ლალი საბანაძე
ლალი საბანაძე დაიბადა და ცხოვრების პირველი წლები აფხაზეთში, გაგრაში გაატარა მშობლებთან და 3 უფროს დასთან ერთად. 2 წლიდან გამოავლინა გამორჩეული მუსიკალური მონაცემები - მღეროდა და უკრავდა, თავიდან სათამაშო, შემდეგ კი ბაბუის ნაჩუქარ პიანინოზე.
ომის დაწყებისას ლალი 4 წლისა იყო. მისი ოჯახი, მათი მეზობლები თავიანთ სარდაფებში იმალებოდნენ და კონფლიქტის ზონიდან გასვლისთვის შესაფერის გზებს ეძებდნენ. ერთხელაც დედამ, ქალბატონმა მარინამ ლალი უფროს შვილებს დაუტოვა და საქმეზე გავიდა ეზოდან. მალე შეშინებულმა მეზობელმა მიაკითხა, „თქვენ სახლში ვიღაც საქართველოს ჰიმნს უკრავს პიანინოზე, დაგვცხრილავენო.“ სახლისკენ სირბილით გამოქცეულ დედას მოღიმარი ლალი დახვდა ინსტრუმენტთან.
დედა კახეთიდან იყო, ამიტომ გაგრის დაცემის შემდეგ ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დასახლდა. იქაურმა მაცხოვრებლებმა, ლალის მუსიკალური ნიჭის შესახებ რომ გაიგეს, ოჯახს ფორტეპიანო გამოუყვეს. ასევე, ურჩიეს თბილისში ჩასვლა და ბავშვის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედში“ მიყვანა. ამის შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოვიდა და ლალიმ სწორედ ამ სკოლაში დაიწყო სწავლა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მუსიკალურმა მონაცემებმა განსაზღვრა ოჯახის შემდგომი ცხოვრების მიმართულება.
„ნიჭიერთა ათწლედში“ ლალი პედაგოგ ზეინაბ ჩხიკვაძესთან სწავლობს და მეცადინეობას იწყებს კომპოზიციაში მერი დავითაშვილის კლასში. სკოლაში მისი ინტერესებისა და მონაცემების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ათწლედში სწავლის დროს, კომპოზიტორთა კავშირის დარბაზის სცენაზე შესრულდა ლალის ნაწარმოები - ინსტრუმენტული ტრიო ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსების - თათია გვანცელაძის, ქეთევან როინიშვილისა და ავტორის შესრულებით. შემდეგი - სტუდენტობის წლები ლალი საბანაძისთვის შემოქმედებითად დატვირთულია. მისი ნაწარმოებები რეგულარულად სრულდება იმ პერიოდის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლების მიერ. ლალი აღნიშნავს „დიდი პატივია, რომ ასეთი მუსიკოსები ასრულებდნენ ჩემ ნაწარმოებებს.“ შემსრულებლები მისი თანატოლები იყვნენ, რომლებიც ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ თავიანთი მონაცემებით, დღეისთვის კი საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები არიან: პიანისტები - ირმა გიგანი, სალომე ჟორდანია, მომღერლები - სალომე ჯიქია, მიხეილ შეშაბერიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ალუდა თოდუა, საორკესტრო საკრავების მიმართულებიდან მევიოლინე თათია გვანცელაძე, ჩელისტი ქეთევან როინიშვილი, დასარტყამ საკრავებზე შემსრულებელი ია გიგუაშვილი. ამ კონცერტებში, ძირითადად, ლალიც მათთან ერთად იყო სცენაზე, როგორც პიანისტი.
კონსერვატორიაში ლალი საბანაძე პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის კლასში ეუფლება კომპოზიციის ხელოვნებას. ამავე დროს, პროფესორ ნოდარ მამისაშვილთან გადის დისციპლინას „თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკა“, რაც მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ახალ ჰორიზონტს ხსნის. ამ პერიოდიდან მისი, 2011 წ. შექმნილი ორი კომპოზიცია „კოსმოსი“ და „ERTTI“ უნდა გამოიყოს, სადაც ატმოსფერულ-სივრცით სფეროს და განსაკუთრებული ჟღერადობა იქმნება ციფრული (MIDI) ჩანაწერების პროგრამის ხმების, ქარის ხმის აუდიო ჩანაწერებით. ამავე პერიოდში, კონსერვატორიაში სწავლისას გაიცნო ლალიმ თავისი მომავალი მეუღლე - მომღერალი ლევან აბუთიძე, მალევე დაქორწინდნენ. ჰყავთ ორი შვილი - 10 წლის ელენე და 1 წლის გაბრიელი.
2014 წ. ლალი პირველად ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფესტივალზე. მეორედაც მოუწია ჩასვლა კონკურსზე. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ცოლ-ქმარმა იქ, კერძოდ, ნიუ-იორკში დაიწყო ცხოვრება. ახლა მუშაობს აშშ–ში დაფუძნებულ ქართული კულტურის პირველ ცენტრში “მოცეკვავე წეროები”, მღერის ქალთა ტრიოში „მაგნოლია“.
გამოვყოფთ მის მონაწილეობას „ხუთი ქართველი კომპოზიტორის ახალი მუსიკის” პროექტში. ამ ნაწარმოებზე მუშაობისას ამოუტივტივდა მელოდია, რომელიც დედის გარდაცვალების გაგების შემდეგ სიმღერასავით ჩაესმოდა, თუმცა ამ მელოდიას ვერაფრით ურჩევდა ლიტერატურულ ტექსტს. პროექტზე მუშაობისას კი ახალი იდეა დაებადა და მელოდია ფლეიტას მისცა. „ტკბილია დედის იავნანა“ მეტროპოლიტენ ოპერის ორკესტრის წევრმა, ფლეიტისტმა Maron Khoury-მ, ხოლო ფორტეპიანოს პარტია ავტორმა შეასრულეს ნიუ-იორკში, The DiMenna Center for Classical Music[1].
ლალი საბანაძის ბიოგრაფია ქართლ და ამერიკულ პერიოდებად ორ დიდ ნაწილადაა გაყოფილი. უმნიშვნელოვანესია, რომ ლალი დღესაც მთლიანად მუსიკის სამყაროში რჩება და ინარჩუნებს შემოქმედებით მუხტს. კომპოზიტორ ქალთა დიდი ნაწილის მსგავსად, ლალიც ახერხებს, გააერთიანოს პედაგოგიური, საკომპოზიტორო და საკონცერტო მოღვაწეობა. როგორც თავისი კარიერის თბილისურ პერიოდში, ლალი დღესაც გვევლინება თავისი შემოქმედების შემსრულებლის ამპლუაშიც, როგორც კონცერტმაისტერი და ანსამბლის წევრი. ლალი საბანაძის მოღვაწეობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში გალობა და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელობა. 2019 წლიდან ლალი წმინდა ნინოს ტაძრის რეგენტია. ამავე 2019 წ. დააარსა ნიუ-იორკში „ლალი საბანაძის საავტორო მუსიკალური სკოლა“, რომლის დამფუძნებელი და პედაგოგია დღემდე (ვოკალი, ფორტეპიანო); მოსწავლეები ასრულებენ ლალი საბანაძის მუსიკას, რომელიც ქართული ინტონაციებით, საცეკვაო რიტმებით არის გაჯერებული და ხშირად მასთან ერთად გამოდიან სცენაზე. ლალი ამგვარად მონაწილეობს ქართველი ბავშვების აღზრდაში. და ამერიკაში ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიებების უცვლელი მონაწილეა.
რუსუდან თაყაიშვილი
2026.06.05.
[1] 2011 წ. საგანგებოდ კლასიკური მუსიკისთვის შექმნილი აკუსტიკური სარეპეტიციო და საკონცერტო სივრცე ნიუ-იორკში.