რუსუდან თოხაძე
რუსუდან თოხაძე (1927-2001)
რუსუდან თოხაძე - კომპოზიტორი, რომლის შემოქმედება უნდა იწვევდეს არამხოლოდ პროფესიონალთა, არამედ მუსიკის მოყვარულთა ფართო წრის ინტერესს. კომპოზიტორის მუსიკალური მემკვიდრეობის ჩამონათვალი ასახავს მაღალ მიზნებს, მასშტაბურობას, ასევე ავტორის კონცეპტუალურ ხედვას, მარადიულ, ჰუმანისტურ საკითხებთან შეხების სურვილს.
რუსუდან თოხაძე დაიბადა 1927 წლის 29 იანვარს, თბილისში. მისი მამა - ვლადიმერ თოხაძე გახლდათ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა საბჭოს თავმჯდომარე, დედა - ქეთევან ხომერიკი, თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი. რუსუდანი 1934 წელს თბილისის მე-2 ქალთა სკოლის მოსწავლე ხდება. პატარაობიდან ამჟღავნებდა განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ პარალელურად შეიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. ოჯახური გარემო მასში ბავშვობიდანვე აღვივებს სამედიცინო დარგისადმი ინტერესს, ამიტომაც 1944 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე შედის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. ამავე დროს მუსიკით გატაცებაც სულ უფრო და უფრო ძლიერად იჩენს მასში თავს, სულ უფრო მეტად უჩნდება მუსიკის შეთხზვის სურვილი, რაც მიაღებინებს გადაწყვეტილებას ჩააბაროს დ. არაყიშვილის სახ. I მუსიკალურ სასწავლებელში, აქ ის კომპოზიციას გადის გამოჩენილ კომპოზიტორ შალვა მშველიძესთან.
1951 წელს რ. თოხაძე ამთავრებს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტს და შედის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანდრია ბალანჩივაძის კლასში. თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მან შექმნა შემდეგი ნაწარმოებები: ორი რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მიხედვით, რომანსები ხმისა და ფორტეპიანოსათვის ირაკლი აბაშიძის, იოსებ ნონეშვილის ლექსების მიხედვით; აგრეთვე კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: ექვსი ქორალური პრელუდია ფორტეპიანოსათვის, მელოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (ეს ნაწარმოებები ათეული წლების შემდეგ გამოსცა საქმუსინფორმმა), ათი ვარიაცია ფორტეპიანოსათვის, მელოდია ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის და ა.შ. ამ პერიოდში ა. ბალანჩივაძე შემდეგნაირად ახასიათებს თავის სტუდენტს: „რუსუდან თოხაძემ ჩემთან სწავლის ხანმოკლე მანძილზე საგრძნობ წარმატებას მიაღწია. ის საკომპოზიტორო მონაცემებთან ერთად დაჯილდოებულია შრომისუნარიანობით, ხელოვნების ამ დარგისადმი დიდი სიყვარულით, შემოქმედებითი ფანტაზიითა და გემოვნებით. მის ნაწარმოებებში იგრძნობა ეროვნული კოლორიტი, ფორმის შეგრძნება, ორიგინალური ჰარმონიული ენის შექმნისკენ სწრაფვა. ის იძლევა იმედს, რომ მისგან შედგება წარმატებული კომპოზიტორი“ (ლიტ. 8).
რუსუდან თოხაძისათვის ახალგაზრდობიდან დამახასიათებელი იყო მრავალფეროვნებისაკენ ლტოლვა, ამჟღავნებდა პროფესიული უნარების სხვადასხვა გარემოში შეძენის, სხვადასხვა საკომპოზიტორო სკოლასთან შეხების სურვილს, ამიტომაც 1953 წელს მიემგზავრება მოსკოვში და ორი წლის განმავლობაში გაკვეთილებს იღებს ცნობილ კომპოზიტორთან, ბესარიონ შებალინთან, რომელიც განთქმული იყო თავისი საკომპოზიტორო კლასითაც, მისი აღზრდილები იყვნენ: ტიხონ ხრენიკოვი, ბორის ჩაიკოვსკი, ალექსანდრა პახმუტოვა, ედისონ დენისოვი, სოფია გუბაიდულინა და სხვ.
რუსუდანი ახალ გადაწყვეტილებას იღებს და 1955 წელს მიემგზავრება კიევში, სადაც პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. აქ მისი პედაგოგია უკრაინული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ლევ რევუცკი. რევუცკისთან ურთიერთობამ დიდი გავლენა მოახდინა მის პიროვნებაზე. მოკლე ხანში ის ახლოს გაეცნო უკრაინულ ფოლკლორს, ლიტერატურას. შემდგომში მის შემოქმედებაში დიდ ადგილს იკავებს ზოგადად ფოლკლორი და ლიტერატურა, ქართული და უკრაინული თემები ენაცვლება ერთმანეთს.
კიევის კონსერვატორიაში სწავლის წლებში თოხაძემ შექმნა მსხვილი ფორმის ნაწარმოებები, როგორიცა: ვარიაციები ხმისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, კონცერტი ხმისა და ორკესტრისათვის, სიმფონიური პოემა „კავკასიონი“ ტარას შევჩენკოს პოემის მიხედვით. ამ ნაწარმოებით დაინტერესდა ცნობილი დირიჟორი ნათან რახლინი და ეს ქმნილება შეასრულა კიევში, ტ. შევჩენკოს საიუბილეო საღამოზე. ამავე პერიოდში დაწერა სიმფონია N 1.
1956 წელს რ. თოხაძე ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყებს სამუსიკო სკოლაში, სადაც მუშაობს 1961 წლამდე თეორიული საგნების პედაგოგად. ამავე პერიოდში სიახლე ხდება მის პირად ცხოვრებაშიც, ის ქორწინდება რეჟისორ ვლადიმერ მოდებაძეზე. მათ შეეძინათ ქალ-ვაჟი. კომპოზიტორის ორივე შვილმა - ნინო (1957-2021) და მირიან თოხაძეებმა (1959) თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი დაამთავრა.
1961-1966 წლებში რუსუდან თოხაძე მუშაობს კინოსტუდია”ქართულ ფილმში” მუსიკალური რედაქტორის მოადგილედ.
რუსუდან თოხაძის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი სიმფონიურ სფეროს უკავია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი კომპოზიტორი-ქალია, რომელმაც შექმნა სიმფონია. თოხაძე შვიდი სიმფონიის ავტორია. მისი ინდივიდუალური სტილი მესამე სიმფონიიდან გამოვლინდა. ეს ნაწარმოები - სიმფონია პოემაა. მისი პრემიერა ოდესაში 1971 წელს შედა ლესია უკრაინკას 100 წლისთავისადმი საიუბილეო კონცერტზე. მას გულმხურვალედ გამოეხმაურა პრესა ერთ-ერთი რეცენზია თბილისში, გაზეთ „ზარია ვოსტოკაშიც“, დაიბეჭდა, სადაც ავტორი, ე. არსენიშვილი წერდა: „ერთი კვირის წინ ოდესაში შესრულდა კომპოზიტორ რუსუდან თოხაძის სიმფონია-პოემა. იგი დაფუძნებულია ლესია უკრაინკას ცეცხლოვან ლექსებზე, რომელიც აღსავსეა რევოლუციური პათოსით. სიმფონია ხალხის ტანჯვას, ბრძოლას, გამარჯვებას ასახავს. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ნაწარმოები განსაკუთრებით თბილად მიიღო მსმენელ-მაყურებელმა. ეს სიხარული გაიზიარა ავტორმაც და ფილარმონიულმა ორკესტრმა, რომელსაც დირიჟორი იური ალიევი უძღვებოდა. ოდესის ფილარმონიის თანამშრომლებმა და დირექტორმა ვ. სემენოვმა დიდი შრომა გასწიეს ამ კონცერტის პროგრამის უმოკლეს დროში მოსამზადებლად. მსმენელებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას წარმოადგენდა ის, რომ ქართველმა კომპოზიტორმა დაამთავრა კიევის ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია აკადემიკოს ლევ რევუცკის კლასით. ის უკრაინისადმი სიყვარულს მთელ თავის შემოქმედებაში ავლენს. მისი ერთ-ერთი პირველი მსხვილი ფორმის ნაწარმოები „კავკასიონი“ დაწერილია დიდი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს პოემის მიხედვით. ეს ნაწარმოები ცნობილი ორკესტრების რეპერტუარში შევიდა, შესრულდა ბუენოს-აირესშიც“ (ლიტ.12).
1984-87 წლებში კომპოზიტორი ქმნის IV, V, VI სიმფონიებს. მიუხედავად თითოეული ნაწარმოების ურთიერთგანსხვავებული კონცეფციისა, მათ აერთიანებთ გლობალური ზოგადსაკაცობრიო პრობლემების საერთო ფილოსოფიური გააზრება. ამავე პერიოდში კომპოზიტორი ნაყოფიერად მუშაობს კამერულ-ვოკალურ ჟანრში, ქმნის რომანსების ციკლებს გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის ტექსტებზე. წერს აკაპელა გუნდებს, აგრეთვე საგუნდო ნაწარმოებებს ფორტეპიანოს თანხლებით. მის ბოლო სერიოზული შემოქმედებით განაცხადს წარმოადგენს VII სიმფონია.
რ. თოხაძე ნაყოფიერად უთავსებდა ერთმანეთს საკომპოზიტორო მოღვაწეობას და სამეცნიერო შრომას სამედიცინო განხრით. მაგალითად, აღსანიშნავია მისი გამოკვლევა - „სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების ჰიგიენა და ჯანმრთელობა“.
რუსუდან თოხაძე გარდაიცვალა 2001 წელს თბილისში. კომპოზიტორის შემოქმედება სერიოზულ ყურადღებას, შესწავლას იმსახურებს.
თამარ წულუკიძე
2026.06.05.