ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი

#

დაგმარა (ელეონორა) სლიანოვა - მიზანდარი  დაიბადა ქუთაისში 1908 წლის 28 (15) დეკემბერს, თუმცა საინფორმაციო წყაროებში დაბადების თარიღად  მითითებულია 1910 წელი, საარქივო დოკუმენტები კი არ ადასტურებს ამ ფაქტის სისწორეს.).1 მამამისი - ლეონ სლიანოვი იურისტი, „საქართველოს დამცველთა კოლეგიის“ წევრი  იყო,  დედა - სოფიო მიზანდარი, ასევე სახელმწიფო მოხელე, ცნობილი მუსიკოსის, პიანისტის, პედაგოგის ფელიქს მიზანდარის ქალიშვილი და ქართული  საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის - ალოიზ მიზანდარის ძმისშვილი.

გასული საუკუნის ქუთაისში იდგა სახლი რიონის პირას, კათოლიკურ უბანში, ტელემანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის პაპა, ფელიქს მიზანდარი. აქ ეწეოდა იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას, ამ სახლში იღებდა მოსწავლეებს, მათ შორის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილებს. ამ სახლში იზრდებოდნენ ფელიქსის შვილები - სოფიო და ვალერიანი. ეს უკანასკნელი 2 წლის იყო, როდესაც მამამისი - ფელიქს მიზანდარი გარდაიცვალა და ოჯახის მურვეობა ბიძამ, ალოიზ მიზანდარმა აიღო თავის თავზე. მამა-ბიძისეულ გზას ვალერიანი დაადგა, შემდგომში ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორი, საქართველოში  სამხედრო სასულე ორკესტრის დამაარსებელი, მუსიკოსთა თაობის აღმზრდელი, მის მოწაფეთა შორის იყო ევგენი მიქელაძე. ვალერიან მიზანდარი ისტორიაში აგრეთვე „ბრმა დირიჟორის“ სახელით შევიდა.

ვალერიან მიზანდარს უყვარდა დისა და სიძის, სლიანოვ-მიზანდარების ოჯახში  სტუმრობა, როგორც ქუთაისში, ისე შემდგომ თბილისში. განსაკუთრებით ახარებდა ერთადერთი დისწულის მუსიკალური მონაცემები. როგორც თავად დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის ჩანაწერიდან ვიგებთ, ვალერიანი იმედს გამოთქვამდა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა მისი კარიერის წარმართვაში:

„ვალერიანი ჩვენთან რომ მოვიდოდა, მე მთხოვდა, რომ დამეკრა, თავად კი დიდის გულისყურით მისმენდა. შემდეგ დედაჩემთან მივიდოდა, ხელს გადახვევდა და ეტყოდა: სოფიკო, როგორც კი ამ საზაფხულო კონცერტებს მოვრჩები, აუცილებლად წავალ ლენინგრადის კონსერვატორიაში, ჩვენი ელეონორაც თან უნდა წავიყვანო და თუ და ხარ, ნუ დამიშლი, მასში ჩვენი გვარის სისხლი ჩქეფს და მე მინდა მას ის სამსახური გავუწიო, რაც შენ მიგიძღვის ჩემს წინაშეო.

ცუდ დროს უმტყუნა მუხთალმა ბედმა ვალერიანს, არ აცალა მიზანი  განეხორციელებინა. 1921 წელს მან შეამჩნია, რომ მხედველობა გაუფუჭდა, მალე კი სულ დაკარგა იგი“.6

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის ავტობიოგრაფიაში ნათქვამია, რომ სისტემატურ მუსიკალურ განათლებას ის 12 წლიდან შეუდგა.7 ამ დროს მისი ოჯახი ჯერ კიდევ ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც დაგმარა კერძოდ მიაბარეს ფორტეპიანოს მასწავლებელთან. ამავე ავტობიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ 1926 წელს დაამთავრა თბილისის 43-ე  „შრომის“  სკოლა.4  სისტემატური  მეცადინეობა ფორტეპიანოზე და ზოგადად,  მუსიკის დარგში დაიწყო მაშინ, როდესაც შევიდა თბილისის I სამუსიკო ტექნიკუმში, პედაგოგ ეკატერინე პოლტორაცკაიას კლასში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1929 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კვლავ საფორტეპიანო ფაკულტეტზე, უკვე ანა თულაშვილის კლასში. შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო მისი დაკავშირება ამ ორ პიროვნებასთან - ისინი ალოიზ მიზანდარის მოსწავლეები იყვნენ. შემდგომ, ანა თულაშვილი თავადაც გახდა ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწორედ ამ პერიოდში შექმნა დაგმარა სლიანოვა-მიზანდარმა საკუთარი საფორტეპიანო თხზულებები: 6 პრელუდია ფორტეპიანოსათვის (1931 წ.), "ფურცლები ალბომიდან“ (1931 წ.). ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტიც. 

1931 წელს დაგმარა-სლიანოვა მიზანდარი პარალელურად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო განყოფილებაზე ჩაირიცხა. მისი ხელმძღვანელი ჯერ მიხეილ ბაგრინოვსკი, ხოლო შემდეგ იონა ტუსკია იყო. ამ პერიოდში დაწერა პირველი  საორკესტრო ნაწარმოები - საბავშვო სიუიტა N1 (1931 წ.),  პირველი რომანსი "მაპატიე", ჟუკოვსკის ტექსტზე (1933 წ.),  საბავშვო სიუიტა N2. კონსერვატორიის დამამთავრებელ გამოცდაზე წარსდგა მსხვილი ფორმის ნაწარმოებით - "გმირული პოემა სიმფონიური ორკესტრისათვის" (1935 წ.) და  სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, იონა ტუსკიას და პეტრე რიაზანოვის ხელმძღვანელობით. ასპირანტურის დამამთავრებელ გამოცდაზე წარსდგა კონცერტით ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1937-1940 წლებში ასწავლიდა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელში თეორიულ საგნებს, 1938-1943 წლებში მუშაობდა თსკ-ში კომპოზიციის კათედრაზე კომპოზიტორ სერგო ბარხუდარიანის ასისტენტად. 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში მიჰყავდა თეორიული საგნებისა და კომპოზიციის კურსი. 1964 წლიდან  გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის დოცენტი.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც, მან 1964 წელს დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ნაშრომით - „ქართული ხალხური ერთხმიანი სიმღერა". ავტორია სამცნიერო შრომების: „ორხმიანობა ქართულ ხალხურ სიმღერებში“, „ქართული ხალხური სიმღერა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში“ და სხვ.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეროვნული მუსიკის თეორიის, სახელდობრ, ეროვნული მუსიკის სოლფეჯიოს საფუძვლების შექმნაში. მან კომპოზიტორ, თბილისის კონსერვატორიის დოცენტ ოლღა ბარამიშვილთან ერთად შეადგინა სოლფეჯიოს სახელმძღვანელო, დაფუძნებული ქართულ ხალხურ მუსიკასა და თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაზე. სახელმძღვანელო 1950 წელს გამოვიდა.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარს ეკუთვნის მუსიკა რადიოგადაცემებისათვის, ის აგრეთვე თანამშრომლობდა თბილისის მოზარდმაყურებელთა რუსულ თეატრთან.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი 1983 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე, სადაც ასევე განისვენებენ მისი მშობლები,  ბიძა - ვალერიან მიზანდარი და ბებია - აღაპია მიზანდარი.

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის სახლში, ახლანდელი ზუბალაშვილების N2-ში, ინახებოდა მიზანდარების ოჯახის ნივთები, რელიქვიები: ვალერიან მიზანდარის სადირიჟორო ჯოხი, ფლეიტა პიკოლო. აგრეთვე თავის დროზე ქუთაისიდან ჩამოტანილი ფელიქს მიზანდარის როიალი Becker, St. Petersburg N6088, რომელზედაც ის თავის მოსწავლეებს, მათ შორის ივანე და ზაქარია ფალიაშვილებს ამეცადინებდა.  როიალის კლავიატურის საფარქვეშ არის წარწერა რუსულ ენაზე: „სოფია მიზანდარი 1885 წლის 1 იანვარი“. როგორც როიალის უკანასკნელი მეპატრონე ლევან მიზანდარი აღნიშნავს: “სავარაუდოდ, ეს წარწერა შესრულებულია შესყიდვის დღეს ფელიქს მიზანდარის მიერ, ვინაიდან მისი ასული სოფიო ამ დროს მხოლოდ 2 წლის იყო“.6  1910 წელს როიალი თბილისში ჩამოიტანეს. მასზე უკრავდა ალოიზ მიზანდარიც. ამ ინსტრუმენტზე აღიზარდა ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარი. მისი გარდაცვალების შემდეგ, როიალი მის დისწულს - დაგმარა სლიანოვა-მიზანდარს გადაეცა. 1983 წლიდან კი როიალი დაგმარა სლიანოვას ბიძაშვილის ოჯახს ერგო. სწორედ ამ ოჯახის შთამომავალმა, ლევან მიზანდარმა, მიიღო გადაწყვეტილება, მიზანდარების საოჯახო უნიკალური ნივთები, ფოტოები, ხელნაწერები, რომლის მფლობელიც ის 27 წლის განმავლობაში იყო, მუზემებისა და არქივებისთვის გადაეცა. ასე გახდა კონსერვატორიის მუზეუმის კუთვნილება ფელიქს, ალოიზ, ვალერიან, დაგმარა მიზანდარების ნაქონი როიალი.

დაგმარა სლიანოვა მიზანდარმა თავისი საკომპოზიტორო მოღვაწეობის ძირითად სფეროდ კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური მუსიკა აირჩია.    ინტენსიურად  ქმნიდა  საფორტეპიანო ნაწარმოებებს. აქედან განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა მისი მცირე ფორმის საფორტეპიანო ნაწარმოებები, რომლის ნაწილი შესულია სხვასასხვა დროს გამოცემულ ქართულ საბავშვო საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებულებში. დღემდე ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე მისი პრელუდიები, რომლის ჩანაწერი შემორჩენილია პიანისტ თინა გოგოლაშვილის შესრულებით, ხოლო ნოტები, სამწუხაროდ, დაკარგულია.  ისევე, როგორც დაკარგულია დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის მუსიკალური მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი. რაც დღეს არსებობს, არის მიზანდარების ოჯახის ღირსეული მემკვიდრისა და გულშემატკივრის  ლევან მიზანდარის დამსახურება. მან მოიძია ფურცელ-ფურცელ და შეკრიბა დაგმარა სლიანოვას ნაღვაწი სხვადასხვა სახით.

კონსერვატორიის არქივში ინახება დაგმარა სლიანოვა-მიზანდარის მივიწყებული რომანსების ხელნაწერები, რომლის ნაწილი ახლა დაიბეჭდა, დანარჩენი კი ელის გამომცემელსა და  შემსრულებელს. 

 

თამარ წულუკიძე

2022.10.16.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს სახელმწიფო არქივი;

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (შემდგ, რუსუდან ქუთათელაძე, მზია ჯაფარიძე), თბილისი, 2015;

3.გრიგოლ ჩხიკვაძე „საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები“, თბილისი, „ხელოვნება“, 1956;

4.ლალი კაკულია, სოფიკო ჭყონია „საქართველოს კომპოზიტორები და მუსიკისმცოდნეები“ (რუსულ ენაზე), თბილისი, ხელოვნება, 1984;

5. გულბათ ტორაძე საქართველოს კომპოზიტორები (რუსულ ენაზე), თბილისი, 1973;

6. ლევან მიზანდარი „მიზანდარი“, თბილისი, 2011;

7. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი 8. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი;