ანა ქასრაშვილი
ანა ქასრაშვილი დაიბადა ბათუმში, 1986 წელს. მან ღრმა ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები - უკვე 3-4 წლიდან სათამაშო ფორტეპიანოზე დამოუკიდებლად არჩევდა და უკრავდა ნაცნობ მელოდიებს. აქედან გამომდინარე, ანა 5 წლის ასაკში მიაბარეს საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტულ სკოლაში (შემდგომ საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი), სადაც იგი 10 წლის განმავლობაში ეუფლებოდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას (ირინა ხერჟისა და თემურ შალვაშვილის კლასები). ეს სკოლა, სადაც ანა პირველი თაობის, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ჯგუფში ჩაირიცხა, მუსიკოსმა და ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ედნარ ქიქავამ ფორტეპიანოს პედაგოგ ვერა გაბაისთან ერთად დააარსა. სკოლის ატმოსფერომ, იმ დროისათვის საკმაოდ უცხო პედაგოგიურმა და შემოქმედებითმა მიდგომებმა, რომლებიც კარლ ორფისა და ზოლტან კოდაის საგანმანათლებლო პრინციპებს ემყარებოდა, მოსწავლეზე ორიენტირებულმა გარემომ ანაზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა და მის თანდაყოლილ მონაცემებს გამოვლენის საშუალება მისცა. სკოლაში მუდმივად ტარდებოდა კონცერტები, სადაც მოსწავლეები ხშირად ასრულებდნენ საანსამბლო ნომრებს და თითოეულ მათგანს ორ როლში უწევდა გამოსვლა - 1) ინსტრუმენტალისტი-სოლისტისა და 2) პიანისტი-კონცერტმაისტერის. კონცერტის მეორე განყოფილება, ტრადიციულად, მოსწავლეთა კომპოზიციებს ეთმობოდა მათივე შესრულებით. კომპოზიციის კლასს თანამედროვეობის გამოჩენილი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი უძღვებოდა. სკოლის ცხოვრებაში გამორჩეულ მოვლენად იქცა წარმოდგენა „გაზაფხულის ერთი დღე“, რომელიც მუსიკალურად თავად მოსწავლეებმა გააფორმეს - შექმნეს და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. სპექტაკლი, რომელიც ა. სენტ-ეკზიუპერის „პატარა პრინცით“ იყო შთაგონებული, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის - ნატალია ჭკუასელის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი არაჩვეულებრივი სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით დაიდგა, ქორეოგრაფი კი ცეკვის პედაგოგი მანანა სახელაშვილი იყო.
ანას პირველი კომპოზიცია 6 წლის ასაკში დაიწერა მისივე ნახატის შთაგონებით. როგორც თავად იხსენებს, ვიზუალიზაცია საკმარისი არ გამოდგა მისი იმჟამინდელი შეგრძნებისა და ემოციის გადმოსაცემად და სრულყოფილი გამოვლენისათვის ჟღერადობის დამატება დასჭირდა. ეს გამოსახულებისა და ჟღერადობის, აუდიოსა და ვიზუალურის გაერთიანების, გამთლიანების პირველი მცდელობაა მის ცხოვრებაში. უსაფუძვლო არ იქნება, ვიფიქროთ, რომ ანას საბოლოო პროფესიულ ინტერესსა და არჩევანს კინომუსიკის მიმართ სწორედ სტუდიაში ჩასახულმა ხელოვნების დარგების სინთეზურმა აღქმამ მისცა ბიძგი.
ზოგადი განათლება ანამ ბათუმის მე-16 საშუალო სკოლაში მიიღო, 2002-2006 წლებში ბათუმშივე სწავლობდა ანა სპეციალური ფორტეპიანოს განყოფილებაზე დიდი ტრადიციების მქონე კერაში - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, რომელსაც დღესაც წამყვანი პოზიცია აქვს ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლიური ქალაქი ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი თვალს ადევნებს და ეხმაურება ანა ქასრაშვილის წარმატებებს[1].
ანა ქასრაშვილის, როგორც კომპოზიტორის შემოქმედებითი გზა 21-ე საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 2010 წელს კონკურსში იმარჯვებს მისი სიმღერა ბათუმზე (ტექსტის ავტორები ზვიად სირაბიძე, ირინა სანიკიძე)[2], შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ნაწარმოები ბათუმზე შექმნილი ცნობილი სიმღერების ჩამონათვალშია. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სიმღერის "ბათუმს ქათქათას" ავტორის, კომპოზიტორ ლილი იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინე, მუსიკოსი მაია მამარდაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მოეწონა და აღნიშნა ანას სიმღერა.
2014 წ. შედგა ანა ქასრაშვილის, როგორც კომპოზიტორისა და მუსიკალური გამფორმებლის დებიუტი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიუზიკლისათვის „ჩვენ გველის დიდება“. მიუხედავად ამისა, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი ახასიათებს ანას, როგორც უნიჭიერეს მუსიკოსს, რომელიც დიდ კომფორტს უქმნიდა მას, რადგან ზუსტად გრძნობდა რეჟისორის სათქმელს და ამას მუსიკით გადმოცემდა. სავარაუდოდ, ანასთვის ნაცნობი იყო სპექტაკლში აღწერილი ხელოვნების სკოლის გარემოც, მოსწავლეებისა და პედაგოგების ურთიერთობები, გადაჯაჭვული მათ პირად ცხოვრებასთან. კომპოზიტორის ნამუშევარი ამ დიდ და საინტერესო შემოქმედებით ჯგუფთან - მხატვრები მერაბ მოისწრაფიშვილი და ნინო მალაზონია, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, სიმღერების ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე, ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი - თეატრალური საზოგადოების ჯილდოთი - „წლის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება” აღინიშნა.
ამავე პერიოდში, 2014-2015 წლებში ბერკლის მუსიკის კოლეჯში დიდი წარმატებით სწავლის შემდეგ ა. ქასრაშვილმა მიიღო კინოს, ტელევიზიისა და ვიდეო თამაშების მუსიკის მაგისტრის ხარისხი (პროგრამის ხელმძღვანელი ლუსიო გოდოი). შეიძლება ითქვას, რომ ბერკლის კოლეჯში სწავლამ ვალენსიაში გაამთლიანა, შეაჯამა მისი სიყრმის ორი პერიოდი - ბათუმის, სადაც ის როგორც მუსიკოსი ჩამოყალიბდა და თბილისისა, სადაც ანა ქასრაშვილი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანისტიკის ფაკულტეტზე ეუფლებოდა ესპანურ ენასა და ლიტერატურას (2004-2008). ესპანეთში, ენობრივად და კულტურული თვალსაზრისით მისთვის ახლობელ გარემოში სისავსით წარმოჩნდა ანა ქასრაშვილი, როგორც მუსიკოსი. ამის დასტურია მის მიერ მოპოვებული ორი სტიპენდია: 1) კანადელი კომპოზიტორის ჰოვარდ შორის და 2) ვალენსიის ბერკლის მაგისტრატურის, ასევე, კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ვალენსიის ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო, შემდეგ კი, 2018 წელს - ამავე ფაკულტეტის ელჩის (საქართველოში) წოდება. სწავლის პერიოდში ანა ქასრაშვილს შესაძლებლობა მიეცა, ჩაეწერა თავისი მუსიკა ლეგენდარულ ები როუდის სტუდიაში (Abbey Road Studios) 51 წევრისგან შემდგარ ორკესტრთან, ბუდაპეშტის სამხატვრო ორკესტრთან ერთად ვალენსიაში, თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ ცენტრში, Palau de Les Arts Reina Sofia-ში (2005, ავტორი - თანამედროვე ვალენსიელი არქიტეტორი სანტიაგო კალატრავა) და ვალენსიაში ბერკლის კოლეჯის Ann Kreis Scoring სცენაზე.
ბერკლის კოლეჯის პერიოდი საეტაპოა ანა ქასრაშვილის შემოქმედებით გზაზე. იქ მოპოვებულმა წარმატებებმა და ურთიერთობებმა კარი გაუღო ანა ქასრაშვილს მსოფლიო კინემატოგრაფში - 2015 წელს მან გაიმარჯვა მუსიკის კონკურსში კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (CAIFF), მოიპოვა I ადგილი და დასახელდა წლის კომპოზიტორად უკვე არსებული რვაწუთიანი ფილმის „Bridgebuilders“-ის (2015) მუსიკალური გაფორმების მისეული ვერსიისათვის. ანა ქასრაშვილის მუსიკა ფილმის ორგანულ ნაწილად აღიქმება და ზუსტად ასახავს ადამიანში შიშის ნელ-ნელა შემოსვლას და საბოლოოდ შეძრწუნების, სასოწარკვეთის განცდას. თუმცა ეს მხოლოდ გმირზე ცენტრირებული მუსიკა არ არის, დაძაბულობის ეს შეგრძნება უფრო ადრეა შექმნილი ყურისთვის თითქოს აღუქმელი ხმოვანი ფონით. მას ჯერ მოასწავებს და შემდეგ აჯამებს პაბის კადრების - მოქანავე სანათურები, გაზეთებისა და ბანქოს წვიმა, ქაღალდით „ნაწვიმარი“ იატაკი - კამერის სრულიად თანმხვედრი ხმოვანება, რაც ერთ მთლიანობადაა შეკრული.
აღსანიშნავია ანა ქასრაშვილის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ანას დედა საბავშვო ბაღის აღმზრდელია და, სავარაუდოდ, სწორედ მისმა პედაგოგიურმა ალღომ, ბავშვის ასაკობრივი განვითარების ცოდნამ, შვილის მიმართ სათუთმა დამოკიდებულებამ იჩინა თავი შვილის უნარებისა და მონაცემების გამოვლენასა და განვითარებაში. ქასრაშვილების ოჯახში ინახება უფროსების მიერ ჩაწერილი ანას ბავშვობის დროინდელი კომპოზიციები, რაც ბავშვის შემოქმედების პატივისცემასა და დაფასებაზე მეტყველებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი ანას მეუღლის, მუსიკოსის, ხმის რეჟისორის ილია ჯღარკავას პროფესიონალური მხარდაჭერა და როლი მისი შემოქმედების წარმოჩენასა და ორგანიზებაში. ამ ახალგაზრდა ოჯახის უმცროსი წევრი, 5 წლის მართა ჯღარკავა უკვე ეზიარება მუსიკას და მშობლებთან ერთობლივი მუსიცირებით ამშვენებს ოჯახურ გარემოს.
2017 წელს ქართველი კომპოზიტორი შეირჩა ლოს-ანჯელესში, ASCAP (The American Society of Composers, Authors and Publishers) Film Scoring Workshop-ზე დასასწრებად ემის მფლობელ ამერიკელ კომპოზიტორთან და მენტორთან რიჩარდ ბელისთან. თავისთავად, ამ გარემოში მოხვედრა უკვე დიდ წარმატებად ითვლება. ანა ქასრაშვილმა მეორე მცდელობაზე მიიღო დასტური, თუმცა მასთან ერთად ვორქშოფში მონაწილეობდნენ მუსიკოსები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ იქ მოხვედრას. ამ ერთთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ კომპოზიტორს ევალებოდა, დასრულებული ფილმის ფრაგმენტისთვის დაეწერა მუსიკა. ასეთ დავალებაზე კომპოზიტორს მარტო, რეჟისორთან თანამშრომლობის გარეშე უწევს მუშაობა. ამიტომაც, როგორც იხსენებს, რამდენჯერმე ნახა ფრაგმენტი, სანამ ზუსტად ჩაწვდა, რას ითხოვდა სცენა: „საკმაოდ საინტერესო საკვანძო მომენტი დავიჭირე ამ პატარა მონაკვეთში. კომენტარებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ გავართვი თავი და საკმაოდ წარმატებულად.“ ანა ქასრაშვილმა მისი ორიგინალური 3-წუთიანი კომპოზიცია ცნობილი FOX სტუდიის სცენაზე (Newman Scoring Stage) შეასრულა და უდირიჟორა 64-კაციან ორკესტრს. მისი თქმით, იშვიათად განუცდია ამ ორკესტრთან მუშაობის მსგავსი სიამოვნება, რაც მუსიკოსთა უზადო პროფესიონალიზმით აიხსნება: „როცა მუსიკოსი წამში ასრულებს იმას, რაც შენ გიწერია ფურცელზე და მეორე-მესამე შესრულება უკვე საკონცერტოა“.
მსოფლიოში ცნობილი კინომუსიკის კონკურსებიდან ერთ-ერთია Juan Gil Family Estates-ის (ესპანური ღვინის კომპანია 1916 წლიდან) მიერ დაფუძნებული საუნდტრეკების საერთაშორისო კონკურსი, სადაც მსგავს შეჯიბრებებში ყველაზე დიდი პრიზია დაწესებული - 50.000 €-ს ოდენობით. 2018 წელს ამ უმნიშვნელოვანეს კონკურსზე ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი შოტლანდიელი კინოკომპოზიტორი პატრიკ დოილი, გამარჯვებულად ცნო ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები „The True Treasure“ (ჭეშმარიტი განძი). ამ 15-წუთიანი კომპოზიციის ხელმისაწვდომი ფრაგმენტი კომპანიის ინტერესებთან შესაბამისობაში ღვინოს, ვენახს, ვაზს, ღვინის დაწურვასა და ტექნოლოგიას, ასევე, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული ადამიანების დამოკიდებულებებსა და გრძნობებს მხატვრული კადრებით, ესთეტიზებულად ასახავს. მუსიკა აქ განუყოფელ ნაწილად აღიქმება და აძლიერებს, ამშვენებს კადრს - ხან გრძნობის, ხან სივრცის, ხანაც სამუშაო პროცესის აღქმაში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
ანა ქასრაშვილი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპოზიტორ ქალთა ალიანსის AFWC (Alliance for Women Film Composers) წევრია 2018 წლიდან და თავისი შემოქმედებითა და მოღვაწეობით მართლაც აფართოებს კომპოზიტორ ქალთა სამოქმედო არეალს - 2020 წელს მან მოიპოვა ორი ჯილდო ისეთ ნომინაციებში, რომლებიც მანამდე არცერთ ქალს არ რგებია: 1) World Soundtrack Awards SABAM Award ახალგაზრდა კომპოზიტორის საუკეთესო ორიგინალური კომპოზიციისათვის, შემდგომ იგი World Soundtrack Awards-ის აკადემიის წევრი გახდა; 2) მეორე ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანისთვის კრაკოვის ფესტივალზე, რომელიც კინომუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და სადაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსებისა და ორკესტრების კონცერტები ტარდება.
SESAC SCORES 22 - საავტორო უფლებების ორგანიზაციის მიერ გამართულ კონკურსზე 2022 წელს კინოინდუსტრიის აღიარებულმა ოთხმა ექსპერტმა - კინოკომპოზიტორმა, რეჟისორმა, აგენტმა და პროდიუსერმა ანა ქასრაშვილის მიერ წარდგენილ ნამუშევარს უმაღლესი შეფასება მისცეს. მართალია, კონკურსი დახურულია და ავტორების ვინაობა უცნობია, ჟიურის წევრები ნამუშევრის მიხედვით ახასიათებენ კომპოზიტორს, როგორც უკვე შემდგარ, წარმატებულ, თავდაჯერებულ შემოქმედს, რომლის მუსიკა „ნამდვილად შთამბეჭდავია“, თუმცა, ამავე დროს, ნამდვილი (უბრალო) და გემოვნებიანია „რამდენს ამბობს ასე მოკლედ და მარტივად“. ექსპერტები წარდგენილი მუსიკალური ფრაგმენტის საფუძველზე კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, „როგორ ამთლიანებს კარგი კინომუსიკა ფილმს“, ამბობენ, რომ ეს მუსიკა თბილია, თავისი ჟღერადობა, „საკუთარი ხმოვანება“ აქვს, რაც, როგორც აღნიშნავენ, რეჟისორების ძირითადი მოთხოვნაა. მათი შეფასების მიხედვით, ანა ქასრაშვილი კონკურსის გამორჩეული მონაწილეა: „ეს არის ის, რაც დაძინებისას მემახსოვრება და ძილშიც ჩამყვება“ (რ. კრაფტი, კინოკომპოზიტორების აგენტი).
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო კინოინდუსტრიაში ანა ქასრაშვილი „საკუთარი ხმოვანებით“ მიიკვლევს გზას. როგორც მეგობრები ახასიათებენ, ის ძალიან მიზანდასახულია და არასდროს უხვევს არჩეული გზიდან. როგორც თავად ამბობს, სამომავლოდ მისი სურვილი იქნება, ბევრი იმუშაოს, მეტ პროექტში ჩაერთოს და აკეთოს თავისი საყვარელი საქმე - შექმნას კინომუსიკა. ამ ურთულესი პროფესიის დახასიათებისას მის მრავალშრიანობასთან ერთად საბოლოო არგუმენტად მოჰყავს მუსიკოსის, ერთ-ერთ პროექტში მისი მენტორის რიჩარდ ბელისის სიტყვები „მუსიკა უხილავი მსახიობია“. სავარაუდოდ, კინომუსიკის სწორედ ეს მახასიათებელი - თამაში, სახის შექმნა კადრს მიღმა და მისი მნიშვნელობა კინოპროდუქციისათვის უნდა ვიგულისხმოთ ანა ქასრაშვილისთვის მისი საქმიანობის მთავარ გამოწვევად.
რუსუდან თაყაიშვილი
2023
[1] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარი დაუჭირა ანა ქასრაშვილს: 1) ვალენსიაში სწავლის დროს 2014-2015 წლებში; 2) ASCAP-ის ვორქშოპში მონაწილეობისას 2017 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად; 3) აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტით ჩატარდა კინომუსიკის ტექნოლოგიის კურსი ბათუმში 2018 წელს.
[2] სიმღერის ჩანაწერი რამდენიმე ინტერპრეტაციითაა ხელმისაწვდომი: ავტორისა და სოფო ხალვაშის - ექსპერიმენტული სკოლიდან მისი თანაჯგუფელის დუეტის შესრულებით, სოფო ხალვაშის https://soundcloud.com/anakasrashvili/batumi, ასევე ნანუკა გიორგობიანის https://www.youtube.com/watch?v=7PwxjHocBNE ნამღერი ავტორის აკომპანემენტით.