ირინე ოდშარია
ირინე ალექსანდრეს ასული ოდიშარია, დაიბადა 1957 წლის 12 იანვარს, თბილისში. მშობლები რეპრესირებული ოჯახებიდან იყვნენ. დედა - თინათინ ნასიძე გახლდათ ბორჯომის გუბერნატორის, მენშევიკ ნიკოლოზ ნასიძის ქალიშვილი. ნიკოლოზი, როგორც მენშევიკი, ბოლშევიკებმა გადაასახლეს. მან მცირე დროით იცხოვრა საფრანგეთში და საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სათვისტომოს სასაფლაოზე. მისი მეუღლე, ოლღაც, გადაასახლეს და შემდგომ საკმაოდ ჯანმრთელობა შელახული დაბრუნდა სამშობლოში. მამის - ალექსანდრე ოდიშარიას მშობლები და წინაპრებიც სამეგრელოში სამღვდელო აზნაურები იყვნენ, ბოლშევიკების მიერ ქონების ჩამორთმევის შემდეგ, ოჯახმა თბილისს შეაფარა თავი. ირინეს დედ-მამას დამთავრებული ჰქონდა თეატრალური სტუდია (ამჟამად თეატრალური ინსტიტუტი) და მუშაობდნენ წამყვან მსახიობებად. დედა - მოზარდ მაყურებლის თეატრში, მამა „მუს. კომედიის“ თეატრში. ომის შემდგომ ალექსანდრე ოდიშარიამ (მამამ) მიიღო საინჟინრო განათლება და მუშაობდა სამშენებლო სამმართველოში. თინა ნასიძემ თითქმის 50 წელი იმუშავა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში კანცელარიის გამგედ. ირინეს უფროსი ძმა - მერაბ ოდიშარია, მუსიკისმცოდნე, ირინესთვის სამაგალითო და ერთგვარად გზის გამკვლევი იყო. პატარა ირინე მერაბის მუსიკის მეცადინეობის ფონზე გაიზარდა, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია პროფესიის არჩევაზე და საკუთარი თავი მუსიკას მიუძღვნა. მერაბი სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე.
ირინე ოდიშარიას ცხოვრების ბედნიერი წლები თბილისის 47 - ე საშუალო სკოლას უკავშირდება. 1975 წელს დაამთავრა მე-3 მუსიკალური სასწავლებელი. მუს. სასწავლებლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუს. მცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში უკვე თავი იჩინა კომპოზიციისადმი ინტერესმა და ამ პერიოდიდან დაიწო ნაწარმოებების შექმნა.
ირინეს კონსერვატორიის სწავლის პერიოდში, ოდიშარიების ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა - გარდაიცვალა მერაბის ახალგაზრდა მეუღლე - მანანა ორაგველიძე. პატარა ძმისშვილის, ბექას აღზრდის სრული პასუხისმგებლობა ირინემ და ირინეს დედამ ითავა. ირინე ბექას თავის პირველ შვილად თვლის. ამ მოვლენამ ბევრი რამ შეცვალა კომპოზიტორის ცხოვრებაში. სევდა და საყვარელი ადამიანის წასვლისაგან გამოწვეული ტკივილი, ერთგვარად აისახა მის ნაწარმოებებში. ირინე მოგვიანებით დაოჯახდა, მისი მეუღლეა ალიკო კაკულია, ჰყავთ ორი ვაჟი გიორგი და თორნიკე, შვილიშვილები თინათინი და ბარბარე, ასევე ბექას შვილები: ლაშა, ჯაბა და მანანა.
1980 წელს ირინე ოდიშარიამ წითელ დიპლომზე დაამთავრა კონსერვატორია და იმავე წელს, ცნობილი საგუნდო დირიჟორის - შალვა მოსიძის რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო გორის მუს. სასწავლებელში.
ორი წლის შემდეგ, 1982 წელს, ი. ოდიშარიამ მეორეჯერ ჩააბარა კონსერვატორიაში, ახლა უკვე კომპოზიციის ფაკულტეტზე და ჩაირიცხა პროფესორ ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში. თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე მას ასწავლიდნენ პედაგოგები: ქეთევან (კიწი) თუმანიშვილი, გივი ლორთქიფანიძე, ივანე (ვანო) ჟღენტი, დოდო გოგუა, გია ყანჩელი, შალვა მშველიძე, სულხან ნასიძე (დედის ბიძაშვილი), ალექსი მაჭავარიანი. სწავლის პერიოდი ირინესთვის მეტად აქტიური შემოქმედებითი წლები იყო, თანაკურსელები ასრულებდნენ მის მიერ დაწერილ ნაწარმოებებს. ახლად შექმნილი ნაწარმოებები ჟღერდა კონცერტებზე, რომლებიც ტარდებოდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში და ყველა დამწყებ სტუდენტ კომპოზიტორს საშუალება ჰქონდა ცოცხლად მოესმინა საკუთარი ნაწარმოები. ფაქტობრივად, ირინეს შემოქმედება კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. რაც ამავე დროს განაპირობა მეგობარ- მუსიკოსთა გუნდმა: (ზურა გაბუნია (ვიოლინო), გიგა თაგაური (ვიოლა), ლევან ცინცაძე (ვიოლინო), მანანა ტყემალაძე (ფ-ნო), სწორედ ეს მუსიკოსები იყვნენ ირინეს ნაწარმოებების პირველი შემსრულებლები. რომლებიც დღემდე ირინეს უახლოესი მეგობრები და კოლეგები არიან.
კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, ირინე ოდიშარიამ, გორის სასწავლებელში პედაგოგიური პრაქტიკის მიღების შემდგომ მუშაობა განაგრძო თბილისის მე-3 მუს. სკოლაში, სადაც ასწავლიდა კომპოზიციას და თეორიულ საგნებს. 1985 წელს, მუშაობის დაწყების პირველივე წელიწადს, მიენიჭა საუკეთესო პედაგოგის წოდება. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალურ სასწავლებელში - „ნიჭიერთა ათწლედში" თეორიული საგნების პედაგოგად. მალევე შესთავაზეს საკრავთმცოდნეობისა და გაორკესტრების პედაგოგობაც. სწორედ აქედან იწყება ირინესთვის ახალი შემოქმედებითი ეტაპი, როგორც პედაგოგის, კომპოზიტორისა და დირიჟორის. 2023 წელს ირინეს „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექციამ მიანიჭა საპატიო დიპლომი - ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სახელოვნებო განათლებაში შეტანილი წვლილისათვის.
2006 წელს ირინემ ჩამოაყალიბა ბავშვთა ორკესტრი, სადაც დირიჟორობასაც სკოლის მოსწავლე ითავსებს. ყველა ნაწარმოები, რასაც ორკესტრი ასრულებდა და ასრულებს, ირინეს მიერ არის გაორკესტრებული. ორკესტრის რეპერტუარი მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია, მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ნაწარმოებებს. სწორედ ამ ორკესტრმა განაპირობა პროექტის „ბავშვები ბავშვებს“ - დაფუძნება, რომლის მთავარი მიზანია ბავშვებში კლასიკური და ქართული მუსიკის პოპულარიზაცია. ასეთ კონცერტებზე ბავშვები ერთმანეთს დიდი ინტერესით უსმენენ. საუბრობენ მუსიკის შესახებ, სწავლობენ, მეგობრობენ, ერთად უკრავენ, ვითარდებიან და ამით ბედნიერები არიან. პროექტი „ბავშვები ბავშვებს“ დღემდე გრძელდება კულტურის სამინისტროსა და ქალაქის მერიის ხელშეწყობით. ირინე ოდიშარია, მაღალპროფესიონალური პედაგოგიური გამოცდილებით, მომავალ თაობებს მუსიკის სიყვარულით ზრდის.
მერი შეყილაძე
2026.05.09.