ქეთევან (კიწი) თუმანიშვილი
ქეთევან თუმანიშვილი დიდი ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები - დიმიტრი თუმანიშვილი და ნინა ჯაფარიძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდნენ, ინჟინრები იყვნენ. მამა, გამოჩენილი ენერგეტიკოსი, 1933 წლიდან ხელმძღვანელობდა ახლად ჩამოყალიბებულ სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრას, რომლის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბებასა და სახელმძღვანელოების შექმნას დიდი ღვაწლი დასდო. მან საკანდიდატო დისერტაცია (1939) უაღრესად აქტუალურ თემაზე - "ტრანსფორმატორების გახურება პირდაპირი მზის სხივებით" დაიცვა, რის შემდეგ დოცენტი გახდა სიცოცხლის და ბოლომდე მიჰყავდა ლექციების კურსი ინსტიტუტში. ამასთან ერთად, დიმიტრი თუმანიშვილი განსაკუთრებული მუსიკალური და სამსახიობო უნარებით გამოირჩეოდა, რისი დასტურიცაა შემდეგი ფაქტი: ბატონმა დიმიტრიმ თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე თავადი ლევანის პარტია შეასრულა ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეში“. ქალბატონი ქეთევანი იხსენებდა სხვათა მონათხრობს: დიმიტრი თუმანიშვილის შესრულება და გარეგნული მონაცემები იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ სპექტაკლის დროს მსმენელები დარბაზიდან მიმართავდნენ ქეთოს, მიეტოვებინა კოტე და თავად ლევანზე გათხოვილიყო.
თუმანიშვილები ცხოვრობდნენ მაშინდელ ყორღანოვის, ამჟამინდელ ლეო ქიაჩელის (მცირე ხნით ვაჟა-ფშაველას) ქუჩაზე, სადაც #22 სახლის მეორე სართული მთლიანად მათ ეკუთვნოდათ. ამავე სახლში ცხოვრობდა ქალბატონი ნინას და ქეთევან ჯაფარიძე ოჯახთან ერთად. ქალბატონი ქეთო (1895-1982) ცნობილი პედაგოგი იყო, ფორტეპიანოს კლასი მიჰყავდა პირველ სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ი. ტრუსკოვსკისთან, 1922-1926 წწ. გაიარა კურსი ბერლინში Maistershule-ში პროფ. მაიერ-მართან. გენეტიკამ და გარემოს ზეგავლენამ შესაბამისად იჩინა თავი ახალგაზრდა თუმანიშვილების პროფესიულ არჩევანში: კიწიმ, როგორც ქეთევან თუმანიშვილს ოჯახში ეძახდნენ და მისმა 6 წლით უმცროსმა ძმამ გივიმ, იგივე გრიგოლმა, საშუალო სკოლისა და I სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარეს. ქეთევანი ორ - საფორტეპიანო და საკომპოზიციო ფაკულტეტზე იწყებს სწავლას გამოჩენილი პედაგოგების ანასტასია ვირსალაძისა და ვალენტინა ტიშენკო-კუფტინას, კომპოზიციის მიმართულებით კი პეტრე რიაზანოვისა და ანდრია ბალანჩივაძის კლასში.
1943 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისას, კომპოზიტორს დიდი პატივი ერგო წილად და მისი შემოქმედებით დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ კონცერტზე შედგა, სადაც ქეთევან თუმანიშვილი ქართული საზოგადოების წინაშე ორ როლში წარსდგა - მან საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა თავისი პირველი საფორტეპიანო კონცერტი. ამ ფაქტის მნიშვნელობას ისიც აძლიერებს, რომ ორკესტრს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი რუსი და საბჭოთა დირიჟორი ალექსანდრ გაუკი, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, 1941-1942 წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ოპერის თეატრში შესრულებული საფორტეპიანო კონცერტი და ამავე, 1943 წელს შექმნილ სიმფონიურ პოემა „გამზრდელი“ ა. წერეთლის პოემის მიხედვით კომპოზიტორ ქ. თუმანიშვილის პირველ ნაწარმოებებადაა მიჩნეული. დასახელებულ კონცერტს #1 მას შემდეგ ეწოდა, როდესაც კომპოზიტორმა მეორე საფორტეპიანო კონცერტი შექმნა.
გრიგოლი, დის მსგავსად, სწავლას იწყებს კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. 2 წლის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს ბიოლოგიის ფაკულტეტზე და ჯგუფში მთელი ცხოვრების მეგზურსა და მუზას, ქეთევან ჯანდიერს ხვდება. აღსანიშნავია, რომ ბატონი გივი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა. გ. თუმანიშვილის ლიტერატურული ნაწარმოებები - ზღაპრები გამოცემულია ოჯახის მიერ და ასევე, მისი რამდენიმე გამოფენა მოეწყო, მათ შორის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრშიც, სადაც სახარებისეულ სიუჟეტებზე პასტელით შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი. გამოჩენილი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი და მისი და ნინა ამ დიდი ოჯახის წევრები იყვნენ, და-ძმად თვლიდნენ ბიძაშვილები ერთმანეთს. უნდა აღნიშნოს, რომ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში თუმანიშვილების ოჯახის ბავშვებმა - კიწიმ, მიშამ, გივიმ, ნინამ საბავშვო საოჯახო სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა, თეატრალურ სამყაროში შეაბიჯეს დაბა წაღვერთან, ულამაზეს სოფელ მზეთამზეში, სადაც თოკებზე გაფენილ ზეწრებს სცენის სივრცედ სახავდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ. როგორც ჩანს, განსხვავებულ სივრცეთა ერთმანეთში მონაცვლეობამ, სილუეტების არეკვლამ თეთრეულზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვების წარმოსახვაზე, მათი მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაზე. მზეთამზის ამ გამოცდილებას ქალბატონი ქეთევანიც აღნიშნავდა და ბატონ მიხეილსაც აქვს ნახსენები წიგნში „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“. განსაკუთრებით გამოვყოფთ, რომ ამას ერთვოდა ოჯახური საბავშვო წარმოდგენები, რისი ტრადიციაც კიწისა და გივის შემდეგ, მიტოსა და თემისთვის გრძელდებოდა. სავარაუდოდ, ამ გარემოებებმა განაპირობა თეატრის გავლენა ქეთევან თუმანიშვილზე. ამ გავლენამ თავი იჩინა თუმანიშვილების თოჯინების საოპერო თეატრში, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში. ცხადია, რომ, პროფესიიდან გამომდინარე, ამ წამოწყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მრჩეველი ქალბატონი ქეთევანი იყო. ნინა თუმანიშვილის ვაჟის, რეჟისორ გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ ოჯახური სპექტაკლის ამსახველი კადრები გვხვდება. ქალბატონი ქეთო (სხვის მიერ გახმოვანებული) წარმოდგენის წინ ესალმება დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეთა და მსახიობთა შორის მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვხედავთ. საოპერო სპექტაკლები აუდიო ჩანაწერის ფონზე მიმდინარეობდა. ფირსაკრავზე, რომელიც თეჯირს მიღმა იყო განთავსებული, ვინილის ფირფიტებიდან ჟღერდა განსხვავებული ეპოქისა და ჟანრის საოპერო მუსიკა: ჰ. პერსელის „დიდო და ენეასი“, „ფლორინას სიზმარი“, კ. ორფის „ამბავი ჭკვიანი ქალიშვილისა“, ვ. ა. მოცარტის „გატაცება სერალიდან“. დასი ენთუზიასტებისგან, ოჯახის ახლობლებისა და მეგობრებისგან შედგებოდა, რეპეტიციები, ცხადია, თუმანიშვილების სახლში მიმდინარეობდა და თოჯინების სახელოსნოც სახლში ჰქონდათ გამართული. დიდი ხნის განმავლობაში „თოჯინებისა“ ერქვა მოზრდილ ოთახს, რომელშიც სათუთად შეფუთული მარიონეტები ინახებოდა. მოგვიანებით ოჯახში საბავშვო დადგმები განხორციელდა, დავასახელებთ ჰ. ქ. ანდერსენის ზღაპრის „პრინცესა ცერცვის მარცვალზე“ თოჯინურ ინსცენირებას. ამ პიესების ტექსტის ავტორი ბატონი გივი იყო. აღსანიშნავია, რომ და-ძმა თუმანიშვილები გვევლინებიან ლიბრეტოს ავტორებად ქალბატონი ქეთევანის საბავშვო ბალეტ-ზღაპარ „ნაცარქექიაში“ (1967), რომელიც ქეთევან თუმანიშვილის ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებად ითვლება.
ქეთევან თუმანიშვილის აქტიური შემოქმედებითი პერიოდი 30 წელს მოიცავს (1940-იანი წლების დასაწყისიდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე). აქედან გამოირჩევა ეპოქალური მნიშვნელობის 4 წელი, 1945-1949 წლები, რომლებიც კომპოზიტორმა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, როგორც ასპირანტმა გაატარა, სადაც მივლინებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მიერ. მოსკოვში, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ცხოვრების პერიოდში იგი უშუალოდ მოესწრო 1948 წლის ცნობილ მოვლენებს, კერძოდ, 10 თებერვალს გაზეთ „პრავდაში“ წერილის გამოქვეყნებას, რომელიც ვანო მურადელის ოპერის „დიდი მეგობრობა“ მწვავე კრიტიკას წარმოადგენდა და დასახელებულ ავტორთან ერთად, ფორმალისტური მუსიკის შექმნაში სდებდა ბრალს გამოჩენილ კომპოზიტორებს - დ. შოსტაკოვიჩს, ს. პროკოფიევს, ა. ხაჩატურიანს, გ. პოპოვს, ვ. შებალინს, ნ. მიასკოვსკის და სხვებს. ამ ფაქტმა, როგორც ცნობილია, გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის სახელოვნებო წრეებში.
ჩამოთვლილი კომპოზიტორებიდან ერთ-ერთი, პროფესორი ვისარიონ შებალინი ქეთევან თუმანიშვილის ხელმძღვანელი იყო კომპოზიციის მიმართულებით, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით იხსენებდა. 2012 წლის #2 ჟურნალ „მუსიკის“ რუბრიკისათვის მუსიკოსის დღიურიდან დიმიტრი თუმანიშვილმა კომპოზიტორის მიმოწერის საფუძველზე მოამზადა ისტორიული თვალსაზრისით მეტად საგულისხმო მასალა, „თუმანიშვილი. დაუნდობელი ხანა...“, ეს პუბლიკაცია თვითმხილველის მიერ გადმოცემულ ეპოქის სურათს წარმოადგენს და აქ საუბარია ვ. შებალინის შესახებ. შესაძლოა, რომ ვ. შებალინის „ფორმალისტობამ“ და მის მიმართ რეპრესიების ფაქტმა განაპირობა ის, რომ ქ. თუმანიშვილს ხელმძღვანელებად კიდევ ორი კომპოზიტორი - იუ. შაპორინი და დ. კაბალევსკი არიან დასახელებული, რომელთა ბიოგრაფიაში არ ვხვდებით ამგვარ მწვავე ეპიზოდებს. 1949 წელს ქ. თუმანიშვილმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფ. ვ. ბელიაევის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზაქარიაფალიაშვილისოპერა „აბესალომდაეთერის“ მუსიკალურიენის ზოგიერთითავისებურება“, რისთვისაც მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხი. საკვალიფიკაციო ნაშრომი მეტად აქტუალურ საკითხზეა შექმნილი - ეროვნული პროფესიული მუსიკალური ენის კვლევას წარმოადგენს პირველი ქართული კლასიკური ოპერისა და აღიარებული მწვერვალის მაგალითზე. აღნიშნული დისერტაცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების პირველ სამეცნიერო კვლევაა ქართულ მუსიკისმცოდნეობაში და მასში თანაბრად ვლინდება ქეთევან თუმანიშვილის - კომპოზიტორისა და მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსის ინტერესები. 1945-1949 წლები მართლაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და გამორჩეული ხანა იყო მის ცხოვრებაში. იმხანად მოსკოვში ქართველი სტუდენტები ერთგვარ „კომუნას“ წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ კომპოზიტორი და პიანისტი ელეონორა ექსანიშვილი, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, პიანისტი თენგიზ ამირეჯიბი, თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი და მრავალი სხვა. ამ პერიოდს, მოსკოვში ქართველთა საერთო საცხოვრებელში გატარებულ წლებს, თავგადასავლებს, კონსერვატორიის მომავალი რექტორის, ბატონი სულხანის იუმორით გაჯერებულ ეპიზოდებს ქალბატონი ქეთევანი განსაკუთრებული სიყვარულითა და გატაცებით იხსენებდა. ქართველ სტუდენტთა ამ სათვისტომოს ცხოვრებას ეძღვნება ყარამან (გუგული) მგელაძის ფილმი „წარსული ყოველთვის ჩვენთანაა“ (1989). მეგობრული ურთიერთობა და სიახლოვე ქეთევანმა იმ პერიოდის მეგობრებთან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქალბატონი ქეთოს ინტერესის სფეროში დარჩა და მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ისევ განაგრძობდა მის კვლევას: „აბესალომ და ეთერის“ კლავირის ამუშავებდა და აღმოსავლეთ საქართველოს ფოლკლორის გავლენას შეისწავლიდა ფალიაშვილის შემოქმედებაზე. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსის ინტერესების სფეროში იყო ქართული ხალხური მუსიკა, თანამედროვე ქართული მუსიკა, ასევე, ნაშრომებს უძღვნის ბ. ბარტოკის, ს. პროკოფიევისა და დ. შოსტაკოვიჩის შემოქმედებას.
ქეთევან თუმანიშვილი თავიდანვე ჩაერთო საგანმანათლებლო-პედაგოგიურ საქმიანობაში, რაც მოგვიანებით მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა. თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ 1943-1945 წლებში ქ. თუმანიშვილი პედაგოგიურ მუშაობას იწყებს - თეორიულ დისციპლინებს ასწავლის თბილისის III მუსიკალურ სკოლაში. ნიშანდობლივია, რომ ის არ იწყებს მუშაობას ფორტეპიანოს პედაგოგად. აქ იკვეთება ქეთევან თუმანიშვილის სამომავლო, ძირითადი საქმიანობის სფერო - მუსიკის თეორია. მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების სწავლების პროცესი მომავალში სხვა საფეხურზე და სხვა სიღრმით წარიმართება.
მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ქ. თუმანიშვილი მესამე სამუსიკო სასწავლებელსა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობს 1952-1956 წლებში.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, კომპოზიტორი 1956 წლიდან მუშაობდა და ასწავლიდა მუსიკის თეორიის კათედრაზე. 1961 წლიდან ის დოცენტია, 1966-1998 წლებში პროფესორი. ქ. თუმანიშვილი, როგორც პედაგოგი, საუკეთესოდაა წარმოჩენილი კონსერვატორიაში მისი ხელმძღვანელობით შესრულებული 46 სადიპლომო ნაშრომითა (1965-1992 წლებში) და 2 საკანდიდატო დისერტაციით. ნაშრომთა თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია, შეიძლება ითქვას, რომ ფარავს მუსიკალური ხელოვნების განვითარების გზას აღორძინების პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე და მათში წარმოდგენილია ქართული საკომპოზიტორო სკოლისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მუსიკის თეორიული საკითხების კვლევა.
1973-1991 წლებში ქეთევან თუმანიშვილი მუსიკის თეორიის კათედრის გამგეა. უნდა ითქვას, რომ კათედრის გამგის თანამდებობა საკუთარი სურვილით, 71 წლის ასაკში დატოვა და ვრცელი ანგარიში წარადგინა თავისი მოღვაწეობის შესახებ. კათედრის გამგედ კი ქალბატონი ქეთევანი მისი წინამორბედის, გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ შალვა ასლანიშვილის რეკომენდაციით გახდა, რომლის დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიის კათედრის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რაც ასევე გაგრძელდა. კათედრის გამგისა და წევრების თანამშრომლობა და ურთიერთობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის კონსერვატორიების პროფესურასთან შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა და ისინი კონფერენციებზე და ასევე სემინარების ჩასატარებლად კვლავინდებურად ჩამოდიოდნენ თბილისში და ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს.
ქეთევან თუმანიშვილის შემოქმედების გასაცნობად, ცხადია, საუკეთესო გზა ნაწარმოებების პარტიტურისა და აუდიოჩანაწერის გაცნობა იქნებოდა. თუმცა არც კამერულ-ინსტრუმენტული, სიმფონიური, საგუნდო, ვოკალური ნაწარმოებები, არც საბავშვო ბალეტი, არ გვაქვს მატერიალური სახით. მოზრდილი ნუსხიდან სულ რამდენიმე ნაწარმოების სანოტო გამოცემა გაგვაჩნია: მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გამოცემული საფორტეპიანო პიესების კრებულები და სავიოლინო სონატა, ასევე, ალტის სონატის, საგუნდო სიმღერის „ალუბლების“ და ოჯახის მიერ ცნობილი მევიოლინის, კონსერვატორიის პროფესორის როდამ ჯანდიერისათვის გადაცემული რამდენიმე სავიოლინო ნაწარმოების ხელნაწერი. სხვა ნაწარმოებების აუდიო ან სანოტო ჩანაწერები ამ ეტაპზე არ მოიპოვება. „ასეთი ნაწარმოებები ბევრი იწერებოდა“, ასე უპასუხია კომპოზიტორს შეკითხვაზე, რად არ სრულდებოდა მისი ნაწარმოებები ან რატომ აღარ ქმნიდა. ეს დამოკიდებულება ავტორის მიერ საკუთარი თავის მიმართ წაყენებულ ძალიან მაღალ მოთხოვნებზე მიგვითითებს. ქალბატონი ქეთევანი სასწავლო კურსში, სამეცნიერო ნაშრომებში განიხილავდა ამა თუ იმ თეორიულ საკითხს ქართული პროფესიული მუსიკის მაგალითების საფუძველზე. მას არცერთ ნაშრომში არ აქვს ნახსენები საკუთარი ნაწარმოები, როგორც იმ პერიოდის ქართული საკომპოზიტორო სკოლის ნიმუში. აქვე უნდა ითქვას, რომ 50-იან და 60-იან წლებში ქ. თუმანიშვილის შემოქმედებითი მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, იგი მონაწილეობდა კომპოზიტორთა კავშირის ყველა ღონისძიებაში, რომლის წევრი იყო 1943 წლიდან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ქეთევანი 1943 წელსვე გახდა საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრიც. როგორც ჩანს, ამის საფუძველი მისმა წარმატებულმა დებიუტმა შექმნა.
ქეთევან თუმანიშვილის საკომპოზიტორო საქმიანობის შეჩერება 70-იანი წლებიდან ემთხვევა მუსიკის თეორიის კათედრის გამგედ დანიშვნას. ის აღარ წერს მუსიკას. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ აღარაა ცნობილი. საფიქრებელია, კომპოზიტორის შემოქმედებითი საქმიანობა სამეცნიერო მოღვაწეობით იქნა ჩანაცვლებული ან წამოიჭრა ქალი-კომპოზიტორის, როგორც სოციალური მოვლენის, პრობლემა.
როგორც ითქვა, ქ. თუმანიშვილის მუსიკის უმეტესი ნაწილი დღეს არაა მისაწვდომი. არსებული ნაწარმოებების გაცნობისას ჩანს ავტორისეული ხელწერა, მელოდიურ-ინტონაციური წყობა. მისი მუსიკა ბუნებრივადაა გაჯერებული ეროვნული მელოდიკითა და ინტონაციებით, ეყრდნობა კილოურ საფუძველს და ქართულ აკორდიკას. 1952 და 1957 წლებში გამოცემულ საფორტეპიანო ციკლებში მიმართავს განმეორებად რიტმულ ფიგურაციებსა და ფორმულებს, სადაც თავს იჩენს სინკოპირებული რიტმები. პიესები პროგრამულია და მუსიკის მოსმენისას ისახება მითითებული შინაარსი, ბავშვის სამყარო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ საუკუნეში არსებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ქეთევან თუმანიშვილის შემოქმედებაში იდეოლოგიური კომპრომისი არ გვხვდება. პოლიტიკურად მწვავე პერიოდში, 1943-1955 წლებში, სავარაუდოა, რომ იგი შეგნებულად, როგორც არაერთხელ ყოფილა მუსიკის ისტორიაში, მიმართავს მხოლოდ ინსტრუმენტულ ჟანრს. პროგრამულ მუსიკას ამ პერიოდში ერთხელ ვხვდებით და ისიც საბავშვო თემატიკით შემოიფარგლება, როგორიცაა საბჭოთა კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს გამყოფილებაში 1952 წელს გამოცემული საფორტეპიანო ციკლი „ზამთრის სურათები“. უკვე 1956 წელს, ნ. ხრუშჩოვისეული, ე. წ. „დათბობის“ ფონზე ქ. თუმანიშვილი ქმნის კანტატას „ბელადის სამშობლო“. გასაგებია, რომ ნაწარმოებში საუბარია სტალინზე და ეძღვნება მის სამშობლოს - საქართველოს. გასათვალისწინებელია ამ ნაწარმოების შექმნის გარემოებები - 1956 წლის თებერვლით თარიღდება ხრუშჩოვის ცნობილი სიტყვა სტალინის კულტის დაგმობის შესახებ, რასაც მარტის თვეში საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და 9 მარტის სადამსჯელო ოპერაციით დასრულდა. ნაკლებად რეალისტურია, რომ ქ. თუმანიშვილის ნაწარმოები იანვრის თვეში შექმნილიყო და ამ მოვლენებისთვის გაესწრო წინ. ამ კონტექსტისა და, ასევე, ჟანრის გათვალისწინებით, ეს პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული, ერთგვარად სახოტბო ნაწარმოები უნდა იყოს, რომელშიც ბელადი-სტალინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპოზიტორის მხრიდან, რომელიც ზემოთ დასახელებული მოვლენების უშუალო მომსწრე იყო, ეს ნაწარმოები სამოქალაქო გაბედულებისა და შემოქმედებითი სიმტკიცის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ქ. თუმანიშვილის ნაწარმოებთა ჩამონათვალში 2-ჯერ გვხვდება სიტყვა „პიონერული“ – ეს არის საფორტეპიანო ციკლი „პიონერული ბანაკის სურათები“ და „პიონერული კანტატა“ (1969). საფორტეპიანო პიესების ციკლი ზაფხულის არადადეგების ეპიზოდებს ასახავს სწორედ პიონერულ ბანაკში: „პიონერთა ბანაკი - ასე ერქვა აღმზრდელობით-გამაჯანსაღებელ დაწესებულებას სსრკ-ში, რომელიც განკუთვნილი იყო პიონერების დროებითი ყოფნისთვის“. რაც შეეხება კანტატას, კომპოზიტორის არქივში მოიპოვება „პიონერული კანტატის“ დასახელების სხვა ვერსიაც - „საბავშვო კანტატა“. როგორც ჩანს, კომპოზიტორი ორჭოფობდა სახელწოდების შერჩევისას. სავარაუდოდ, შინაარსიდან გამომდინარე, გადაწონა არსებულმა ვერსიამ.
მოგახსენებთ ქალბატონი ქეთევანის პიროვნული თვისებების შესახებ: შორიდან რამდენადმე შიშისმომგვრელიც კი შეიძლება ყოფილიყო მისი მკაცრი იერი, კათედრის გამგის, თეორეტიკოსის, პროფესორის ოჯახის წარმომადგენლის სახება. მართლაც უკომპრომისო, მკაცრი და მომთხოვნი იყო ზნეობრივ და პროფესიულ საკითხებში. თუმცა ყურადღებიანი, მზრუნველი, ტაქტიანად თავშეკავებული იყო პირადი ურთიერთობისას როგორც თანამშრომლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომელთა შორის არასდროს გამოუვლენია ფავორიტები. უნდა ითქვას, რომ კათედრის წევრების მიმართ სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების მიღმა ქალბატონი ქეთოს სითბო და მზრუნველობა ვლინდებოდა თითოეული წევრის ცხოვრებაში არსებული პრობლემების განხილვით, მხარდაჭერით, კათედრის ერთობლივი გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვით, თუმანიშვილების ოჯახში კათედრის ტრადიციული სტუმრობით.
ქეთევან თუმანიშვილის, როგორც პიროვნების წარმოჩენა შეუძლებელია მის ოჯახში არსებული გარემოს დახასიათების გარეშე. საოჯახო თეატრის არსებობის ფაქტი, თავისთავად, მათი ინტერესების, საგანმანათლებლო მისწრაფებებისა და ღირებულებების მაჩვენებელია. ამასთან ერთად, თუმანიშვილების ოჯახში იკრიბებოდა ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოება. მათთან იკრიბებოდნენ უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის კათედრები განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „ნაძვის ხის ზეიმებს“, რომლის მზადებაშიც ოჯახი და ახლობელთა დიდი წრე იღებდა მონაწილეობას. თუმანიშვილების არქივში გასული საუკუნის 50-60-იან წლებიდან შემორჩენილი საახალწლო ზეიმებისთვის შექმნილი სალაღობო აფიშები გვაუწყებს, რომ მსგავსი ღონისძიებები მიტოსა და თემისთვისაც კეთდებოდა და მათი უშუალო სულისჩამდგმელი მამიდა ქეთევანი ყოფილა. ბავშვებისათვის. როგორც ითქვა, ოჯახის 5 წევრი პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიაში, ასევე, ბატონ მიტოს მიჰყავდა ლექციების კურსი სასულიერო აკადემიაში. მათთან იკრიბებოდნენ უნივერსიტეტის ახალგაზრდა თანამშრომლები და ასპირანტები, ქალბატონ ქეთევანთან კონსერვატორიის სტუდენტები დადიოდნენ სამეცადინოდ, ბატონი მიტოს სამეცნიერო, საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობა და ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი სრულიად განსაკუთრებულია. შესაბამისად, მის ლექციებს, რომლებიც უმთავრესად შინ იმართებოდა, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტების გარდა, საქართველოს ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული ფართე წრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც წესი, ამ საზოგადოების ნაწილი გადაინაცვლებდა ხოლმე სასადილო ოთახში, უერთდებოდა ოჯახის წევრებს და სხვა სტუმრებსაც, სადაც მხატვრული, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრობლემების განხილვა, სჯა-ბაასი გრძელდებოდა. ყველა პროცესი, ისევე, როგორც ოჯახის თითოეული წევრის საქმიანობა საერთო მრწამსს ემსახურებოდა - ნებისმიერი საკითხის განხილვა საკუთარი ქვეყნის კონტექსტს გულისხმობდა და მის ბედზე ფიქრით იყო გამსჭვალული. ეს სდევდა ქალბატონი ქეთოს მოღვაწეობასაც.
აქვე მოგახსენებთ, რომ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებულში 1991 წ. გამოქვეყნდა ქ. თუმანიშვილისა და მ. ანდრიაძის ნაშრომი “ზოგიერთი მასალა ძველი ქართული სანოტო დამწერლობის მკვლევართა შესახებ“. ეს ფაქტი ქ. თუმანიშვილის მხრიდან სასულიერო მუსიკის მიმართ ინტერესის გამოხატულებას წარმოადგენს და ამ თემის აღორძინებას უდებს სათავეს. უნდა ითქვას, რომ 80-იანი წლების ბოლოდან კონსერვატორიაში ქეთევან თუმანიშვილის თაოსნობით საზოგადოებრივ საწყისებზე ფუნქციონირებდა „ძველი მუსიკის“ შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც სასულიერო მუსიკის კვლევას ისახავდა მიზნად და რომელმაც თავისი როლი შეასრულა ქართული მუსიკის უმნიშვნელოვანესი, იმ დრომდე შეუსწავლელი მიმართულების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება ქეთევან თუმანიშვილის მუსიკას, მისი საბავშვო ნაწარმოებების სიცოცხლისუნარიანობისა და აქტუალობის დასტურად წარმოგიდგენთ 2025 წელს საქართველოს სამუსიკო სკოლების მასწავლებლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფისთვის საფორტეპიანო ციკლების „ზამთრის სურათების“ და „პიონერთა ბანაკის სურათების“ წარდგენისა და განხილვის შედეგებს:
- ციკლები ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს
- ზოგიერთი პიესა ამ ციკლებიდან 2013 წელს კომპოზიტორთა კავშირის მიერ გამოცემულ საფორტეპიანო პიესების კრებულშია შესული
- მუსიკა ეროვნულობითაა აღბეჭდილი, შესაბამისად, აჩვევს და მოსწავლისათვის ორგანულს ხდის ქართულ მუსიკალურ ენას
- წარმოდგენილი საფორტეპიანო ციკლები შეესაბამება დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ასაკობრივ განვითარებას და მოსწავლის მხატვრულ-ემოციური, კოგნიტური, ფიზიკური, პიანისტური აპარატის შემდგომი განვითარების საფუძველს იძლევა
- საფორტეპიანო ციკლები მომავალი პიანისტებისათვის ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სრულად განივითაროს პიანისტური აპარატი, გაეცნოს ყველა ტიპის ფაქტურას, რიტმულ ნახაზს, სხვადასხვა ტექნიკურ სირთულეს, რაშიც კომპოზიტორის, როგორც პიანისტის პროფესიონალიზმია გამოვლენილი
- გამოითქვა სურვილი, რომ ციკლებს პოპულარიზაცია გაუწიონ ცნობილმა პიანისტებმა
- რეკომენდებულია, წარმოდგენილი საფორტეპიანო ციკლები დამკვიდრდეს სამუსიკო სკოლების რეპერტუარში.
რუსუდან თაყაიშვილი
2025