ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნათია დიასამიძე

#

ნათია დიასამიძე 1986 წელს, 12 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში. 6 წლის ასაკში იგი ეზიარა მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნების სამყაროს, ბათუმში არსებულ ედიშერ (ედიკა) ქიქავას ხელოვნების სტუდიაში. კომპოზიტორი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს პირველ პედაგოგებს - ირინა ხერჟს (ფორტეპიანოს განხრით), იოსებ (სოსო) ბარდანაშვილს (კომპოზიციის განხრით) და ნატალია ჭკუასელს. ამ ადამიანებმა, იმ რთულ დროში, არაჩვეულებრივი გარემო შექმნეს

 

ბავშვებისთვის და შეაყვარეს მათ ხელოვნება. ამ სტუდიაში სწავლობდა ჩვენს ვებ-პორტალზე წარმოდგენილი კიდევ ერთი კომპოზიტორი - ანა ქასრაშვილი. აქვე აღსანიშნია, რომ ნათია დიასამიძე იოსებ ბარდანაშვილის ერთ-ერთი პირველი მოსწავლეა კომპოზიციაში. ნათია დიასამიძემ ამ სტუდიაში მხოლოდ ერთი წელი დაყო, თუმცა ბათუმში არსებულმა ხელოვნების ამ „ოაზისმა“ დიდი კვალი დაამჩნია, როგორც მასზე, ისე მის თანატოლებზე. 7 წლის ასაკში ნათია დიასამიძის ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მუსიკა კი მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა. 10 წლის ნათია დიასამიძე ჩაირიცხა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში „ნიჭიერთა ათწლედში“ საფორტეპიანო მიმართულებაზე. ფორტეპიანოს სპეციალობით მისი პედაგოგები იყვნენ ჯერ ნათია ასტახიშვილი, მოგვიანებით კი ესმა ქირია. აქ მას აგრეთვე ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პედაგოგები, როგორებიც არიან - ნუნუ დუღაშვილი (კომპოზიცია) და დიანა მელაძე (სოლფეჯიო).

 

2004 წელს ნათია დიასამიძე ჩაირიცხა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიციის მიმართულებაზე, ბიძინა კვერნაძის კლასში. კომპოზიტორი დიდი მადლიერებით იხსენიებს კომპოზიციის პედაგოგებს: ნუნუ დუღაშვილსა და ბიძინა კვერნაძეს, რომლებმაც მაშინ ახალგაზრდა კომპოზიტორს, სხვაგვარი ჰარმონიული აზროვნებისკენ უბიძგეს, რაშიც, მოგვიანებით, კომპოზიტორმა საკუთარი ხელწერა იპოვა. სტუდენტი-კომპოზიტორი დროდადრო ესწრებოდა კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის ლექციებს, რომელმაც ნათია დიასამიძეს მეოცე საუკუნის მუსიკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ მისცა ცოდნა. ახალგაზრდა კომპოზიტორმა, ათწლედსა და კონსერვატორიაში სწავლისას კალამი მოსინჯა სხვადასხვა საკრავიერ შემადგენლობაზე მუშაობაში. ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებია - “გაზაფხული” შერეული გუნდისთვის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე; სიმებიანი კვარტეტი; ბალადა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის; ვარიაციები გრიგის თემაზე ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის; პიესები ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, საქსოფონისა და ფორტეპიანოსთვის. მაგრამ, როგორც მისი ნაწარმოებებიდან იკვეთება, ნათია დიასამიძის შემოქმედებითი ლაბორატორია, მაინც ფორტეპიანოა (საკრავი, რომლის ხელოვნებასაც ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა). მისი კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების მხატვრული სახეებიც კი, თითქოს ამოწნულია საფორტეპიანო მუსიკის ლოგიკიდან. ეს კი, თავისთავად, კომპოზიტორის სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა. კომპოზიტორის სადიპლომო ნაწარმოები იყო “წვიმის შემდეგ” (After the rain) სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც ამ მომენტისთვის კომპოზიტორის შემოქმედებაში ერთადერთი სიმფონიური თხზულებაა.

კონსერვატორიაში სწავლისას ნათია დიასამიძემ მიიღო ალექსანდრე თორაძის სახელობის სტიპენდია (2004). რით არის ნიშანდობლივი ეს სტიპენდია? გაცემის პროცესში მონაწილეობას იღებდა თვითონ ალექსანდრე (ლექსო) თორაძე და სტიპენდია გაიცემოდა საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტებისთვის. ჯერ-ჯერობით ზუსტი მიზეზი, თუ რატომ მიიღო მაშინ ჯერ კიდევ პირველკურსელმა კომპოზიტორმა სტიპენდია, გასარკვევია. სავარაუდოდ, მიზეზი ისაა, რომ კომპოზიტორი, ამავდროულად პიანისტიც იყო.

 

2009-2011 წლებში, ნათია დიასამიძე თეატრ „სახიობა“-ს, მუსიკალური ხელმძღვანელია. აქ მან მუსიკალურად გააფორმა რეჟისორ ტარიელ ღვინიაშვილის მიერ დადგმული ორი სპექტაკლი „კრავთა დუმილი” და „ორნი საქანელაზე”. საერთოდ, აღსანიშნია, რომ, კონსერვატორიაში ჩაბარებამდეც, ნათია დიასამიძეს ჰქონდა დიდი სურვილი ეწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის. ამ სურვილსაც საფუძველი ედიკა ქიქავას სტუდიაში ჩაეყარა, სადაც საბავშვო სპექტაკლზე ჟღერდა ბავშვების მიერ დაწერილი და შესრულებული მუსიკა. კონსერვატორიის შემდგომ პერიოდში ის ეუფლება კიდევ ერთ ენას - ფრანგულს (სტუდენტობისას, 2005-2006 წლებში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში შეისწავლა გერმანული ენა).

 

2013-2014 წლებში (Miraill 2) ტულუზაში, გაიარა ფრანგული ენისა და ლიტერატურის კურსი. 2015-2016 წლებში კომპოზიტორმა აგრეთვე დაამთავრა ბი-დი-სის (BDC) აკადემიაში „კულტურის მენეჯმენტის” პროგრამა.

 

2015 წელს ნათია დიასამიძემ ჩაატარა საავტორო კონცერტი ბათუმში. ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გულისხმობდა იმ დროს შეუძლოდ მყოფი ახალგაზრდა ადამიანის მატერიალურ დახმარებას. კომპოზიტორი მთელი საღამოს მანძილზე, თვითონვე ასრულებდა (ფორტეპიანო) საკუთარ კომპოზიციებს და მას უწევდნენ პარტნიორობას ლაშა ჟორდანია (დასარტყამი), გიორგი ჟორდანია (ბას-გიტარა), ზურა მოსიავა (ფლეიტა), ლიკა საჩალელი (ვიოლინო) და სოფო ხალვაში (ვოკალი, საქსოფონი). საღამო ანშლაგით მიმდინარეობდა. მსმენელმა დიდ აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს კომპოზიტორის და შემსრულებელთა შემოქმედება.

 

რაც შეეხება ნათია დიასამიძის პედაგოგიურ მუშაობას. პედაგოგიკურ საქმიანობას კომპოზიტორი ხელს ჰკიდებს 2014 წლიდან. 2014-2018 წლებში მას გახსნილი ჰქონდა საკუთარი ვოკალურ-ინსტრუმენტული სტუდია „მუსიკის კუთხე“, სადაც თავადვე იყო ხელმძღვანელი და ამავდროულად მიჰყავდა კომპოზიციის საგანი. 2019-2021 წლებში ის კავკასიის ფრანგული საერთაშორისო სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგია. 2024 წლიდან საერთაშორისო ქართული სკოლაში მუსიკის პედაგოგია. ამავე წლიდან მუსიკალურ-საგანმანათლებლო სტუდიაში „თამარის სივრცე“ მიჰყავს ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კურსი. დატვირთულ გრაფიკს იგი, 2022 წლიდან, უთავსებს საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალ „თბილისი პიანო ფესტივალი“-ს მენეჯერობას. ამ ძალიან მოკლე, მიმოხილვითი ბიოგრაფიულ ჩანახატის ბოლოს მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც კომპოზიტორის, ისე ქართული კულტურის ისტორიაში.

2024 წელს, ზემოაღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, გამოჩენილმა პიანისტმა სიპრინ კაცარისმა (Cyprien Katsaris) გამოთქვა სურვილი შეესრულებინა ნათია დიასამიძის ნაწარმოები. მან საფორტეპიანო „ელეგია” შეასრულა კიდეც, რამაც დიდი ოვაციები გამოიწვია დარბაზში. კომპოზიტორისვე „ხორუმმა”, რომელიც პიანისტმა ნათია ქავთარაძემ წარმოადგინა ქართველი კომპოზიტორი ქალების ვებ-პორტალის მეოთხე ათეულს პრეზენტაციაზე, დიდი მოწონება დაიმსახურა. სათანადო პოპულარიზაცია აუცილებლად გამოიწვევს ამ ნაწარმოებების შემსრულებელთა რიცხვის გაზრდას.

 

წარმატებებს ვუსურვებთ კომპოზიტორ ნათია დიასამიძეს შემოქმედებით ასპარეზზე.

 

 

 

ირაკლი არეშიძე

2025.06.04.