობ, ისე მღერის, მეორე ხმა ვერ მოვუძებნეო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანსამბლ „მზიურის“, უფრო სწორედ საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, შექმნის იდეა ქალბატონ ნუნუს ეკუთვნის. ეს იყო რადიო -ტელევიზიის ბავშვთა ანსამბლი. ხელმძღვანელად კონსტანტინე იუშკოვი და რაფაელ კაზარიანი მიიწვია. ოთხი თვის შემდეგ, ანსამბლი უკვე საჯარო გამოსვლისთვის იყო მზად.  როდესაც ისინი პირველად გამოჩნდებოდნენ ეკრანზე და იმღერებდნენ რადიოთი, ჩანაფიქრის მიხედვით, მსმენელისთვის უნდა ეთხოვათ მათთვის სახელის შერჩევა. მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ გამოიყო თანხები და იძულებული გახდნენ დაეთხოვათ ანსამბლი. და ისევ ნუნუ გაბუნიას მითითებით მიმართეს, პიონერთა სასახლეს. ბუნებრივია, იდეა ეს სიხარულით მიიღეს. იმ პირველი შემადგენლობიდან ნაწილი წავიდა და ახლები დაემატა. მოგვიანებით მათ შეუერთდა მაია ჯაბუა. სწორედ მასზე ეუბნებოდა ნუნუ გაბუნიას შურა ჯანელიძე. და ეს ნამღერი ახალი წლის ღამეს სახლში შემთხვევით მოისმინა ავტორმა და მიხვდა, რომ ის მართლა ისე მღეროდა, რომ არ ჭირდებოდა მეორე ხმა.  მაიას შესრულებით „მეორე ლეგენდა“ კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

ჟურნალი „Музыка в России“ (ავტ. ი. ჩუმაკოვა), ნუნუ გაბუნიასადმი მიძღვნილ სტატიაში წერდა: „1973 წელს  საახალწლო გადაცემაში ანსამბლ „მზიურის“ შესრულებით აჟღერდა მისი „ლეგენდა თბილისზე“ (ა. გელოვანის ტექსტი).  და ტელევიზიაში“ჩამოიყარა“ უამრავი წერილი თხოვნით გაემეორებინათ „ლეგენდა“ და მოეთხროთ კომპოზიტორზე.  თხოვნა შესრულდა და გადაცემაში „მღერის ნუნუ გაბუნია, „ლეგენდასთან“ ერთად მან თავისი სხვა ლირიკული სიმღერებიც შეასრულა... 1974 წელს ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში „წლის სიმღერა“ კიდევ ერთხელ დიდი წარმატებით აჟღერდა მისი სამი სიმღერა... შემაჯამებელ გადაცემაში „წლის სიმღერა“ (2000-2001), მისი ნაწარმოებები საუკეთესოთა შორის დაასახელეს. რით იზიდავს კომპოზიტორის შემოქმედება. უ.ყ. უმდიდრესი მელოდიური ნიჭით. ამას უცხოელი პარტნიორებიც აღნიშნავდნენ 1981 წელს თბილისში გამართულ საბჭოთა მუსიკის ფესტივალზე. ფესტივალის შეჯამების შემდეგ, სხვა ნაწარმოებებთან ერთად დასავლეთ-გერმანულმა გამომცემლობა „Hans Sikorski-მ ნუნუ გაბუნიას „Ave Maria” –ც გამოსცა.“

ნუნუ გაბუნია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1986- 2002 წლებში იყო თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგი. ვოკალს ასწავლიდა საესტრადო მომღერლებს. მის აღზრდილთა შორის არიან:  სალომე გასვიანი,  სოფო გელოვანი, ლიკა შუბითიძე,  ელენე ფოჩხუა და სხვები.

1993-1997 წლეში ნუნუ გაბუნია იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის საესტრადო ორკესტრ „ფორტეს“ რედაქტორი, შემდეგ კი აქვე სამსახიობო პერსონალის (სიმფონიიური, საესტრადო, ხალხურ საკრავთა ორკესტრები, ანსამბლ „ლაშარი“ და ცალკეული სოლისტები) დირექტორ-განმკარგულებელი. 2004 წელს ამ კოლექტივების შემცირების და შემდეგ ლიკვიდაციი შედეგად გაუქმდა ეს თანამდებობაც.

1995 წელს გამოვიდა ფილმი „წითელი პატეფონი“, რეჟისორმა დევი აბაშიძემ, ნუნუ გაბუნიას სთხოვა მუსიკის შექმნა. როგორც  კომპოზიტორი ამბობს ის ბევრ მუსიკალურ ნომერს წერს ხოლმე ამოსარჩევად, როდესაც მუსიკის შექმნას სთხოვენ სპექტაკლისა თუ ფილმისთვის. და ამიტომ, რადგან მუსიკალური ნომრების ამოღება დაენანათ, მხატვრული ფილმი  მუსიკალურ ფილმად გადაიქცა.

ასე მოხდა რუსთავის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისათვის, „ფიფქია და შვიდი ჯუჯასთვის“, შექმნილ მუსიკასთან დაკავშირებითაც და  დრამატული სპექტაკლი მიუზიკლი გახდა (1996). მას ისეთი წარმატება ხვდა რომ მიყოლებით დაიდგა თბილისის ვასო აბაშიძის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში (1997. რეჟისორი ვაჟა ძიგუა), ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში (1998,  რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე), დმანისის სახელმწიფო თეატრში (2003, რეჟისორები ვაჟა ძიგუა და ზინაიდა კვერენჩხილაძე), ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში (2022, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე).

ნუნუ გაბუნიას ინტერესების სფერო ძალიან დიდია. რადიოში მიღებული ჟურნალისტური გამოცდილება მოგვიანებითაც გამოადგა. მან უკვე გამოსცა “სამუსიკო განმარტებითი ლექსიკონი - ცნობარი“.  მზადაა მის მიერ შედგენილი საკმაოდ მოცულობითი „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. მუსიკოსს საინტერესო, დატვირთული შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი, შეხვედრია უამრავ გამოჩენილ პიროვნებას, მრავალ მათგანთან მეგობრობაც აკავშირებს. ასე რომ, ბევრი რამ აქვს მოსაყოლი, თან კალამიც უჭრის. სწორედ ამიტომ, ძალიან გულმოდგგინედ მუშაობს და მშვენიერი ლიტერატურული ენით წერს „მემუარებს“, რომლის დიდი ნაწილიც უკვე მზადაა.  აქედან რამდენიმე მოგონება ამ  სტიტიაშიცაა გამოყენებული.

ნუნუ გაბუნიას ნაწარმოებებს ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ ელენა  ობრაზცოვა, მაყვალა ქასრაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ნანი ბრეგვაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, მედეა ნამორაძე, ზურაბ ცისკარიზე, გოგი დოლიძე, სეგო ნონიაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე,  ეთერ ჭყონია, თამარ ივერი, ტრიო „ჰარმონია“, ქალთა ტრიო "სამაია" – ინოლა გურგულიას, მედეა სიხარულიძის და გიული დარახველიძის შემადგენლობით „ თეატრალურის კვარტეტი“, ნატალია ქუთათელაძე და სხვები

 მარიკა ჩიჯავაძე

2023.06.28.