ლიკა ჯგერენაია
კომპოზიტორის სახელი, გვარი: ლიკა ჯგერენაია
„ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა“
ლიკა ჯგერენაია – ახალგაზრდა ქართველი (წარმოშობით აფხაზეთიდან) კომპოზიტორი და შემსრულებელია, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი სოლო, ანსამბლური თუ საორკესტრო კომპოზიციების ავტორია. თვით კომპოზიტორი საკუთარ შემოქმედებას მოკლედ ამგვარად ახასიათებს: „ჩემი მუსიკა იკვლევს ადამიანურ ემოციებს, ფსიქოლოგიურ კონფლიქტებსა და სოციალურ თემებს აკუსტიკური და ელექტრონული ელემენტების შერწყმის გზით. ჩემი კომპოზიციები ორიენტირებულია თხრობის ხელოვნებაზე და ქმნის მრავალშრიან მჟღერ გარემოს, რომელიც მსმენელს თვითრეფლექსიისკენ უბიძგებს და წარმოაჩენს იდენტობის, წინააღმდეგობისა და ადამიანური კავშირის თემებს“. (ჯგერენაია, 2026)
ბავშვობაში ლიკა სხვადასხვა სფეროს მიმართ ავლენდა ინტერესს – უყვარდა ხატვა, თეატრი და ცეკვა, თუმცა ყველაზე მეტად მუსიკა, სიმღერა, ფორტეპიანო და წერა იზიდავდა. მისი მუსიკალური მონაცემები ადრეული ბავშვობიდანვე განსაკუთრებით იყო გამოკვეთილი. ლიკა თვეების იყო, მოსმენილ მუსიკას რომ იმეორებდა და ღიღინებდა. შესაბამისად, იგი ბავშვობიდან იყო გატაცებული სიმღერით, გამოარჩევდა განსაკუთრებული არტისტულობა და ოდნავ რომ წამოიზარდა, სახლში თუ ეზოში, კონცერტებს მართავდა. ბავშვის ამგვარი მონაცემები არ დარჩენილა ოჯახის წევრების ყურადღების მიღმა, მეტიც, ძალიან უხაროდათ მისი მუსიკისადმი განსაკუთრებული ინტერესი და მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს ამ ნიჭის განვითარებას. ლიკა პატარა ასაკის – 5 წლისა შეიყვანეს ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლაში, რომელიც სახლიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. ამიტომ, მოზრდილ ასაკამდე ბავშვს სამუსიკო სკოლაში ბებია დაჰყვებოდა. როგორც კომპოზიტორი ამბობს: „ბებო ხუმრობს, რომ მუსიკალური ჩვენ ერთად დავამთავრეთო. ჩემების მხრიდან ყოველთვის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. უდიდესი წილი მათი დამსახურებაა, რომ დღეს მუსიკოსი ვარ.“[1] (ჯგერენაია, 2026)
2005-2017 წლებში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II ხელოვნების სკოლაში იგი სწავლობდა ფორტეპიანოს განხრით პედაგოგ ლამარა გრიგოლიასთან. აქვე, 2008-2017 წლებში, პარალელურად, ის ეუფლებოდა კომპოზიციის ხელოვნებას პედაგოგ ლილი შავერზაშვილთან. ამავე დროს, არტისტიზმით და ვოკალური ნიჭით დაჯილდოებული გოგონა გატაცებული იყო საესტრადო სიმღერით – დადიოდა ნუნუ გაბუნიას სტუდიაში. შედეგად, პირველად სცენაზე 6 წლის ასაკში გამოვიდა ხელოვნების ცენტრ „მუზაში“, სადაც შეასრულა ფორტეპიანოსთვის სიმღერა „მეორე ლეგენდა“. პარალელურად, ლიკა მღეროდა სკოლის გუნდში, რომელიც წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებში. პატარა გოგონა ხშირად სოლო პარტიებს ასრულებდა და 8 წლისა ერთ-ერთ საგუნდო ფესტივალზე „საუკეთესო სოლო შემსრულებლის" ტიტულითაც დაუჯილდოებიათ. გარდა ამისა, სამსახიობო ხელოვნებით გატაცებული ბავშვი დადიოდა თეატრალურ წრეზე და მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში, ასევე, გატაცებული იყო ხატვით. ამგვარად, ლიკა ჯგერენაიას სცენასთან ნაცნობობა ბავშვობიდანვე დაიწყო და სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიკა ჯგერენაიამ ჩააბარა 2017 წელს, სადაც პროფ. გიორგი შავერზაშვილის კლასში ეუფლებოდა კომპოზიციის ხელოვნებას ბაკალავრიატსა (2017-2021) და მაგისტრატურაში (2021-2023). კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ლიკა გამოირჩეოდა როგორც ნიჭიერებით, სწავლისადმი ბეჯითი დამოკიდებულებით, ისე გამოკვეთილი ორგანიზაციული უნარებით – იყო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი (2019-2020), კონსერვატორიის „კომპოზიციის“ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფის წევრი (2020-2022), ეთიკის კოდექსის სამუშაო ჯგუფის წევრი (2022), კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი (2018-2023), წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2018-2021) და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი (2018-2020).
ამ პერიოდში შექმნილი სოლო თუ საანსამბლო ნაწარმოებები განკუთვნილია ტრადიციული შემადგენლობისთვის. ახალგაზრდა შემოქმედი, პროფესიის ათვისების პროცესში, ცდილობს საკუთარი თავი მოსინჯოს სხვადასხვა ფორმის თუ ჟანრის ნაწარმოებში. თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შექმნილ კომპოზიციებს შორისაა: „დიფუზია“ ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (2018), მინიატურული ვარიაციები „გარდასახვა“ ფორტეპიანოსთვის (2019), „სიზმარი“ (2020) და „იავნანა“ (2022) კამერული ანსამბლისათვის, სიმებიანი კვარტეტი (2021), „მარტოობა“ (ორიგინალში “Solitude“) ფლეიტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ტრიოსთვის (2021), „მარტოდ ყოფნა“ (ორიგინალში “To Be Alone”, 2021) და „შფოთვისგანცდები“ (ორიგინალში “Affections of Anxiety”, 2021) და „კაფკასეული“ (ორიგინალში “Kafkaesque”, 2022-2023) კამერული ორკესტრისთვის, „შიში“ (ორიგინალში “Formido”, 2023) სიმფონიური ორკესტრისთვის.
ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი ლიკა ჯგერენაიას ბაკალავრიატის პირველი კურსიდანვე გაუჩნდა, თუმცა შემოქმედებითი გამბედაობის მოსაკრებად მას წლები დასჭირდა. პანდემიურმა პერიოდმა გარკვეული გარდატეხა მოახდინა ახალგაზრდა კომპოზიტორის შეხედულებებზე, ხოლო 2021 წელს ხავიერ ტორეს მალდონადოს მასტერკლასში მონაწილეობამ და საკუთარი ნაწარმოებების წარდგენისას მიღებულმა გამოხმაურებამ ლიკას გაუმძაფრა მოტივაცია – თეორიულად და პრაქტიკულად შეესწავლა ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულება, შემდეგ კი უკვე პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაედგა ამ ჟანრში.
მილანის კონსერვატორიაში გატარებულმა ერთმა წელმა (2022-2023) ლიკა ჯგერენაიას შემოქმედებაში ახალი მიმართულებები დასახა. მაგისტრატურის სტუდენტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამით სწავლობდა „კომპოზიციისა და ელექტროაკუსტიკური კომპოზიციის“ კურსს კომპოზიტორ გაბრიელე მანკას და ხავიერ ტორეს მალდონადოს კლასში. სწორედ ამ პერიოდიდან იცვლება ლ. ჯგერენაიას მუსიკალური ენა, ზოგადად მუსიკასთან დამოკიდებულება, კომპოზიტორს განსაკუთრებით აინტერესებს ექსპერიმენტები. შედეგად, ლ. ჯგერენაია ქმნის ელექტროაკუსტიკური მუსიკის რამდენიმე ნიმუშს: „გაუგებრობა“ (ორიგინალში“Misunderstanding”) ჰობოისა და ელ. ჩანაწერისთვის (2023), ელექტროაკუსტიკური კომპოზიცია „მტრედები ომში მიდიან“ (ორიგინალში“Pigeons Go to War”, 2024), აკუზმატიკური კომპოზიცია „ჩვენ გადავრჩებით“ (ორიგინალში“We Survive”, 2025), ელექტრონულიკომპოზიცია „წყურვილი“ (ორიგინალში“Thirst”, 2025).
ლიკა ჯგერენაია საკუთარი თავისადმი უკიდურესი მომთხოვნელობით და ერთგვარი პერფექციონიზმით გამოირჩევა, რის გამოც, შემოქმედების საწყის ეტაპზე, როგორც კომპოზიტორი ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდა საავტორო ნაწარმოებების საჯაროდ წარდგენა. თუმცა, დღეისათვის, ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია: „მივხვდი, რომ სრულყოფილება არ არსებობს“, – ამბობს კომპოზიტორი (ჯგერენაია, 2026).
თავისი შემოქმედებიდან კომპოზიტორი გამოარჩევს ნაწარმოებს „გაუგებრობა“ (ორიგინალში „Misunderstanding") ჰობოისა და ელექტრონიკისთვის, რომელიც დაიწერა მილანში, 2023 წელს. ეს კომპოზიცია პირად განცდებსა და შინაგან წინააღმდეგობებს ასახავს. სწორედ ამ ნაწარმოებში გამოჩნდა ყველაზე ნათლად კომპოზიტორის ინდივიდუალური მუსიკალური ხელწერა – ბგერის, ემოციის აღქმის და კომუნიკაციის განსაკუთრებული ელფერი. ესაა ადამიანის მონოლოგი საკუთარ თავთან ან ორი ადამიანის დიალოგი, ჰობოისა და ელექტრონიკით რომ არის გამოსახული. კომპოზიტორი ამგვარად აღწერს ნაწარმოების კონცეფციას:
„ჩემი მთავარი მიზანი იყო მუსიკაში „გაუგებრობის“ პროცესის შექმნა და გადმოცემა. ზოგჯერ გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას ისეთ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამ ნაწარმოებში ჰობოი შეიძლება გავაიგივოთ ადამიანთან, რომელსაც უთანხმოება და გაუგებრობა აქვს „მეორე ჰობოისთან“ – ამ მეორე ჰობოის როლს კი ელექტრონიკა ასრულებს. ელექტრონიკა აქ არა მხოლოდ აკომპანემენტია, არამედ დამოუკიდებელი მუსიკალური პერსონაჟიცაა, რომელიც ჰობოისთან ურთიერთქმედებს, ეწინააღმდეგება, პასუხობს და ზოგჯერ კონფლიქტშიც შედის. შედეგად, იქმნება დიალოგი, რომელიც ასახავს ადამიანურ ურთიერთობებში არსებულ დაძაბულობას, გაუგებრობასა და ერთმანეთის გაგების მუდმივ მცდელობას.
ნაწარმოები მთლიანად ჰობოის ჟღერადობაზეა აგებული, რადგან მსურდა შემექმნა ორგანული მუსიკალური სივრცე, სადაც მსმენელი სრულად ჰობოის ხმაზე იქნებოდა კონცენტრირებული და ამავდროულად, შესძლებოდა, შეეგრძნო ეს რთულად გასაგები, გაუგებრობებით სავსე დიალოგი. ელექტრონული პარტია შექმნილია წინასწარ ჩაწერილი ჰობოის ტემბრების საფუძველზე. ამგვარად, მთელი მუსიკალური მასალა ერთი და იმავე ჟღერადობით საზრდოობს, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულ ერთიანობასა და შინაგან კავშირს ანიჭებს.
ამ ნაწარმოების შექმნის მთავარი მიზანი იყო მუსიკის საშუალებით მეჩვენებინა – როგორ შეიძლება ცდილობდე ურთიერთობას ადამიანთან, რომელიც გისმენს, მაგრამ ვერ გიგებს. ეს არის კომუნიკაციის, გაუგებრობისა და ემოციური დისტანციის მუსიკალური კვლევა, სადაც დიალოგი თითქოს მიმდინარეობს, თუმცა ურთიერთგაგება მაინც მიუღწეველი რჩება“. (Jgerenaia, 2024).
კომპოზიცია „გაუგებრობა“ (ორიგინალში „Misunderstanding"), ჩემი აზრით, საეტაპო მნიშვნელობისაა ლიკა ჯგერენაიას შემოქმედებაში, ვინაიდან, წარმოადგენს პირველ კომპოზიციას, სადაც აირეკლა კომპოზიტორის ელექტროაკუსტიკური მუსიკით დაინტერესება. ამ ნაწარმოებიდან, შეიძლება ითქვას, ლ. ჯგერენაიას შემოქმედებაში მეორე ეტაპი დაიწყო – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალგაზრდა კომპოზიტორი იწყებს სხვა ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებების შექმნას. ამჟამად, ლიკას მუსიკალური სტილისთვის ეს ორი ხაზი – აკუსტიკური და ელექტროაკუსტიკური მუსიკა – ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთშემავსებელია. კომპოზიტორი აღნიშნავს: „ელექტრონული მუსიკა ჩემთვის უფრო ახლოს დგას ფორმის თავისუფლებასთან, სადაც ბგერა აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტის შედეგი, არამედ შეიძლება იყოს სივრცე, ტექსტურა, სუნთქვა, მეხსიერება. ტრადიციული მუსიკა კი უფრო ხაზის, სხეულისა და ისტორიის გაგრძელებაა ჩემთვის – იქ ბგერა უკვე კულტურით, ჟესტითა და ადამიანური შეხებითაა დამუხტული. დღეს ყველაზე საინტერესო კომპოზიტორები ხშირად სწორედ ამ ზღვარზე მუშაობენ: არა არჩევანის, არამედ სინთეზის პრინციპით. ჩემი აზრით, ეს ორი ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ვიტყოდი, რომ სწორედ მათი ნაზავი არის ჩემთან ყველაზე ახლოს“ (ჯგერენაია, 2026).
მსგავსად „გაუგებრობისა“, შინაგანი გაორების, დიალოგის ფსიქოლოგიური გრადაციები წარმოდგენილია ლიკა ჯგერენაიას იმავე წელს (2023) მილანში შექმნილ აკუსტიკურ ნაწარმოებში „ვერთერი“ ბას-კლარნეტისთვის. ნაწარმოები გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“-ს მიხედვითაა შექმნილი, რაც მუსიკის სემანტიკასა და განწყობაზე აირეკლა. კომპოზიტორი ნაწარმოების შესახებ წერს: „როგორც რომანში, ვერთერი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერს უკიდურესად განიცდის. ყოველი იმედგაცრუება მას თანდათან უფრო და უფრო აახლოებს ზღვართან, რომლის არსებობასაც თავად აცნობიერებს და თითქოს გარკვეულწილად კიდეც ეგებება. სწორედ ამიტომ მსურდა მუსიკით დამეხატა მდგომარეობა, სადაც ის საკუთარ ქმედებებს აანალიზებს და აცნობიერებს, ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ არ ჩაიდინოს ის, რაც საბოლოოდ ჩაიდინა, მაგრამ თანდათან კარგავს საღ აზრს, რადგან იმ მომენტში მისთვის ყველაფერი აზრს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ტექნიკურად ორი პერსონაჟი მოქმედებს – ვერთერი და მისი ჩრდილი, მისი შინაგანი „მე“ – მე სოლო ფორმა ავირჩიე. ეს არჩევანი გმირის შინაგან ბრძოლასა და ფსიქოლოგიურ დაპირისპირებას კიდევ უფრო გამოკვეთს.
სოლო ინსტრუმენტად ბას-კლარნეტი შევარჩიე, რადგან მისი ღრმა, მუქი და მრავალფეროვანი ტემბრი, ჩემი აზრით, იდეალურად შეესაბამება როგორც თავად ვერთერის ხასიათს, ასევე მის ჩრდილსა და შინაგან სამყაროს. ინსტრუმენტის ჟღერადობა საშუალებას იძლევა გამოიხატოს როგორც მისი ემოციური სიღრმე, ისე შინაგანი კონფლიქტი, რომელიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ვითარდება“ (Jgerenaia, 2024).
ამგვარად, „გაუგებრობა“ და „ვერთერი“ ელექტროაკუსტიკური და აკუსტიკური ჟღერადობით წარმოაჩენენ ლიკა ჯგერენაიასთვის უმნიშვნელოვანეს მხატვრულ სახეებს – საკუთარი თავის ძიების, ფსიქოლოგიური თვითჩაღრმავების თუ სპეციფიკური კომუნიკაციის, დიალოგის, ზოგადად, ურთიერთობების მრავალწახნაგოვნების, ემოციური განვითარების ლაბირინთებს. ამავდროულად, როგორც ჩანს, კომპოზიტორისთვის სამომავლოდ მეტად პერსპექტიული აკუსტიკურ-ელექტროაკუსტიკური საწყისების კომბინირება გახდა. კერძოდ, 2023 წელს დასახულ შემოქმედებით მიმართულებას ლიკა დღესაც არ ღალატობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მისთვის „ყველაზე ახლოს არის ტემბრსა და ბგერის კვლევაზე დაფუძნებული მუსიკალური აზროვნება. განსაკუთრებით მაინტერესებს აკუსტიკური და ელექტრონული ელემენტების გადაკვეთა, ტექსტურები, სივრცე და ის, თუ როგორ შეიძლება ბგერა თავად გახდეს ფორმის მატარებელი. თუმცა, საკუთარ თავს კონკრეტული სტილით არ „ვზღუდავ“. უფრო მაინტერესებს იდეა და ის, თუ რა მუსიკალურ ენას მოითხოვს თითოეული ნაწარმოები“ (ჯგერენაია, 2026).
ლიკა ჯგერენაია სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს. უშუალოდ, საკომპოზიტორო მოღვაწეობის გარდა, ის ეფექტურად საქმიანობს ადმინისტრაციულ-მენეჯერულ თუ პედაგოგიურ ასპარეზზე. სხვადასხვა პერიოდში ლ. ჯგერენაია მუშაობდა ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: სოციალური მედიის მენეჯერი (კორლეტო მონფორტე, იტალია, 2025, Dánca Livre Com Carla, პორტუგალია, 2025, ტრამონტი, იტალია, 2024), ივენთ მენეჯერი (კორლეტო მონფორტე, იტალია), პედაგოგის ასისტენტი (ამანტეა, იტალია, 2025-დან), მუსიკალური ვორკშოპების კურატორი (ამანტეა, იტალია, 2025), ადმინისტრაციული მხარდაჭერის სპეციალისტი (2023) და კომპოზიციის პედაგოგი (2021-2022, კერძო პრაქტიკა). როგორც ახალგაზრდა კომპოზიტორი ფიქრობს, „მუსიკა შეიძლება ყველაფერს დაუკავშირდეს და ყველაფერთან სინთეზირება მოახდინოს. ამიტომ ჩემთვის არამუსიკალური აქტივობები მუსიკისგან განცალკევებული სინამდვილეში არც არის. საერთაშორისო პროექტების გამოცდილებამ, რომლებიც ყოველთვის მუსიკალური არ ყოფილა, ძალიან გამზარდა არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ მუსიკალურადაც. ახალი კულტურა, ახალი ადამიანები, მძაფრი ემოციები, საზღვარგარეთ ცხოვრება, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ ვფიქრობ, როგორ ვუსმენ და როგორ ვწერ მუსიკას. ამიტომ პედაგოგობას, პროექტებსა და სხვა აქტივობებს უფრო ჩემი გამოცდილებებისა და მუსიკალური სამყაროს გაფართოების საშუალებად აღვიქვამ, ვიდრე მხოლოდ შემოსავლის წყაროდ.” (ჯგერენაია, 2026).
ახალგაზრდა შემოქმედი, ლიკა ჯგერენაია იმ ინტელექტუალურ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი თუ სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში, ემოციურად და ღრმად წარმოგვიდგენს მხატვრულ სახეებს, კრიტიკულად იაზრებს რეალობას და კომპოზიტორის როლს ამ რეალობაში. მისი აზრით, „საქართველოში კომპოზიტორის უმთავრესი გამოწვევა შესაძლებლობების ნაკლებობაა – არა ნიჭის ან შრომის, არამედ სტრუქტურის მხრივ. არ არსებობს რაღაც, რაც სტაბილურობას მოგცემს კომპოზიტორს. არ არსებობს თანამედროვე მუსიკის შესრულების პლატფორმები და პროფესიონალური ანსამბლები, რომლებიც რეგულარულად შეასრულებდნენ ნაწარმოებებს; არ არსებობს ფესტივალები ან კონკურსები, სადაც საკუთარი ნაწარმოების წარდგენა შეგეძლება; თითქმის არ არსებობს არტისტებისთვის დაფინანსებული რეზიდენციები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან ბუნდოვანია, სად და როგორ შეიძლება საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობის გამოყენება, მარკეტი ძალიან მწირია, გაურკვეველია, ვის შეგიძლია შესთავაზო შენი მუსიკა და რა თქმა უნდა, კომპოზიტორის, როგორც ბრენდის, წარმოჩენა ასევე დიდ გამოწვევად რჩება“. (ჯგერენაია, 2026)
კარიერის განმავლობაში ლ. ჯგერენაიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონცერტში, ფესტივალსა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში (სხვადასხვა წლებში, კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში, მუზეუმში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიძინა კვერნაძის სახ. საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში), ისე მის ფარგლებს გარეთ (კონცერტების სერია მილანის კონსერვატორიაში, Sala Puccini, 2023). საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „Future Stars“ (თურქეთი, სექტემბერი, 2013) მან მოიპოვა სპეციალური პრიზი, ხოლო ამავე ფესტივალზე, ერთი წლის შემდეგ, ლიკას მიენიჭა ნომინაცია არტისტულობისთვის; გარდა ამისა, 2019 წელს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ჩატარებულ კონკურსზე ლიკა ჯგერენაიას გადაეცა ჟიურის სიმპათიის პრიზი „საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისათვის“.
ამჟამად ლიკა ჯგერენაია მოღვაწეობს უცხოეთში. სამომავლოდ მის პრიორიტეტებშია შემოქმედებითი აქტიურობა, კერძოდ კი, ახალი კომპოზიციების შექმნა და სხვადასხვა პროექტებში (მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის) ჩართვა. პარალელურად, მისთვის განვითარების მნიშვნელოვან ვექტორად რჩება ელექტროაკუსტიკური მუსიკა, განსაკუთრებით ტემბრისა და ბგერის კვლევის პრაქტიკული ასპექტების სიღრმისეული ათვისება. ამასთანავე, სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობა და ახალი შთაბეჭდილებების დაგროვება კომპოზიტორის მიერ განიხილება არა მხოლოდ პროფესიული გამდიდრების, არამედ კომპოზიციური ენის ჩამოყალიბებისა და განახლების წყაროდ. 20 წლის შემდეგ ლიკა ჯგერენაია საკუთარ თავს ხედავს „კომპოზიტორად, რომელსაც აქვს მკაფიო მუსიკალური ენა და რომლის მუსიკაც სხვადასხვა სივრცესა და სხვადასხვა აუდიტორიამდე აღწევს. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც მუდმივად ქმნის, ექსპერიმენტს არ წყვეტს და განვითარებისას არ ჩერდება. ასევე, ძალიან მინდა, რომ ჩემი საქმიანობით შევძლო არა მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზება, არამედ იმ ადამიანების მხარდაჭერაც, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. საკუთარ თავს ვხედავ საერთაშორისო გარემოში – კომპოზიციას, სწავლებას, კოლაბორაციებს, ახალ პროექტებსა და მუდმივ ძიებას შორის“. (ჯგერენაია, 2026).
დასასრულს მოვიყვანთ უაღრესად საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა კომპოზიტორის, ლიკა ჯგერენაიას შემოქმედებით კრედოს, რომელსაც ავტორი შემდეგნაირად აყალიბებს:
„ვფიქრობ, ჩემი კრედო შეიძლება იყოს ის, რომ არასდროს შევწყვიტო მოსმენა – სამყაროს, ადამიანების და საკუთარი თავის. დანარჩენი მუსიკაში თავისით მოდის…” (ჯგერენაია, 2026).
დამოწმებული ლიტერატურა:
ჯგერენაია, ლ. (2026.06.05). პირადი ინტერვიუ [ინტერვიუ მ. ნადარეიშვილთან].
Jgerenaia, L. (2024, November 20). Misunderstanding. Bandcamp. Retrived: https://likajgerenaia.bandcamp.com/track/misunderstanding
მარიკა ნადარეიშვილი
2026.06.05.