თინათინ თოდაძე

თინათინ თოდაძე-ანჯაფარიძემ ღრმა ბავშვობიდან გამოამჟღავნა მუსიკალური ნიჭი: მღეროდა, უკრავდა სმენით, შეეძლო, საათობით ეთამაშა ინსტრუმენტთან და შეექმნა მუსიკა. თიკო ცდილობდა, საიდუმლოდ შეენახა თავისი უნარი, რაც კარგა ხანს გამოუვიდა კიდეც. 12 წლამდე ჭიათურაში ცხოვრობდა, სადაც #1 საჯარო სკოლასა და სანდრო კავსაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლაში (პედაგოგები ლუდა ნადირაძე, ელზა ცუცქირიძე) მეცადინეობდა და მიღწევებიც ჰქონდა.
თბილისში გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე წელი ესტრადით იყო გატაცებული, მაია დათუნაშვილის სტუდიაში მეცადინეობდა. „ნიჭიერთა ათწლედში“, სადაც კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე ჩაირიცხა გოჩა ბეჟუაშვილის კლასში, წარმატებული მოსწავლე იყო და ითვლებოდა, რომ სწავლას ამავე მიმართულებით გააგრძელებდა. ამ პერიოდში ცენტრალურ სამუსიკო სკოლას ნინო მამრაძე და ომარ გეგუჩაძე მართავდნენ და გარკვეული სიახლეები ინერგებოდა საშემსრულებლო მიმართულებით. გარდატეხა მოხდა საკრავთმცოდნეობის გაკვეთილებზე, რომელიც სავალდებულო საგნად დაწესდა ყველა განყოფილებისათვის. პედაგოგი ირინა ოდიშარია, თავად კომპოზიტორი და თეორეტიკოსი, საინტერესო, შემოქმედებით დავალებებს აძლევდა, მოსწავლეებს მცირე ზომის მონაკვეთების გაორკესტრება ევალებოდათ. თიკოს საიდუმლომ - კომპოზიციის მიმართ ინტერესმა და შესაბამისმა უნარებმა ამ გაკვეთილებზე თავი იჩინა. ირინა ოდიშარიას შეთავაზებაზე, კომპოზიციისადმი ინტერესის შემთხვევაში ამ მიმართულებით ემუშავა, სიამოვნებით დათანხმდა და კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან კონსულტაციების შედეგად, კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილთან დამკვიდრდა კლასში.
გარშემომყოფთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ვოკალიდან კომპოზიციაზე? როგორ, თეორიის ღრმა ცოდნის გარეშე? საიდან გაქვს ტექნიკა, ცოდნა, რომ რაც გესმის, ასახო, გადაიტანო ფურცელზე. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა პედაგოგთან. როგორც თიკო აღნიშნავს, ეკასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო, ამოუწურავი აღმოჩნდა და დღემდე ასე გრძელდება. ეკა მნიშვნელოვანი ფიგურაა მის ცხოვრებაში, თიკო ყოველთვის ითვალისწინებს მის აზრს, ასმენინებს ახალ ნაწარმოებებს. გეგმავს სწავლის შემდგომ გაგრძელებასაც. „თავდაპირველად ერთდროულად ვსწავლობდი მუსიკის თეორიას, წერის ტექნიკას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პროგრამებს. ეკამ ზუსტად იცის, რა ტიპის დავალება მომცეს, რომ მთავარი გზიდან არ გადავუხვიო.“
თიკომ პირველ კურსზევე შექმნა ოჯახი, ზურაბ ანჯაფარიძე უმცროსთან. მალე ბავშვებიც გაუჩნდა. ამჟამად 3 ქალიშვილის დედაა. როგორც ამბობენ, ბავშვებს აქვთ გამოკვეთილი მუსიკალური ნიჭი, მაგრამ არ ისწრაფვიან მუსიკისკენ. ამიტომ დედის გარდა, დამატებით არსად მეცადინეობენ.
თიკოს მოღვაწეობის კიდევ ერთი სფეროა ზოგადი სამუსიკო განათლება. ორ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ასწავლის. მოსწავლეებმა ახლახან გაიგეს, რომ მათი მასწავლებელი კომპოზიტორია - მოასმენინა და შთაბეჭდილებები გამოჰკითხა უცნობი ნაწარმოების შესახებ. ეს იყო ვაჟა-ფშაველას „იას“ მიხედვით შექმნილი საორკესტრო ნაწარმოები. მოსმენის და განხილვის შემდეგ გაოცდნენ, როცა მისი ავტორობა შეიტყვეს. ახლაც დაინტერესებულები არიან მისი შემოქმედებით. ბევრი მათგანი პროფესიულად ეუფლება მუსიკას, ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი შემსრულებლები სხვადასხვა სამუსიკო სკოლებიდან. ამ ეტაპზე მოსწავლეები არიან კომპოზიტორის შთაგონების წყარო და მათთვის მუსიკალურ-თეატრალური ნაწარმოების დაწერას გეგმავს. ჰყავს რამდენიმე მოსწავლე კლასიკური ვოკალის მიმართულებითაც.
რუსუდან თაყაიშვილი
2025.06.04.