მონაზონი სიდონია (ლელა ბულია)

მონაზონი სიდონია, ერობაში ლელა ბულია, დაიბადა ქალაქ გალში 1967 წლის 15 აპრილს და ხუთ წლამდე იზრდებოდა დედულეთში.
დედა - კლარა ბაგრატის ასული ხასაია (1939) განათლებით ფილოლოგი, წლების მანძილზე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. მამა - რეზო სევერიანეს ძე ბულია, სპორტსკოლის დირექტორი იყო ზუგდიდში, შემდეგ კი - ფიზკულტურის მასწავლებელი.
1972 წელს ბულიების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა და დაფუძნდა ზუგდიდში. მშობლები, ბატონი რეზო და ქალბატონი კლარა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილებს მიეღოთ კარგი განათლება. სკოლის პარალელურად ბავშვები ზუგდიდის პირველ სამუსიკო სკოლაში შეიყვანეს. ეს ქალბატონი კლარას ინიციატივა ყოფილა. მუსიკის სამყარო ახალი და საინტერესო აღმოჩნდა. ექსპერიმენტებიც თავიდანვე დაიწყო. ნოტების კითხვის სწავლა კიდევ უფრო სახალისო იყო ,,ახლად შეთხზული“ მელოდიის ჩაწერისას. მუსიკის პედაგოგი ლალი ჩიხლაძე და სხვა პედაგოგები ახალისებდნენ ასეთ ინიციატივებს. მაშინ სკოლას ჩანაწერების მოსმენის მწირი შესაძლებლობები ჰქონდა. მუსიკალური ლიტერატურის გაცნობა შეიძლებოდა მხოლოდ მასწავლებლის ბიბლიოთეკის ნოტების წაკითხვით და ამას ემატებოდა კონცერტები, რომლებიც ხშირად იმართებოდა მუსიკალური სკოლის პატარა დარბაზში. საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის, ზურაბ სოტკილავას, მედეა ფანიაშვილისა და მედეა ალთუნაშვილის დუეტის, ლექსო თორაძის და სხვა მუსიკოსების მოსმენა ნამდვილი ზეიმი იყო მაშინ ჯერ კიდევ პატარა ქალაქში.
ლელა ბულია სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის 1 საშუალო სკოლაში 1973-1984 წლებში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით, ოქროს მედალზე. სამუსიკო შვიდწლედში ლალი ჩიხლაძის კლასი კი დაამთავრა 1982 წელს. პირველი შედარებით მოზრდილი ნაწარმოები იყო საფორტეპიანო სიუიტა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1977). ეს ნაწარმოები წარმოდგენილი იყო თბილისის ბორის ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კონფერენციაზე. ლელა იხსენებს: „მახსოვს, გომარ სიხარულიძის თბილი სიტყვები. კომპოზიტორის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ ჩემთვის. ჩემს ნაწარმოებებზე რეცენზია დაწერა დათო ტურიაშვილმა. მივიღე რეკომენდაციები, პირველი თეორიული გაკვეთილიც კი. ეს იყო პირველი შეხვედრა ცოცხალ კომპოზიტორებთან... ამ პერიოდში დაგვაჯილდოვეს ,,არტეკის“ საგზურით. იქაც, ყირიმში, ,,არტეკში“, კონცერტზე შევასრულე ჩემი ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“. ოღონდ დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოვახერხე ჩემი რუსულით შინაარსის მოყოლა მაშინ... ალბათ ძალიან სასაცილო ვიქნებოდი... დიდი მოულოდნელობა და ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იყო აფხაზი გოგონას, ჟანა საცბას რეაქცია. ეტყობა ძალიან გულწრფელი ადამიანი იყო. ტიროდა, ალბათ შვლის ნუკრის ისტორიაზე, და საჩუქრად მომართვა ხის რგოლებისგან აცმული თოჯინა. დღემდე ვინახავ. იმ კონცერტზე გადმომცეს პატარა ჯილდო, არტეკის მცირე ოქროს მედალი. ჯილდო კი, რაც არ უნდა იყოს ის, ყველა ბავშვს უხარია.“
მუსიკალურ სკოლაში ყოველ წელს იმართებოდა წლის შემაჯამებელი კონცერტები. კლასიკოსების ნაწარმოებებთან ერთად ლელა ასრულებდა საკუთარ ნაწარმოებებს.
შემონახული ერთ-ერთი აფიშა გვამცნობს, რომ 1982 წლის აპრილში, ქ. ზუგდიდის მუსიკალურ სკოლაში გაიმართა ამავე სკოლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგ ლალი ჩიხლაძის კლასის მე-7 კლასის მოსწავლის ლელა ბულიას სოლო კონცერტი, სადაც შესრულდა შესრულდა ბახის, მოცარტის, ლისტის, კვერნაძის, ჩაიკოვსკის, ხოლმინოვის, ბერკოვიჩის, ნაზიროვას, რახმანინოვის, ლაღიძის და საკუთარი ნაწარმოებები (იხ. აფიშა - ვებ-პორტალის გალერეა).
1982 წლის სექტემბრიდან ლელა ბულია აგრძელებს სწავლას მუსიკალურ სკოლა- ათწლედში, მზია მატკავას საფორტეპიანო კლასში. (ამ პერიოდის კონცერტის აფიშა და გამოხმაურება ადგილობრივ გაზეთ ,,მებრძოლში“ იხ. გალერეაში.)
1984 წლიდან გადადის თბილისში, კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლაში მუსმცოდნეობა-საკომპოზიციო განყოფილებაზე, კომპოზიტორ ალექსი შანიძის კლასში.
1985 წ. 19 იანვრის გაზეთ ,,კომუნისტის“ მე-4-ე გვერდზე განთავსებულია სტატია, რომელიც გვამცნობს, რომ თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში 1984 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულა კონცერტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯები - სცენაზე არიან მომავალი კომპოზიტორები“, (იხ. აფიშა - ვებ-პორტალის გალერეა), სადაც ლელამ შეასრულა მის მიერ შექმნილი საფორტეპიანო პიესები - „ცეკვა-ფანტაზია“ და „ტოკატა“. (ლიტ. 3)
თეორიულ საგნებში მისი პედაგოგები იყვნენ მანანა დოლიძე, ირინა ბარბაქაძე, რუსუდან ქუთათელაძე, ნანა ქუთათელაძე, მარინა ქავთარაძე, რუბენ კაჟილოტი. ძალიან საინტერესო იყო მუსიკალური ლიტერატურისა და საკრავთმცოდნეობის საწყისების შესწავლის პროცესი. ბ-ნი ალექსი შანიძე აცნობდა ინსტრუმენტების შესაძლებლობებს, ასმენინებდა საორკესტრო ნაწარმოებებს. ამ ყველაფერმა ლელა ბულიას ახალ ეტაპზე გადასვლის ნიადაგი მოუმზადა და მიღებულმა ცოდნამ მის კომპოზიციებშიც ერთგვარი ასახვა ჰპოვა. ამ პერიოდში დაწერა ნაწარმოები როგორც საფორტეპიანო, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის: ,,ცეკვა-ფანტაზია“ ფორტეპიანოსათვის (1984); საგუნდო მინიატიურა „ღრუბლები“ ანა კალანდაძის ლექსებზე ვოკალური ციკლი „სამი რომანსი კონტრალტოსთვის“: „მერცხალთ გვახარონ“, „ფოთლები“ და „პაწაწინა რტო ვარ“ (1984-1985); საფორტეპიანო პიესა „ხუმრობა“; სონატინა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის; კვინტეტი ხის ჩასაბერისა და ვალტორნისათვის „ტყის პოემა“; კანონი სიმებიანი კვარტეტისათვის; ციკლი „3 პიესა ფორტეპიანოსათვის“: „ტოკატა“, „ცისკრის ზარები“ და „მთები“; ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის თხზულება - „მელოდია“; სოლო ალტისთვის - „გოდება“; რომანსები: „მთვარე წყალზე დასალევად ჩავიდა“ მირზა გელოვანის ლექსზე, „ვეძებ და ვეძებ“ და „დუმილი რეკავს“ მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე.
,,ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ბ-ნი თამაზ ბუაძე გამოირჩეოდა მოსწავლეებისადმი დიდი ყურადღებით. სკოლაში სწავლის პერიოდში, რამდენიმეჯერ მოასმენინა ჩემი ნაწარმოებები ნოდარ მამისაშვილს, რუბენ კაჟილოტის, სულხან ცინცაძეს. თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი იყო, ყურადსაღები და გასათვალისწინებელი. და ნამდვილი სასწაული, თითქმის დაუჯერებელი.“
1986 წელს ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტის კომპოზიციის სპეციალობაზე და ჩაირიცხა კომპოზიტორ ალექსანდრე (შურა) შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასში. ლელა ბულიასთან ერთად „საკომპოზიციოზე“ ჩავირიცხეთ გურამ გაგოშიძე, რეზო კიკნაძე, მამუკა მეგრელიშვილი და მე - ლელა მაქარაშვილი. ჩვენი ჯგუფი აქტიურად ვიყავით ჩართული საკონცერტო მოღვაწეობაში და ახლად შექმნილ ნაწარმოებებს ვაჟღერებდით (თუმცა ყოველთვის იყო შემსრულებლების მოძიების პრობლემა და ძირითადად შემსრულებლებიც ჩვენვე ვიყავით).
ლელა ბულია კონსერვატორიაში სწავლის წლებში (1986-1991) ნაწარმოებებს სხვადასხვა ჟანრის და შემადგენლობისთვის ქმნიდა. 1986 წელს ანა კალანდაძის ლექსებზე კიდევ ორი რომანსი დაწერა - „თავს დამეღვარა მე სიხარული“ და „შენ მე მომცემ წყნარ სადგურს, სულთ დასამკვიდრებს“, რომლებიც წინა წელს შექმნილ რომანსთან - „ჩამოვფრინდები იასამანო“ გააერთიანა და წარმოგვიდგინა ვოკალურ ციკლად: „სამი რომანსი მეცო-სოპრანოსათვის“. მომდევნო წელს სიმებიანი კვარტეტისათვის დაწერა „მინიატიურები“ და ასევე ციკლი „3 პრელუდია ფორტეპიანოსათვის“.
1988 წელს დაიწერა „ვოკალური ციკლი შოთა ჩანტლაძის ლექსებზე“, რომელიც აერთიანებს 4 რომანსს ტენორისა და ფორტეპიანოსთვის: „ბალახზე ცვარი“, „აი, ნაკადულმა კლდიდან გამოჟონა“, „მე შემოდგომის ბაღში ვიყავი“ და „მე ვარ ზარის ხმა უდაბნოში“. (ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის შოთა ჩანტლაძის ლექსები სტუდენტობის პერიოდში აკაკი ვასაძის ლექციებიდან გაიცნო და შეიყვარა). ვოკალური ციკლი ამავე წელს შესრულდა თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ბ-ნ ალექსანდრე შავერზაშვილის კლასის კონცერტზე. რომანსები შეასრულა ცნობილმა ტენორმა, და ვოკალის არაჩვეულებრივმა პედაგოგმა ბ-ნმა თენგიზ ჩაჩავამ. ფორტეპიანოს პარტიას ასრულებდა ავტორი. თურმე, რეპეტიციები ფრიად საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილა.
სწავლის პერიოდში ლელა ბულია გამოირჩეოდა სწავლისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულებით, სიახლის შემეცნებისადმი მაღალი ინტერესით, სიღრმისეული წვდომით, რაც მისი უმაღლესი განათლების მიღების პროცესის შეფასებისას ყველა საგანში თანაბრად, უმაღლეს ქულებში აისახა კიდეც.
ლელა ბულია კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა როგორც საკომპოზიციო კლასის, ასევე საფორტეპიანო განყოფილების მიერ გამართულ კონცერტებში. მისი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო ქალბატონი ნათელა ციმაკურიძე, რომლის გაკვეთილებსაც უდიდესი სიყვარულით და მადლიერებით იხსენებდა მოგვიანებით.
დედა სიდონია იხსენებს: ,,კონსერვატორიაში სწავლის წლები განსაკუთრებული იყო, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი. ეს იყო ძიების წლები, საკუთარი თავის ძიების წლები და ამ გზაზე თითოეულმა შემხვედრმა დიდი გავლენა მოახდინა. ძალიან მიყვარდა საოცარი პიროვნების, შოთა მილორავას პარტიტურის კითხვის გაკვეთილები, ვაჟა აზარაშვილის ინსტრუმენტობის გაკვეთილები, ანტონ წულუკიძის - ქართული მუსიკის, არჩილ ჩიმაკაძის - პოლიფონიის, ფელიქს ღლონტის თანამედროვე ორკესტრობის გაკვეთილები, ლია დოლიძის ლექციები. მაგრამ სრულიად განსაკუთრებული იყო ბ-ნ ნოდარ მამისაშვილის ლექციები, რომელიც ხუთი წლის მანძილზე გრძელდებოდა ყოველ შაბათს ყოველგვარი გაცდენის გარეშე და თითო წელი ლექციების ციკლი რომელიმე ერთ თემას ეხებოდა. მისივე პერსონალური გაკვეთილები ორკესტრობაში. ყველა ლექცია, ყველა გაკვეთილი - შედევრი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ არ იყო ჩაწერის ისეთი საშუალებები, როგორიც ახლაა. ქართული მუსიკალური უგანსაკუთრებულესი აზროვნების ნაწილი სამწუხაროდ დაიკარგა.“
სწავლის ბოლო კურსი, 1990-1991 წლების პერიოდი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა შემოქმედებითი თვალსაზრისით. ამ პერიოდში შექმნა „საფორტეპიანო სონატა“ სამ ნაწილად, რომელსაც ავტორი თვითონ ასრულებდა. ნაწარმოები დატვირთულია რთული ფაქტურებით და მოითხოვს მაღალკვალიფიციურ საშემსრულებლო ტექნიკას. საფორტეპიანო სონატასთან ერთად მეორე სადიპლომო ნამუშევარი იყო „პოემა სიმფონიური ორკესტრისთვის“. ეს მისი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდის ბოლო ნაშრომია. ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრის დიდი შემადგენლობისთვის არის განკუთვნილი. სამწუხაროდ არ შესრულებულა.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ლელა ბულია დაბრუნდა მშობლიურ ზუგდიდში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა მშობლიურ მუსიკალურ სკოლა-ათწლედში. 1992-1997 წლებში იყო ფორტეპიანოს და თეორიული დისციპლინების პედაგოგი და გუნდის კონცერტმაისტერი.
1992 წელს დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. გახდა ზუგდიდის მაცხოვრის კარის სამრევლოს წევრი, ნახევარი წლის შემდეგ ჯერ მგალობელი, ცოტა ხანში - რეგენტი. გუნდს ხელმძღვანელობდა 2003 წლამდე, მონასტერში წასვლამდე. პარალელურად გალობას ასწავლიდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ახლად დაარსებულ სასულიერო გიმნაზიაში (1996-2000). არაერთი საგალობელი შეასწავლა მოსწავლეებს, რითაც ხელი შეუწყო ქართული კანონიკური სამგალობლო ნიმუშების პოპულარიზაციისა და გავრცელების საქმეს. ლელა ბულია 2000-2003 წლებში „ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას, გალობას და თეორიულ დისციპლინებს.
ლელა ბულიამ სტუდენტობისას ქ-ნ დოდო ბარამიძესთან შეისწავლა ქარგვა, რომელიც შემდეგ მისი საყვარელი საქმიანობა გახდა.
„ეკლესიაში ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ყველა ნიჭი უფლისგან ბოძებულია და უფლის სადიდებლად უნდა იყოს მიმართული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მუსიკოსმა მიატოვოს ყველაფერი და ყველა მგალობელი გახდეს. ადამიანის ცხოვრება, უკვე ნიჭია, ღვთის საჩუქარია, და ცხოვრება უფლის სადიდებლად უნდა იყოს მიმართული. უბრალოდ ასე ვარჩიე, ასე გადავწყვიტე. ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც გაახარებს ღმერთს და გაახარებს გარშემომყოფებს. და თუ გაახარებს, იქ გაიხარებს თვითონაც. სულ მახსოვს, და მემახსოვრება ბ-ნ ნოდარ მამისაშვილის სიტყვები, რომელსაც საკმაოდ ხშირად გვიმეორებდა: ,,შეიძლება არც გახდეთ კომპოზიტორები, მაგრამ ვინც არ უნდა გახდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, მინდა, რომ ყველგან შექმნათ პატარ-პატარა ოაზისები.“
2003 წლიდან მონასტერშია, მცხეთის ანტიოქიაში. ჯერ იყო მორჩილი, 2006 წელს, სამთავროში მამა მიქაელმა (ამჟამად ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჭიძე) იღუმენია ქეთევანის და ანტიოქიის მაშინ კეთილმოწესეს (ამჟამად იღუმენია ბარბარე (კაპანაძის) კურთხევით ლელა ბულია აღიკვეცა მონაზვნად. მას დაარქვეს სიდონია. მასთან ერთად აღიკვეცა მისი უმცროსი დაც, მაკა ბულია, რომელსაც დაარქვეს საბიანა.
დედა სიდონიასა და დედა საბიანას საქართველოს სხვადასხვა მონასტერში მოუწიათ ცხოვრება. 2003-2006 წლებში მცხეთის ანტიოქიაში, შემდგომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევით - 2010 წლამდე მცხეთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, 2010-2012 წლებში კი გადავიდნენ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის ნინოწმინდის მონასტერში. 2012 წლიდან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო კურთხევით ცხოვრობენ ზუგდიდში, მშობლიურ სახლში, დედასთან ერთად.
წმინდა ეკატერინეს მონასტერში ცხოვრების პერიოდში დედა სიდონიამ შექმნა რამდენიმე საგალობელი ლიტურგიკულ ტექსტზე.
პროექტის ფარგლებში ხელნაწერებიდან მომზადდა ციფრულ-ელექტრონული ვერსია და წარმოდგენილია ვებ-პორტალზე საგალობლები: „წიაღნი მამულნი“; „სადა არს სოფლისა დიდებაი“; „რაოდენთა ქრისტეს მიერ“ (2007); „ეფრემ ასურის ლოცვა“ (2010); ასევე მომზადდა კონსერვატორიაში სწავლის დროს შექმნილი ნაწარმოებების - „ვოკალური ციკლი - რომანსები შოთა ჩანტლაძის ლექსებზე“ (1988) და სამ ნაწილიანი „საფორტეპიანო სონატის“ (1991) - ციფრული ვერსია.
ვებ-პორტალზე წარმოდგენილია მონაზონი სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრების, ხატების, ნახატების და ნაქარგების ნაწილის ფოტოასლები.
მონაზონი სიდონია არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და დიდი იმედი. ვარ ბედნიერი, რომ მასთან ერთად მომიწია სტუდენტობის პერიოდი. თავიდანვე ამჟღავნებდა განსაკუთრებულ თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ჭკვიანი, ერუდირებული, არაჩვეულებრივი შემსრულებელი, უნიჭიერესი მუსიკალური კომპოზიციის მხრივ, თეორიული, თუ ისტორიული საგნების უზადო მცოდნე, ამავდროულად იყო ძალიან მორიდებული და თავმდაბალი. მომთხოვნი საკუთარი თავის და სათნო გარემომცველთა მიმართ.
და დღეს, თუნდაც წლები, ტერიტორიული დისტანცია და საერო-სასულიერო პირთა ცხოვრების ფორმა გვიქმნის ბარიერს ფიზიკური სიახლოვის მხრივ, და მაინც, ყოველთვის ვგრძნობ მის მფარველ ზრუნვას და ვიცი, რომ გრძნობს მისდამი ჩემს დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.
ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო ლელა ბულიას - დღეს, მონაზონი სიდონიას შემოქმედება, თუნდაც მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი ქართული მუსიკის საკომპოზიტორო სფეროსთვის.
როგორც დედა სიდონია ამბობს, მეც გავიმეორებ მის სიტყვებს - ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება.
ლელა მაქარაშვილი
2025.05.25.