ანუშკა (ანა) ჩხეიძე
საერთაშორისო აღიარება, ინსტალაციები, ფესტივალები, ჯილდოები, ალბომები, გამოსვლები საგუნდო კოლექტივებთან თუ სიმფონიურ ორკესტრთან, მუშაობა თეატრში თუ კინოში... ეს ახლა... მანამდე კი იყო სწავლის, ძიების, საკუთარი თავის შემეცნების, დაუღალავი შრომის წლები; ბავშვობიდან წამოსული სურვილი ეპოვა ახალი ხმები, შთაგონების ახალი წყაროები, აეთვისებინა ახალი ტექნოლოგიები... დაემკვიდრებინა თავი ახალ, რთულ, სიახლეებით გადატვირთულ მუსიკალურ სამყაროში.
„ტექნიკამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ შექმნა შესაძლებლობებით სავსე სამყარო. სამყარო, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ყველას თანაბრად შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი, მუსიკაში, თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ტექნოლოგიამ შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია, მისცა ბიძგი ქალი კომპოზიტორების სიმრავლეს და წარმოჩენას. ქალების, რომლებიც სინამდვილეში, ყოველთვის ქმნიდნენ მუსიკას და არ ჩანდნენ”. („ანუშკა ჩხეიძე - მუსიკა და ტექნიკა“ ჟურნალი Hammock, 2023.12.01.)
დღეს ანუშკა ჩხეიძე საქართველოს საზღვრებს მიღმა ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტია.
ყველაფერი კი ბავშვობიდან მოდის. როგორც თავად კომპოზიტორი იხსენებს:„ხუთი წლიდან ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს შესწავლა დავიწყე. ჩემთვის მელოდიებს ვაწყობდი. 14 წლისამ ხარაგაულში ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი შევქმენი. მაშინ მუსიკა პირველად დავჭერი და გადავაბი. მერე მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონდა. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ვგრძნობდი, ჩემი პროფესია ვერ ვიპოვე და სხვა რამ მსურდა. თბილისში აღმოვაჩინე კრეატიული განათლების სტუდია, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფუძემდებლებმა ნიკა მაჩაიძემ და ნატალია ბერიძემ ჩამოაყალიბეს. ამ სტუდიაში სწავლისას მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკა უნდა შემექმნა.“ (გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ 2019.04.22.)
„ხმების დაფიქსირება, ბგერების შეგროვება და მისი ჰარმონიულ მუსიკალურ ფორმებად ტრანსფორმირება, ყველა მუსიკოსის მთავარი გამოწვევაა. ანუშკასათვის პირველი ასეთი გამოცდილება, ტაძარში გუნდთან ერთად გალობა იყო. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ის შთაბეჭდილებები მეხსიერებაში უნიკალურ გამოცდილებად არის დალექილი. “პლატფორმა „ცა“, (ავტორი სოფი წერეთელი 2019.10.19.)
სტუდიაში სწავლისას დაიწყო მისი თანამშრომლობა თეატრთან. ეს იყო ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“. სწორედ ეს მუსიკა მოასმენინა ნიკა მაჩაიძეს და მან ურჩია გაეგრძელებინა ელექტრონული მუსიკის სფეროში მუშაობა. ეს დიდი მხარდაჭერა იყო დამწყები მუსიკოსისთვის. (აქვე ვიტყვი, რომ ანუშკამ ამ თეატრის კიდევ რამდენიმე სპექტაკლზე იმუშავა.) ამავე წელს კიდევ ერთ სპექტაკლზე იმუშავა. ეს იყო დავით ხორბალაძის ექსპერიმენტული დადგმა „გატეხილი ყბა“. ის 2018-2019 წლების მოვლენების ერთგვარი ასახვა იყო. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანუშკა ჩხეიძე, რომელიც მსახიობებთან ერთად იყო სცენაზე და ცოცხლად ასრულებდა მუსიკას, ამბობს: „არის ძალიან მძიმე ტექსტები. მსახიობები მთლიანად იცლებიან ემოციებისგან. მუსიკაც უშუალოდ მაგას მიყვება. ვუკრავ ლაივში, რომ კონკრეტული მსახიობის ქცევა იყოს მუსიკით აღქმადი.“ ტელეკომპანია „იმედი“, „იმედის დილა“ - დათო ხორბალაძის ექსპერიმენტული დადგმა „გახეთქილი ყბა“.
აუდიტორიასთან, მსახიობებთან, კოლეგებთან ცოცხალი ურთიერთობა მომავალშიც მისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა გახდა. თუმცა კიდევ ბევრი სწავლა დასჭირდა ტექნიკისა და ტექნოლოგიის ასათვისებლად. ოჯახი მუდამ მხარში ედგა, მშობლები პირველ ფესტივალზეც კი გაყვნენ. თუმცა, როგორც თავად ანუშკა ამბობს, ბევრი ეჭვობდა, რომ გოგოსთვის ეს პროცესი რთული იქნებოდა. მართლაც, ყველაფერი რთული, მაგრამ დაძლევადი აღმოჩნდა.
ნატალი ბერიძის ხელმძღვანელობით 2019 წელს გამოშვებულ კრებულში „მძინარე პოეტი მეცნიერები“ (Sleepers Poets Scientists) ანუშკას ტრეკებიც შევიდა.
ანუშკასათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, 2020 წელს, სადებიუტო ალბომის Halfie-ს გამოშვება Ces Records-ში, რომელმაც წინანდლის პრემია მიიღო. ეს ალბომი Impala-ს (ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია)-20 საუკეთესოთა შორის დასახელდა. გამოხმაურებამ არ დააყოვნა „ლეიბლებისა“ თუ ვინილის მაღაზიებიდან. ამას დაუმატეთ, მათი მხრიდან მისი მუსიკის პროფესიული ანალიზი და შეფასება. სწორედ ამან გადააწყვეტინა სწავლა ნიდერლანდებში გაეგრძელებინა. უტრეხტის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიარა მუსიკისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და კომპოზიციისა და კრეატიული სისტემის დიზაინის (Master of Music pathway Music Design) ჯერ საბაკალავრო, ხოლო შემდეგ სამაგისტრო კურსი. ხელმძღვანელი მარსიალ ვიერქსი (Marciel / Marcel Wierckx).
2021 წელს ანუშკა ჩხეიძემ გამოუშვა ახალი ალბომი MOVE 20-21. ის შეიქმნა პანდემიის დროს და მიეძღვნა მოძრაობისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შეუძლებლობას.
„ალბომებზე მუშაობამ გამიღრმავა სწრაფვა, რომ სულ ახალი იდეები ვეძებო, რაც საბოლოოდ ყოველთვის ჩემი შთაგონების წყარო ხდება - ამბობს ანუშკა ჩხეიძე - ჩემი მუსიკის საყრდენი თავიდან ბოლომდე ემოცია და გულწრფელობაა. არასდროს ვგეგმავ წინასწარ, თუ რომელ ჟანრში დავუკრავ. თუ რაიმე პროექტზე ვმუშაობ, გარკვეული მოცემულობა ყოველთვის არსებობს, თუმცა ჩემი მუსიკა ყოველთვის მაინც თვითგამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობაა... ბედნიერი ვარ მუსიკის შექმნით. ყველაზე დიდი ენერგია ამას მოაქვს და ვცდილობ რომ სულ აღტაცებული ვიყო იმით, რასაც ვაკეთებ“(„ანუშკა ჩხეიძე - მუსიკა და ტექნიკა“ ჟურნალი Hammock, 2023.12.01.)
2021 წელს გამოვიდა კომპოზიტორის ელექტრონულ/ემბიენტური მუსიკალური ალბომი“თეატრალური ფრაგმენტები” (Theatre Extracts). „ზოგჯერ, რაც თვალით აღიქმება, უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რაც ყურით გვესმის, მაგრამ მუსიკა არასდროსაა ფონი“ - წერს ინსტაგრამზე კომპოზიტორი. ეს ალბომი თავდაპირველად თეატრალური წარმოდგენებისთვის დაიწერა. პროექტი მოიცავდა კომპოზიციების სერიას, რომლებშიც ანუშკა იკვლევს გრძელ, ემბიენტურ (გარემომცველ) ბგერით ლანდშაფტებს. შემდეგ ეს მუსიკა საფუძვლად დაედო ლუიზი მეისონის, (Luizy Meyson) ფილმს. ევროპავოქსმა (Evropavox) ანუშკას მუსიკა დაახასიათა, როგორც „ისეთი, რომელიც საკუთარ ადგილს იკავებს. მან თითქოს აიღო ბგერის გეომეტრია და შექმნა ატმოსფერული, რთული და იმქვეყნიური ბგერითი ლანდშაფტები... მუსიკალური კალეიდოსკოპები, რომლებიც უარყოფენ ნებისმიერ საზოგადოდ მიღებულ ფიზიკურ წესებს“.
2021 წელს, არქიტექტორებმა, ანუშკა მიიწვიეს ბაზელში, სადაც კვლევითი ინსტიტუტის, 10 წლის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. მუსიკოსი იხსენებს: „ჩემი დავალება იყო, რომ ამ შენობაში მემუშავა და მენახა, თუ რა გავლენას მოახდენდა ის ჩემზე, როგორც მუსიკოსზე. 2 კვირა მქონდა მოსაფიქრებლად და ჩასაწერად. პირველი იდეა იყო უბრალოდ ცოცხალი ხმები ჩამეწერა, რაც ცოტა რთული საკითხი აღმოჩნდა. შენობა იმდენად ცარიელი იყო, რომ ძალიან „სტერილური“ ხმები გამოდიოდა. მერე ვიფიქრე, როგორც მუსიკოსს, როგორ მუსიკას დამაწერინებდა აქ ცხოვრება. შენობაში შევიტანე ფორტეპიანო და დაკვრა დავიწყე. შიგადაშიგ რაღაც ინსტრუმენტები შემქონდა. ვიპოვე საგუნდო ანსამბლი, რომელიც შენობაშივე ჩავწერე. 2 კვირის განმავლობაში, ამ უზარმაზარ შენობაში, სულ მარტო ვიყავი. ოთახებში დავდიოდი, ვიწერდი ხმებს და ვწერდი მუსიკას. ბოლოს კი ასეთი იდეა მოგვივიდა: ერთ პროექტად გამოსულიყო ამ შენობის წიგნი, ვინილი და ფოტოები. ასე რომ პროექტზე ვიმუშავეთ მე, ფოტოგრაფმა ვალტერ მაირმა (Walter Mair), ბერნდ კიუხენბაიზერმა (Bernd Kuchenbeiser) და არქიტექტორმა მარსელ ზანტერმა (Marcel Santer)... („ანუშკა ჩხეიძე - მუსიკა და ტექნიკა“, ჟურნალი Hammock, 2023.12.01.). საგუნდო ანსამბლი, რომელთანაც ანუშკამ იმუშავა გახლავთ შვეიცარიული საგუნდო ანსამბლი „ტელემი“ (Theleme). ასე შეიქმნა 2024 წელს ალბომი „სუფთა, გამჭვირვალე და თეთრი“ (Clean, Clear and White).
ანუშკა ჩხეიძემ ქართულ გუნდებთანაც საინტერესო გამოცდილება მიიღო. პირველი ასეთი კოლექტივი იყო გორის ქალთა გუნდი. „ახლო შეხვედრები“ (Close Encounters) ეწოდებოდა მის კომპოზიციას განკუთვნილს გუნდისა და ელექტრონიკისათვის. ის ვასო აბაშიძის სახ. „ახალ თეატრში“ წარმოადგინეს.
2024-ში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროგრამა „აკუსტიკაში“ ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად გადაიცა ანუშკა ჩხეიძის მიერ არანჟირებული აფხაზური საცეკვაო „შარატინის“ ძალიან საინტერესო ვერსია.
2023 წელს გამოვიდა მეოთხე ალბომი და პირველი EP „დაკარგული ბარგი“ (Lost Luggage). „დაკარგული ბარგი - მეტაფორასავითაა, როგორც შიში, რომ არ დაკარგო შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაღაცეები. EP (Extended play) — ტერმინი, რომლითაც ძირითადად მოიხსენიებენ გრამფირფიტას ან CD არასდროს გამომიშვია. ყოველთვის ალბომებზე ვმუშაობ. და აი, პირველად გამოვიდა, რომ EP-ის გამოვცემ მოკლე ჩანახატივით. მისი სახელწოდებაა Lost Luggage ანუ „დაკარგული ბარგი“, რაც ძალიან ბევრნაირად მეხმიანება მე და ჩემს ისტორიებს. პირდაპირი მნიშვნელობით რომ დავიწყო, წელს მართლა სამჯერ დავკარგე ბარგი ფრენების დროს. თან ძირითადად ისე, რომ, აი, მეორე დღეს რომ უნდა დაუკრა, ინსტრუმენტები რომ გჭირდება და არ გაქვს… ეს ბარგის დაკარგვის პროცესი რაღაც ჯადოსავით მექცა. ბოლო ტიპი, ვინც აეროპორტში ბარგს ელოდება ხოლმე, მუდმივად მე ვარ. ეს EP კი, თითქოს, ამის მოშორებაა – თუკი ამ ალბომს გამოვუშვებ, მგონია, რომ ეს „ჯადოც” მორჩება.
მეორე მნიშვნელობა, ამ დაკარგული ბარგის უკან, კი, ეს არის ჩემი გადმოსვლა საქართველოდან ნიდერლანდებში. ახალი პერიოდი რომ იწყება შენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ამ ბარგთან, გადასვლასთან და ახალ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ყველა შენი საყვარელი ადგილი, ნივთი, მეგობარი და ოჯახის წევრი რომ გენატრება. ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა მიყვარს, უცებ მართლა მარტო აღმოვჩნდი სიახლეებთან. რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს გამოუცდია სხვა ადგილზე გადასვლა, მაგრამ მე ძალიან ვარ შეყვარებული ჩემს გარემოზე. არასდროს მქონია ის განცდა, რომ თბილისი უნდა დავტოვო ან დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი ცხოვრება და მიყვარს ჩემი ადამიანები, ამიტომ ეს არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი. ჩემი მიზანი უფრო იყო განვითარება, კარგ ადგილზე სწავლა, მეტი დაკვრა, კოლაბორაცია საინტერესო ხალხთან. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ეს დაკარგული ბარგი მეტაფორასავითაა, როგორც შიში, რომ არ დაკარგო შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაღაცები.” Billboard Georgia
2023 წელს Forbs Georgia-მ კომპოზიტორი წლის გამარჯვებულად დაასახელა.
2023 წელს, მონჰაიმის ტრიენალეს ერთ ერთმა კურატორმა, ანუშკა ჩხეიძე გერმანიაში მიიწვია. მას შესთავაზეს საუნდ ინსტალაციის (აუდიო სისტემის მონტაჟი) მომზადება, იმ დროს ის არ მუშაობდა ამ მიმართულებით. მაგრამ მაინც სცადა. მოჰაიმში ნახა პატარა მიტოვებული ბაღი, მოეწონა და იქ გააკეთა თავისი პირველი ინსტალაცია, რომელსაც „დაკარგული იავნანა“ (Lost Lullaby) უწოდა. პროექტის ფარგლებში ქალაქის მაცხოვრებლებისგან ჩაიწერა ძველი იავნანები და მათ საფუძველზე გააკეთა ინსტალაცია. ამ პროექტით ის მონჰაიმის ტრიენალეს არტისტი გახდა.
„იყო ასეთი გამოწვევა, რომ შემთხვევითობის პრინციპით გვაჯგუფებდნენ სხვადასხვა არტისტთან, სხვადასხვა ქვეყნიდან და ჟანრითაც განსხვავებულთან და უნდა გაგვეკეთებინა იმპროვიზაცია, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო.“
შარშან ტრიენალეს დასკვნით ფესტივალზე ანუშკა ჩხეიძემ ახალი პროექტი „რთული მილები“ (Intricate Pipes) წარადგინა. ის ტრიენალეს და გაუდეამუსის ფესტივალის (Gaudeamus Festival) ერთობლივი დაკვეთით დაიწერა. ეს მუსიკოსის პირველი საორგანო პროექტია. მასში გამოყენებულია ე.წ. Orgamates-ს, რომლებიც ინსტრუმენტების ასაწყობად გამოიყენება. ამ გზით ის აკუსტიკურ ორგანზე საკუთარ ელექტრონულ მუსიკას ასრულებდა.
ანუშკა ჩხეიძე საქართველოს თუ ევროპის კიდევ მრავალი ფესტივალის სასურველი სტუმარია. მათ შორისაა:
2023: New Fall Festival - გერმანია
Kaltern Pop Festival - იტალია
Decoder Festival - საქართველო
Tweetakt Festival - ნიდერლანდები
2024 Draaimolen Festival - ნიდერლანდები
Klangbad Festival - გერმანია
Sajeta Festival - სლოვენია
Evropavox Festival - საფრანგეთი
2025 Gaudeamus Festivan - ნიდერლანდები
IBB Festival - ნიდერლანდები
Koeffie Leute Festival - ნიდერლანდები
2026 Fiber Festival - ნიდერლანდები
Storioni festival - ნიდერლანდები
2024 წელს ანუშკა ჩხეიძე მიიწვიეს მიხეილ თუმანიშვილი სახელობის კინომსახიობის თეატრში. ბერნარ-მარი კოლტესის უკანაკნელი პიესა - ,,რობერტო ზუკოს” კომპოზიტორად. დამდგმელი რეჟისორი გეგა გაგნიძე.
გერმანელ მუსიკოს, კომპოზიტორ, სცენისა და კოსტუმების დიზაინერ რობერტ ლიპოკთან ანუშკას თანამშრომლობა, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. და აი, მათი ერთობლივი ნამუშევარი, ალბომი „უკონტროლო ფიქრები“ (Uncontrollable Thoughts) 2025 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ქართველმა პროდიუსერმა თავისთვის გახსნა კომპოზიციის ახალი, ხალისიანი მხარე. ეს არის შესანიშნავი, გულწრფელი ალბომი, რომელიც განპირობებულია იმის გაცნობიერებით, რომ „მუსიკა ერთადერთი რამაა, რაც მე არ გამიფუჭებია ჩემი პერფექციონიზმით ან საკუთარი თავისკენ მიმართული ბრაზით.“ „ანუშკა ჩხეიძე პროდუქციაზე, ტექნოლოგიასა და შემოქმედებაზე“ (Anushka Chkheidze about Production, Technology, and Creativity). Fifteen Questions - Music Magazine. „უკონტროლო ფიქრები“ ალბათ იმიტომ დაერქვა ალბომს, რომ როცა მუსიკაზე ვმუშაობდით, დაკვრის დროს ან არაფერზე, ან ყველაფერზე ერთად ვფიქრობდით.” (ანუშკა ჩხეიძე. Billboard. Georgia. 2025.09.05.)
შთაგონება ყოველთვის გარემო და ადამიანები არიან, ასე იყო თავიდანვე და ასეა ახლაც. რადგან ჩავთვალე, რომ მუსიკა ჩემი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, იმას რასაც ვაკეთებ ადამიანებს ვუძღვნი. ყოველდღიურად ჩემს მიერ დასახულ პატარ-პატარა გეგმებს ვასრულებ და ამავე დროს ყოველგვარი ახალი გამოცდილების გასაზიარებლად მუდმივად ღია ვარ.“ (ანუშკა ჩხეიძე. Hammock Magazin, 2021.06.23.)
„ზოგადად, მუსიკა ძალიან დამეხმარა პიროვნების ჩამოყალიბებაში, ადამიანებთან კომუნიკაციის სწავლაში, თავდაჯერების მომატებაში. ერთგვარ თერაპიად იქცა ჩემთვის.“ „ჩემი მუსიკა თვითგამოხატვაა და არა ამბიცია, რომ სამყარო შევცვალო” (ანუშკა ჩხეიძე. Marketer. Ge. 2025.06.19.)
მარიამ (მარიკა) ჩიჯავაძე
2026.05.29.