ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თეა ჯინორია

#

თეა ჯინორია (ბლიაძე) - კომპოზიტორი, შემსრულებელი (ფორტეპიანო, გალობა), პედაგოგი - დაიბადა 1970 წლის 26 მაისს ქალაქ ქუთაისში. იგი გაიზარდა ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ, ინტელიგენტურ ოჯახში. მისი ბაბუა - გიორგი სამხარაძე (გიასელი) (1910-1982) ცნობილი პოეტი, ფოლკლორისტი, ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი და თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი ბრძანდებოდა. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროისთვის ცნობილი მწერლები და პოეტები, საზოგადო მოღვაწეები. მას ეპატიჟებოდნენ ქალაქის კულტურულ ღონისძიებასა და კონცერტებზე, სადაც ბატონი გიორგი სასურველი საპატიო სტუმარი და მომხსენებელი იყო. იგი დადიოდა ექსპედიციაში, აგროვებდა საინტერესო მასალას და აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი დიქციითა და იუმორით. კომპოზიტორმა გოგი ცაბაძემ მის ლექსზე შექმნა ცნობილი სიმღერა „საქართველო და დედა“. ოჯახის წევრებს ახსოვთ, თუ როგორ გაისმა ბატონი გოგის სატელეფონო ზარი და ბატონ გიორგის ახარა სიმღერის პრემიერა, რომელსაც, მოგვიანებით, თვალცრემლიანი უსმენდა მთელი ოჯახი. აქვე აღსანიშნავია, რომ თეა ჯინორიას რამდენიმე სიმღერა ბაბუას ლექსზე აქვს შექმნილი. 

 

თეას ბებია - გიორგი სამხარაძის მეუღლე, ელენე სიამაშვილი (1915-1985) მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით ბიოლოგი იყო, მუსიკის დიდი მოტრფიალე გახლდათ და არაჩვეულებრივად უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მუსიკალური განათლება მისცა მის შვილებსაც და შვილიშვილებსაც. თეა მან გაზარდა. იყო კარგი შემფასებელი ხელოვნებისა. ყველას დამრიგებელი. ყველა (ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები) ეკითხებოდა აზრს და ისიც არ იშურებდა ჭკვიანურ რჩევა-დარიგებას. როდესაც ბატონ გიორგის ინსულტი დაემართა, თეას ბებიამ მიატოვა სამსახური და ერთგულებით ემსახურებოდა მეუღლესა და ოჯახს.

 

თეას ბებია და ბაბუა (მამის მხრიდან) მშრომელი ადამიანები იყვნენ. ცხოვრობდნენ ბორჯომში. ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე - დაჯილდოებული იყო მედლებით სამშობლოსადმი თავდადებისთვის.

 

თეას მშობლები - მამა, ევგენი ბლიაძე (1938-2021), ტექნიკური უნივერსიტეტის და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, კვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორია, ხოლო დედა, ხათუნა სამხარაძე (1942), ქუთაისის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ლექტორია. 

 

საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ თეას წინაპრებს. ურთიერთ პატივისცემაში და ოჯახზე უზომოდ შეყვარებულებმა არაჩვეულებრივი, კაცთმოყვარე, გულმხურვალე, მორალური ღირებულებების დამფასებელი, პატრიოტი და მოქალაქეობრივი სულისკვეთებით აღსავსე შთამომავლები აღზარდეს.

 

თეა პატარაობიდანვე განსაკუთრებული გარემოცვისა და ყურადღების ცენტრში იყო, რამაც მასზე, როგორც პიანისტისა და კომპოზიტორის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა იქონია. ოჯახის შთამომავლებმა, ვგულისხმობთ თეას და მის დებს - ნათია (1966) და ელენე (ლიკა) (1976) ბლიაძეებს - სამივემ სხვადასხვა სპეციალობა აირჩია. უფროსი ქალიშვილი ბიოლოგის, ხოლო, უმცროსი - გერმანული ენის სპეციალობით დაინტერესდნენ. მხოლოდ თეამ აირჩია სახელოვნებო დარგი. ის რომ მისი მომავალი მუსიკას დაუკავშირდებოდა, რთული განსაჭვრეტი არ იყო იმ ფაქტის მომსწრეთათვის, როდესაც თეა, ჯერ კიდევ წლინახევრის ბავშვს საოცარი უნარი გაუმჟღავნებია - იმ დროს პოპულარული სიმღერა „მიფრინავენ წეროები“, რომელსაც დედა უმღეროდა ხოლმე ძილის წინ, ორივე ხელით დაუკრავს ფორტეპიანოზე, რაც ნაკლებად დასაჯერებელი იყო, თუმცა ამ ფაქტს ოჯახის წევრებთან ერთად, აღნიშნავდნენ იქ მყოფი ბატონი ოთარ ასათიანი (პედიატრი) და მეზობლები.

 

ოჯახის წევრებმა, რომელთა ხელში მოზარდი დღითი დღე უნიკალურ ნიჭს ავლენდა, მისცეს მსვლელობა და ამ მიმართულებით, სხვადასხვა პერიოდში, თეამ პროფესიული მუსიკალური განათლება მიიღო. ჯერ ქ. ქუთაისის მეორე მუსიკალურ სკოლაში, პედაგოგ მზია სანებლიძესთან დაეუფლა ფორტეპიანოზე დაკვრას. პატარაობიდანვე მონაწილეობდა საქალაქო კონცერტებსა თუ მუსიკალურ კონკურსებში. მიიღო არაერი ჯილდო თუ სიგელი. თეას ფორტეპიანოზე სწავლის მნიშვნელოვან წინსვლებზე მეტყველებდა მის მიერ წარმატებით შესრულებული საკონცერტო რეპერტუარი: პირველ კლასში - სილვანსკის კონცერტი; II კლ. - რზაევის კონცერტი; III კლ. - ჰაიდნის D-dur კონცერტი, IV კლ. - მოცარტის N 21 კონცერტი; V კლ. - ბახის საორგანო e-moll კონცერტი; VI კლ. - სენ-სანსის კონცერტი; VII კლ. - გრიგის კონცერტი. ყველა კონცერტს თანხლებას უწევდა ქუთაისის ოპერის სიმფონიური ორკესტრ (დირიჟორები: თ. კობახიძე, რ. ხურცილავა, თ. ჭუმბურიძე). 1979 და 1987 წლებში გამართა 2 სოლო კონცერტი, რომელთა პროგრამა გამოირჩეოდა რთული საშემსრულებლო რეპერტუარით.

 

თეას განსაკუთრებულმა ნიჭმა და მუსიკალურმა მონაცემებმა, მრავალთა მეხსიერებაში დატოვა წარუშლელი კვალი. მისი პირველი პედაგოგი, ქალბატონი მზია სანებლიძე დღესაც განსაკუთრებული ემოციით იხსენებს ნახევარსაუკუნის წინანდელ შთაბეჭდილებას, როდესაც პირველად იხილა მომავალი მუსიკოსი. მზია სანებლიძის მოგონებიდან: „თეა ჩემთვის მარტო მოსწავლე არ ყოფილა. მისმა ბებომ მოიყვანა და გადამრია. ინსტრუმენტს ვერ წვდებოდა. უკრავდა პაწაწუნა თითებით ფეხზე დამდგარი, სიმღერას „ზამთარია, სიცივეა".  ვიყავი განცვიფრებული. იქნებოდა 3-4 წლის. მივხვდი, რომ იყო უნიჭიერესი ბავშვი. 7 წლიდან მისი მუსიკალური აღზრდა რომ მომანდეს - ვიყავი გახარებული. მახარებდა მისი ყოველი მიღწევა და წარმატება შვიდწლედში  სწავლის პერიოდში. სულ პაწაწინამ, მესამე კლასში არაჩვეულებრივად შეასრულა ჰაიდნის რე მაჟორული კონცერტი, რომელსაც ამ პერიოდში, შვიდწლედში, ზოგადად არ უკრავდნენ. შემდეგ ყოველ წელს სულ წინ და წინ მიდიოდა.

ყოველ ნიჭიერ ადამიანთან შეხვედრა, შემხვედრის წინსვლას და განვითარებას იწვევს. იგივე მოხდა ჩვენ შემთხვევაში. მასთან შეხვედრით და მეცადინეობით, ჩემი ზრდაც მოხდა და მადლობელი ვარ ამისთვის მისი.“

 

სწორედ ქალბატონ მზიასგან, რომელმაც პიანისტური სკოლის საძირკველშივე მნიშვნელოვანი ნიადაგი მოუმზადა თეა ჯინორიას, შევიტყვეთ თუ რა მაღალი შეფასებები და მიღწევები ჰქონდა ნორჩ პიანისტს - „როგორც ცნობილია, იმ პერიოდში ტარდებოდა კულტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა დათვალიერება. სწორედ ე.წ. დათვალიერებების შედეგად 1978 წელს თეას პირველი ადგილი მიიღო. კონცერტი ჩატარდა ნიჭიერთა ათწლედში. 1979 წლის დათვალიერებაზე ჯინორია კვლავ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ამჯერად კონცერტი თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა. ამავე წელს თეა ჯინორია მსმენელის წინაშე წარსდგა სოლო კონცერტით, რასაც მოჰყვა საზეიმო განწყობა და დაგვირგვინდა „დიდი ქუთაისური ბანკეტით“. 1982 წელს თეა მხატვრული აკომპანემენტის და ანსამბლის კონკურსზე გრან-პრით დაჯილდოვდა.“

 

1984 წელს თეა ლაურეატი გახდა. საერთაშორისო ფესტივალზე ხუთ დამეგობრებულ რესპუბლიკას შორის, რომელიც ჩატარდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანი), ნომინაციაში „საუკეთესო პიანისტ-შემსრულებელი“ მას გადაეცა უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი მრავალ კონკურსანტს სტუმრობდა და კომპეტენტური ჟიური საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებდა მონაწილეთ. თეამ შეასრულა ს. რახმანინოვის „ელეგია“ და ო. თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონცერტი N3 („ახალგაზრდული“).

 

ქუთაისის მუსიკალურ ათწლედში თეას ფორტეპიანოს პედაგოგი ლედა კანკავა იყო. ამ პერიოდში თეა არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა. თბილისში, ხელოვნების სკოლის დარბაზში, კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონცერტზე, თ. ჯინორიამ თავად შეასრულა მის მიერ შექმნილი „საფორტეპიანო ვარიაციები“ და დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

1976-1987 წლებში თეა ჯინორიამ ისწავლა და წარმატებით დაამთავრა ქ. ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება კი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტი კომპოზიციის განხრით მიიღო. კომპოზიციის საფუძვლებს ეუფლებოდა ჯერ ბატონ ანდრია ბალანჩივაძესთან, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ბატონ ნოდარ მამისაშვილთან. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებში, როგორც პიანისტი და როგორც კომპოზიტორი. მის კურსელ, აწ გარდაცვლილ ლევან შენგელიასთან ერთად შექმნა საფორტეპიანო დუეტი, რომელიც, როგორც კონსერვატორიაში, ისე მუსიკალურ საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ისინი მონაწილეობდნენ კონცერტებსა და სატელევიზიო მარათონში. 1992 წელს კონსერვატორიის მცირე დარბაზში დუეტის სოლო კონცერტი, რომელსაც კლასიკური და პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციის დატვირთვა ჰქონდა, წარმატებით ჩატარდა. დუეტმა საინტერესო პროგრამა წარმოადგინა. საღამოზე გაჟღერდა 4 ხელისთვის მათ მიერ ტრანსპონირებული ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა (ფალიაშვილი, დოლიძე, ცინცაძე, კახიძე, ყანჩელი, გრიგი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ვერდი) ნაწარმოებებზე აგებული რამდენიმე პოპური. ასევე, ქალაქურ სასიმღერო ფოლკლორთან შეზავებული კლასიკის ნიმუშები. განსაკუთრებით იმ დროისთვის, დუეტის გამოჩენა დიდი სტიმულის და სიხარულის მომნიჭებელი იყო.

 

თეა ჯინორიას კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი დაემთხვა მძიმე სამოქალაქო ომს. სწორედ ამ დროს მან მუშაობა დაიწყო მაშინდელ „პიონერთა სასახლეში“ კონცერტმაისტერად (პედაგოგი შურა ჯანელიძე). 

სტუდენტობის სხვადასხვა კურსზე თეამ რამდენიმე ჟანრში შექმნა ნაწარმოებები: საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო ვარიაციები, პიესა ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, საბავშვო საფორტეპიანო პიესები, 3 ნაწილიანი ორატორია შერეული გუნდისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, საბავშვო და საესტრადო სიმღერები.

 

1993 წლის 1 ივლისით დათარიღებულ საბუთში, რომელიც თბილისის კონსერვატორიის არქივში ინახება, აღნიშნულია, რომ თეამ (ბლიაძე) დაამთავრა კონსერვატორია „წარჩინებით“ და გადაეცა დიპლომი სპეციალობებით: კომპოზიტორი, მუს. თეორიული დისციპლინების მასწავლებელი.

ამავე წელს თეამ შექმნა ოჯახი - იქორწინა მალხაზ ჯინორიაზე და 1995 წელს გახდა პირველი ვაჟიშვილის - ნიკოლოზის დედა. 1996 წელს დაიბადა თეას ქალიშვილი - ნინო. ორ წელიწადში (1998) ოჯახს მესამე შვილი - გიორგი შეემატა. ჯინორიების ოჯახში ბავშვებმა დიდი სიხარული შემოიტანეს და თეას შემოქმედების, იმ ნაწილის, რასაც საბავშვო მუსიკის სფერო ჰქვია, ახალი „იმპულსების გენერატორადაც“ მოგვევლინენ.

არაჩვეულებრივი მეუღლე და სანიმუშო დედა - თეა ჯინორია - საოცარი ნიჭიერებით, თავდადებითა და მოღვაწეობით გამოირჩეოდა იმ პერიოდშიც, როდესაც მცირეწლოვანი შვილების აღზრდის პარალელურად პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა.

 

2004 წელს თეამ დაიწყო მოღვაწეობა და თითქმის 17 წელი, 2021 წლამდე, იმუშავა „ჭოხონელიძეების სტუდიაში“, სადაც იყო პედაგოგი, კონცერტმაისტერი (სტუდიის ყველა კონცერტის მონაწილე). ამავდროულად ქმნიდა რეპერტუარს სტუდიის ბავშვებისთვის.

 

2007 წელს თეა ჯინორია საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა. 

 

როგორც კომპოზიტორმა რთულია დაიმსახურო ბავშვების ნდობა, უნდა იცოდე მოზარდის ხმის სპეციფიკა, დიაპაზონი, შესაძლებლობები. თეა ჯინორია განსაკუთრებული კრიტიკით უდგება ბავშვთა და მოზარდებისთვის შექმნილ თანამედროვე სიმღერებს. ამ პრინციპით და მიდგომით გამსჭვალული, თეას შექმნილი აქვს ათობით სასიმღერო რეპერტუარი შემსრულებელთა ასაკის (თემატიკის) შესაბამისად. მას გამორჩეულად უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის სიმღერების და ნაწარმოებების შექმნა.

 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს „თბილისში შშმ პირთა ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრის“ მუსიკის პედაგოგად და მუსთერაპევტად მუშაობის 2005-2024 წლებში თეას მიერ გაწეული ღვაწლი. იყო პარაორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი. იგი ბავშვებისთვის ქმნიდა არანჟირებებს, მორგებულს მათ შესაძლებლობებზე. ორკესტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მრავალ კონცერტსა თუ ტელეგადაცემაში, 2016 წელს სატელევიზიო შოუს - „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტიც გახდა. 

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფართო საზოგადოება კომპოზიტორის შემოქმედებას საავტორო კონცერტებიდან თუ ეცნობა, რის ორგანიზებას, სათანადოდ წარდგენას დიდი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ თანადგომით და თეა ჯინორიას მუსიკისადმი სიყვარულით გამსჭვალული მუსიკალური საზოგადოება არაერთი საავტორო საღამოს მომსწრე გახდა, სადაც ნამდვილ დღესასწაულად გარდაქმნის „მიზეზი“ კომპოზიტორთან ერთად გამხდარან ქართული ესტრადის არაჩვეულებრივი შემსრულებლები, ჯგუფები და ანსამბლები. მათ შორის: „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, „თეატრალები“, „ახალი კვარტეტი“, „ჰანგები“, „ტრიო სიმი“, „ქალთა ვოკალური კვარტეტი“, „ვაჟთა ტრიო“, ,,ოქტავა”. ასევე, მომღერლები: გიორგი აბულაძე, დავით არჩვაძე, აჩიკო ბერიძე, დათო გველესიანი, სოლიკო გოგილაშვილი, გია დავითიანი, მერაბ ვარდოსანიძე, ნუკრი კაპანაძე, ბოკა კვეკვესკირი, სოფო კუჭავა, ლელა მახარობლიძე და გიორგი ვარდანია, მარიამ როინიშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ნათია ქოროღლიშვილი, ლაშა ღლონტი, ნინა ჩხეიძე, ნინი წიკლაური, დათუნა წულუკიძე, თამრიკო და სოფიკო ჭოხონელიძეები და სხვ. თეა ჯინორიას რომანსების და სიმღერების შესრულებისას ქალბატონ თამარ ჭოხონელიძეს, რომელიც თავად არაჩვეულებრივად წარმდგარა კონცერტმაისტერის ამპლუაში არაერთხელ, სხვადასხვა დროს, საფორტეპიანო თანხლება გაუწიეს მუსიკოსებმა გია ბაღაშვილმა და ნიკა ნიკვაშვილმა.

 

თეა ჯინორიას პირველი საავტორო საღამო 2005 წელს შედგა ქალაქ ქუთაისში. მომდევნო, 2006 და 2007 წლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე მიეცა საშუალება სიამოვნება მიეღო განსაკუთრებული სისავსის მელოდიური, ლირიკული ჰანგებით, რომლებიც უხვად არის კომპოზიტორი ქალის შემოქმედებაში.

 

2006 წლის 16 დეკემბერს თეა ჯინორიას შემოქმედებითი საღამო თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში გაიმართა.

 

2007 წლის 27 იანვარს, თეამ კვლავ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან წარუდგინა მშობლიური ქალაქის მესვეურთ მისი რჩეული რეპერტუარი, სადაც თვით ავტორმა გაუწია მომღერალ-შემსრულებლებს საფორტეპიანო თანხლება.

 

2009 წელს თეა ჯინორიამ საგანგებოდ ფესტივალისთვის „მზე-რა“ შექმნა ჰიმნი, რომელიც შესრულდა „ანა-ბანას სტუდიის ბავშვების“ და ანსამბლ „პატარა მოძახილის“ მიერ. სარეპეტიციო პროცესს თავად კომპოზიტორი გაუძღვა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა ფესტივალის დასკვნითი კონცერტით.

 

2017 წლის 8 მაისს ტელეკომპანია „ხარისხის არხის“ ხელმძღვანელობამ, კომპოზიტორ თეა ჯინორიას შემოქმედებითი საღამო თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრის - „მუზას“ საკონცერტო დარბაზში განახორციელა. საღამოს წამყვანი თამრიკო ჭოხონელიძე გახლდათ. კონცერტზე მან აღნიშნა:

„არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ სიტყვას „გამორჩეული“. ჩვენი დღევანდელი საღამოს გმირი ნამდვილად გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით, თავისი მუსიკალურობით, თავისი განათლებით. ... ვფიქრობ რომ ერთი მთავარი გამორჩეულობა აქვს მას. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ისე ცხოვრობს, რომ არ იყოს გამორჩეული. ამიტომაც ვართ აქ დღეს ჩვენ - მე, მისი სამეგობროს ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისმა მეგობრებმა ჩვენ თავზე ავიღეთ, რომ დღეს სცენის მასპინძლები ვიყოთ. თუმცა მთავარი მასპინძელი, რა თქმა უნდა, სიმღერაა. ის სიმღერა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს. და რომელთა ავტორიც გახლავთ თეა ჯინორია. თეა - ქუთაისიდან მოდის. ნამდვილად, დიდი ტრადიციების მქონე ქუთაისია „დამნაშავე“ იმაში, რომ თეა ასეთი ფესვებით მოვიდა მუსიკალურ სამყაროში. მისი გვარი ბლიაძეა და ესეც მისი გამორჩეულობაა, რომ ჩემს თაობაში ნაკლებად მახსოვს ვინმე, ვინც მეუღლის გვარით დადის. ესეც თეას გამორჩეულობაა ასეთი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. ტრადიციული ოჯახიდან არის თავად... საოცარი ოჯახი აქვს თეას (წამყვანი საუბრობს მშობლებზე). მისი მეუღლე, არ შემიძლია არ ვახსენო - მალხაზი, რომელიც ისე უდგას მის მეუღლეს გვერდში, რომ მის გვერდში დგომას, მის მხარდაჭერას ქედი მინდა მოუხარო. საოცრად გამორჩეული ადამიანია. თეა სამი შვილის დედაა, სამი ღირსეული შვილის დედა. ახალი სტატუსიც მოირგო - სიდედრიც გახლავთ და ბებიაც (წლის წინ). ...ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩვენ, ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან იმაში რომ როდესაც ჩვენთან მოდის მუსიკის ავტორი, ძალიან გვენატრება ისეთი ავტორი, რომელიც ნოტით მოდის. რომელიც შენ ენაზე გელაპარაკება. ... ბევრი უხარისხო ჟღერს დღეს. ნიჭიერი ადამიანები ჩრდილში არიან. ამიტომაც ვართ დღეს აქ ჩვენ.

 

თეამ საინტერესო პედაგოგების ხელში გაიარა... კონსერვატორიაში მისი პედაგოგები იყვნენ ანდრია ბალანჩივაძე და ნოდარ მამისაშვილი. მინდა მადლობა ვუთხრა მის პედაგოგებს, რომ ის კიდევ სხვა გვარად გამსჭვალეს და „თხემით ტერფამდე“ ქართველი კომპოზიტორი წარდგება დღეს თქვენს წინაშე. ის მისი უდიდებულესობა მელოდია რომელიც ესე ძალიან გვაკლია დღეს სამყაროში, დღეს გარს შემოგვეხვევა...“

„ქუთაისში იყო ასეთი პოეტი - გიორგი სამხარაძე. ბატონი გიორგი ოცამდე კრებულის ავტორი გახლავთ. 30 წლის მანძილზე ის გახლდათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ფოლკლორისტი, პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. ...ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა - პავლე ინგოროყვა, სერგი ჭილაია, მიხეილ ქვლივიძე და სხვ. სერგეი მიხალკოვი, რომელიც მოსკოვიდან მასთან იყო ხოლმე. ძალიან დიდი არქივია ოჯახში, რომელიც ამ მეგობრობას ასახავს. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა გალაკტიონთან. და ოჯახში ინახება ფოტო, სადაც გალაკტიონი, ბატონი გიორგის ქალიშვილს ასეირნებს ბაღში. ბევრი ფოტო ინახება, რომელიც დიდი რელიკვიაა ოჯახისთვის. 1947 წელს, როდესაც მან (გალაკტიონმა) დაწერა ნიკორწმინდა, ბატონ გიორგის და მის მეუღლეს წაუკითხა პირველად, ეს ცნობილი ფაქტია. ბატონი გიორგი, თეას დედის მამა გახლავთ. კიდევ სხვა ძირები აქვს თეას...“

 

საავტორო საღამოზე შესრულდა თეა ჯინორიას რომანსები და სიმღერები სოლო, დუეტი, ტრიო და კვარტეტის შემადგენლობისთვის. ჟღერდა თეას არაჩვეულებრივი მუსიკა. საგანგებოდ შერჩეულ რეპერტუარში შევიდა, უკვე ჰიტებად ქცეულ სიმღერებთან ერთად, ახლად შექმნილი ვოკალური თხზულებები, რომლებიც ისეთივე სიყვარულით მიიღო მსმენელმა, როგორც თეას უკვე პოპულარული ქმნილებები. სათაურებიდანვე იგრძნობა, თუ ენერგიის და გრძნობით არის გამსჭვალული თითოეული საკონცერტო ნომერი: „მე სიყვარულმა ამრია“, „ეს თბილისი“, „მენატრები“, „იქნებ დაბრუნდე“, „ფიქრის გორა“, „კოცნების ზღვა“, „იქნებ გაგასწრო, იქნებ გამასწრო“, „ისევ განშორება“, „მხოლოდ გინატრე“, „ვარსკვლავთცვენა“, „რატომ არ მოდიოდი“, „ახალ მთვარეს თუ გიყვარდი“, „Твои уста“ (შენი ბაგენი), „Жди меня“ (დამელოდე), „Ты меня не любишь“ (არ გიყვარვარ), „Любовь“ (სიყვარული), „უშენოდ ძნელია“.

 

კონცერტის დასასრულს სცენაზე გამოვიდა ყველა მონაწილე, რომელთა შესრულებით გაჟღერდა არაჩვეულებრივი „სიმღერა თბილისზე“. სოლისტებთან ერთად თავად კომპოზიტორიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ, მათ შორის კოლეგებმა და საქართველოს მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა, დიდი ოვაციებით და ტაშით დააჯილდოვა საავტორო საღამოს მთავარი გმირი.

 

2019 წელს პროექტ - „ჩვენი ეზოს“ ფარგლებში ჩოხატაურში (გურია) ჩატარდა ერთობლივი კონცერტი დავით არჩვაძესთან ერთად (ორგანიზატორი მარინა თავართქილაძე).

 

შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, 2020 წელს, თეა ჯინორიამ ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში (თბილისი, ჭყონდიდელის ქუჩა) გალობა დაიწყო.

 

2020-2021 სასწავლო წელს თ. ჯინორიამ თბილისი „ილიაუნის“ მასწავლებელთა გადამზადების კურსები წარმატებით გაიარა და მიიღო სერტიფიკატი. მან მალევე, 2022 წელს ქ. თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა, ხოლო, 2025 წლიდან კერძო სკოლა „პეგასის“ მუსიკის პედაგოგი გახდა. იგი საინტერესო მუსიკალური სპექტაკლების დადგმის ორგანიზატორი და განმხორციელებელია. აწყობს კონცერტებს, რისთვისაც საბავშვო სიმღერებს და საგუნდო რეპერტუარს ქმნის. 

თეა მდიდარი ფანტაზიის და კრეატიული ადამიანია. მასთან, როგორც პედაგოგ-მასწავლებელთან ურთიერთობა, მოზარდი თაობის ეფექტურად აღზრდის, განათლების და განვითარების პროცესს ერთიორად ზრდის.

 

კომპოზიტორ თეა ჯინორიას სასიმღერო რეპერტუარი ხშირად ჟღერს სხვადასხვა ესტრადაზე, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ. 2025 წელს მომღერალმა აჩიკო ბერიძემ საბერძნეთის დედაქალაქში, ათენის მარია კალასის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გამართულ ქართული მუსიკის დღეებზე წარმატებით შეასრულა თეას უკვე კარად ცნობილი სიმღერა „თვალს მომდგარი ცრემლები“ შექმნილი პოეტ ნათელა ტურაბელიძის ლექსზე. მომღერალს, რომლის შესრულებამ დიდი სიამოვნება მიჰგვარა მსმენელს, აჭარის სიმფონიური ორკესტრი უწევდა თანხლებას მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით.

 

თეას მეუღლე - მალხაზ ჯინორია, სპეციალობით ინჟინერი, მუსიკის დიდი მოყვარულია. ბატონი მალხაზი კომპოზიტორის „პიარმენეჯერი“, ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის მცოდნე და მფლობელი, გულმხურვალე თაყვანისმცემელია. მის მეხსიერებაშია თეას შემოქმედების ძირითადი მასალა. და თუ რაიმე მივიწყებას მიეცემა, პირადი მობილურის მონაცემთა ბაზიდან უმალ ინფორმირებას აწვდის დაინტერესებულთ.

დღესდღეობით, თეა და მალხაზ ჯინორიებს ჰყავთ 3 შვილი და 2 შვილიშვილი. უფროსს ვაჟიშვილს, ნიკოლოზს (1995) ჰყავს 5 წლის ქალიშვილი - ევა. ნინოს (1996) ვაჟი - იოანე, უკვე 9 წლის არის და ბებია-ბაბუის თბილ გარემოცვაში იზრდება. იგი წარჩინებული მოსწავლეა და სანიმუშო წარმატებებს აღწევს სპორტში. უმცროსი ვაჟი, რომელსაც, დიდი ბაბუის პატივსაცემად, გიორგი (1998) ჰქვია, ჯერ არ დაოჯახებულა.

 

თეა ჯინორიას შემოქმედების ძირითადი სფერო სასიმღერო ჟანრებია. მის ვოკალურ ნაწარმოებებს, საესტრადო სიმღერებს და საბავშვო რეპერტუარს კომპოზიტორი სათუთად უსადაგებს ლექსებს, რომელთა ავტორები არიან პოეტები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ლადო ასათიანი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ჭიჭინაძე, ფრიდონ ხალვაში, ხუტა ბერულავა, ნოდარ დუმბაძე, ლილი ნუცუბიძე, სოფო ბარამიძე, მაკა ბლიაძე, ნატო გელაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, ლერი იაშვილი, პაველ კატენინი, მირა ლუხვიცკაია, ირმა მებურიშვილი, ლიდია მეგრელიძე, ნიკოლაი ოგაროვი, ვასილი ჟუკოვსკი, თაკო რამიშვილი, იულია სადოვსკაია, დიმირი სარტინსკი-ბეი, კონსტანტინე სიმონოვი, სალომე სულაბერიძე, ნათელა ტურაბელიძე, მორის ფოცხიშვილი, ცირა ქიტიაშვილი, ჯუბა ღებელი, გრიგოლ ცეცხლაძე, ნანა ცინცაძე, იზა ჭიკაიძე.

 

აღსანიშნავია, რომ თემატიკა, რომლითაც გამოირჩევა კომპოზიტორ თეა ჯინორიას შემოქმედება, ძირითადად ადამიანთა მიმართ დიდი სიყვარულის და სითბოს გამომხატველია, რასაც ამშვენებს „თეასეული“ მელოდიზმი და მდიდარი ჰარმონიული ქარგა. მას შექმნილი აქვს ნაწარმოებები სხვადასხვა ჟანრში: კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო საბავშვო და საესტრადო მუსიკა. თეას საესტრადო სიმღერებზე გადაღებულია კლიპები და ვიდეო რგოლები.

 

გულითადად ვუსურვებთ კომპოზიტორ თეა ჯინორიას წარმატებებს შემოქმედებით გზაზე.

 

 

ლელა მაქარაშვილი

2026.05.20.