მზისავარ (მზია) დიაკვნიშვილი
მზია დიაკვნიშვილი მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. მამა, ზაქარია დიაკვნიშვილი იყო მევიოლინე, მუსიკის თეორეტიკოსი. ერთი პერიოდი სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. ომის დაწყების შემდეგ ოჯახი ხონში გადავიდა, სადაც ზაქარია დიაკვნიშვილი, ჯერ პედაგოგიურ სასწავლებელში ასწავლიდა, სამუსიკო სკოლის გახსნის შემდეგ კი მის დირექტორად დაინიშნა. აქვე გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა. როდესაც მის მშობლიურ დუშეთში სამუსიკო სკოლა გაიხსნა, ის მიიწვიეს დირექტორად და პედაგოგად. სიცოცხლის ბოლომდე აქ მუშაობდა. დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სწორედ ამიტომ ეს სკოლა მის სახელს ატარებს.
დედა - სოფიო ფარცვანია, სპეციალობით ეკონომისტი იყო, თუმცა არ მუშაობდა და მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა.
მამის კვალს გაჰყვა სამივე შვილი, სამივემ დაამთავრა კონსერვატორია: უფროსი, მზია - პიანისტი, კომპოზიტორი გახდა; გოგი დიაკვნიშვილი საყვირზე უკავდა, დუშეთის სამუსიკო სკოლის პედაგოგი იყო. აქვე ჩამოაყალიბა საესტრადო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. ის დღესაც დუშეთში ცხოვრობს; უმცროსი ძმა ბადური კლარნეტისტი, აქტიურად იყო ჩაბმული თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაში: იყო კონსერვატორიის სიმებიანი მიმართულების დეკანი, ასოცირებული პროფესორი; უკრავდა ოპერისა და სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებში; ეწეოდა სოლო საშემსრულებლო მოღვაწეობას. არაერთი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო. მათ შორის, რა თქმა უნდა უკრავდა დის, მზიას ნაწარმოებებს. სწორედ მას დაუწერა კომპოზიტორმა საკლარნეტო სონატები. სამწუხაროდ, ნოტები არ იძებნება.
მზია დიაკვნიშვილმა პატარაობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი. მართალია, ოჯახს რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მაგრამ ის, მუსიკას თავს არ ანებებდა. ჯერ ხონის, (მაშინდელი წულუკიძის) სამუსიკო სკოლაში მეცადინეობდა ფორტეპიანოზე, შემდეგ იმავე სპეციალობით ქუთაისის მეშვიდე სამუსიკო სკოლაში. ქუთაისშივე გააგრძელა სწავლა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში (პედაგოგები ც. კარგარეთელი და ე. კალანდაძე). თანდათან კომპოზიციის ნიჭმა იმძლავრა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად უკრავდა, კონსერვატორიაში სწავლა საკომპოზიციო ფაკულტეტზე განაგრძო. ის გამოჩენილი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის კლასში ჩაირიცხა.
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშივე გამოავლინა კარგი საკომპოზიტორო უნარ ჩვევები. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სტუდენტურ კონცერტებზე. მაგალითად, 1959 წელს დაწერილი პირველი საფორტეპიანო სონატა, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, თავად დაუკრა. 1962 წელს კი მისი სიმფონიური პოემა „ზოია“ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შეასრულა საქტელერადიოს სიმფონიურმა ორკესტრმა რომელსაც დირიჟორობდა რევაზ ხურცილავა. ეს ნაწარმოები გმირ ქალ ზოია რუხაძეს მიეძღვნა. ამავე წელს კონსერვატორიის მცირე დარბაზში მისი მეორე საფორტეპიანო სონატა შეასრულა მირა ფიზიცკაიამ.
ისე მოხდა, რომ მზია დიაკვნიშვილმა ყველა დამამთავრებელი გამოცდა ჩააბარა 1961 წელს, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო, დიპლომის დაცვა ვერ შეძლო. ორი წლის შემდეგ მან თხოვნით მიმართა კონსერვატორიის ხელმძღვანელობას გასულიყო დამამთავრებელ, სახელმწიფო გამოცდაზე. ამავე მიზნით დაწერა განცხადება მზიას პროფესორმა ალექსი მაჭავარიანმა. თანხმობის შემდეგ, 1963 წლის ივნისში კომპოზიტორმა სამი ნაწარმოები წარუდგინა კომისიას. ესენია, მეორე საფორტეპიანო სონატა, საფორტეპიანო პიესების ციკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ და სიმფონიური პოემა „ზოია“, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ლექსის, „მესაფლავეს“ მიხედვით შეიქმნა.
ალექსი მაჭავარიანის სარეკომენდაციო წერილში სამივე ნაწარმოებია გარჩეული და დასკვნაში ის წერს: ნამუშევრებში მზია დიაკვნიშვილმა, თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინა. ის კარგად ფლობს ფაქტურას, შეუძლია განვითარება, როგორც ინტონაციურად, ისე ჰარმონიულად და ფაქტურულად. შეუძლია მუსიკალური ხასიათების შექმნა, რაც ჩანს საფორტეპიანო მინიატურებში „რწყილი და ჭიანჭველა“. წარმოდგენილი ნაწარმოებებიდან საუკეთესოდ მიმაჩნია სიმფონიური პოემა „ზოია“. ის ცოდნითაა ორკესტრირებული. პარტიტურაში ჩანს, რომ დიპლომის ავტორმა კარგად იცის ორკესტრირების პრინციპები და ერკვევა პარტიტურაში.“
დიპლომის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. მას მიენიჭა კომპოზიტორის და მუსიკის თეორიული დისციპლინების პედაგოგის კვალიფიკაცია.
ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, ის დუშეთის სამუსიკო სკოლაში მუშაობდა ფორტეპიანოს პედაგოგად. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგაც პედაგოგიური საქმიანობას ეწეოდა ჯერ დუშეთში, შემდეგ კი თბილისში, დიმიტრი არაყიშვილის სახ. პირველი სამუსიკო სასწავლებელში, სავალდებულო ფორტეპიანოს და თეორიული საგნების პედაგოგად. მზია დიაკვნიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაში. 1966 წელს გახდა კომპოზიტორთა კავშირის წევრი. მუდმივად სრულდებოდა მისი ნაწარმოებები კავშირის პლენუმების, თუ ჩვეულებრივ აკადემიური მუსიკის კონცერტებზე.
კომპოზიტორი აგრძელებს მოღვაწეობას მისთვის ახლობელ საფორტეპიანო მუსიკაში, თუმცა არეალი ფართოვდება. 60-იანი წლების ბოლოს იწერება 6 პიესა, პრელუდია ფორტეპიანოსათვის, „პატარა სიუიტა“ სიმებიანი ორკესტრისათვის, მუსიკა სიმებიანი კვარტეტისათვის.
70-იან წლებში შეიქმნა „ლირიკული სიუიტა“ მეცო-სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეასრულა ელზა გარსევანიშვილმა საქტელერადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ნაწარმოებს დირიჟორობდა სპარტაკ კორკოტაშვილი. საერთოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მზია დიაკვნიშვილის თანამშრომლობა საქტელერადიოს კოლექტივებთან. ფონდმა შემოინახა მისი, როგორ მცირე, ისე დიდი ფორმის არაერთი ნაწარმოები.
ამავე პერიოდში შეიქმნა საბავშვო სიმღერების ციკლი ხალხურ ლექსებზე. გალაკტიონის პოეზიას მიმართა ციკლში „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, რომელიც სამი სიმღერისგან შედგება. მისი პირველი შემსრულებელი გახლდათ მერაბ დონაძე, კონცერტმაისტერი მარინა ქურთოშვილი. საფორტეპიანო სონატინა 1973 წელს შეასრულა ნათელა კვირკველიამ კომპოზიტორთა კავშირის მორიგ პლენუმზე. ერთი წლის შემდეგ კი ეს ნაწარმოები პოლონეთშიც გაჟღერდა.
1977 წელს მოსკოველი მსმენელის წინაშე წარსდგა კომპოზიტორი საბავშვო სიმღერების ციკლით. თავად ავტორი უწევდა თანხლებას ლ. როკეტლიშვილს.
მზია დიაკვნიშვილი საესტრადო ჟანრშიც მოღვაწეობდა. ძალიან პოპულარული გახდა მისი „მწყემსური“, ტექსტის ავტორი და შემსრულებელი იყო თემურ ცაგურია. მისივე ტექსტზე დაიწერა „საახალწლო ვალსი“, რომელიც მარინე კახიანმა შეასრულა საქტელერადიოს საესტრადო ორკესტრის თანხლებით, დირიჟორი თენგიზ ჯაიანი. საქტელერადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ჩაიწერა „საგალობელი გელათს“ ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტზე, სოლისტის პარტია შეასრულა ეკა მამალაძემ, დირიჟორობდა გივი აზმაიფარაშვილი. ამავე ჟანრისაა „თოვლის ფანტელი“ და „ფოთოლცვენა“, რომელთა ტექსტის ავტორია გივი ვეფხვაძე. სიმღერა „ვინც მიყვარდა“ დაიწერა მორის ფოცხიშვილის ლექსზე.
80-იან წლებში შექმნილი ნაწარმოებებიდან დავასახელებ რამდენიმეს: „ვაჟკაცის დატირება“ ხალხურ მოტივებზე - სოლისტისა და a capella გუნდისთვის, „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ შექმნილი a capella გუნდისთვის, ტერენტი გრანელის ტექსტზე, საფორტეპიანო კონცერტი.
1988 წელს გამოიცა „ხუთი საფორტეპიანო პიესა“, რომელიც ჩაიწერა საქართველოს რადიოში. შემსრულებელი კომპოზიტორის მეგობარი და მისი არაერთი ნაწარმოების ჩინებული შემსრულებელი ნათელა კვირკველია.
მზია დიაკვნიშვილი გარდაიცვალა თბილისში 2012 წლის 17 ივნისს, დაკრძალულია ქალაქ დუშეთში.
მარიამ ჩიჯავაძე
2026.06.05.