ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ სალუქვაძე

#

თამარ სალუქვაძის ბიოგრაფია აღსავსეა საინტერესო მოვლენებით, მნიშვნელოვანი ურთიერთობებით, სხვადასხვა ქვეყანასა და გარემოში მოპოვებული წარმატებით. იგი დაიბადა 1979 წელს თბილისში, არქიტექტორ გიორგი სალუქვაძისა და პედაგოგ ლიანა ნაცვალაძის ოჯახში. თამარ სალუქვაძეს გენეტიკურად მოსდევს მუსიკალურობა, ხალხური სიმღერის წიაღთან სიახლოვე. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ადრეული ბავშვობიდან დიდი გავლენა მოახდინა მასზე ზაფხულობით ოზურგეთში, მამის მშობლებთან ყოფნამ. გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაბუასთან, ქართული ფოლკლორის ამაგდარ პიროვნებასთან, გიორგი სალუქვაძესთან ურთიერთობამ. სამი წლის იყო თამარი, როდესაც ბაბუა უკვე ჩონგურზე დაკვრას ასწავლიდა. მის ცნობიერებაზე დიდი კვალი დატოვა საღამოობით ბუხართან მთელი ოჯახის შეკრებისა და ერთობლივი სიმღერის ტრადიციამ.

თამარი პატარაობიდანვე განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვად მიიჩნიეს და ამიტომაც თბილისის ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში შეიყვანეს. მამამ აქედანვე შეიგრძნო ქალიშვილის შემოქმედებითი ბუნება, რისი გაღვივებაც მიზნად დაისახა. ექვსი წლის იყო თამარი, როდესაც მამამ მისთვის საგანგებოდ შეიძინა მაგნიტოფონი „სონი“, ასწავლა ჩაწერა და ყოველდღე სთხოვდა, რომ სამსახურიდან მოსულს მისი შეთხზული მცირე ქმნილება მაგნიტოფონზე ჩაწერილი დაეხვედრებინა.

ათწლედში, თავდაპირველად, ფორტეპიანოს კლასში სწავლობდა თამარ აფაქიძის ხელმძღვანელობით. ადრიდანვე ამჟღავნებდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების საფუძველზე იმპროვიზირების სურვილს. VI კლასში უკვე კომპოზიციის კლასში შევიდა, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მას უმადლის თამარი საკომპოზიტორო ხელოვნების საფუძვლებთან მიახლოებას, ამ სფეროში თანმიმდევრული შრომის უნარის შემუშავებას. ქალბატონმა მერიმ ამ წლებიდან უკვე ჩართო მის დაარსებულ „ბავშვთა მუსიკის კვირეულში“, სადაც წლების მანძილზე ჟღერდა თბილისის ცენტრალური მუსიკალური ათწლედის მოსწავლის, თამარ სალუქვაძის ნაწარმოებები:

თამარ სალუქვაძისთვის კონსერვატორიაში შესვლამდე პროფესიული უნარების შეძენის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილთან მიღებული გაკვეთილები. კონსერვატორიაში 1998 წელს ჩაირიცხა, ბიძინა კვერნაძის საკომპოზიციო კლასში. ბატონ ბიძინას უმადლის შემოქმედებითი თავისუფლების გაღვივებას, პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად ყველა გზისა და საშუალების გამოყენების მოთხოვნილებას. პირველ კურსზე იყო თამარი, როდესაც დაწერა საგუნდო ნაწარმოები „ლაზარე“ ხალხურ ტექსტზე. ბატონმა ბიძინამ საჭიროდ მიიჩნია ეს ნაწარმოები საგუნდო მუსიკის კლასიკოსისთვის, იოსებ კეჭაყმაძისთვის მოესმენინებინათ. ამიერიდან დაიწყო თამარის ინტენსიური შეხვედრები იოსებ კეჭაყმაძესთან, ქართული ხალხური საგუნდო ნიმუშების, აგრეთვე ფალიაშვილისა და სულხანიშვილის ნაწარმოებების შესწავლა, აკორდის აკორდზე გადასვლის და სხვა ნიუანსების დეტალური განხილვა. კეჭაყმაძემ ,რომელიც იმ დროს თბილისის კონსერვატორიის საგუნდო კათედრას განაგებდა, ეს ნაწარმოები სტუდენტურ გუნდს შეასრულებინა და მუდმივ სასწავლო პროგრამაში შეიტანა. „ლაზარე“ დღესაც სასწავლო რეპერტუარშია. მას ასრულებენ სხვადასხვა კოლექტივები. ახლახან შეასრულა ფრანკფურტში, რუსთავის გუნდმა „თუთარჩელა“, თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ააჟღერა სახელმწიფო კაპელამ ლატვიაში. კონსერვატორიაში სწავლის პირველსავე წლებში საგუნდო კოლექტივები მისი სხვა ნაწარმოებებითაც დაინტერესდნენ. ამავე პერიოდში შესრულდა მისი საგუნდო ნაწარმოებები: „შენ ხარ საყდარი“ (თ.სალუქვაძის ტექსტზე), რომელიც მიეძღვნა ტექნიკურ უნივერსიტეტის იუბილეს. ეს ნაწარმოები 1999 წელს შეასრულა ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო კაპელამ. ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამავე პერიოდში დაიწერა ხალხურ ტექსტზე საგუნდო ნაწარმოებები: „ლოცვა უფლისადმი“(ხალხ.), „ხევსურული“. ორი თხზულება აჟღერდა 2000 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, ასრულებდა სტუდენტთა გუნდი, გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით და 2001 წელს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ასევე წარმოადგინა სტუდენტთა გუნდმა, არჩილ უშვერიძის დირიჟორობით.

თამარ სალუქვაძის გუნდებმა იმდენად მიიპყრო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში სწორედ მას შეუკვეთეს არაერთი ჰიმნი: ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი (პირველად აჟღერდა 2000 წელს, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე, შეასრულა ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელამ, ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში შეუკვეთეს პირველი კლასიკური გიმნაზიის ჰიმნი, რომლის ტექსტიც თამარ სალუქვაძეს ეკუთვნის, მას ასრულებს კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა გუნდი. 2002 წელს კი თავისსავე ტექსტზე დაიწერა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჰიმნი, რომელიც აჟღერდა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

თბილისის კონსერვატორიაში ბაკალავრიატში სწავლისას მრავლისმომცემი იყო კომპოზიტორ ფელიქს ღლონტთან პარტიტურის კითხვის, გაორკესტრების გაკვეთილები. ამ მეცადინეობის შედეგი აისახა მის შემდგომ ნაწარმოებებზე, ამ ცოდნით არაერთგზის განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შემდგომ, საქართველოს გარეთაც. 2002 წელს თამარ სალუქვაძე მოსკოვში გაემგზავრა სტაჟირების მიზნით, პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში (თბილისის კონსერვატორიის იმდროინდელმა რექტორმა, მანანა დოიჯაშვილმა გაუწია რეკომენდაცია). წარმატებით ჩააბარა გამოცდები: კომპოზიციაში, გაორკესტრებაში, მუსიკის თეორიაში. ამ დროს მან წარმოადგინა შემდეგი ნაწარმოებები: ორი კვარტეტი, ორი რომანსი და სხვ. ჩაირიცხა პროფესორ ვიაჩესლავ აგაფონიკოვის კლასში. მუსიკის ისტორიას უკითხავდა ცნობილი მუსიკისმცოდნე იური ხოლოპოვი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები, აფასებდა თბილისის კონსერვატორიას და თამარის მიმართაც შესაბამის ყურადღებას იჩენდა. მოსკოვში ყოფნის დროს მისთვის მნიშვნელოვანი იყო როდიონ შჩედრინის რეპეტიციებზე დასწრება, რომელიც საავტორო კონცერტისთვის ემზადებოდა. ამავე პერიოდში ისმენდა გერგიევის რეპეტიციებსაც, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რამაც მასზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

2003 წელს თამარი წერს საკვარტეტო თხზულებას, რომელიც მუნკის ნახატი - „კივილით“ იყო ინსპირირებული. ეს კვარტეტი ტაშკენტში, უზბეკეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსზე პრემიით დაჯილდოვდა. ორ წელიწადში თამარი კვლავ თბილისში დაბრუნდა და უკვე აქ ჩააბარა ასპირანტურაში, კვლავ ბიძინა კვერნაძის კლასში (2004-2006). კონსერვატორიის ბაკალავრიატის მესამე-მეოთხე კურსზე სწავლისას წერს სიმებიან კვარტეტს „იუმორესკა“, ასვე ნონეტს „ცეკვა სიზმარში“. ეს ნაწარმოები შესრულდა ბერლინის მახლობლად ფესტივალზე, ტრებნიცის სასახლეში. აქვე ამ ნაწარმოებს მიეძღვნა სპეციალური რადიო გადაცემა. ნონეტმა საერთაშორისო კონკურსის „Schlos Trebniz“ პრემია და სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ამავე პერიოდში შექმნა მსხვილი ფორმის ნაწარმოები - კონცერტი ელექტრონული ხმის, ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ასევე საფორტეპიანო კვინტეტი „ფლორესტანი და ევზებიუსი“. ეს ნაწარმოები აჟღერდა აშშ-ს სხვადასხვა შტატში გამართულ საკონცერტო ტურნეზე, შეასრულა ანსამბლმა ,,Canta Libre’’.

2008 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართა თამარ სალუქვაძის საავტორო კონცერტი, სადაც ზემოთ აღნიშნული კონცერტი შეასრულეს პიანისტმა გიორგი აბულაძემ, თინათინ ფურცელაძემ (ვოკალი), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა, გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით. ამავე კონცერტზე შესრულდა მისი საგუნდო ნაწარმოებები: „ლაზარე“, „სიზმარი“, „ხევსურული“, „ლოცვა უფლისადმი“. სიმებიანი კვარტეტი „მიძღვნა“, რომანსი „აფხაზეთი".

თამარ სალუქვაძეს იტაცებს კომპიუტერული მუსიკა, 2008 წელს ქმნის ამ სფეროში ნაწარმოებებს: „Nostalgia’’ (მონატრება), ,,Feelings’’ (შეგრძნება), 2012 - ,,Romantic Waltz’’ (რომანტიკული ვალსი).

 2008-2010 წლებში თამარ სალუქვაძე გერმანიაში გაემგზავრა, ორგანიზაცია DAAD - ის გრანტის დაფინანსებით აიმაღლა კვალიფიკაცია კომპოზიციის სპეციალობით, ლიუბეკის მუსიკალურ აკადემიაში, პროფესორ დიტერ მაკის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში შეიქმნა ნაწარმოებები: „lamento„ საგუნდო ნაწარმოებები - „საქართველოს დიდება“, ‘მხედრული“. მისი თხზულებები სრულდებოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში: ვისმარში, ლიუბეკში, ბერლინში, ჰამბურგში. თამარ სალუქვაძე მიიწვიეს ლიუბეკის საბავშვო თეატრში Figurentheater Lubeck სპექტაკლების გასაფორმებლად. თამარ სალუქვაძემ პროექტ ,,ჯეოსტარის’’ დაკვეთით დაწერა ჰიმნი „ჯეოსტარელები საქართველოსთვის“. ჰიმნი პირველად აჟღერდა 2010 წელს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ, მღეროდა „ჯეოსტარელების“ ოთხი თაობა. 2010 წელს პოლონეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 წლის თავზე, თამარ სალუქვაძე სიმფონია-რეკვიემს და უძღვნის ამ მოვლენას. ნაწარმოები აჟღერდა რადიო „მუზას“ ეთერში, ჩაწერილია კომპაქტდისკზე, შეასრულა თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურმა ორკესტრმა, სახელმწიფო კაპელამ, დავით მუქერიას დირიჟორობით.

2013 წელს თამარ სალუქვაძეს კვლავ შეუკვეთეს ჰიმნი, ამჯერად საქართველოს უძველესი ქალაქის, მცხეთისადმი მიძღვნილი. ნაწარმოები პირველად აჟღერდა 2013 წლის 13 ივლისს, მცხეთობას, ღია ცის ქვეშ, შეასრულა ანსამბლმა ,,მცხეთამ’’ კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით.

2013 წელს თამარ სალუქვაძის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და სასიხარულო ცვლილება მოხდა. იგი დაქორწინდა პოლიტოლოგ, იურისტ დავით ძნელაძეზე. მათ შეეძინათ სამი შვილი: კარდუ, ნატინე და ნამია. ამიერიდან თამარის უმთავრესი საზრუნავი ოჯახი და შვილები გახდა.

2015 წელს სალუქვაძის ვოკალური რომანსები აჟღერდა ნიუ - იორკში, მეტროპოლიტენ ოპერის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე. ამ ნაწარმოებებს მეორე დღესვე გამოეხმაურა ,,ნიუ-იორკ თაიმსი’’ .

2019 წელს თამარ სალუქვაძემ ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამით. ხელმძღვანელობას უწევდნენ არქიტექტორი, პროფესორი შოთა ბოსტანაშვილი და მუსიკოლოგიის დოქტორი მაკა ხარძიანი. მის სადისერტაციო თემას წარმოადგენდა - “მუსიკალურობა, როგორც არქიტექტურის ფენომენი“, მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის წოდება.

2021 წელს, თამარ სალუქვაძე გარკვეული შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ფონდ ,,უშქარის’’ დაკვეთით, ქმნის საგალობელს გუნდისათვის ,,ფსალმუნი 95’’ - ,,უგალობდეთ უფალს“ (Lechu Neranena L’adonai). ნაწარმოები ჩაწერილია კომპაქტდისკზე, შემსრულებელი - ანსამბლი ,,ერთიანი კავკასია“, ხელმძღვანელი თორნიკე მანწკავა. ამას მოჰყვება 2021 წელს დაწერილი თხზულებები: საგალობელი გუნდისათვის „დიდება, უფალო, შენს სახელს“, საესტრადო საბავშვო სიმღერა “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“. 2023 წელს თამარ სალუქვაძემ შექმნა საფორტეპიანო პიესა ,,Nebel’’ - ,,ნისლი’’. ნაწარმოები შესრულდა ლიუბეკში, რომელიც კომპოზიტორისათვის ახლობელ ქალაქად იქცა.

თამარ სალუქვაძე ავტორია კომპიუტერული მუსიკის ჟანრის ნაწარმოებების, რომლებიც, ისევე, როგორც უმრავლესობა მისი თხზულებებისა, განთავსებულია ვიდეოპორტალ YouTube-ზე. ასევე დაწერილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის, ანიმაციური ფილმებისათვის, სპექტაკლებისთვის. როგორც თავად კომპოზიტორი აღნიშნავს, მას ვებპორტალ „ქართველი კომპოზიტორი ქალებში“ ჩართვამ მისცა მოტივაცია ახალი შემოქმედებითი იდეების გაცხადების. ამის შედეგია ახლახან შექმნილი საგუნდო სიმღერა - „ბილიკო სანთლით ნაღვენთო” (ავთანდილ ბუთხაშვილის ტექსტზე), საესტრადო სიმღერა - „ჩახატულო ჩემო მხარევ” (ნატო ტყემალაძე-დავითულიანის ტექსტზე).

ვიმედოვნებთ, რომ თამარ სალუქვაძე კვლავ მოიკრებს ყველა ძალას და საშუალებას და განაგრძობს მის მიერ დასახულ გზას ხელოვნების სამყაროში. ამ კომპოზიტორის პოტენციალის გაშლა-გაღრმავება მნიშვნელოვანია ეროვნული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისათვის, მისი წარმოჩენისათვის საერთაშორისო ასპარეზზე.