ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ბარბარე ამირეჯიბი

#

ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი) - საქართველოში პირველი ქალი უმაღლესი პროფესიული მუსიკალური განათლებით, კომპოზიტორი, პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი. აღსანიშნავია ბარბარე ამირეჯიბის ღვაწლი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. „იგი ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ფეხს იდგამდა პროფესიული მუსიკა. ამ წლებში გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების ზ. ფალიაშვილის, მ. ბალანჩივაძის, დ. არაყიშვილის, ნ. სულხანიშვილის, ვ. დოლიძის და სხვათა გვერდით იდგნენ ქართველი მუსიკოსი ქალები ბარბარე ამირეჯიბი, ნინო მესხიშვილი, მილიტინა უნდილოვა-სარაჯიშვილისა, ანასტასია ვირსალაძე, ანა თულაშვილი და სხვები. ისინი ძირითადად პედაგოგიურ-საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ და თავიანთი უანგარო სამსახურით დიდი წვლილი შეჰქონდათ ამ საშვილიშვილო საქმეში“. (ლიტ. 7)

პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების გზისადმი ინტერესი იმდენად დიდი გვქონდა, რომ გულმოდგინედ მოვიკვლიეთ ინფორმაცია მის შესახებ. თავდაპირველად, ქართული მუსიკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში (ლიტ. 9) განთავსებულ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებზე და მითითებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, მივმართეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც ჟურნალ-გაზეთების სტატიების და სანოტო მასალის მოძიებაში დაგვეხმარა ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ქალბატონი მანანა ბარამიძე. მანვე გვირჩია, თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა. შევეცადეთ შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძიებინა და წარმოგვედგინა საარქივო მასალები (იხ. ლიტ.). ბიბლიოთეკის საიტის ,,ივერიელის“ მეშვეობით გავეცანით ამირეჯიბთა საოჯახო ფოტოებს. ეს დაგვეხმარა კომპოზიტორის ოჯახის შთამომავლების, თამარ, ირინე და ქეთევან ამირეჯიბების პოვნაში. მას შემდეგ რაც მათ დავუკავშირდით, მოგვეცა საშუალება უკეთ გავცნობოდით ბარბარე ამირეჯიბის საკომპოზიტორო შემოქმედებას და მოგვენახულებინა თბილისში, „კრილოვის“ (ამჟამად ჯანსუღ კახიძის) ქუჩაზე მდებარე ამირეჯიბთა საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დღესაც შენარჩუნებული აქვს იმდროინდელი აურა. ამ ბინის ზღურბლიდანვე შეგვექმნა წარმოდგენა, თუ როგორ გარემოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კომპოზიტორი. აქ  საუკუნეზე მეტი ხნის წინ ეწყობოდა სალონური კონცერტები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, იმართებოდა საუბრები საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო თემებზე, განათლებაზე, ხელოვნებაზე, იგეგმებოდა საქველმოქმედო საქმიანობა.

მასპინძლებს გავაცანით ჩვენი სტუმრობის მიზეზი - ვუთხარით, რომ გვსურდა უშუალოდ ოჯახის წევრებისაგან შეგვეტყო ის, რაც მათ გადმოცემით იცოდნენ ბარბარე ამირაჯიბის შესახებ. გულღიად მიგვიღეს, ბევრი რამ გაიხსენეს და გვიჩვენეს. ოჯახში დაცულია ბ. ამირეჯიბის რამდენიმე თხზულების ნოტი, მათ შორის ხელნაწერიც. აქვე ინახება იპოლიტოვ-ივანოვის სანოტო ხელნაწერი ვოკალური ნაწარმოებისა, რომელიც მან მიუძღვნა ამირეჯიბების ოჯახს. ,,ასია“-ს სანოტო კრებულზე არის კომპოზიტორის ხელით გაკეთებული, 1900 წლის 15 დეკემბერით დათარიღებული წარწერა: „ვარვარა ამირაჯიბს კეთილსამახსოვროდ ძველი მეგობრისაგან“. საოჯახო რელიქვიებს შორის არის სამახსოვრო ნივთები, ძველი ფოტოები, სურათები, სკულპტურები. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ ნაჩუქარი, მისივე მცირე ზომის ფიგურა, დღესაც დგას „გრესელის“ ფირმის ძველ შავ როიალზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სასიამოვნო  ჟღერადობა და ბევრის მომსწრეა.  გარდა ამირეჯიბისა, მასზე აჟღერებდნენ საკუთარ ნაწარმოებებს ს. რახმანინოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი და სხვანი. კედლებს ამშვენებს არაერთი ფოტოსურათი, თუ ფერწერული ტილო, რომელთა შორის ყურადღებას იპყრობს კომპოზიტორის დის - ანასტასია ამირეჯიბის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი - „ბარბარე როიალთან“. ი. რჩეულიშვილის სტატიიდან ვიგებთ, რომ ნახატს 1902 წელს „დიდი გამოფენის“ ვერცხლის მედალი მიუღია (ლიტ. 6, ფოტო).

წინამდებარე ნარკვევი ეძღვნება პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის -  ბარბარე ამირეჯიბის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

 

ბარბარე ამირეჯიბი დაიბადა 1873 წლის 11 (ახ. სტ. 24) აგვისტოს ქ. თბილისში, ერთ-ერთ სახელოვან ქართულ  ოჯახში. ბარბარეს მამა - მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბი (1833-1903), მეტსახელად "ყარსკი" - სამხედრო პირი გენერალ-ლეიტენანტის ჩინით, დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. კომპოზიტორის დედა-სოფიო ვასილის ასული ამირეჯიბი (1847-1906) (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ნიჭიერი პოეტი ქალი იყო. მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე. მისი თარგმანების კრებულში, რომელიც 1909 წელს გამოიცა, შესულია  გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანების, ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის და სხვ. საუკეთესო ლექსები. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა მას აკაკი წერეთელთან. მგოსანი მოიხსენიებს სოფიოს, როგორც უაღრესად მშრომელ და ამავე დროს,გულისხმიერ,  მოსიყვარულე პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის გაჭირვებულთა დასახმარებლად. გადმოცემით ვიგებთ, რომ აკაკის ლექსი „ფუთკარი“ ეძღვნება სწორედ სოფიო ამირეჯიბს.

ბარბარე ამირეჯიბის უფროსი და-ძმა - კონსტანტინე (კოსტა) მიხეილის ძე ამირეჯიბი (სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ცნობილი პროფესორი მექანიზაციის დარგში,  მეცნიერი, ქიმიკოსი და ქველმოქმედი) და ანასტასია მიხეილის ასული ამირეჯიბი (მხატვარი, გამოჩენილი რუსი მხატვრების  კ. მაკოვსკის და ვ. სეროვის მოსწავლე) - ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. ამირეჯიბთა ოჯახში იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები, მუსიკოსები, მხატვრები, აგრეთვე ქართული კულტურის უცხოელი თაყვანისმცემლები. აქ ხშირი სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი და მისი მეუღლე ვარვარა ზარუდნაია, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე ჩაიკოვსკის ძმა მოდესტ ჩაიკოვსკი, მხატვარი ვალენტინ სეროვი  კომპოზიტორი და პიანისტი კონსტანტინ იგუმნოვი, პიანისტი ტატიანა პივოვაროვა, ივანე თედორეს ძე სარაჯიშვილი, მილიტინა უნდილოვა-სარაჯიშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, მევიოლინე ვიქტორ ვილშაუ და სხვანი.

ბარბარე ამირეჯიბის საახლობლო წრეში უმეტეს წილად მუსიკოსები შედიოდნენ. ხშირ შემთხვევაში მათი გზები სწორედ სახელოვნებო შემოქმედებით ველზე გადაიკვეთებოდა. ჩვენთვის საინტერესო იყო ყველა, თუნდაც მცირე ფაქტი, შენიშვნა, თუ ჩანაწერი, რომელიც შეავსებდა საერთო სურათს. ამიტომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია ზ. ფალიაშვილის მუზეუმში დაცული სანოტო კრებული ,,რვა ქართული სახალხო სიმღერა - ქალთა და ვაჟთა გუნდისათვის ფორტეპიანოს აკომპანიმენტით“. მის ყდაზე თვით ზაქარია ფალიაშვილის ხელით, შავი მელნით შესრულებულია წარწერა, რომელიც ცხადყოფს, რომ  ნოტების ეს ცალი მას ბარბარე ამირეჯიბისათვის უჩუქებია (წარწერა დათარიღებულია 1908 წლით). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზ. ფალიაშვილმა მას ეს კრებული იმიტომ უსახსოვრა, რომ სურდა ფორტეპიანოს პარტიის შემსრულებლად ეხილა; ბარბარე ამირეჯიბს ხომ განსაკუთრებული პიანისტური მონაცემები ჰქონდა.

მისი თაობის ქალებს შორის ბარბარე ამირეჯიბი გამოირჩეოდა ფართო განათლებითა და ერუდიციით. მან ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა  მუსიკისადმი ინტერესი და კარგი მუსიკალური განათლებაც მიიღო. თავდაპირველად იგი ჯერ რუსული სამუსიკო  საზოგადოების («Росийское Музыкальное Общество») თბილისის განყოფილების  სასწავლებელში ეზიარა პროფესიის საფუძვლებს. აქ იგი სწავლობდა 1893 წლამდე, პედაგოგ ისააკ მატკოვსკისთან. როგორც თბილისის მუსიკალური სასწავლებლის 1888 – 1889 სასწავლო წლის საანგარიშო მოხსენებიდან ვიგებთ, ბარბარე ამირეჯიბი ჰარმონიის კურსს ცნობილ კომპოზიტორ მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვთან გადიოდა. ჩვენ მივაკვლიეთ ფოტოს, რომელზეც მ. იპოლიტოვ-ივანოვი თავის მოსწავლეებთან, მათ შორის ბარბარე ამირეჯიბთან, ერთად არის გამოსახული (ლიტ. 17 ფოტო). ზემოაღნიშნული მოხსენებიდან ირკვევა, რომ იმავე წლის 26 თებერვალს მეშვიდე მუსიკალურ შეკრებაზე გამართულ კონცერტზე მას „ჩინებულად შეუსრულებია ბეთჰოვენის თხზულებები“.

ბარბარე ამირეჯიბს 1893 წლის 17 აპრილს საარტისტო საზოგადოების დარბაზში გამართულ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა კონცერტში მიუღია მონაწილეობა. აი რას წერდა ამის შესახებ გაზეთი ,,ივერია“: „სცენაზე გამოვიდა ნაზი, ნარნარი, მორცხვი, სიწრფელით სავსე თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ქალი, მოკრძალებით დაჯდა როიალსთან და ოდნავ ხელი შეახო კლავიშებს. ყმაწვილი ქალი უკრავდა უკვდავის შოპენის კონცერტს f-moll, კონცერტს ფრიად რთულს და მეტად მშვენიერს. დაკვრა, რომელიც პირველში ნელი იყო, ნაზი, შემდეგ თან-და-თან გაძლიერდა, რიხი მოემატა; ხმა როიალისა ხან თითქმის ცას უწევდა, ხან ჩურჩულსა ჰგვანდა, ისე დაბლდებოდა და გულის სიღრმემდის აღწევდა. ყოველი ნოტი, ყოველი ჰანგი ისე მარტივად და გარკვევით ისმოდა, ისეთის გრძნობით და აზრით იყო სავსე, რომ მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა. ორკესტრი, რომელიც ფორტეპიანოს დამკვრელს ხელს უწყობდა, თითქო შორს სადღაც უკრავდა, ბანს აძლევდა და საერთო შთაბეჭდილებას აორკეცებდა.

ტფილისის სამუსიკო სკოლაში სამასზე მეტი ქალი სწავლობს, ამათში ქართველები ოცდა-ხუთზე მეტი არ არის და კნიაჟნა ამირეჯიბისა პირველი დამკვრელი აღმოჩნდა მთელ სკოლაში. ცხადია ამას შემდეგ რამდენად უსაფუძვლოა ზოგიერთების აზრი, ვითომ ქართული ყური ევროპულ მუსიკის შეთვისებას ვერ ახერხებსო.

ამბობდნენ კნიაჟნა ბარბარე ამირაჯიბისას კომპოზიტორობის ნიჭი აქვსო და ამისათვის მუსიკის სწავლას მოსკოვის კონსერვატორიაში განაგრძობსო.“ (,,ივერია“ 1893 წლის 23 აპრილი N83, გვ. 2) (ლიტ.  26)

 სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბ. ამირეჯიბმა, სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში (იმ დროისთვის - საიმპერატორო რუსული მუსიკალური საზოგადოების მოსკოვის განყოფილება). საარქივო წყაროებიდან ირკვევა, რომ ბარბარე ამირეჯიბი ირიცხებოდა პროფესორ ვასილი ილიას ძე საფონოვის (მოგვიანებით მოსკოვის კონსერვატორიის რექტორი 1889-1905 წწ. ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1906-1909 წწ.) კლასში ფორტეპიანოს განხრით. აგრეთვე, მისი პედაგოგები იყვნენ პროფესორები  ა. ს. არენსკი, მ.მ. იპოლიტოვ-ივანოვი, გ. ე. კონიუსი და სხვანი.(ლიტ.  1, 6)

ბ. ამირეჯიბი რუსეთში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა ხელოვნების ღირშესანიშნავ წარმომადგენლებს.  მასთან ერთად სწავლობდა ცნობილი ამერიკელი პიანისტისა და დირიჟორის ვან კლაიბერნის პედაგოგი როზალინა ლევინა.

ბარბარე ამირეჯიბმა 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვერცხლის მედალზე. ეს მედალი მას გადაეცა კონსერვატორიის სამხატვრო პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით (წესდების 75-ე პარაგრაფის საფუძველზე). იგი „თავისუფალი ხელოვანის“ დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში და მას შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, არ შეუწყვეტია პროფესიული საქმიანობა. საქართველოს მუსიკალური ცხოვრება მაშინ აღმავალი გზით მიდიოდა და ბარბარე ამირეჯიბიც მასში აქტიურად იყო ჩაბმული. როგორც პიანისტი-შემსრულებელი იგი მონაწილეობდა საქველმოქმედო კონცერტებში, დიდძალ დროს ანდომებდა მოზარდი თაობის მუსიკალურ აღზრდას, წერდა მუსიკას - მისი ნაწარმოებები სრულდებოდა სხვადასხვა საღამოებსა და კონცერტებზე. 

საქართველოში დაბრუნებულ ბ. ამირეჯიბს აღტაცებით შეხვდა ქართველი ინტელიგენცია. მასზე საუბრობდნენ პრესაშიც. ვინაიდან ის უმაღლესი განათლების მქონე ქალი-მუსიკოსი იყო, მისი თითქმის ყველა ნაბიჯი პრესის ყურადღებას იპყრობდა. ამის გამო ჩვენც  საშუალება მოგვეცა თვალი გაგვედევნებინა მისი შემოქმედებითი ცხოვრებისათვის. ბარბარე ამირეჯიბის შესახებ გაზეთ „ივერიის“ 1896 წლის 11 მაისს  „ახალი ამბავი“-ს რუბრიკით გამოქვეყნდა მოკლე ინფორმაცია: „როგორც გაზ. „ნოვ. ობ.“-ს („Новое Обозрение“) ატყობინებენ, მოსკოვის კონსერვატორიაში ვერცხლის მედალით სწავლა დაუმთავრებია კნ. ბარბარე ამირაჯიბისას, რომელიც წინად ტფილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.“ (ლიტ. 20)

გაზეთ „ცნობის ფურცელი“-ს 1897 წლის 11 იანვრის პუბლიკაცია გვამცნობს, რომ ცნობილ თბილისელ არტისტებთან („ბ. ბ.სარაჯიევი, მატკოვსკი, ვასილიევი, აგრეთვე ოპერის არტისტები: საშკოვა, მაქსიმოვა და გლაზუნოვი“) ერთად, ბარბარეს მონაწილეობა მიუღია საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც ჩატარებულა 1897 წ. 9 იანვარს „ტფილისის კლუბში ქალაქის მეორე იაფფასიან ბიბლიოთეკის სასარგებლოდ“. სტატიაში ვრცელი  ადგილი დაეთმო ბარბარეს მონაწილეობას ამ კონცერტში. მოვიტანთ მცირე ამონარიდს: „თავადის ასულმა ძალიან ლაზათიანად შეასრულა ლისტის ეტიუდი, ხოლო საზოგადოების თხოვნით შემდეგ კიდევ ორი პიესა დაუკრა. ახალგაზრდა არტისტ ქალს ეტყობოდა, რომ „პირველმა გამოსვლამ“ ძალიან ააღელვა, მაგრამ საუცხოვოდ გავარჯიშებულმა ტეხნიკამ და კნ. ამირეჯიბის დიდმა მუსიკალურმა გემოვნებამ თავისი გაიტანა: ახალგაზრდა პიანისტმა ქალმა საზოგადოებაზედ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც პიესების ამორჩევამ, ისე მათმა შესრულებამ დაგვარწმუნა, რომ კნ. ამირეჯიბისას სრული მუსიკალური სწავლა მიუღია და ხელოვნებისათვის მარტო დროს გასატარებლად არ მოუკიდნია ხელი. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ტფილისის მუსიკალურს წრეში კნ. ამირეჯიბისა პირველ რიგში დაიჭერს ალაგს.“ (ლიტ. 19)

იმ დროს იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ. ხშირად მათში მონაწილეობდნენ  ბ. ამირეჯიბი, კ. გურამიშვილი, კ. მესხი, ა. ბუში და ა. წერეთელი.  1897 წლის 20 თებერვალს „ტფილისის კლუბის დარბაზში“ მოეწყო კონცერტი, რომელსაც მრავალრიცხვოვანი მსმენელი დაესწრო. მონაწილეობდნენ „კნ. ბ. მ. ამირეჯიბი, კნ. კ. ფ. გურამაშვილისა, კნ. ს. დ. ხიმშიაშვილი, ბ. ნ. შანშიევისა, ვ. ლ. ველიჩკო, ი. გ. კარგარეთელი, ი. მ. შატკოვსკი, ი. თ. სარაჯიშვილი, თ. აკაკი წერეთელი“ და სხვ. კონცერტის მეორე განყოფილებაში ბ. ამირაჯიბმა დაუკრა ლისტის „რაფსოდია“, რამაც დიდად მოხიბლა საზოგადოება - „იმდენი გრძნობა, იმდენი ხელოვნება, იმდენი მუსიკალურად განვითარებული გემოვნება გამოიჩინა, რომ მთელი დარბაზი აღტაცებაში მოიყვანა. აშკარა იყო ყველასათვის, რომ ესტრადაზედ ჩვეულებრივი მუსიკის მოყვარული კი არ იდგა, არამედ ნიჭიერი მემუსიკე და იშვიათი არტისტი; თავადის ასული ამირეჯიბისა საზოგადოებამ მრავალი გზის ტაშის კვრით და ვაშას ძახილით დააჯილდოვა.“ (ლიტ. 7, 23, 24)

გაზეთ „ივერიის“  1899 წლის 5 დეკემბრის ნომრის რუბრიკა „ახალ ამბავში“ ვკითხულობთ: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ სასარგებლოდ კნ. ოლგა თადეოზის ასულის ჭავჭავაძის მიერ გამართულ იქნება  18 დეკემბერს ტფილისის „სობრანიის“ დარბაზში კონცერტი და შემდეგ ცეკვა.  ეს კონცერტი მით უფრო საყურადღებოა, რომ მონაწილეობას  იღებენ ისეთი ცნობილი მეკონცერტენი, როგორიც არიან კნ. კ. ფ. გურამიშვილისა, კნ. ვ. მ. ამირაჯიბი და ბ-ნნი მ. ვ. სერბულოვი, ნ. დ. კოვალენსკი, კ. ს. მესხი, კნ. ი. ა. ბარათაშვილი და ა. დ. ბუში.  ამ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას აგრეთვე ა. პ. მესხი, რომელსაც ტფილისის საზოგადოება ჯერ-ჯერობით არ იცნობს, მაგრამ მისი მილანის სცენაზე მოღვაწეობა და იქაურის საზოგადოების  პატივისცემა და თანაგრძნობა მის მიმართ სრული თავდებია, რომ ტფილისის საზოგადოებასაც ასიამოვნებს. კონცერტზე იმღერებენ  ბ-ნი ფალიაშვილის ახლად შემდგარი ხორო, რომელიც შეასრულებს რამდენიმე ქართულ საერო სიმღერას. ...“, ამავე გაზეთის 21 დეკემბრის საგაზეთო სტატია კი გვამცნობს: „პირველს განყოფილებაში მონაწილეობა მიიღო ზ. პ. ფალიაშვილის ქალთა და კაცთა ხორომ, კნ. ვ.მ. ამირაჯიბმა და ა. დ. ბუშმა, ნ. დ. კოვალსკიმ, მ. ვ. სერბულოვმა და კნიაჟნა ო. გ. ამირაჯიბმა. მეორე განყოფილებაში ა. დ. ბუშმა, კნ. კ. გურამიშვილმა და მ. ვ. სერბულოვმა, კ. ს. მესხმა, თავ. ი. ა. ბარათაშვილმა და დასრულდა ეს განყოფილებაც ისევ ბ-ნ ზ. პ. ფალიაშვილის  ხოროს გალობით. ყოველ მონაწილეს საზოგადოება, მრავლად დამსწრე კონცერტზედ, ტაშის კვრით მიეგება და რამდენჯერმე გამოიხმეს კიდეც და გაამეორებინეს სათქმელი საგალობელი. ...“ (ლიტ. 21, 22).  ამ კონცერტში ბარბარეს მონაწილეობას აღნიშნავს ი. ხაზარაძე თავის სტატიაში: „ამირაჯიბმა შეასრულა რუბინშტეინის სონატა ისეთის დაკვრითა და შესანიშნავი ტექნიკით, რომ კაცს ეგონებოდა, როიალს ცოცხალი ენა ამოუდგამსო. როიალის თითოეული ხმა, თითოეული ნოტი ღრმად წვდებოდა მსმენელის გულის სიმებს“. (ლიტ. 7)

აღსანიშნავია არტისტული საზოგადოების (ამჟამად რუსთაველის სახელობის) თეატრის დარბაზში 1901 წელს ჩატარებული გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქ. გურამიშვილი, ია კარგარეთელი, ა. კავსაძე, ე. ტერ-ყორღანოვა, ა. თულაშვილი, იოსებ და როზალია ლევინები, ვ. ვილშოუ და ბ. ამირეჯიბი. გუნდსა და ორკესტრს დირიჟორობდა სამუსიკო სასწავლებლის რექტორი ნ. კლენოვსკი. ამ კონცერტის მთელი შემოსავალი გადაეცა საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდს. (ლიტ. 8)

1905 წლის 1 და 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცელი“-ს პირველ გვერდებზე განთავსებული „რაუტი“-ს მასპინძლის, მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანის, განცხადებიდან ირკვევა, რომ 6 იანვარს ჩატარებულ საქველმოქმედო საღამოზე, რომელიც   თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის სასარგებლოდ გამართულა, მონაწილეობა მიუღია ბარბარე ამირეჯიბსაც. განცხადებაში აღნიშნულია: „თავაზიანობით მონაწილეობას მიიღებენ ბანოვანნი ვ.მ. ამირაჯიბი, ქ.-ბ. ვ.ტ.- ძე ნ. ა. პაპაიანი, ნ. პ. ჩხეიძე, ბატონი ვილშოუ, ა. ი. ყანჩელი, მ. ფ. ქორიძე, ნასიძე და სხვანი“ (ლიტ. 2). ბარბარე ამირეჯიბის ინიციალი შემთხვევით არ არის შეცვლილი. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვან საზოგადოებაში იგი ცნობილი იყო როგორც ვარვარა ამირაჯიბი, ხოლო ახლობლები მოფერებით  „ ვარიუშა“-ს უწოდებდნენ.

 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის (ელ. ვერს.) ცნობით 1902-1904 წლებში ბარბარე ამირეჯიბი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და  გორის განყოფილების დამხმარე, ხოლო ,,საქართველოს პროსოფოგრაფის“ საიტზე  ვკითხულობთ: „1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ... გორში – მაკრინე ქაიხოსროს ასული ამირაჯიბისა, ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა, ბარბარე ამირაჯიბი და ნიკოლოზ იოსების  ძე ლომოური (ლიტ. 11, 12)

შემთხვევითი არ იყო, რომ ბარბარე ამირეჯიბი ამ საზოგადოების გორის განყოფილებასთან თანამშრომლობდა. მისი ოჯახის საგვარეულო სოფელი ავლევი სწორედ გორის მაზრაში (ამჟამინდელ ქარელის რაიონში) მდებარეობდა. ბარბარეს ძმის, კოსტა ამირეჯიბის თაოსნობით ავლევში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა - მოეწყო სანიმუშო, ევროპული ყაიდის მეურნეობა, გაიმართა ელექტროსადგური, დაარსდა ქართულენოვანი სკოლა-ტექნიკუმი. კ. ამირეჯიბმა სკოლის მოსწავლეებისაგან შექმნა სასულე ორკესტრი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ამირეჯიბების ავლევის სახლს, ისევე როგორც თბილისისას, ხშირად სტუმრობდნენ ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. ამირეჯიბთა ოჯახის ,,ავლევურ პერიოდზე“ ვრცელი ინფორმაცია არსებობს. მათ ოჯახურ არქივში დაცულია ფოტო, რომელზეც აღბეჭდილნი არიან და-ძმა კონსტანტინე და ბარბარე ამირეჯიბები ავლევის სახლში, ერთობლივი მუზიცირების დროს.

 

ბარბარე ამირეჯიბი ცხოველ მონაწილეობას იღებდა ფილარმონიული საზოგადოების ცხოვრებაშიც. ეს საზოგადოება შეიქმნა ზაქარია ჩხიკვაძის თაოსნობით. საზოგადოების წესდება დამტკიცდა პეტერბურგში 1904 წელს, ხოლო 1905 წელს შედგა მისი დამფუძნებელი კრება. 1905 წლის 1 თებერვლის გაზეთი „ცნობის ფურცელი“-ს გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია: „23 იანვარს, თავ. ვ. ს. მიქელაძის თავმჯდომარეობით მოხდა გაგრძელება ქართული ფილარმონიული საზოგადოების კრებისა. ამ კრების გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ: კნ. ბარბარე ამირეჯიბისა, კნ. სოფიო დიასამიძისა, ბ-ნნი: ზაქარია ფალიაშვილი, ანდრია ყარაშვილი, ალექსანდრე ყანჩელი, იოსებ სულხანიშვილი და ფილიმონ ქორიძე. სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ ბ-ნნი ნ. ავალიშვილი, ივ. მაჭავარიანი და გრ. გაბაშვილი“. (ლიტ. 25) საზოგადოების წევრები იყვნენ, აგრეთვე ,ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და სხვ. საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს იოსებ სულხანიშვილი. ქართული ფილარმონიული საზოგადოების მიზანი იყო ეროვნული  მუსიკის შეკრება-გავრცელება,ქართული ჰანგების ვოკალური და საკრავიერი დამუშავება; ქართული პროფესიული კადრების აღზრდა, მუსიკალური კოლექტივების გასტროლების ჩატარება; ქართული მუსიკის შესწავლა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა, ქართულ ენაზე თარგმნა რუსული და დასავლეთევროპული საუკეთესო ოპერებისა იმისათვის, რომ მომზადებულიყო ნიადაგი ქართული ეროვნული ოპერების შექმნისათვის. (შემდგომში საზოგადოებასთან ჩამოყალიბდა სამუსიკო სკოლა, ქალთა და ვაჟთა გუნდი (კაპელა),სასულიერო გუნდი. საზოგადოება მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, ოპერასა და დრამატულ თეატრებთან, თბილისის ქართულ გიმნაზიასთან, დგამდა ქართულ ოპერებს.(ლიტ. 8, 18)

ფილარმონიული საზოგადოების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 1905 წელსვე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბ. ამირეჯიბი, ს. დიასამიძე (ფ-ნო), ა. ჯამბაკურ-ორბელიანი (ვიოლინო), ალ. რჩეულიშვილი (ვოკალი) და სხვანი. გუნდს დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილი. (ლიტ. 8)

ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ბ. ამირეჯიბი მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელიც გაუმართეს თბილისში ჩამოსულ კომპოზიტორ ჩაიკოვსკის. 

ი. რჩეუიშვილის სტატია „მუსიკის მოამაგე“ (ლიტ. 6)  გადმოგცემს მუსიკოსი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს - „ბარბარეს ჰქონდა უაღრესად ფაქიზი მუსიკალური გემოვნება და შესრულების მაღალი ტექნიკა, რაც სავსებით გამოავლინა ფილარმონიულ საზოგადოებაში ხანგრძლივი მუშაობის დროს“. იმავე სტატიაში რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ „ძირითადი მოვალეობის შემდეგ ბარბალე ამირაჯიბი უსასყიდლოდ გამოდიოდა მუშათა საკვირაო საღამოებზე.“ და აქვე საუბრობს იმაზე, თუ როგორი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად უდგებოდა იგი პედაგოგიურ პროცესს: „ოცი-ოცდაათიანი წლების მუსიკალური სასწავლებელი სასწავლო-სავარჯიშო მასალის ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ მას თვით პედაგოგი ქმნიდა. ბარბალე წერდა საფორტეპიანო პიესებს და შინ სავარჯიშოთ ატანდა მოწაფეებს“.

ბარბარე ამირეჯიბის პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ საუბრობს მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე თავის ნაშრომში „100“ (თბილისის პირველი სამუსიკო სკოლა და დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი) – „ბარბარე ამირეჯიბის პედაგოგიური გზის დასაწყისი დაკავშირებულია „წმ. ნინოს“ გიმნაზიასთან და РМО-ს ტფილისის განყოფილების სამუსიკო სასწავლებელთან. 1908 წ. ზ. ფალიაშვილმა ის მიიწვია  ქართული ფილარმონიული საზოგადოების ახლად დაარსებულ სამუსიკო სკოლაში და ბ. ამირეჯიბი ერთ-ერთი პირველია სკოლის საფორტეპიანო კლასის პედაგოგებს შორის. შემდეგ მას ვხედავთ თბილისის I სახ. კონსერვატორიის პედაგოგთა შორის, მოგვიანებით - რეორგანიზებულ კონსერვატორიასა და „ვერის ტექნიკუმში“. ერთ დროს ბ. ამირეჯიბს კონცერტმაისტრად უმუშავია მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო კლასში მ. იპოლიტოვ-ივანოვთან და ბ. ზარუდნაიასთან. პედაგოგიური მოღვაწეობის ყველაზე ხანგრძლივი დრო ბ. ამირეჯიბმა გაატარა I სამუსიკო ტექნიკუმში, სადაც მრავალ ახალგაზრდას მისცა მუსიკალური განათლება. მისი კლასის მოსწავლეებს შორის აღსანიშნავია კომპოზიტორი პეტრე ნალბანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თბილისის სახ. კონსერვატორიის მხატვრული აკომპანემენტის კათედრის გამგე  ელენე ძიძაძე, დ. არაყიშვილის სახ. I სამუსიკო სასწავლებლის  პედაგოგი მარგარიტა თვალაძე, რესპუბლიკის დამსახ. არტისტი ი. ალექსიძე, ნ. დოლაბერიძე, ვ. სურგულაძე, ნ. მოდებაძე, მ. ბერიძე, ა. მესხი, ე. მაყაშვილი, თ. კვაიჭაძე, ნ. კამალოვა, ქ. ნემსიწვერიძე, ბ. დანდუროვა, ე. ამირეჯიბი, ე. ფოტინოვა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ცეცილია კალანდაძე…“ (ლიტ. 8). 

ამირეჯიბის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე წერს ალ. რჩეულიშვილი თავის სტატიაში - „მუსიკის მოღვაწე ქალები“: „...1908 წლიდან საქართველოს ფილარმონიულ საზოგადოებასთან დაარსდა მუსიკალური სკოლა. მის ხელმძღვანელად დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილი, პედაგოგებად მოწვეულ იქნენ ზაქარიას ძმა პოლიკარპე ფალიაშვილი, ბარბარე ამირაჯიბი, კომპოზიტორი ანდრია ყარაშვილი და გიორგი ივანეს ძე ნატრაძე. თეორიულ დისციპლინებს და საგუნდო კლასებს ხელმძღვანელობდნენ ზაქარია და პოლიკარპე ფალიაშვილები, აგრეთვე გიორგი ნატრაძე. ფორტეპიანოს კლასის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბარბარე ამირეჯიბს, ვიოლინოს კლასისა - ანდრია ყარაშვილს. გავიდა დრო და საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეს სკოლა გადაკეთდა პირველ მუსიკალურ ტექნიკუმად. 30 წელზე მეტ ხანს ბარბარე ამირეჯიბი ხელმძღვანელობდა სპეციალურ საფორტეპიანო კლასს ჯერ კიდევ საქართველოს ფილარმონიის მუსიკალურ სკოლაში, ხოლო შემდეგ პირველ მუსიკალურ ტექნიკუმში. აღზარდა მუსიკოსთა მრავალი თაობა, მათ შორის ა. ნალბანდიშვილი, ი. მასტიცკაია, გ. რჩეულიშვილი, ნ. სილაღაძე და სხვ.“ (ლიტ. 5)

ბარბარე ამირეჯიბის, როგორც ქართველი ქალი - კომპოზიტორის, შესახებ ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით ჩნდება პრესის ფურცლებზე.

1920 წ. 21 მარტის „თეატრი და ცხოვრება“ აქვეყნებს პარნასელის (ისაკ - ალექსანდრე ჩოჩიას) გამოხმაურებას  ქალთა მეორე გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტზე. მას  სრულად წარმოგიდგენთ: „კონსერვატორიის სიმღერის მასწავლებელის ქქ-ნ მიხალსკაიას და ყალამქაროვის თაოსნობით გაიმართა კომპოზიტორი ქალის ბარბარე მიხეილის ასულის ამირეჯიბის მუსიკის დილა, რომლის შემოსავალი გორში დაზარალებულთა ფონდს გადაეცა: კონცერტი საყურადღებო იყო, როგორც ზემოხსენებული მიზანით, აგრეთვე კიდევ უფრო საყურადღებო და სასიხარულო ჩვენთვის, დილაზე დამსწრე ქართველებისათვის, როგორც გამოფენა ასეთი უდიდესი, ჩვენთვის დაფარული ნიჭის  და მით უმეტეს ქართველი ქალის. მცოდნე და სანდო პირთა შეფასებით - „ამირეჯიბის ქალის მუსიკა არაფრით ჩამოუვარდება  საქართველოს ცნობილ კომპოზიტორთა მუსიკასო“. შეასრულეს მისი მუსიკალური ნაწარმოებნი: მერკეთის დღე, მოჭიკჭიკე ჩიტები, Favot fis mol, მთვარიანი ღამე, იავნანა, Refite valse, რა კარგია შენი ყვავილები, ელეგია, ოხ, არა, სილამაზისთვის ნუ გიყვარვარ, ყანავ და სხვა. აუარებელი რომანსით მოაჯადოვა საღამოზე ყველა მყოფნი. კონცერტში მონაწილეობდნენ ქ-ნი მიხალსკაიას და ყალამქაროვის მოწაფენი, რომელთაც სერიოზული მომზადება ეტყობოდათ. როცა საზოგადოების უსაზღვრო გატაცებამ კომპოზიტორი ამირეჯიბის ასული მთლად გრძნობათ გადაიქცა, ქ-ნ მიხალსკაიას სთხოვა ემღერა მის მიერ ნაძღვენი რომანსი „ჩაზამთრება“. გამოუთქმელია ის აღფრთოვანება და განცდა, რომელიც გამოიწვია ქ-ნ მიხალსკაიას არაჩვეულებრიმა მუსიკამ და მომხიბლავმა გადაცემამ. დასასრულ ავტორმა როიალზე შეასრულა ქართულ კილოზე დაწერილი მუსიკა „Favot fis mol“. ბევრი თაიგული, გვირგინი და მხურალე ტაში მიუძღვნეს ამირეჯიბის ნიჭს. ქართველი ქალის ნიჭის სრული დღესასწაული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველები თითზე ჩამოსათვლელი დაესწრნენ. სად იყო დღემდის ქ-ნი ამირეჯიბი? ან სად იყვნენ მის სიახლოვეს მყოფნი ქართველი მეგობარნი - ნათესავები, რომ ვიდრე სხვა ერის შვილებმა არ გამოაქვეყნეს ეს ერის დაფარული სიამაყე, თვით ქართველებმა არ ითავეს ეს წმინდა საქმე?

ჩემის მხრივ უდიდეს მადლობას ვსწირავ ქ-ნ მიხალსკაიას, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ კეთილ მიზანს და მოგვცა საშუალება მოგვესმინა კომპოზიტორ ქალის ამირეჯიბის მუსიკა.

იმედია, ამ გარემოებას ღირსეულ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენი მუსიკის ჭირისუფალნი და ამირეჯიბის მადლიან ნიჭს მთელი საქართველოს წინაშე გამოაქვეყნებენ.“ (ლიტ. 3)

აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორის საავტორო კონცერტიც საქველმოქმედო ყოფილა.

ბარბარე ამირეჯიბის შემოქმედებაზე საუბრობს თავს სტატიაში ი. ხაზარაძეც: „მის კალამს ეკუთვნის  რამდენიმე საფორტეპიანო  და ვოკალური ნაწარმოებები. მათ შორის აღსანიშნავია: „გავოტი“, „ივუშკა“ (პლეშჩეევის სიტყვებზე), ვ. ორბელიანის ტექსტზე დიდად პოპულარული სიმღერა „გალიაში“, რომელიც თითქმის ხალხურ სიმღერად იქცა, მისი ნაწარმოებები მსმენელს ხიბლავს იშვიათი მელოდიურობით. ეხება რა მუსიკათმცოდნე პ. ბებუთოვი ამირაჯიბის კომპოზიტორულ მოღვწეობას, გაზეთ „ტრიბუნაში“ წერს: „ამირაჯიბის  ნაწარმოებთა მთავარი ლეიტმოტივი ლირიზმია. ეს ლოცვაა, რომელსაც მსმენელი მიჰყავს ხმათა სამეფოში, კარგია ნოქტიურნი, კარგია ქართული სიმღერებიც, მუსიკალური სურათიც „მთვარიანი ღამე“, „შემოდგომის სიმღერა“. მუსიკალური სურათებში ბავშთა ცხოვრების დახატვა ამირაჯიბს ჩინებულად შესძლებია“. (ლიტ. 7)

ბარბარე ამირეჯიბზე, როგორც პედაგოგსა და პიროვნებაზე ვიგებთ მისი ახლობლების, მოსწავლეების და კოლეგების მოგონებებიდან.

მისი მოსწავლე და ოჯახის ახლობელი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ცეცილია კალანდაძე დიდი სითბოთი საუბრობს მასზე: „ვარიუშა, საოცრად გულისხმიერი, რბილი და კეთილი ადამიანი იყო. უსწავლელი გაკვეთილის გამოც კი არ შეეძლო გაჯავრება. საზოგადოდ, ვერც კი წარმომიდგენია ის გულმოსული ან გაბრაზებული. როგორც მუსიკოსი ხომ შესანიშნავი იყო. არასდროს არ გვახვევდა თავს ისეთი ნაწარმოების შესწავლას, რომელიც არ მოგვწონდა და გულს არ წვდებოდა. მახსოვს, ერთხელ შემეკითხა - „გინდა შუმანის „აღტკინება“ ვისწავლოთ?“ და როდესაც თანხმობა მიიღო, მიუჯდა როიალს და ისეთი გატაცებით, არტისტიზმით შეასრულა, რომ მე ერთბაშად ავინთე ნაწარმოების შესწავლის სურვილით. ის გვინვითარებდა ნაწარმოების განცდის უნარს, ასრულებდა დახვეწილად, წვდებოდა მუსიკალური ქმნილების  სულს, შესანიშნავი იყო მისი გადასვლები ბობოქარი ნაწილიდან მღერად p-ზე და pp-ზე. ბ. ამირეჯიბი იყო არა მარტო პედაგოგი, არამედ ბრწყინვალე შემსრულებელიც. მან კარგად იცოდა ყოველი თავისი მოწაფის გემოვნება, ინტერესები და ამის შესაბამისად გვირჩევდა რეპერტუარს.

რა საოცრად ღელავდა ჩვენს გამოცდებზე! სახე წითელი ლაქებით ეფინებოდა. მახსოვს საგამოცდო კომისიის წევრთა შორის იჯდა შავ ბლუზაში თეთრი საყელოთი, რომელსაც შუაში ძვირფასი სამკაული ამშვენებდა. ის თითქოს თვითონ ჰგავდა „კამეიას“, თმის ვარცხნილობაც ასეთივე სადა და ლამაზი ჰქონდა. ბ. ამირეჯიბი მოწაფეებს ძალიან გვიყვარდა. ხშირად გვრცხვენოდა, როდესაც გაკვეთილზე მოუმზადებელი მასალა მიგვქონდა. მახსოვს, იტყოდა ხოლმე - „ოი, ოი, ოი, როგორ არ გრცხვენია, შენ რა, სახლში უქმად იჯექი?“ ასე გვისაყვედურებდა ხოლმე და ეს გაჯავრებაზე მეტად მოქმედებდა. კეთილი, უაღრესად თავმდაბალი, დიდთან და პატარასთან ურთიერთობაში სათნო. აი ასეთი იყო ბარბარე ამირეჯიბი. I სამუსიკო ტექნიკუმის პედაგოგებიდან ის მეგობრობდა, რამდენადაც მახსოვს პოლტორაცკაიასთან, ქიქოძესთან, აბელიშვილთან და სხვებთან“. (ლიტ. 8)

პედაგოგი ელენე აბელიშვილი, რომელიც 1915 წლიდან ბ. ამირაჯიბის სიცოცხლის ბოლომდე კომპოზიტორთან ერთად მუშაობდა, იხსენებს: ბარბალე არაჩვეულებრივად ლამაზად უკრავდა და ბევრ ორიგინალურ ნაწარმოებს წერდა. სამი მათგანი მე შემომრჩა შემთხვევით. ერთხელ ბარბალემ ნოტები მთხოვა. მათი უკან დაბრუნების შემდეგ, ნათხოვარი ნოტების გარდა, აღმოჩნდა ორი პრელუდია და ძმის შვილიშვილისადმი მიძღვნილი პიესა. მათ ყოველთვის ვიყენებდი სასწავლო პროცესში.“ (ლიტ. 6)

„კომპოზიტორმა პეტრე ნალბანდიშვილმა გულთბილი სიტყვებით მოიხსენია თავისი პედაგოგი: - ქართული მუსიკალური განათლების თავგამოდებული მოამაგე, იშვიათი ადამიანი და მაღალი გემოვნების მუსიკოსი იყოო. შემდეგ ფორტეპიანოსთან მივიდა, ბარბალეს ნაწარმოები „სალამური“ ახლაც ზეპირად მახსოვსო, - თქვა და ქართული სალამური ახმიანდა...“ (ლიტ. 6)

ბარბარე ამირეჯიბის შესახებ ერთობ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის ინტერნეტსივრცეში 2017 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი  - „საქართველოს საფორტეპიანო ხელოვნების ისტორიიდან“ (ლიტ. 14), რომლის ავტორი გახლავთ მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პედაგოგი, ქალბატონი თამარ  კეზევაძე. სტატია კომპოზიტორის შემოქმედების მნიშვნელობას ეძღვნება (რუსული ენიდან თარგმნილია ჩვენს მიერ).

 „საქართველოს საფორტეპიანო ხელოვნების ისტორიაში ფასდაუდებელია პირველი ქალი კომპოზიტორის - ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბის ღვაწლი.  მის სახელს უკავშირდება ქართული საბავშვო პროფესიული მუსიკის დაბადება. ის ასევე იყო შესანიშნავი პიანისტი და მასწავლებელ-აღმზრდელი. სამწუხაროდ, ამ კომპოზიტორის, მასწავლებლისა და პიანისტის ცხოვრება და მოღვაწეობა, დაუმსახურებლად მივიწყებულია... მუსიკალურ ლიტერატურაში არ არსებობს ამ კომპოზიტორის საფორტეპიანო ნაწარმოებების სისტემატიზაცია, მისი ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ ინფორმაციაც კი არ არის.

ჩვენს სტატიაში შევეცადეთ გარკვეული ნათელი მოგვეფინა ამ დაუმსახურებლად მივიწყებული პიროვნების შემოქმედებისა და ღვაწლისათვის.

ამირეჯიბის შემოქმედებითი მოღვაწეობა მჭიდრო კავშირშია რუსულ მუსიკალურ კულტურასთან. მან ვერცხლის მედლით დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ფორტეპიანოს კლასი ვ.ი. საფონოვისა და კომპოზიციის კლასი მ.მ.იპოლიტოვ-ივანოვისა). თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რომ ამირეჯიბის დაკვრა გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკითა და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით. ცნობილია, რომ იგი, როგორც პიანისტი, მონაწილეობას იღებდა ფილარმონიულ საზოგადოების მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოებში, ხშირად გამოდიოდა ი. და რ. ლევინებთან ერთად, აქტიურად იყო ჩაბმული საშემსრულებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ბ. ამირეჯიბი იყო წევრი პ.ი. ჩაიკოვსკის და ს.ვ. რახმანინოვის სამეგობრო წრისა საქართველოში. ცნობილია, რომ 1913 წელს, როდესაც რახმანინოვმა გამართა გასტროლები საქართველოში, ეწვია ლიზა ორბელიანის სალონს, რომელშიც იკრიბებოდა გამოჩენილი ქართველი ინტელიგენცია. აქ შეხვდა იგი ბ. ამირეჯიბს.

ნაყოფიერია პიანისტ-კომპოზიტორის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მან ბევრი მუსიკოსი აღზარდა. ბ.ამირეჯიბი მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა მუსიკალურ ტექნიკუმად, შემდეგ „მეორე კონსერვატორიად“და აღზარდა მრავალი მუსიკოსი. როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა, ამირეჯიბი ხშირად ქმნიდა ნაწარმოებებს თავის მოსწავლეებისთვის, ატანდა შინ იმისათვის, რომ მათ დაეხვეწათ საშემსრულებლო ტექნიკა. როგორც ა.რჩეულიშვილი აღნიშნავს თავის სტატიაში „მუსიკის მოღვაწე ქალები“, აღნიშნულ ნაწარმოებთაგან ზოგიერთი დაიკარგა. ამ გარემოებას ადასტურებს ავტორის (თ.კ.) მიერ ბ.ამირაჯიბის ოჯახის არქივში ნაპოვნი კომპოზიტორის პიესების ხელნაწერები: „პატარა მენუეტი“, „პატარა ვალსი“, „პრელუდია“, „იავნანა“, „პასტორალი“ (ხელნაწერები საოჯახო არქივიდან).

ბ. ამირეჯიბის შემორჩენილ ნაწარმოებთა შორის არის საბავშვო რეპერტუარისთვის შექმნილი „პატარა გავოტი“ (დაბეჭდილი 1936 წ.). აგრეთვე პოპულარობით სარგებლობდა მისი საფორტეპიანო ნაწარმოები „ორი გავოტი“ fis-moll  (დაბეჭდილი 1927 წ.).  და cis-moll (დაბეჭდილი 1929 წ.). დიდი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა მისი საფორტეპიანო ციკლი „ბავშთა ოთახში“ (მძინარე ბავშვის ზმანებანი), გამოცემული 1929 წ. ციკლი შესდგება სამი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი - „ნანა“ (დასაძინებელი) და ბოლო „ისევ ნანა“ კრავს ერთგვარ წრეს და გვიხატავს სურათს პატარა ბავშვის ყოფისა. ციკლის შუა ნაწილი - „მძინარე ბავშვის ზმანებანი“ აცოცხლებს ბავშვის შთაბეჭდილებებს: თითქოს სათამაშოები ცოცხლდებიან - „დათვი“, „კალის ჯარისკაცუნები“, „მეარღნე თოჯინა“ („შარმანკა“), „ძველი თოჯინა“, „ვანკა-ვსტანკა“, „ჯამბაზი“  და თოჯინების ცეკვა „მენუეტი“. ნაწარმოებს ერთვის  ავტორის მინაწერები: „სათამაშოები იღვიძებენ“. „რეკავს ზარი“, „სათამაშოები იძინებენ“.

ციკლის სახელწოდება, გამომსახველობა, სტრუქტურა, ავტორის (კომპოზიტორის) მინაწერები - მოგვაგონებს მუსორგსკის, შუმანის და ჩაიკოვსკის ნაცნობ ქმნილებებს, დაწერილს ბავშვებისთვის. ამასთანავე, იგრძნობა სალონური მუსიკის გავლენაც, რომელიც იმდროინდელ ქართულ მუსიკაში დომინირებდა. ავტორი აღნიშნულ ციკლში არ მიმართავს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ცნობილი ელემენტების გამოყენებას. ბ.ამირეჯიბი წერს პოეტური, ლირიკული ენით. მისი ნაწარმოებები დატვირთულია ემოციურად. ნაწარმოები ტექნიკურად საკმაოდ რთულია ბავშვებისთვის. შესაბამისად, ციკლი, თავისი მახასიათებლებით, ზრდასრული პიანისტების რეპერტუარს ესადაგება. ციკლს შეიძლება ვუწოდოთ „მოგონებები ბავშვობაზე“, ან „უფროსების მუსიკა ბავშვების შესახებ“. ამასთან ერთად, კომპოზიტორი ახერხებს მრავალფეროვანი, განსხვავებული სახეების წარმოდგენას. მთელი ციკლისთვის დამახასიათებელია ბგერის ფერადოვნებისკენ სწრაფვა.

ბ. ამირეჯიბის შემოქმედების დიდ ნაწილს შეადგენ სბავშვებისათვის დაწერილი მუსიკა.  გლინკას სახელობის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო ცენრტალური მუზეუმში, მ. იპოლიტოვ-ივანოვის ფონდში ჩვენ აღმოვაჩინეთ მისი უცნობი ნაწარმოებების ხელნაწერები -  „აღმოსავლური ელეგია“, „სალამური“ და „ქართული მელოდია“, მიძღვნილი კ. იგუმნოვისადმი. აღნიშნულ ნაწარმოებებში ჩვენ უკვე ვხედავთ თუ  როგორ მიმართავს კომპოზიტორი ქართულ ფოლკლორს. აქ იგრძნობა ქალაქური ფოლკლორის, „ძველი თბილისის“ მელოდიების გავლენა. ამ კომპოზიტორმა-ქალმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საფორტეპიანო ხელოვნების განვითარებაში, ამიტომ იმ „ფარდის გახსნა“, რომლის მიღმაც არის დარჩენილი ბ. ამირაჯიბის - კომპოზიტორის, პედაგოგისა და პიანისტის- მოღვაწეობა და შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. საკითხის გადაჭრა აუცილებელია როგორც საშემსრულებლო, ასევე მუსიკალურ-თეორიული და საგანმანათლებლო თვალსაზრისით.“

სტატიის ავტორის, ქალბატონ თამარ კეზევაძის მიმართ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას არა მარტო მისი  ნაშრომის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მან მოგვაწოდა უნიკალური სანოტო მასალა და მოგვცა საშუალება გავცნობოდით ბარბარე ამირეჯიბის აქამდე ჩვენთვის დაკარგულ ნაწარმოებებს - „სალამური“, აღმოსავლური ელეგია“ და „ქართული მელოდია“.

დღეს უკვე შესაძლებელია უშუალოდ გავეცნოთ ბარბარე ამირეჯიბის შემოქმედებას. ჩვენს მიერ თავდაპირველად  აღმოჩენილ საფორტეპიანო პიესას - „პატარა გავოტს“, რომლის სანოტო ფურცლები თითქმის 80 წელზე მეტ ხანს გველოდა, თანდათანობით შეემატა მისი ავტორის სხვა ქმნილებებიც: სიმღერა „გალია“ ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის; აგრეთვე, საფორტეპიანო ნაწარმოებები: „სალამური“, „აღმოსავლური ელეგია“, „ქართული მელოდია“, თხზულებიდან  „ორი გავოტი“ - fis moll და cis moll, „ძველებური ვალსი“, „შემოდგომის სიმღერა“. შეიქმნა ამ ნაწარმოებების სანოტო ციფრული ვერსია, ასევე ელექტრონული ჟღერადობის აუდიო (MP3) ჩანაწერები. ისინი განთავსებულია ინტერნეტ საიტზე (georgianwomencomposers.ge)

ბარბარე ამირეჯიბის შემოქმედების გაცნობის და შესწავლის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას ნატიფი და უაღრესად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. მის შინაგან სამყაროზე და მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს ამირეჯიბის საკომპოზიტორო მოღვაწეობა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოებთა პირველივე ბგერები, ფაქტურული მონაცვლეობა, მელოდიკა, ინტონაციური სვლები, მელიზმატიკა, გამოყენებული საშემსრულებლო ტექნიკის ხერხები ქმნის განსაკუთრებულ, ,,ბარბარესეულ“ საკომპოზიტორო ხელწერას.

მოძიებული მასალის საფუძველზე შევიმუშავეთ ბ. ამირეჯიბის ნაწარმოებთა ნუსხა (37 ნიმუში), რომელშიც აგრეთვე წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია მათ შესახებ. შესაძლებელია, მომავალში მონაცემთა რაოდენობა გაიზარდოს. დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებულ ნაწარმოებებიდან 12 ხელნაწერის და 9 ბეჭდური (მათ შორის 9 ციფრული) ვერსიის სახით არსებობს. მასალა ინახება საოჯახო არქივში, საჯარო ბიბლიოთეკაში და ინტერნეტ საიტზე - georgianwomencomposers.ge.

პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის ცხოვრება 66 წლის ასაკში, 1939 წლის 3 აპრილს  დასრულდა. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ვიმედოვნებთ, რომ ბარბარე ამირეჯიბის სახელი და შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ხოლო მაღალი ესთეტიკით განმსჭვალული მისი ქმნილებები კიდევ ბევრ მსმენელს შეუქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რაოდენ მაღალი ღირებულების მქონე შემოქმედებას ეტრფოდა საუკუნისწინანდელი ქართული საზოგადოება.

ბარბარე ამირეჯიბს 2023 წელს  დაბადებიდან საიუბილეო თარიღი - 150 წელი უსრულდება.

 

 

ლელა მაქარაშვილი

2022.08.12.