ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნინო ზაბუკიძე

#

ნინო ზაბუკიძე - კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი - დაიბადა 1935  წლის  ქალაქ ბათუმში, აჭარის მთავარი იურისკონსულის   ვიქტორ ზაბუკიძისა და ბალერინა ოლგა შვამის ოჯახში. 3 წლის იყო ნინა, მამამისი ქვეყანაში არსებულ  პოლიტიკურ ვითარებას რომ ემსხვრპლა. ნინას და მისი დის, ვალენტინას გაზრდა მთლიანად დედას დააწვა. მისთვის დედა იქცა ცხოვრების სირთულეებთან გმირულად გამკლავების, არისტოკრატიული აღზრდის, პროფესიისადმი თავდადების    ეტალონად. ოლგა შვამს (წარმოშობით მამის მხრიდან  გერმანელს, დედის მხრიდან პოლონელს) ცხოვრების ქარტეხილებმა კიევიდან  ოდესაში, მოსკოვში და ბოლოს, ბათუმში დაადებინა ბინა. ნინა არ მოსწრებია დედის გამოსვლებს ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მაგრამ  მოწმე იყო მისი თავდაუზოგავი მოღვაწეობის  ბათუმის ბავშვთა ხელოვნების სასახლეში  თავისივე დაარსებულ  საბალეტო დასში. ამ დასის საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, მათ სახლში მიმდინარეობდა: აქ მზადდებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა რეპეტიციები, იკერებოდა კოსტიუმები. ნინასთვის,  დედის გარემოს ზეგავლენით, ხელოვნება  ცხოვრების საზრისად იქცა. თანდათან გამოიკვეთა მისი ინტერესის მთავარი სფერო - მუსიკა.   შემოქმედებითი მიდრეკილებაც    მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს  გამოავლინა, აქ  უკვე  ჰქონდა საკუთარი ნაწარმოების შექმნის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ  სწორედ ამ პერიოდში, 1950 წელს  მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი „ოქროს გასაღები“, რომელიც იდგმებოდა ბათუმის ბავშვთა სასახლის თეატრალურ წრეში.

ნინას,  ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში საფორტეპიანო ფაკულტეტზე სწავლის დროს,  უხდებოდა დედის საბალეტო დასთან საქმიანი  ურთიერთობა, ხან მუსიკალური გამფორმებლის, ხანაც  აკომპანიატორის ამპლუაში, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

 1956 წელს ნინა ზაბუკიძემ  დაამთავრა  ბათუმის სამუსიკო  სასწავლებელი და ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე,  კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის კლასში.  ჯერ კიდევ სწავლის პარალელურად ის მუშაობდა ფორტეპიანოს პედაგოგად თბილისის რკინიგზელთა მხატვრული აღზრდის სახლში (1951-61 წწ..). ამ პერიოდში   ნინო ზაბუკიძემ   ბედი დაუკავშირა თავისივე თანაკურსელს, ასევე ალექსი მაჭავარიანის მოსწავლეს,  კომპოზიტორ შალვა დავითაშვილს, რომელიც მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი გახდა.

1961 წელს  დაამთავრა კონსერვატორია,  ხელმძღვანელი  ალექსი მაჭავარიანი მასზე იმედებს ამყარებდა.

გასაკვირი არ არის, რომ ნინო ზაბუკიძის პირველ სერიოზულ განაცხადს წარმოადგენდა  სწორედ საბალეტო ნაწარმოები, საბავშვო  ბალეტი "ჩიპოლინო" (1965 წ. ბალეტმეისტერი ვ. დოლიძე). აქედან  საბალეტო ნომერი "შეხვედრა" (ბალეტმეისტერი ლ. შხითარიანი,  შესრულდა მოსკოვში, 1971 წელს, საბალეტო კონკურსზე

ნინა ზაბუკიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მიჰყავდა საფორტეპიანო კლასი,  თბილისის მე-5 მუსიკალურ სკოლაში (1962-1966), ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში (1966-1968), თბილისის მე-11 სამუსიკო სკოლაში (1968-2008).

ნინა ზაბუკიძის პიროვნულმა თავმდაბლობამ, ოჯახურმა ყოფამ განაპირობა ერთი პერიოდი მისი საკომპოზიტორო ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა, თუმცა პედაგოგიური საქმიანობა  უქმნიდა  მოტივაციას ბავშვებისთვის მიეძღვნა ნაწარმოებები:  საფორტეპიანო პიესები, ანსამბლები. მას აგრეთვე ფორტეპიანოზე გადაჰქონდა ქართული და სახვა ერების ფოლკლორული ნიმუშები, პოპულარული საესტრადო და ჯაზური კომპოზიციები. ასე დაიბადა კრებულები: „პირველი ნაბიჯები“, „პიესები და ანსამბლები ფორტეპიანოსათვის“, „პოპულარული მელოდიები და ჯაზური მუსიკა"  ეს ყველაფერი მუსიკის სასწავლო პროცესის ნაწილი გახდა.

მოსკოვის კათოლიკური ტაძრის დაკვეთით შექმნა საგალობლები "გლორია", სანქტუსი", "მამაო ჩვენო", ასევე საგალობლების ციკლი: "საშობაო", "რატომ მაქვს გული ნათელი", "როგორ ანათებს შუქი ღამეში", "უფლის ეკელესია", წმინდა ოლღას ჰიმნი', "ლოცვა აღსარების შემდეგ", " საკურთხეველი". 1995 წელს მოსკოვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ კონცერტზე შესრულდა მისი ორი ნაწარმოები: "გზააბნეული" და "წმინდა ოჯახი".

ნინო ზაბუკიძის  შემოქმედების ძირითად სფეროდ კამერული, ვოკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკა იქცა. ის ხშირად წარმსდგარა კომპოზიტორთა კავშირის კონცერტებზე" ქართული მუსიკის სიახლენი". მისი შემოქმედებისათვის  იმთავითვე დამახასიათებელი იყო ლირიკული საწყისის სიჭარბე, ნათელი ფერები, დროთა განმავლობაში შესამჩნევი გახდა ჯაზური ხელოვმებით გატაცება, რაც გამოიხატა  ჰარმონიული ენის გამდიდრებით.. 

ნინა ზაბუკიძე გარდაიცვალა 2018 წელს, დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში, მეუღლის, შალვა დაითაშილის გვერდით.

ნინა ზაბუკიძე გატაცებული იყო მხატვრობით, პოეზიით. თავად ხატავდა და ქმნიდა ლექსებს.

 

 

თამარ წულუკიძე

2022.10.25.