მარინე ნიკურაძე
მარინე ნიკურაძემ საკომპოზიტორო ასპარეზზე გამოსვლისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი და იმედები აღძრა ...
მარინე ნიკურაძე დაიბადა 1956 წლის 5 ნოემბერს, სენაკში, მათემატიკოსების ოჯახში. უჩვეულოდ დაიწყო მისი ბავშვობა. ორი წლის ასაკიდან თავისი სიმღერით უკვე იქცევდა გარშემომყოფთა ყურადღებას. სამი წლისა ფორტეპიანოზე უკრავდა, რასაც სერიოზული რეაქცია მოჰყვა მათი ოჯახის ხშირი სტუმრების, მუსიკალური სკოლის პედაგოგებისა და განსაკუთრებით დირექტორის - ბ. ჩიხლაძის მხრიდან. ამ ასაკიდან უკვე სენაკის თეატრი სცენაზე გამოჰყავდათ და აკვრევინებდნენ, როგორც ფენომენალურ ბავშვს, ვუნდერკინდს. მასზე დაიწერა კიდეც გაზეთ „კოლხეთში“ (ლიტ.5). ხუთის რომ შესრულდა, სენაკის მუსიკალური სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ თბილისში სერიოზული მუსიკოსებისთვის ეჩვენებინათ. კიდეც ჩამოიყვანა მარინე დედასთან ერთად და წარუდგინა ცნობილ დირიჟორს, ვახტანგ ფალიაშვილს, რომელსაც მოსმენის შემდეგ აუჩნდა სურვილი სხვებისთვისაც გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილება, მყისვე შეკრიბა პედაგოგები და სტუდენტები და კონსერვატორიის მცირე დარბაზში სახელდახელო კონცერტი მოუწყო. შემდეგ ვ. ფალიაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ამ ბავშვის გადმოყვანა თბილისში, ვინაიდან სენაკში ვერ განვითარდებოდა. ისიც შესთავაზა, თუ ოჯახს არ ექნებოდა აქ გადმოსვლის საშუალება, მაშინ დაეტოვებინათ მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში, სადაც სათანადო მზრუნველობის ქვეშ იქნებოდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა (მშობლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს იმ მიზეზით, რომ სუსტი ჯანმრთელობის გამო ბავშვს ვერ დატოვებდნენ).
1963 წელს 7 წლის მარინე შეიყვანეს სენაკის მუსიკალურ სკოლაში. ვინაიდან მარტივი ნაწარმოების ერთი მოსმენით დაკვრა შეეძლო, ჯიუტობდა და ნოტებს არ სწავლობდა. მხოლოდ მეექვსე კლასიდან, როდესაც პროგრამა გართულდა, მაშინ ისწავლა ნოტების კითხვა. სკოლაშიც საუკეთესო მოსწავლე, ფრიადოსანი იყო, ერთ ხანს, საერთოდ, მუსიკისათვის თავის დანებება მოინდომა. ამ დროს სენაკში გამოჩნდა ცნობილი ლოტბარი პ. ბოჯგუა, რომელმაც სწორედ მაშინ გახსნა იქ მუსიკალური ათწლედი. მან გამოიჩინა ინიციატივა და მარინე დაიყოლია მათ სკოლაში გადასვლაზე, ფოთიდან ჩამოსული ცნობილი პედაგოგის, ა. მეტაქსას კლასში. ამ პერიოდში მარინეს სიმღერების შეთხზვის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ ფორტეპიანოს მასწავლებელი ეწინააღმდეგებოდა, თვლიდა, რომ პიანისტის კარიერაზე უნდა ეფიქრა და ეს ხელს შეუშლიდა. მარინემ წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლაც და სამუსიკო ათწლედიც, საბოლოოდ გადაწყვიტა კონსერვატორიაში ჩაბარება. საკმაოდ კარგადაც მოემზადა, მაგრამ ზუსტად იმ წელს და მხოლოდ ერთადერთხელ ჩატარდა სპეციალობის, ფორტეპიანოს გამოცდა განსხვავებული ფორმით, აბიტურიენტი უკრავდა ფარდის უკან, განმარტოებულად, რამაც საკონცერტო სცენას მიჩვეული მარინე ისე დათრგუნა, რომ, ფაქტობრივად, ვერ დაუკრა, ვერ ჩააბარა.
1973-75 წლებში სენაკის მუსიკალურ ათწლედში იმუშავა ფორტეპიანოს პედაგოგად. შემდეგ უკვე მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე შესვლისათვის შეუდგა მზადებას. ერთ-ერთმა თეორიული საგნის პედაგოგმა დაინახა რა მასში იმპროვიზაციის ნიჭი, ურჩია, საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ეფიქრა და აუცილებლად დავით თორაძისთვის მიემართა.
დავით თორაძესთან მისვლა ისეთ დროს შეძლეს, როდესაც გამოცდამდე სამი თვე იყო დარჩენილი. მისგან ასეთი პასუხი მიიღეს, რომ მარინეს მონაცემებით შესაძლებელი იქნებოდა, სულ მოკლე ხანში, ნულიდან დაწყებით, საგამოცდოდ მომზადებულიყო. სამეცადინოდ მის სტუდენტს, კომპოზიტორ ელიზბარ ლომდარიძეს მიაბარა, დროდადრო კი თავად უწევდა კონსულტაციას. მისაღებ გამოცდაზე საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. 1975 წელს ჩაირიცხა თსკ-ის საკომპოზიციო ფაკულტეტზე, დ. თორაძის კლასში. ამ დღიდან მოყოლებული დ. თორაძე გახდა მისთვის არამხოლოდ პედაგოგი, არამედ მისი შემოქმედებითი მიზნების ინსპირატორი, გზის გამკვალავი, საყრდენი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მასტიმულირებელი.
მ. ნიკურაძემ I კურსზე (1976) დაწერა ვოკალური ციკლი „მეგრული რვეული“ (შედგებოდა ხუთი პიესისაგან: „სი ქოული ბატა“, „ართი ვარდი“, „ჩელა“, „ერეხელი“, „ზარი“)მეგრულ ხალხურ ტექსტზე. ციკლი აჟღერდა თსკ-ში, ორივე - ვოკალისა და ფორტეპიანოს პარტიას ავტორი ასრულებდა. ნაწარმოები ერთი წლის შემდეგ (1977) შესრულდა მოსკოვში, სტუდენტ-კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე, რაშიც ავტორს II პრემია მიანიჭეს (ლიტ. 9, 10).
II კურსზე კვლავ შექმნა ვოკალური ციკლი - ლირიკული სტროფები ბესიკ გაბაშვილის ლექსის „ტანო-ტატანოს“ მიხედვით (ასევე ხუთი პიესისაგან შემდგარი). ეს ციკლი აჟღერდა თსკ-ში, აქაც ვოკალისა და ფორტეპიანოს პარტიას ავტორი ასრულებდა. ეს ნაწარმოებიც ერთი წლის შემდეგ (1978) შესრულდა ერევანში სტუდენტ-კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე, ამჯერად მ. ნიკურაძე I პრემიით დაჯილდოვდა (ლიტ. 9, 10).
მარინეს სტუდენტური ცხოვრება აღსავსე იყო წარმატებებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მძიმე პირობები ჰქონდა. არ გააჩნდა თბილისში ბინა, მუდმივად უწევდა საცხოვრებლის გამოცვლა, ხშირად მისთვის ინსტრუმენტის პრობლემაც დგებოდა დღის წესრიგში. IV კურსზე აკადემიურიც აიღო და საერთოდ გამოეთიშა მუსიკას. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყურადღების ცენტრში იყო, რასაც მისი პედაგოგის, დ. თორაძის დამსახურებად მიიჩნევს.
1981 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა კონსერვატორია, სადიპლომოდ წარმოადგინა ვოკალური ციკლი „ტანო-ტატანო“ და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. მისი რეცენზენტი გახლდათ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, რომელიც წერდა: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა კომპოზიტორის ნიჭიერება, რაც მკაფიოდ შეიგრძნობა ორივე ნაწარმოებში.... ვოკალური ციკლის განწყობილება პოეტურია, ფორტეპიანო ბუნებრივად ერწყმის ვოკალურ პარტიას. საინტერესოა მისი ჰარმონიული ენა. ყურადღებას იქცევს ნაწარმოების ინტონაციური მხარე. მისი მელოდიური განვითარება ხდება ბუნებრივად, ზოგიერთ ეპიზოდში ორიგინალურად. ნაწარმოები მთლიანია და დასრულებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. სავიოლინო კონცერტი მიმაჩნია კომპოზიტორის წარმატებად. მისი მუსიკა გამოირჩევა კარგი გემოვნებით, ოსტატობითა და არტისტიზმით. კარგად არის გამოყენებული ვიოლინო. კომპოზიტორი გრძნობს ორკესტრის პალიტრას და ბუნებრივად უხამებს სოლო ინსტრუმენტს სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობას. ახალგაზრდა კომპოზიტორი კარგად ანვითარებს მუსიკალურ მასალას. პარტიტურა შესრულებულია პროფესიულ დონეზე. იგი სტილისტურად მთლიანია“ (ლიტ. 3).
სავიოლინო კონცერტი შესრულდა საკავშირო კონკურსზე, მოსკოვში, მიიღო II პრემია (ლიტ. 1).
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1981-1983 წლებში მ. ნიკურაძე თსკ-ის გოგონათა გუნდის (ხელმძღვ. შ. მოსიძე) სოლისტია. ამ გუნდთან ერთად მას მოუწია გასტროლებზე სიარული, სხვადასხვა ქალაქში.
მ. ნიკურაძის სავიოლინო კონცერტი საჯაროდ აჟღერდა საქ. კომპოზიტორთა კავშირის პლენუმის კონცერტზე, 1982 წლის 20 მარტს, ასრულებდნენ: სოლისტი - ალექსანდრე დეტისოვი, საქტელერადიოს სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვადიმ შუბლაძე. ნაწარმოებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, აქედან მოგვყავს ერთ-ერთი, ამონარიდი მუსიკისმცოდნე ნადეჟდა დიმიტრიადის სტატიიდან: „გაგვახარა თავისი შემოქმედებითი მიღწევით ახალგაზრდა კომპოზიტორმა მარინე ნიკურაძემ. მისმა კონცერტმა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის გამოავლინა ავტორის თვითმყოფი ნიჭი, ცოცხალი თემატური მასალის პოვნისა და ორნაწილიანი ციკლის ფარგლებში ლოგიკურად განვითარების უნარი. ნაწარმოები გვიპყრობს გულწრფელობითა და საერთო ემოციური კოლორიტით, მას შეუძლია გაამდიდროს შემსრულებელთა რეპერტუარი“ (ლიტ. 8).
დადგა ნიკურაძის ასპირანტურაში ჩაბარების საკითხი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივში ინახება დახასიათება, რომელიც მოამზადა მარინეს პედაგოგმა, დავით თორაძემ: „...მარინე ნიკურაძემ თავიდანვე ყურადღება მიიქცია, როგორც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ... მისმა ვოკალურმა ციკლებმა „მეგრული სიმღერები“ და „ტანო-ტატანო“ - ფართო მუსიკალური საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ცნობილი საბჭოთა მუსიკოსების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, როგორც პრესაში, ისე სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე. ორივე ნაწარმოები პრემირებულია სტუდენტ-კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსებზე. მისი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარია, ნათელი, მაღალმხატვრული ღირსებებით შემკული მუსიკალური ქმნილებაა. ამ ნაწარმოებებში უხვად გამოვლინდა ახალგაზრდა მზარდი კომპოზიტორის ხალასი ნიჭი და ფართო შესაძლებლობანი...
მარინე ნიკურაძე დიდი შესაძლებლობების მქონე პერსპექტიული ახალგაზრდა კომპოზიტორია. მას გააჩნია უნარი ფართოდ გაშალოს მუსიკალური მოღვაწეობა“ (ლიტ. 3).
1981 წელს მარინე ნიკურაძემ ჩააბარა თსკ-ში საკომპოზიციო კათედრაზე ასისტენტ-სტაჟიორად.
1981-83 წლებში მ. ნიკურაძე წერს კვინტეტს ჩასაბერი საკრავებისთვის, საფორტეპიანო, მათ შორის საბავშვო ციკლებს, კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს (ლიტ. 10).
1983 წელს კომპოზიტორთა კავშირში მიიღეს ჯერ კიდევ ასპირანტურის სტუდენტი,
ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, 1983 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა მისი პედაგოგი დავით თორაძე, რაც დიდი ტრავმა იყო ყველა მისი მოსწავლისათვის, ხოლო მარინე ნიკურაძისთვის ეს იქცა მოუნელებელ ტკივილად. მისი თქმით იქ გაჩერდა მისი ნამდვილი ცხოვრება... (ლიტ. 1).
1984-1991 წლებში მ. ნიკურაძე მუშაობს საქ. კინოსტუდიაში დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეში“ მუსიკალურ გამფორმებლად. მისი სიტყვებით - შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელებაში იმოქმედა 90-იანი წლების საერთო პოლიტიკურმა მდგომარეობამ, რამაც არამარტო მისი, არამედ მრავალი ახალგაზრდის მომავალი შეიწირა, მაგრამ მას მაინც ჰქონდა ცალკეული მცდელობა (ლიტ. 1). ამ პერიოდში ძირითადად წერს სიმღერებს, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა „საახალწლო სიმღერამ“ მ. ფოცხიშვილის ტექსტზე, რომელსაც ასრულებდა თემურ თათარაშვილი ავტორთან ერთად. ეს სიმღერა წლების განმავლობაში ჟღერდა ტელეეკრანიდან. აგრეთვე, „მოლოდინი“ ეკა კვალიაშვილის შესრულებით (ლიტ. 11). ამ პერიოდში მარინეს შეეძინა შვილი, რასაც სიხარულთან ერთად შემოქმედებითი ცხოვრების შეფერხებაც მოჰყვა. მას სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, გაუგრძელდა შემოქმედებითი პაუზა. მისი სიტყვებით - დღევანდელი მისი ცხოვრება მისი არ არის. განიცდის, რომ შეწყვიტა მუსიკის შექმნა. მისი ერთადერთი სურვილია, რომ ერთი-ორი ნაწარმოები მაინც შესრულდეს ახალი ინტერპრეტაციით და თუკი მოახდენს შთაბეჭდილებას, ჩათვლის, რომ მის ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია (ლიტ. 1).
მიგვაჩნია, რომ მ. ნიკურაძის რამდენიმე ნაწარმოებს წლების შემდეგაც არ დაუკარგავს მხატვრული ღირებულება, რამაც უნდა უბიძგოს ავტორს, კვლავ დაუბრუნდეს იმ სამყაროს, რომელსაც ის დიდ იმედებს უქადდა.
თამარ წულუკიძე
2026.06.05.