ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მარიამ (მერი) დავითაშვილი

#

მარიამ (მერი) დავითაშვილი (1924 - 2014) – კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მუსიკალური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960), საქართველოს სახალხო არტისტი (1976), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981); იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის (1974), იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის (1993), ღირსების ორდენის (1997), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელების მფლობელი (1974, 1984, 1990); გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი ქუთაისის საოპერო თეატრის წინ (2003 ბაგრატის ტაძრის 1000 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით), აგრეთვე ბრძანდებოდა ბორჯომის (2005) და თბილისის (2011) საპატიო მოქალაქე.

თუმცა, ვერც ერთი წოდება თუ ჯილდო ისე ვერ აფასებს მის მიერ ქართული კულტურის წინაშე გაწეულ ღვაწლს, როგორც  საკუთარი ხალხის მიერ სიყვარულით და სითბოთი გამოხატული აღიარება, რითაც კომპოზიტორი მერი დავითაშვილი ნამდვილად ყოველთვის დაჯილდოებული იყო, არის და იქნება. მას, ხშირად, მხოლოდ სახელით – „მერი“ ვიხსენიებთ, როგორც დიდ ადამიანებს. იგი ჭეშმარიტად სახალხო კომპოზიტორია. მერი დავითაშვილის მუსიკა პირველივე მოსმენაზე ნუსხავს პატარასა თუ დიდს და სამუდამოდ ამკვიდრებს სათნოების, სიკეთის, სიყვარულის და სიხარულის გრძნობას. საგულისხმოა მისი სიტყვები: „კომპოზიტორმა ცხადად, დამაჯერებლად, ხატოვნად უნდა უამბოს ბავშვებს მათთვის ახლობელ სამყაროზე, ფრთხილად და ფაქიზად გაიყვანოს ცხოვრების შარაგზაზე, დაანახოს კარგიც და ავიც, აზიაროს სიკეთესა და სილამაზეს, ამხილოს ყველაფერი, რაც ეღობება სიმართლეს და უპირისპირდება მშვენიერებას. ეს რთული და სერიოზული თემები ქმედით სახეებში და გასაგები ენით უნდა გადმოვცეთ“. 

კომპოზიტორი საოცარი სიყვარულით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქართულ ეროვნულ მუსიკას, რაც განაპირობა მისმა თანდაყოლილმა კეთილშობილებამ, ამაღლებულმა სწრაფვამ მშვენიერებისკენ და სიცოცხლისადმი ჯანსაღმა დამოკიდებულებამ. როგორც თავის მოგონებებში აღნიშნავს, მერი დავითაშვილის  მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღოდა მამას – შალვა ივანეს ძე დავითაშვილს, რომელიც იყო საქართველოს  დამსახურებული ექიმი, რენტგენოლოგი, ფიზიოთერაპევტი და დედას – მარიამ ლაზარეს ასულ ბეროზაშვილ-დავითაშვილს, განათლებით იურისტს.

1924 წლის 13 მარტს თბილისში, მთაწმინდაზე, არსენას ჩიხში მდგარ ძველებურ, თბილისურ სახლში მცხოვრებ დავითაშვილების ოჯახში დაიბადა ქალიშვილი. მას ტრადიციისამებრ მარიამი დაარქვეს (მისი  წინაპარი ქალბატონების უმეტესობას მარიამი ერქვა, მათ შორის დედასაც), თუმცა ყველა მერის ეძახდა.

ხატოვნად აქვს აღწერილი თავისი ცხოვრება მერი დავითაშვილს წიგნში „მოგონებები გარდასულ დღეთა“. მკითხველს თვალწინ წარმოუდგება მისი შთაბეჭდილებებით აღსავსე ბავშვობა. იხსენებს სახლის სამხრეთით გაჭრილი ფანჯრის რაფაზე დაფენილ მზის სხივებს, ულამაზეს ხეს, წელიწადის სხვადასხვა დროს რომ სახეს იცვლიდა და ბუნების სიყვარულს აღვივებდა მასში. იხსენებს წითელი ხის სწორსიმიან როიალს, რომლის წყალობითაც მუსიკის უმდიდრეს და ულამაზეს სამყაროში აღმოჩნდა, რაშიც ასევე დიდი როლი ითამაშა მშობლების მუსიკალურობამ. ისინი უკრავდნენ კიდეც ფორტეპიანოზე და პატარა მერის ბავშვობიდანვე ჩაესმოდა მუსიკალური თემები ოპერებიდან, რომანსებიდან და სიმღერებიდან. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე მშობლებთან ერთად სპექტაკლის „აბესალომ და ეთერის“ ხილვამ და მოსმენამ. გაოცებულს ჩაესახა სურვილი მთელი ცხოვრება მიეძღვნა ხელოვნების იმ დარგისთვის, რომელიც აღაფრთოვანებს და კათარზისს განაცდევინებს ადამიანს.

6 წლის მერი თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში მამამ მიიყვანა. კონსერვატორიის ფოიეში „ერთი ძია“ შეხვდათ, რომელსაც  სუსტი თითების გამო პატარა გოგონას მიღებაზე ჯერ უარი უთქვამს, თუმცა, უცნობი მამაკაცის მიერ ბავშვის მუსიკალური მონაცემების შემოწმების შემდეგ, მერი წარმატებით ჩაირიცხა სასწავლებელში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძია, თვით ზაქარია ფალიაშვილი ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო კლასში საკმაოდ მომთხოვნ პედაგოგთან, სუსანა ელიავა-გაბუნიასთან თავისუფალი მუზიცირება ნებადართული არ იყო, მერი მაინც ახერხებდა შეექმნა საკუთარი მუსიკალური კომპოზიციები. სწავლის პერიოდში მას ხშირად უწევდა კონცერტებზე გამოსვლა. სცენასთან პირველი გაშინაურება კი სწორედ კონსერვატორიის მცირე დარბაზში მოხდა.

1934 წელს, 10 წლის მერი დავითაშვილის ოჯახი, მამის სამსახურებრივი მოვალეობის გამო, საცხოვრებლად ქალაქ ქუთაისში გადავიდა. მერისთვის ქუთაისი მეორე მშობლიური ქალაქი გახდა და მისი სიყვარულით გატარებული 7 წელი დღესასწაულად ექცა. იგი ყოველდღიურად ეზიარებოდა კოლორიტული ქუთაისის მშვენებას, თავისი მაცხოვრებლებით და მოვლენებით. აქ იგი დაუახლოვდა მომავალში ცნობილ არაერთ  პიროვნებას. აქვე გაიცნო თავისი თანამეინახე, მისი ვოკალური ქმნილებების ლექსების ავტორი – პოეტი ანა კალანდაძე, რომელთან მეგობრობა და თანამშრომლობაც რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა.

მერი დავითაშვილი მუსიკალურ განათლებას ქუთაისის სამუსიკო სკოლა-სასწავლებელში განაგძობდა, პედაგოგებთან ა. ანსიმოვასა და ე. ტალვიკთან.  

დიდი სამამულო ომის დაწყების გამო, მ. დავითაშვილს მოუწია გეგმების შეცვლა. მოსკოვში ლევ ობორინთან სასწავლებლად გამგზავრების ნაცვლად, 1941 წელს მან ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც მეცადინეობდა ჯერ პროფესორ პეტრე რიაზანოვთან, ხოლო მომდევნო წელს, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში ჩაირიცხა.  

მერი დავითაშვილი მოგონებაში წერს: „ბედმა გამიღიმა, რომ  ანდრია ბალანჩივაძესთან მოვხვდი სასწავლებლად. საინტერესო ცხოვრება განვლო მან. ქვეყანას მდიდარი შემოქმედება დაუტოვა და კომპოზიტორების მთელი პლეადა აღუზარდა, ქადაგებდა პატრიოტიზმს, საუკეთესო ზნეობას, პატიოსნებას, მაღალ პროფესიონალიზმს...“.

ანდრია ბალანჩივაძის კლასში მერი დავითაშვილთან ერთად სწავლობდნენ არჩილ ჩიმაკაძე, რევაზ ლაღიძე, შოთა მილორავა, ოთარ თევდორაძე, ნათელა სვანიძე, ბიძინა კვერნაძე. იგი ასევე მეგობრობდა ოთარ თაქთაქიშვილთან, სულხან ნასიძესთან და სხვებთან.

 „მერი დავითაშვილი ეუფლება ქართული მუსიკის მდიდარ ტრადიციებს, პროფესიულ ჩვევებს, სხვადასხვა ჟანრის კანონზომიერებებს. კონსერვატორიის წლებში მას მეტწილად აინტერესებდა კამერული-ინსტრუმენტული მუსიკა. დაკვირვებით სწავლობდა კლასიკურ მემკვიდრეობას, რომანტიკოსთა სტილისტურ ნიშნებს, პოლიფონიური ხელოვნების თავისებურებებს. სტუდენტობის პერიოდში მან დაწერა საფორტეპიანო ვარიაციები, საფორტეპიანო ტრიო, სიმებიანი კვარტეტი. დიდი ფორმის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია საორკესტრო სიუიტა „გელათი“ ოთხ ნაწილად.“ (ნ.ქ. ლიტ. 24). ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები დიდი წარმატებით სრულდებოდა თბილისის საკონცერტო ესტრადაზე. ხოლო დავითაშვილის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო და სწორედ ეს ნაწარმოები წარუდგინა მან  კომპოზიტორთა კავშირში მიმღებ კომისიასაც, მომდევნო წლებში არაერთხელ გაჟღერდება და დიდ მოწონებას დაიმსახურებს. 1947 წელს თბილისში რადიო-ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც გ. კილაძე დირიჟორობდა, კონცერტი შეასრულა პიანისტმა თ. კობახიძემ.

1946 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, მერი დავითაშვილი ხდება კომპოზიტორთა კავშირის წევრი და აქტიურად იწყებს შემოქმედებით მოღვაწეობას.

კომპოზიტორის სტუდენტობის შემდგომი პერიოდის შემოქმედების სტილური ნიშნების შესახებ მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე წერს: „დავითაშვილი ეროვნული მუსიკის კლასიკურ ტრადიციებს ემყარება. უკვე ამ ნაწარმოებებს ემჩნევათ ხალხურ მუსიკასთან მტკიცე კავშირი, ეროვნული ხასიათი, მეტყველების თავდაჭერილობა, ნათელი ლირიკული სახეებისაკენ მისწრაფება და ჟანრული სურათოვნებით დაინტერესება. ... ამ ნაწარმოებებში შეიძლება ლაპარაკი დავითაშვილის სტილისთვის დამახასიათებელ თვისებებზე. უპირველეს ყოვლისა ეს არის მელოდიური სახეებით აზროვნება, ამავე დროს ეს მელოდიური სახე მეტწილად ვოკალური წარმოშობისაა და ახლოს დგას ქართული ხალხური სიმღერების ინტონაციურ საქცევებთან. კომპოზიტორი კარგად იცნობს ხალხური სიმღერის ბუნებას, თუმცა ხალხური მასალის ათვისება-გარდაქმნის მეთოდები დროთა ვითარებაში იცვლება და ევოლუციას განიცდის მის შემოქმედებაში.“ (ლიტ. 24)

1947 წლის თებერვლის თვეს, მოგვიანებით, მერი დავითაშვილი განსაკუთრებული გრძნობით იხსენებს  და აღნიშნავს: „ეს მართლაც ბედისწერაა, რომ ამ ცხოვრებაში გივის (კომპოზიტორის მეუღლე) გვერდით აღმოვჩნდი. ...საოცარი ადამიანი იყო გივი დოლიძე – ხალხთან ურთიერთობის და სიყვარულის დიდოსტატი. ამაზე მეტი მას არაფერი იზიდავდა ამ ცხოვრებაში. ჩვენი ურთიერთობა დამყარდა ურთიერთგაგებასა და ერთმანეთის პიროვნული თავისუფლების პატივისცემაზე. ეს რომ არა, შესაძლოა ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა საერთოდ არც კი შემდგარიყო. შემოქმედება სათუთი სამყაროა. მისთვის, შინაგანი თავისუფლება უმთავრესია.“

1948 წელს მერი დავითაშვილს შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი – მამუკა დოლიძე, რომელიც დღეს გამოჩენილი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია; ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, თამარ კვანტალიანი (ექიმი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), შვილები – ნინო დოლიძე (ფილოლოგი, სოც. მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი), გივი დოლიძე (ფინანსისტი, აუდიტისა და ქონსალთინგის მენეჯერი) და შვილიშვილი ლევან ბოკერია (ნეირომეცნიერებების დოქტორი).

ვფიქრობ, რომ საამაყო შთამომავლების პიროვნული წარმატების ერთგვარი საწინდარი, მერი დავითაშვილის მუსიკალური შემოქმედებაც უნდა იყოს, ვინაიდან, ოჯახის წევრებს ადრეული ასაკიდანვე ჩაესმოდათ კომპოზიტორი ქალის მიერ ნატიფი გრძნობით მიწოდებული მუსიკის რჩეული ნიმუშები, როგორც საკუთარი, ასევე მსოფლიო მუსიკალური ლიტერატურიდან.  

საოცარი რუდუნებით უდგება ქალბატონი მერი მის შემოქმედებაში საბავშვო რეპერტუარს. არაერთ თაობას ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება ლაიტთემად ქართული სულისკვეთებით განმსჭვალული ჰანგები, რომელთა ნატიფი მელოდიკა ლაზათიანად ეფინება მზის სხივით გაჯერებულ გამამხნევებელ სიტყვებს და ყველას საოცარ განწყობას უქმნის, თან სიყვარულით აწვდის მისალმების და მშვიდობიანი დილის მადლს. ყველა ქართველისთვის ნაცნობი სევდიანი მელოდია, რომელიც თან სდევს შეუძლოდ მყოფი კურდღლის ამბავს, ბავშვებში იწვევს თანაგრძნობის განცდას და მზრუნველობის სურვილს.

მერი დავითაშვილის საკომპოზიტორო შემოქმედება მრავალფეროვანია თემატიკით, ემოციური საწყისით, საშემსრულებლო ხერხებით, მუსიკალური ფაქტურით, თუ პლასტიკით. აღსანიშნავია მისი შემოქმედების ჟანრული ნაირფეროვნება და გრანდიოზულობა, რაზეც მეტყველებს ნაწარმოებთა სიუხვე და მნიშვნელობა.

მერი დავითაშვილი 600-მდე მუსიკალური ქმნილების ავტორია:

დიდი ფორმის ნაწარმოებები: მუსიკალური თეატრისთვის /3/ – ბალეტი „მზის ქორწილი“ (1953), საბავშვო ოპერები „ქაჯანა“ (1965) და „ნაცარქექია“ (1972);

სიმფონიური ნაწარმოებები /18/, მათ შორის „გელათი“ (1946), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1946), „მშვიდობისათვის“ (1951) სიუიტა N1 ბალეტიდან „მზის ქორწილი“ (1953), პოემა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1954), ფანტაზია (1956) და სხვ.

კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: ჩასაბერი და ხემიანი საკრავებისთვის /25/, მოზრდილთა /21/ და მოსწავლეთა /84/ საფორტეპიანო რეპერტუარისთვის; ვოკალური /107/ და საგუნდო /48/ ნაწარმოები, საგალობელი /6/,  საბავშვო სიმღერა /157/;

მუსიკა სპექტაკლებისთვის /31/, მუსიკა თოჯინების თეატრისთვის /30/, მუსიკა მხატვრული ფილმებისათვის /3/, რომელთა ჰანგებმა მთელი საქართველო მოიცვა და  ყველა ქართველის საყვარელ მელოდიებად იქცა. კინოფილმში „მანანა“ მუსიკა თითქმის მთელი ფილმის მანძილზე ჟღერს და ერთიორად აძლიერებს ემოციურ განწყობას. ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მანანას სიმღერით კომპოზიტორი მეტად  პოპულარული გახდა. განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მერი დავთაშვილის სიმღერა  „მზის შუქივით გამათბობდა“ ფილმს „დაგვიანებული სასიძო“.

ვინ მოთვლის რამდენჯერ გაჟღერებულა, თუნდაც ჩვენ რამდენჯერ წაგვიმღერია მერი დავითაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერები მის მიერ მუსიკალურად გაფორმებული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. ნუსხა კი შთამბეჭდავად დიდია, მას შექმნილი აქვს მუსიკა 35 მულტიპლიკაციური ფილმისთვის. კომპოზიტორი საოცარი რუდუნებით და განსაკუთრებული სკრუპულოზურობით უდგებოდა მასალაზე მუშაობას, რადგან გრძნობდა, რომ ფილმის წარმატებისთვის ყოველ ნიუანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.

ქრონოლოგიურად წარმოდგენილი ჩამონათვალით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა ინტენსიობით უწევდა მუშაობა კომპოზიტორს აღნიშნულ სფეროში:

1956

ხელმარჯვე ოსტატი

1957

ჩხიკვთა ქორწილი

1957

უქნარა

1958

მტრობა

1960

ვეფხვი და ვირი

1961

წუნა და წრუწუნა

1961

ნიკო და სიკო (ერთი დღე თბილისში)

1961

ნახევარწიწილა

1962

ქორბუდა (ხანძარი ტყეში)

1963

თოჯინები დაეხმარნენ

1964

ძილისგუდა (ძილისპირული)

1964

გმირი ერთი საათით

1964

დამაკვირდი

1965

სიყვარულო ძალსა შენსა, სატრფიალო (სიყვარულის ძალა)

1965

როგორ წარმოიშვა სახლი

1965

სათაგური

1966

ჩემო ტკბილო სალამურო

1966

თეთრი ღამეები

1966

ეშმაკის ჯვარცმა

1967

განთიადის მომღერალი

1968

თაგვები კატას მარხავენ (როგორ მარხავენ თაგვები კატას)

1968

საღებავთა აჯანყება

1970

ექიმი თხუნელა

1970

ქირურგი მამალი

1971

ხარაბუზა

1971

რწყილი და ჭიანჭველა

1971

ვერაგობა და სიყვარული

1972

გაზაფხული

1972

ქილა ერბო

1973

მოხერხებული კურდღელი

1974

საზღაური

1976

ნამდვილი მეგობრები

1977

კარის მეზობლები

1977

თერძი ბესო

1983

ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი

 

მერი დავითაშვილს შემოქმედებითი მოღვაწეობა ასევე წარმატებული აღმოჩნდა თეატრალურ ჟანრში, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების თეატრალურ სცენებზე დადგმული სპექტაკლებისთვის ქმნიდა მუსიკას. კომპოზიტორის საარქივო მასალა იძლევა ინფორმაციას, თუ რა ტიტანურ შრომას მოითხოვს თითოეული სპექტაკლის მუსიკალური მასალის მომზადება – სცენარის შესწავლა, თითოეული პერსონაჟის თუ სცენური განწყობის აღქმისთვის მუსიკალური თემების მორგება და შესაბამისი  „ნომრის“ შექმნა, ჩაწერა, გაჟღერების უზრუნველყოფა, მუსიკალური მასალის ჩანაწერისთვის რეპეტიციების ორგანიზება, თანამშრომლობა რეჟისორთან, მხატვართან, მსახიობთან. ასევე ვრცელია ნუსხა იმ სპექტაკლებისა, რომლებიც წლების მანძილზე ანშლაგით მიმდინარეობდა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ მათ მუსიკალურ გაფორმებას  მიუძღოდა:

 

1951

მისი დანაშაული

გორის დრამატული თეატრი

1953

გვარს ნუ დავასახელებთ

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1954

მკაცრი ქალიშვილები

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1954

გვარს ნუ დავასახელებთ

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1955

მაია წყნეთელი

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1955

სასეირო შემთხვევა (სახალისო შემთხვევა)

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1955

და და ძმა

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1955

მეუღლენი

ბორჯომის კულტურის სახლის თეატრი

1956

უცნაური წრე

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1956

კარგი მეგობარი

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1956

არსენა მარაბდელი

გორის სახელმწიფო თეატრი

1957

კეთილი მეზობლები

ბორჯომის კულტ. სახლის თეატრი

1960

დამნაშავენი

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1961

პირველი მერცხლები

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1961

ბაბთიანი გოგონა

თბილისის კ.მარჯანიშვილის სახ. თეატრი

1962

თეთრი ღამურა

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1962

ბოროტი სული

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1963

ჩექმებიანი კატა

მოზარდმაყურებელთა თეატრი

1963

ხედი ხიდიდან

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1963

უსახელო ვარსკვლავი

თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი

1964

ჯარისკაცის ქვრივი

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

1964

ვაზის ტირილი

ბორჯომის სახალხო თეატრი

1964

ჩექმებიანი კატა

მოზარდ მაყურებელთა სახელ. ქართ. თეატრი

1965

ზღაპარი ჯარისკაცის თოფზე

მოზარდ მაყურებელთა სახელ. ქართ. თეატრი

1965

ძველი რომანსი

სოხუმის დრამატული თეატრი

1965

უღრანი ტყის ზღაპარი

სოხუმის დრამატული თეატრი

1965

უკვდავების წყარო

ბორჯომის სახალხ. დრ. თეატრი

1966

ქალაქი უსიყვარულოდ

გორის თეატრი

1983

კონკია

ცხინვალის ქართული თეატრი

1991

სათაგური

მცხეთის თეატრი

1997

ოქროს თევზის ზღაპარი

რუსთავის თეატრი

1962

დაიყივლე მამალო

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1962

ქალპეპელა

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1964

მეგობრობის ამანათი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1965

სწავლობს გიგლა

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1968

წითელკანიანთა ბელადი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1972

ბატის ჭუკი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1972

აცა-ბაცა

მოზარდმაყურებელთა თეატრი

1972

სიკეთის ძალა

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1973

ნამცეცა

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1973

ჩექმებიანი მგელი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1974

გუგულიანი საათი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1974

დიდყურა

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1974

ვერცხლის სამჭედლო

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1975

ცისფერი ზღარბი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1975

წითელქუდა

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1975

ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგად.

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1976

პატარა წერო და საფრთხობელა

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1978

ტონჩო – გულიანი ბიჭი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1979

წითელქუდა

თბილისის რუსული თოჯინების თეატრი

1979

იდუმალი ჰიპოპოტამი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1979

ბეკეკო - შავლეგი

თბილისის რუსული თოჯინების თეატრი

1980

38 თუთიყუში

თბილისის რუსული თოჯინების თეატრი

1981

ერთად ვიმღეროთ

ქუთაისის თოჯინების თეატრი

1981

თოჯინის დაბადების დღე

სატელევიზიო სპექტაკლი

1982

ჯაგრისის თავგადასავალი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1984

დაჩის ზღაპარი

თბილისის თოჯინების სახელ. ქართ.თეატრი

1985

მზის სხივი

ბორჯომის თოჯინების თეატრი

1986

ალადინის ჯადოსნური ლამპარი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

1991

ბედნიერების მეკვლე (ყარყატის დაბ. დღე)

რეჟ. მაია ლორთქიფანიძე

1959

ჩვენი აიბოლიტი

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი

მარტო საბავშვო სპექტაკლი „ბატის ჭუკი“ რად ღირს. მას ხომ საოცარი აღტაცებით უცქერდნენ ბავშვები და მონაწილეობასაც კი იღებდნენ თეატრალურ წარმოდგენაში.

შეიძლება არც კი ვიცოდეთ, რომ კინოქრონიკისთვის, თუ კინონარკვევისთვის შექმნილი მუსიკის ავტორი მერი დავითაშვილია, ისე ჩაგვესმის და ბექგრაუნდის ფუნქციის მიუხედავად ისეთ ძლიერ ემოციურ განწყობას გვიქმნის. მას ასეთი ოციოდე ნიმუში აქვს შექმნილი და შეიძლება მეტიც, ვინაიდან მის საოჯახო არქივში დიდი მოცულობის ხელნაწერებს შორის შესაძლებელია სწორედ აღნიშნული თემატიკისთვის იყოს არაერთი ჩანაწერი, მონახაზი, ესკიზი, ან პაწაწინა მოტივიც კი, რომელიც მერი დავითაშვილის შემოქმედების ისეთ იმპულსად ქცეულა, რომ აზვირთებულ ტალღად მოვლენილი აკუსტიკურ სივრცეში ულამაზეს ჰარმონიულ ჟღერადობად გადმოფრქვეულა. 

გაოცებას იწვევს ჩამონათვალის სიუხვე და მასშტაბურობა და ძნელი წარმოსადგენია,  თუ  როგორ ახერხებს კომპოზიტორი თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრში შექმნას ნაწარმოებები, რომლებიც როგორც შემსრულებელთათვის, ასევე მსმენელისთვის იყოს მისაღები, გასაგები და საყვარელი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქალბატონი მერი პარალელურად მოღვაწეობს მრავალი მიმართულებით – საგანმანათლებლო სფეროში, საკმაოდ დატვირთულია საზოგადო მოღვაწეობით; დაკავებულია შემოქმედებითი კონცერტების, ფესტივალების, საკავშირო პლენუმების და სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით. 1954-1968 წლებში  ხელმძღვანელობს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო მუსიკის სექციას; 1956 წელს ხდება საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი; 1968 წლიდან 1990 წლამდე, თითქმის 23 წელი, როგორც საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას. ამ პერიოდს ემთხვევა მისი სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო საქმიანობა. ხშირად მონაწილეობს ბავშვთა საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც მიწვეული სტუმარი და მომხსენებელი. საიტზე წარმოდგენილია მერი დავითაშვილის პუბლიკაციების ნუსხა – ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მისი  სტატიები და საერთაშორისო თემატურ კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებები. მერი დავითაშვილი, ძირითადად ყველა ნაშრომში აღნიშნავს მუსიკის როლის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბავშვთა აღზრდის პროცესში. კომპოზიტორი ქალის, როგორც „მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრის (ISME) ხედვა და მსჯელობა, რომელიც პრაქტიკაზე იყო დაფუძნებული, უნგრეთში (ბუდაპეშტი, 1969), რუსეთში (მოსკოვი, 1970), შვეიცარიაში (1976), ჩეხოსლოვაკიაში (ოლომოუცი, 1977), რუმინეთში (1979), ბულგარეთსა (1984) და სხვა ქვეყნებში კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდა. პირადი სიმპათიების ფონზე ახალი კავშირები ყალიბდებოდა.

შეუფასებელია კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ღვაწლი, რომელიც მან დასდო საქართველოს საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის დაარსების საქმეს. 1972 წლიდან ის ყოველწლიურად იყო ამ კვირეული ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. კვირეულს დიდი დატვირთვა ჰქონდა – ქართული მუსიკალური კულტურის გადარჩენა, განვითარება, საგანმანათლებლო და საკონცერტო რეპერტუარის გამდიდრება, პოპულარიზაცია, ფართო მსმენელის წინაშე, როგორც ნორჩ და ახალგაზრდა, ასევე მოზრდილ შემსრულებელთა  წარმოჩენა; ასევე, საკომპოზიტორო ხაზით ახალი, საბავშვო და ბავშვთათვის შექმნილი ნაწარმოებების გაჟღერება. 2010 წლიდან საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულს მიენიჭა მერი დავითაშვილის სახელი. ყოველ წელიწადს, 1 ივნისიდან ერთი კვირის მანძილზე  დიდი თუ პატარა საოცარი დღესასწაულის მომსწრე ხდება. ტრადიცია დღესაც გრძელდება. წელს (2023) კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელობით უკვე 51-ე კვირეული გაიმართა. ვიმედოვნებთ, რომ კვირეულს მომავალშიც შეეწყობა ხელი და ის ისეთივე მასშტაბური გახდება, როგორიც ეს კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დროს იყო.

საორგანიზაციო საქმიანობის პარალელურად იქმნებოდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები. ვრცელი ნუსხიდან აღვნიშნავთ რამდენიმე მათგანს.

ბალეტი „მზის ქორწილი“ (1953), რომლის ლიბრეტოს ავტორია ო.ეგაძე, არ დადგმულა, თუმცა ბალეტიდან  საორკესტრო სიუიტა №1 ხშირად სრულდებოდა, პრემიერა კი შედგა 1953 წელს. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა ჯ. გოკიელი.

პოემა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1954), პრემიერა შედგა 1954 წელს თბილისში; სოლისტ ი. ცხომელიძეს აკომპანემენტს უწევდა რადიო-ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირიჟორობდა შ. აზმაიფარაშვილი.

ფანტაზია  ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1956), 4 ნაწილად. პრემიერა შედგა 1958 წელს, სოლისტი გ. ქავთარაძე. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა წარმოშობით ჩეხი, ა. ნოგეილი.

კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა სხვადასხვა დროს 150-ზე მეტი საბავშვო სიმღერა, 100-ზე მეტი ვოკალური და ორმოცდაათიოდე საგუნდო ნაწარმოები შექმნა პოეტების მ. მრევლიშვილის, ც. ქიტიაშვილის, გ. ჭიჭინაძის, ა. კალანდაძის, პ. გრუზინსკის, ვაჟა-ფშაველას, ტ. ტაბიძის, გ. ტაბიძის,  ნ. ბარათაშვილის, ლ. ასათიანის, კ. სულაკაურის, ს. ჩიქოვანის, შ. ფორჩხიძის, გ. გეგეჭკორის, მ. ლებანიძის, გ. გრიგოლაშვილის, რ. მარგიანის, ი. აბაშიძის,ალ. აბაშელის, შ. ამირანაშვილის, რ. თაბუკაშვილის, ვ. აბშილავას, ე. დიდიმამიშვილის, ი. ნონეშვილის, მ. ფოცხიშვილის,მ. ჩხეტიანის, ი. გრიშაშვილის, ჯ. ქარჩხაძის, ნ. კილასონიას, ო. იოსელიანის, ტ. ჭანტურიას, დ. წერედიანის, შ. ხოდაშნელის, ჯ. ჩარკვიანის, მარიჯანის, ს. დოლიძის, ხ. ბერულავას, შ. მღვიმელის, გ. ლეონიძის, რ. ებრალიძის და სხვათა ლექსებზე. სიმღერების და ვოკალური ნაწარმოებების უმეტესობა ციკლების სახით, სხვადასხვა დროს,  სანოტო კრებულების სახით გამოიცა უმეტესად მუსფონდის მიერ და დღეს, ციფრული PDF ფორმატის სახით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე არის წარმოდგენილი.

პირველი სანოტო კრებული – „სათამაშოების სიმღერები“ აერთიანებს 5 საბავშვო სიმღერას („თქვენთან გვინდა თამაში“, „საწყალი კურდღელი“, „საქანელა“, „მოვილხინეთ“ და „საზეიმო“) და გამოქვეყნებულია 1955 წელს. შემდგომ კრებულებში განთავსებული ქმნილებები დიდი საჩუქარია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს მცირეწლოვან, მოზრდილ, ასევე ზრდასრული ასაკის სასიმღერო რეპერტუარს. აღსანიშნავია მერი დავითაშვილის საბავშვო სიმღერების კრებულები: „6 საბავშვო სიმღერა“ (1952), „ორი საბავშვო სიმღერა“ (1957), „სიმღერების კრებული“ (1958), „საბავშვო სიმღერების კრებული“ (1960), „ვიმღეროთ ერთად“ (1960), „მზის ამოსვლას ვეგებებით“ (1964), „პატარებს“ (1970), „დილა მშვიდობისა“ (1970), „მზემ წითლად ამოანათა“ (1971), „საახალწლო სიმღერები“ (1974), „სამი პიონერული სიმღერა“ (1974), „ანაო, ანა-ბანაო“ (1976), „თოჯინები მღერიან“ (1977), „სამი საბავშვო სიმღერა“ (1979), „ცხრათვალა მზე“ (1979), „საქართველოს მზეო“ (1983), „ბიჭო, ვისი ხარ, მალხაზი“ (1991), „რჩეული საბავშვო სიმღერები“ (1991),„საქართველოს შვილი თუ ხარ“ (1991), „ქართველ კომპოზიტორთა საბავშვო სიმღერები“ (1998), „გაზაფხული“ (2009), „სიმღერები“ (2014), „სიმღერები პატარებს“ (2017).

სანოტო კრებულების მუსიკალური რედაქტორი უმეტესწილად თვით კომპოზიტორი იყო და აქვე აღვნიშნავთ, რომ იგი წლების მანძილზე ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, სადაც რედაქტორის ფუნქციასაც ითავსებდა. მისი მაღალპროფესიული ცოდნა უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის სტანდარტს აღნიშნულ სფეროში.

საორკესტრო ნაწარმოებების პარტიტურების შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მერი დავითაშვილს საორკესტრო შემადგენლობით დიდი ლიტერატურა აქვს შექმნილი. ოპერა „ნაცარქექიას“ პარტიტურის ხელნაწერი, რომელიც დავითაშვილის პირად არქივში ინახება, A3 ფორმატის 600 გვერდს ითვლის. გაოცებას იწვევს ხელნაწერი პარტიტურების სიმრავლე და მუსიკალური მასალის ნოტირების ოსტატობა.

ქმნილებათა შორის დიდი წარმატება ხვდა წილად მერი დავითაშვილის ოპერებს, რომლებიც შეიქმნა ბავშვებისთვის, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მუსიკა და სანახაობა უფროს თაობასაც ხიბლავდა.

ოპერისათვის „ქაჯანა“, რომელიც კომპოზიტორმა 1965 წელს შექმნა, ლიბრეტო ნიკო ლომოურის მოთხრობის მიხედვით რევაზ თაბუკაშვილმა შეადგინა. ოპერის პრემიერა 1966.05.08 შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. დირიჟორობდა რ. ხურცილავა, რეჟისურა ეკუთვნოდა გ. მელივას, ხოლო მხატვარი იყო ი. ასკურავა. ნაწყვეტები ოპერიდან – ცეკვა „ქართული“ და „ფარიკაობა“, ხშირად სრულდებოდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებზე.

1972 წელს მერი დავითაშვილი ბავშვებისთვის ქმნის კიდევ ერთ ოპერას – „ნაცარქექია“. ლიბრეტო ს. ჭეიშვილს ეკუთვნის და შექმნილია ხალხური ზღაპრის საფუძველზე. პრემიერა შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, 1979.06.30.  დირიჟორობდა ი. ჭიაურელი. რეჟისორ თ. აბაშიძის და მხატვარ მ. მალაზონიას ნამუშევარმა მეტი ეფექტურობა შესძინა სპექტაკლს. გასული საუკუნის  80-იან წლებში ოპერა დიდი წარმატებით იდგმებოდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე. პრესის ფურცლებზე მრავალი გამოხმაურება დაიბეჭდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

ნანა ქავთარაძე („ხელოვნება“, ახალი საბავშვო ოპერა, „ლიტ. საქ.“, 1979.07.20.):   „კომპოზიტორი ხოტბას ასხამს ხალხის წიაღში დაბადებულ ნიჭს, გამჭრიახობას, გამომგონებლობის უნარს, უშრეტ ფანტაზიას, ადამიანის შემოქმედებით ენერგიას. ხალხური ზღაპრის კეთილშობილება, ერთგვარი სათავგადასავლო ხასიათი, დინამიკური კონტრასტები ოპერა „ნაცარქექიას“ მიმზიდველობას ანიჭებს..., ...ოპერა „ნაცარქექია“ ძალზე ახალგაზრდული სპექტაკლია არა მარტო იმიტომ, რომ მასში მონაწილეობენ ახალგაზრდა შემსრულებლები, არამედ თავისი ტემპო-რიტმული გადაწყვეტილებითაც. გაორკესტრების მაღალი დონე იძლევა პლასტიური, სცენიური სიცოცხლის განვითარების დიდ შესაძლებლობას. სპექტაკლი მიმზიდველია თავისი ხატოვნებით, იუმორესკული სიმსუბუქით და მკვეთრი გროტესკით, რაც სხვადასხვა თაობის მსმენელის ინტერესს იწვევს... ოპერა „ნაცარქექია“ თეატრმა ბავშვებს უძღვნა, მაგრამ თავისი სხივმოსილებით, გონებამახვილობით, ხალხური იუმორითა და ბრწყინვალე შესრულებით ის მოზარდებსაც ანიჭებს სიამოვნებას.“

ანდრია ბალანჩივაძე: „...მ. დავითაშვილის მუსიკას მოსდგამს ქალური სინაზე და სიწმინდე, სიყვარული ნორჩი მსმენელებისადმი, მხატვრული მიზანდასახულობის სიზუსტე. მომწონს ოპერის საერთო გულწრფელი, ზღაპრული მიამიტობით აღსავსე ტონი, სასიამოვნო, ხალხური სტილით გადაწყვეტილი ანსამბლები, ოსტატური გემოვნებიანი და მახვილგონივრული გაორკესტრება. განსაკუთრებით მომეწონა მუსიკაში ზღაპრულ-გროტესკულ ხაზთან დაკავშირებული ეპიზოდები...“ (გაზ.: კომუნისტი, 1979.07.31).

ნოდარ ანდღულაძე: „ეს არის ნამდვილი საბავშვო ოპერა თავისი განუმეორებელი  საზღაპრო სურნელით, წმინდა ხალხური სიბრძნითა და მორალით. იგი არა მარტო ესთეტიკურ, არამედ აღმზრდელობით ფუნქციასაც ასრულებს“ (გაზ.: კომუნისტი, 1979.07.31).

ანტონ წულუკიძე: „სპექტაკლი „ნაცარქექია“ გამოირჩევა კარგი სცენოგრაფიით, რაც განაპირობა მშვენიერმა მუსიკამ“ (მ.დ. „მოგონებები“ 2011).

ნანა ლორია (ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1979, N 9): „კომპოზიტორმა (მერი დავითაშვილმა) ნორჩი მაყურებელი მუსიკალურ-თეატრალური ხელოვნების საოცარ ატმოსფეროს აზიარა კარგად ცნობილი პერსონაჟების საშუალებით, რომელთა კოლორიტული სახეები ჟამთა მსვლელობამ ვერ გააფერმკრთალა... ბავშვებისთვის იგი განსაკუთრებით ახლობელია, მოზარდებს მოსწონთ, ხიბლავთ მისი სიხალისე, საზრიანობა, სიცოცხლისუნარიანობა...“

მანანა ჯოხარიძე: „ოპერა „ნაცარქექია“ ქართული საყმაწვილო მუსიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტორმა ჭეშმარიტად ახალი სიცოცხლე შთაბერა ხალხურ ზღაპარს, ამასთან პირველქმნილების განუმეორებელი სურნელიც შემოუნახა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეროვნული ხალხური შემოქმედების სათავეებთან ხელოვანის ცხოველმყოფელი კავშირის ძალას. ამ ძალამ შეაძლებინა მას შეექმნა ხალხური იუმორის სხივით გაბრწყინებული, მკვეთრი საღებავებით აღბეჭდილი, ფერადოვანი მუსიკალური სანახაობა, რომელმაც მოხიბლა პატარა მსმენელი. და სავსებით კანონზომიერია, რომ 1981 წ. ოპერა „ნაცარქექია“ ჩვენი რესპუბლიკის საპატიო ჯილდოთი – რუსთაველის სახელობის პრემიით აღინიშნა“.

გულბათ ტორაძე: „მერი დავითაშვილს, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო მუსიკალური წრეები, შეიძლება ითქვას, რომ მას იცნობს მთელი საქართველო, იცნობს ქართველი ხალხი იმიტომ, რომ მისი საოცრად სადა და სათნოებით სავსე მუსიკა თითქოს „აკვნიდანვე“ თან სდევს ჩვენს პატარებს, იმიტომ რომ მისი ნაწარმოებები ... ნორჩი თაობის მხატვრული აღზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა“ (მ.დ. „მოგონებები“, 2011)

გივი ორჯონიკიძე: „ნაცარქექია“, ეს არის ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი კარგი ნაწარმოები. მ. დავითაშვილმა შექმნა ბუნებრივი, ლამაზი, ეროვნული მუსიკა! (მ.დ. „მოგონებები“ 2011).

მერი დავითაშვილის კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ისმის საკონცერტო ესტრადაზე. აღვნიშნავთ რამოდენიმე მათგანს: საფორტეპიანო „ხორუმი“, რომელიც 1949.10.23. შეასრულა ქსენია ჯიქიამ, რომელიც იმ დროისათვის  სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. ბრწყინვალე შესრულებით არაერთხელ მოგვისმენია ნაწარმოები პიანისტ თამარ ლიჩელის შესრულებით. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსზე ქართული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის კატეგორიის რეპერტუარში შესული მერი დავითაშვილის ნაწარმოები სხვადასხვა ინტერპრეტაციით მრავალჯერ გაჟღერდა, თუმცა მუსიკის მუხტი და ფაქტურა წამყვან როლს თამაშობდა, შესაბამისად ქართული სულის მატარებელი უცხოელსაც ნუსხავდა და გარკვეული ხნით ქართველადაც კი აგრძნობინებდა თავს.  

მერი დავითაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა მართლაც რომ უკიდეგანოა და მრავალმხრივი. მისი თანამშრომლობა „ქართულ ფილმთან“, სადაც აფორმებდა და ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, მულტიპლიკაციური, ნახატი ფილმებისთვის. რამდენი დეტალი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინო, წამების გადანაწილებით მუსიკალური მასალა მოარგო კადრს და ეს ყველაფერი საორკესტრო ვერსიით წარმოადგინო. და თუ სცენარი შეიცვალა, რეჟისორმა თავისი ხედვა შემოგთავაზა და ყველაფერი სულ თავიდან იწყება, საჭირო ხდება ახალი თემები, ახალი მელოდიები, სხვადასხვა განწყობა და ნიუანსი, რომელიც მხოლოდ მერისია, მხოლოდ მას ძალუძს სიფაქიზითა და ოსტატობით შექმნას შედევრი. თან უბრალოდ და თითქოს და მარტივად მოწოდებული, ამავდროულად ღრმა და გრძნობის აღმძვრელი განუმეორებელი მუსიკით.

მერი დავითაშვილი, როგორც ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი, როგორც პედაგოგი დიდ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებდა და დღესაც ყველა დიდი სითბოთი მოიხსენიებს, ვისაც კი მასთან, როგორც პედაგოგთან, ჰქონია ურთიერთობა.

1973 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში როგორც პედაგოგი მიჰყავს კურსი ინსტრუმენტმცოდნეობისა და ორკესტრობის ხელოვნების. 1977 წ. უფროსი მასწავლებელი, 1983 წ. დოცენტი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ყველა სტუდენტისთვის უძვირფასესი ლექტორი ხდება და პროფესიულ ცოდნასთან ერთად იგი მათ უზიარებს ზოგადად სამყაროსადმი დამოკიდებულების ჭეშმარიტ ხედვას. მერი დავითაშვილი ასევე ასწავლის თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში, სადაც 1973 წლიდან მიჰყავს კომპოზიციის კურსი. აქვე აღვნიშნავ, რომ „ნიჭიერთა ათწლედში“ წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მოსწავლე, კომპოზიციის საფუძვლების შესწავლისას მეფიქრა მომავალში საკომპოზიციოზე სწავლის გაგრძელებაზე, როგორც უფროსი მეგობრისაგან მიმეღო ჩემთვის მნიშვნელოვანი რჩევები, რისთვისაც გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას და მადლიერებას. ამ გრძნობით აღვნიშნავ იმ ღვაწლს, რომელიც მერი დავითაშვილს მრავალი დამწყები, მოზარდი, თუ   ზრდასრული კომპოზიტორისთვის აქვს გაწეული. იგი აქტიურად მოუწოდებდა ყველას შეექმნათ და ფართო საზოგადოების წინაშე წარედგინათ საბავშვო მუსიკა, რომლის მნიშვნელობაზეც კომპოზიტორი არაერთ სამეცნიერო შრომაში საუბრობს.

სიღრმისეულად და საოცარი ხატოვნებით წარმოგვიდგენს მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე  არაერთ სტატიას, თუ წიგნს, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას. ქალბატონი ნანა წერს: „... მერი დავითაშვილმა დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით შედგა ფეხი ბავშვთა სამყაროში და პასუხად ასეთივე გულისხმიერება და სიყვარული მიიღო“. „...მ. დავითაშვილი ამ სამყაროს უკავშირდება საბავშვო მუსიკის ავტორისათვის აუცილებელი თვისებებით. ეს არის ქართველი კომპოზიტორი ქალის შინაგანი სულიერი სისპეტაკე და სიწრფელე, გძნობატევადი გული, ბავშვური უშუალობით განცდის უნარი და რაც მთავარია, დედობრივი სათნოება პატარებისადმი“. მუსიკოლოგი გულბათ ტორაძე თავის მოგონებაში აღნიშნავს: „მერი დავითაშვილს, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო მუსიკალური წრეები, შეიძლება ითქვას, რომ მას იცნობს მთელი საქართველო, იცნობს ქართველი ხალხი იმიტომ, რომ მისი საოცრად სადა და სათნოებით სავსე მუსიკა თითქოს „აკვნიდანვე“ თან სდევს ჩვენს პატარებს, იმიტომ რომ მისი ნაწარმოებები ... ნორჩი თაობის მხატვრული აღზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა“.

 სწორედ საბავშვო მუსიკის შექმნით მერი დავითაშვილი გახდა ბავშვების საყვარელი კომპოზიტორი, და რაც უკავშირდება ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც იგი დედა გახდა. მოზარდ მამუკას (ვაჟიშვილი) დედის მუზიცირებისას ღიღინი დაუწყია და ქალი კომპოზიტორისთვის, რომელიც იმ პერიოდში სიმფონიურ, კამერულ და საგუნდო-ვოკალურ ჟანრში მოღვაწეობდა, საბავშვო მუსიკის შექმნის ინსპირაციაც გამხდარა. დიდი და ვრცელია  საბავშვო მუსიკის ნაწარმოებთა ამსახველი ნუსხა, მათ შორისაა საბავშვო სიმღერები, ოპერები „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“, მუსიკა საბავშვო მულტიპლიკაციური და ნახატი ფილმებისათვის, საბავშვო და მოზარდმაყურებელთა სპექტაკლებისთვის და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის მერი დავითაშვილს ქართული საკომპოზიტორო სკოლის განვითარების საქმეში. მან აღზარდა არაერთი თაობა, რომელთაც საოცარი ერუდიციის და მაღალპროფესიული მიდგომით აწვდიდა ცოდნას და საკომპოზიციო საფუძვლების უნარებს უმუშავებდა.

უნდა აღინიშნოს კომპოზიტორ მერი დავითაშვილის მიმართ გამოთქმული აღფრთოვანებით აღსავსე სიტყვები. ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ შეფასებას აძლევს დავითაშვილის მოღვაწეობას ცნობილი კომპოზიტორი დიმიტრი კაბალევსკი. „მუსიკის აღზრდის საკითხებში საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი გულითადად გმადლობთ მონაწილეობისთვის და მოხსენებისთვის, რომელიც ეხება  „ხალხური და კლასიკური მუსიკის როლს ახალგაზრდობის აღზრდაში“. ღრმა პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით“.

დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ და მადლიერების გრძნობას გამოხატავდნენ  კომპოზიტორ მერი დავითაშვილის თაყვანისმცემლები. საოცარი სითბოთი იხსენებენ კოლეგები და საახლობლო წრე. მუსიკა რომელიც საინტერესო და მომხიბვლელია, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაცოცხლების წყურვილს აჩენს. ასე დაიბადა იდეა, რომელიც მერი დავითაშვილს 2013 წელს  შესთავაზა ცნობილმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა. კომპოზიტორი დათანხმდა და ჩანაფიქრიც განახორციელა, თუმცა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დადგმულ ბალეტს „წუნა და წრუწუნა“, კომპოზიტორი ვერ მოესწრო. ამავე სახელწოდების პოპულარული მულტიპლიკაციური ფილმის მუსიკის მიხედვით კომპოზიტორმა ზურაბ ნადარეიშვილმა შექმნა საბალეტო ვერსია, რომელიც ასევე ევროპელი კლასიკოსი კომპოზიტორების რჩეული ნაწარმოებებიდან მონაკვეთებსაც  მოიცავდა. სპექტაკლი როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თუმცა ნახატი ფილმისთვის შექმნილ მუსიკას სულ სხვა ეფექტი ჰქონდა, მით უმეტეს იმ პერიოდში (1961), როდესაც იგი შეიქმნა.

საავტორო კონცერტებზე, სადაც საყვარელი კომპოზიტორის ცნობილი შედევრები სრულდება, დამსწრე საზოგადოება დიდ სიამოვნებას იღებს. საიუბილეო საღამოებზე ყოველთვის ჟღერდა ის ნაწარმოებები, რომელიც შეიძლება ადრეც ბევრჯერ მოუსმენიათ, თუმცა ყოველ გაჟღერებაზე ახალი შთაბეჭდილებებით აღიქმება, რაც შედევრალური ქმნილებების დამახასიათებელი თვისებაა. ყოველ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი საღამო მოეწყო, ხოლო 2019 წლის 12 დეკემბერს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე განსაკუთრებულად გამოირჩეული საღამო შედგა, რომელიც მიეძღვნა კომპოზიტორ მერი დავითაშვილის და პოეტ ანა კალანდაძის 95 წლის საიუბილეო თარიღს. საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები: გიორგი გაგნიძე (ბარიტონი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი), თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ვიქტორია ჩაპლინსკაია (ფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი (ხელმძღვანელი ლია ჭონიშვილი). პროექტის ავტორის, მარიამ დავითაშვილის ჩანაფიქრით და ორგანიზებით (სამწუხაროდ იგი ვერ მოესწრო ღონისძიების ფინალურ „აკორდს“), საღამომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.  სამი ქალბატონის შემოქმედების – მუსიკის, პოეზიისა და მხატვრობის ტანდემმა და შერწყმამ საოცარი სახე მიიღო. იუბილეზე სანოტო კრებულის „თბილისური ჩანახატები“ პრეზენტაცია მოეწყო. მერი დავითაშვილის მუსიკა წარმოდგენილი სანოტო ვერსიით, რომლის ვოკალური ნაწარმოებების პოეტური ტექსტის ავტორი ანა კალანდაძე გახლავთ, მხატვრულად გააფორმა ქეთი მატაბელმა. ყოველ მუსიკალურ ნომერს მიუსადაგა მის მიერ შექმნილი თემატური ილუსტრაციები და შთამბეჭდავი ფერადოვნება შესძინა კრებულს. საღამოზე კონსერვატორიის ფოიეში მოეწყო მხატვარ ქეთი მატაბელის ნამუშევრების გამოფენა. სცენაზე ლექსებს კითხულობდა მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე. შეიძლება ითქვას, რომ იუბილე ხელოვნების ზეიმად გადაიქცა და თეატრალიზებულმა წარმოდგენამ, რომლის რეჟისურა ქალბატონ ნარგიზა გარდაფხაძეს ეკუთვნის, ამაღლებული და სადღესასწაულო განწყობა მიანიჭა დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია მერი დავითაშვილის მეგობრობა ქართველ მხატვრებთან, რომელთა შემოქმედების თაყვანისმცემელი და უბადლო შემფასებელიც გახლდათ. კომპოზიტორი თავის მოგონებებში იხსენებს მხატვრებს: დუდა გაბაშვილს, ჯიბსონ ხუნდაძეს, თეიმურაზ ყუბანეიშვილს, ირაკლი და გოგი ოჩიაურებს, ელგუჯა ბერძენიშვილს, ეთერ კაკაბაძეს, შოთა დოლიძეს და სხვ.  მისი მეგობრების რიცხვში იყვნენ ნელი ჩიქოვანი, ნელი ოქროპირიძე, გუგა მიქაძე, ამირ კაკაბაძე, დათო სულაკაური და სხვები. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ მხატვარ ქალბატონთან – ელენე ახვლედიანთან, რომლის სახელოსნოში პირველად კომპოზიტორი მეგობრების, ეთერ ანდრონიკაშვილის და ნანი შალიკაშვილის მეშვეობით, მოხვედრილა. მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც სიცოცხლის მანძილზე მიჰყვებოდა, რაც მერი დავითაშვილს, საოცარი სიფაქიზით აღქმის და ესთეტის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს, შემოქმედებაშიც ორგინალურად გარდაუსახავს არაერთხელ.

დატვირთული და საინტერესო ცხოვრებით განვლო მერი დავითაშვილმა ცხოვრება, დაგვიტოვა დიდი და მნიშვნელოვანი შემოქმედება, რომელიც, ვინ მოსთვლის, რამდენს აღაფრთოვანებს და რამდენს გაუკვალავს სიცოცხლის გზაზე ნათელ გეზს, სწორედ რომ „მერისეული“ მუსიკის – სიყვარულით შექმნილი მუსიკის წყალობით.

მერი დავითაშვილი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს პანთეონში, ეკლესიის მახლობლად.

გრიბოედოვის ქუჩის 29 ნომრის სახლის ფასადზე განთავსებულია მემორიალური დაფა წარწერით: ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  კომპოზიტორი მერი დავითაშვილი. სახსოვრად თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვეძისში) მთის ფერდობზე შეფენილ ქუჩას კომპოზიტორ მერი დავითაშვილის სახელი ჰქვია. მას ხომ ძალიან უყვარდა მთა-ბარ სიარული, ტკბებოდა ბუნების სილამაზით, ეთაყვანებოდა მას და მისი  საოცრად გულახდილი, ხალასი და მადლიერებით აღსავსე ქმნილებები უკანვე უბრუნებდა სამყაროს.

მომავალი 2024 წელი მერის წელია, მისი დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 10 წელი სრულდება. მრავალფეროვანი რეპერტუარი, რომელიც მან დაგვიტოვა, გვაძლევს საშუალებას თარიღის აღნიშვნას სხვადასხვა შემადგენლობის საკონცერტო ციკლის სახე მიეცეს. საოპერო, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო-ვოკალური, საბავშვო ინსტრუმენტული და საესტრადო, კინოს, თეატრის, მულტიპლიკაციური ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის და ა.შ. ჩვენ გველოდება დღესასწაული, ვინაიდან მერი დავითაშვილის მუსიკა ჭეშმარიტად დიდებულ და ამაღლებული გრძნობას ბადებს ყველა მსმენელში.

კომპოზიტორ მერი დავითაშვილის მიმართ მადლიერების გრძნობით და ღრმა პატივისცემით

ლელა მაქარაშვილი

 

2023.07.01.