თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
თამარ ფუტკარაძე-ლაშხი დაიბადა 1989 წლის 8 თებერვალს თბილისში. მან ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, საუბრის დაწყებამდე, გამოავლინა სიმღერის ნიჭი. 2 წლისა მშობლებთან ერთად უკვე ხმებს უწყობდა სიმღერას, 5-6 წლის ასაკში ჰარმონიულ აკომპანირებას უწევდა მშობლებს სიმღერის დროს. პირველი სიმღერა, სწორედ ასეთ პატარა ასაკში, საკუთარ ლექსზე შექმნა, რომელსაც „ჩვენი ბავშვობა“ დაარქვა. ამას მოჰყვა სიმღერა „გაზაფხული“ - ასევე საკუთარ ლექსზე. თამარი სიმღერებს ფორტეპიანოზე უკრავდა და თავის დასთან, ქეთევანთან ერთად ასრულებდა. მალე უამრავი სიმღერა დაუგროვდა. სიმღერები შექმნილია: ანა კალანდაძის, მიხეილ ქვლივიძის, მირზა გელოვანის, ალექსანდრე საჯაიას, გალაკტიონის, საკუთარ და სხვათა ლექსებზე. ანა კალანდაძესა და მიხეილ ქვლივიძეს თამარი პირადად შეხვდა სკოლაში და მათ ლექსებზე შექმნილი თავისი სიმღერები უმღერა. ორივე პოეტმა სიყვარულით შეაქო 8 წლის თამარი და წარმატება უსურვა. მშობლებმა 8 წლის თამარი სულხან ცინცაცძის მე-16 სამუსიკო ხელოვნების სკოლაში, საფორტეპიანო კლასში, პედაგოგ ქეთინო ქოიავას კლასში შეიყვანეს. მიუხედავად წარმატებული კონცერტებისა, თამარს კომპოზიტორობა სურდა, ამიტომ წლების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიჭიერთა ათწლედში თეორიულ განყოფილებაზე. აქ უკვე შეხვდა მის პირველ კომპოზიციის პედაგოგს - ნუნუ დუღაშვილს, რომელმაც პირველმა ასწავლა მუსიკის სანოტო სისტემაში გადაყვანა. ამ პერიოდში თამარმა დაწერა საფორტეპიანო ვარიაციები, პიესები და პრელუდიები.
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა თამარისთვის. კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის კლასში თამარი აქტიურად გამოდიოდა კონცერტებზე, ესწრებოდა მასტერკლასებს, წერდა საგუნდო, ინსტრუმენტულ და საფორტეპიანო მუსიკას, ვოკალურ კომპოზიციებს და დიდი ფორმის ნაწარმოებებს. შემდეგ სწავლა გააგრძელა სადოქტორო პროგრამაზე, კერძოდ კომპოზიციაზე ეკა ჭაბაშვილის კლასში. დოქტურანტურაში სწავლა 10 წელს გაგრძელდა. თამარი მუშაობდა ოპერაზე, და სადისერტაციო ნაშრომსაც საკუთარი ოპერის ირგვლივ წერდა, ასევე ამ პერიოდში დაინტერესდა კონტრაპუნქტით. დოქტურანტურაში სწავლისას თამარი ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ჯერ ესტონეთში ტალინის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში და შემდეგ პოლონეთში კრაკოვის მუსიკის აკადემიაში სწავლობდა. სადაც მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებს ეწეოდა, როგორც საკონცერტო, ასევე სამეცნიერო-საკონფერენციო. შეხვდა ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან გეორგ ფრიდრიხ ჰაასი, კაია საარიაჰო, პენდერეცკი, არვო პიარტი და დაესწრო მათ მასტერკლასებს. მონაწილეობდა პროექტებში „CoPeCo“ - ს სასწავლო ჯგუფთან ერთად, ასევე შექმნა ნაწარმოები ერთობლივი კონცერტისათვის „სამი ჰაიკუ ჩელოსა და ხმისათვის“. დაამყარა საინტერესო შემოქმედებითი კონტაქტები და გაიჩინა საინტერესო მეგობრები მუსიკალურ სფეროში. ამ პერიოდში, ტალინში მისი პედაგოგი იყო ტოივო ტულევი. მისი ხელმძღვანელობით დაწერა მუსიკა ტალინის აკადემიის ორკესტრისათვის „On Aeg“, რაც ნიშნავს „დროას“ და შესრულდა ტალინში აკადემიის დარბაზში. პოლონეთში მან სწავლა გააგრძელა მარეკ ჰოლონიევსკისა და ვოიჩეხ ზიჩის კლასში. კრაკოვის მუსიკის აკადემიაში სწავლისას საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტებსა და იმპროვიზაციულ კონცერტებში მიიღო მონაწილეობა. სწორედ იქ ყოფნის პერიოდში შეისწავლა იმპროვიზაციული კონტემპორარი ვოკალი.
საქართველოში დაბრუნებულმა გააგრძელა მუშაობა საკუთარ ოპერაზე „თევზის წერილები“ გოდერძი ჩოხელის მოთხრობის შთაგონებით, ლიბრეტოს ავტორი თავადაა. 2018 წელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესრტივალის „ქალი და მუსიკა“ ფარგლებში შედგა ოპერის პრემიერა (დირიჟორი გიორგი პაპიაშვილი, შემსრულებლები თანამედროვე მუსიკის სტუდენტური ანსამბლი, ხელმძღვანელი ნინო ჟვანია და ჯორჯია მოდერნი, სოლისტი კი თავად თამარ ფუტკარაძე). შემდეგ უკვე 2023 წლის პირველ დეკემბერს თამარმა დაიცვა დისერტაცია თემაზე - „კონტრაპუნქტის ახალი სახეები ქართულ მუსიკაში (თამარ ფუტკარაძე-ლაშხის ოპერის „თევზის წერილების“ მაგალითზე)“, რის შედეგადაც მიენიჭა სამუსიკო ხელოვნების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს ოპერის პრემიერიდან 2 დღეში თამარის მიერ ნამღერი ფრაგმენტი ოპერიდან „პოსტი ჩუ, ქართველო“ აკაკი წერეთლის ტექსტზე, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. სწორედ ამ ნაწვეტმა გამოიწვია უარყოფითი კომენტარები და თამარი საშინელი კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა. მას მრავალი მუსიკოსი გამოექომაგა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ სიტუაციასთან გამკლავება, მაგრამ 2019 წელს კომპოზიტორმა შეძლო
მნიშვნელოვანი ვოკალური ციკლის შექმნა - „9 ვოკალური საგა“, თუმცა ინციდენტის გამო, რომელიც დღემდე სასამართლო გარჩევის საგანია, რადგან კომპოზიტორზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა და შეავიწროვა მისმა სასცენო პარტნიორმა, ამ თემაზე კომპოზიტორმა ღიად დაწერა საჯაროდ პოსტის სახით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და მოუწოდა ქალებს, რომ არ გაჩუმდნენ და წინ აღუდგნენ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობას. ამის გამო ჩაება სასამართლო პროცესში და პირველი ინსტანციაც მოუგო მოძალადეს. როგორც კი სასამართლო პროცესი დასრულდება თამარი აქტიურად აპირებს ამ თემაზე საუბარს, რადგან ეს ერთგვარი უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ხმის ამოღების უფლების წართმევით დაემუქრა მოძალადე და არაფერი გამოუვიდა. თამარი აქტიურად საუბრობს ქალებზე და გმობს მათზე განხორციელებულ ყველანაირ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას. მისი ეს პოსტი გამოქვეყნდა ორგანიზაცია „ფემინას“ გვერდზეც და ქონდა უამრავი გაზიარება და თანადგომის შემცველი კომენტარი.
ამჟამად კომპოზიტორი მუშაობს თეატრის სფეროში და ორიგინალურ კომპოზიციებს ქმნის სხვადასხვა სპექტაკლისა თუ კინოსათვის. ლიეტუვაში „მაკბეტი“ (რეჟ. პ.ციკოლია). საქართველოში „ფედრას სიყვარული“ (რეჟ. ს. ქელბაქიანი). ფილმი „ნაპოლეონი“, სადაც აგრეთვე მოსინჯა ძალები როგორც მსახიობმა. (რეჟ. ს. ქელბაქიანი). „მედეა“, (რეჟ. პ. ციკოლია), „შმა ისრაელ“ (რეჟ. ა. სანაია) და სხვ.
ასევე წერს ელექტრონულ კომპოზიციებს ემბიენთის, ტრანსის, დარქ ტექნოს და სხვ. ჟანრში.
2021 წლიდან არის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
ამჟამად მუშაობს მესაზე.
მისი მუსიკა „Der Weg“ გამოცემულია 12/12 ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების კრებულში. ასევე ფრანკფურტის წიგნების ფესტივალზე გამოიცა თამარის ოთხი ნაწარმოები.
მერი შეყილაძე
2024.06.01