მარიამ (მარიკო) კვალიაშვილი
მარიამ კვალიაშვილი დიდი მუსიკალური ტრადიციების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბებია - მარო თარხნიშვილი, ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი, გუნდების დამაარსებელი, პირველი ქართველი ლოტბარი ქალი იყო. ამავე გუნდში მღეროდა მარიკო კვალიაშვილის დედაც - თამარ დიმიტრის ასული თარხნიშვილი. გუნდის რეპეტიციები ხშირად იმართებოდა მათ სახლში. შესაბამისად, მარიკოსთვის ქართული სასიმღერო შემოქმედება, საშემსრულებლო გარემო, ხელოვანთა საზოგადოება სრულიად ორგანული იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამა - კონსტანტინე კვალიაშვილიც ხელოვანი იყო - თეატრისა და კინოს მხატვარი, სწავლობდა მოსე თოიძესა და ვალერიან სიდამონ-ერისთავთან. ბევრი უმუშავია ქართულ კინოსტუდიაში. ამგვარ გარემოში იზრდებოდა მარიკო, რომელმაც შემოქმედებითი უნარები პატარაობიდანვე გამოავლინა. უკვე ბავშვობაში შეკრებდა ეზოში გოგო-ბიჭებს, ხელმძღვანელობდა სპექტაკლების გამართვას, მუსიკალურად თავად აფორმებდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ოჯახიდან და ბავშვობიდან იღებს სათავეს მარიკო კვალიაშვილის მუსიკალურ-სცენური დადგმები. ცნობილია, რომ მ. კვალიაშვილის საავტორო კონცერტები მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება, იგი თავად განსაზღვრავს წარმოდგენის იდეას, თანმიმდევრობას, სცენის გაფორმებას, და ცხადია, მუსიკალური სცენარის ავტორიც თავადაა. განსაზღვრავს შემსრულებელთა შემადგენლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს თავისი რჩეული, ერთგული შემსრულებლები, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ უყვარს და უხარია ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების ჩართვა და მათი ხელშეწყობა. ამასთან ერთად, ამბობენ, რომ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს შემსრულებლებს და პატივს სცემს მათ, თუნდაც განსხვავებულ ინტერპრეტაციას.
სცენური შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოვყოფთ ბოლო წლების კონცერტებს და მათგან „ტატოს“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ დადგმას, რომელსაც წინ დიდი კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა უძღოდა. ერთიანი კომპოზიციის შესრულებაში 150 ადამიანია ჩართული, ესენი არიან ქართული ოპერის, ესტრადის, ხალხური შემოქმედების ცნობილი წარმომადგენლები. როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა, მუსიკოლოგებთან ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად „ტატოს“ ჟანრი განისაზღვრა, როგორც მუსიკალური პოემა და კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი ძიებებიც სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება.
როგორც კომპოზიტორმა, მარიკო კვალიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის, საგუნდო მუსიკისა და მუსიკალური განათლების განვითარებაში. მისი შემოქმედება მოიცავს საბავშვო და საესტრადო სიმღერებს, საგუნდო ნაწარმოებებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხისადმი მიძღვნილ ოდებს. ის 1961 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა პედაგოგად ა. მიზანდარის სახელობის თბილისის N1 სამუსიკო სკოლაში, სადაც ასწავლიდა მუსიკალურ-თეორიულ დისციპლინებს.
მარიკო კვალიაშვილის ერთ-ერთი მთავარი მისია ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით მან დააარსა პროექტი „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ეძებდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ავრცელებდნენ ქართული მუსიკალური კულტურის ტრადიციებს. კომპოზიტორი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურულ განყოფილებას.
მარიკო კვალიაშვილი გახლავთ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, წლების მანძილზე იყო კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი, არის ღირსების ორდენის კავალერი (1995), თბილისის საპატიო მოქალაქე (2009), ხელოვნების ქურუმი (2017), ბრწყინვალების ორდენოსანი (2024). 2010 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
მარიკო კვალიაშვილი არის ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
რუსუდან თაყაიშვილი
2026.06.05.