ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნანა გველესიანი

#

ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა

 

ნანა გველესიანი დაიბადა ქალაქ თბილისში 1955 წლის 11 სექტემბერს და იზრდებოდა ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა თბილისი ძველ უბანში - ჩუღურეთში, ბარათაშვილის ხიდის მახლობლად მდგარ ერთ-ერთ კერძო სახლში. მამის მამას - ბატონ პავლეს შეუძენია ეს სახლი მაშინ, როდესაც მანჯურიიდან (ჩინეთი) დაბრუნებულს გადაუწყვეტია დაფუძნებულიყო სამშობლოში. მისი მეუღლე, ქალბატონი ქსენია, მიუხედავად არაქართული წარმოშობისა, იყო რა კაზაკი, შვილს ზრდიდა ქართულ ტრადიციებზე.

ნანას მამა - ვლადიმერ პავლეს ძე გველესიანი (1913-1979), რომელიც იყო საქართველოს სსრ დამსახურებული მეღვინე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მთავარი შამპანისტი, ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა ნიჭიერებით სახელოვნებო დარგების მიმართ. კარგად უკრავდა და მღეროდა, კერძო გაკვეთილებსაც კი იღებდა ვოკალში  ცნობილ პედაგოგ ნადეჟდა ბუზოღლისთან. ერთ ხანს თეატრალურშიც კი ფიქრობდა ჩაბარებას, იყო მელომანი და ოპერაში სპექტაკლებზე ხშირი ვიზიტის შედეგად მთელი რეპერტუარი ზეპირად იცოდა. მუსიკისადმი ნიჭი და ინტერესი ნანა გველესიანმა სწორედ მამისგან მიიღო და მანვე ჩაუყარა საფუძველი ქალიშვილის პროფესიული განათლების მიღების პროცესს. თბილისის მე-9 მუსიკალურში მიაბარა ფორტეპიანოს პედაგოგს, ქალბატონ ნორას და ამ პერიოდიდან დაიწყო პატარა ნანას აკადემიური  მუსიკალური განათლება.

ნანას დედა - ქალბატონი ელენე ერმალოზის ასული ხვედელიძე (1925-2006), დაბადებული სოფელ კაცხში, განათლებით ეკონომისტი, ასევე, დიდი  ტრადიციების მქონე ოჯახში გაზრდილი, ცდილობდა ქალიშვილისთვის ხელი შეეწყო, რათა მას სათანადო მუსიკალური განათლება მიეღო. თუმცა, გველესიანების ოჯახში არსებული რთული პირობების - ოთხი წლით ნანაზე უფროსი ძმის, გოგის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მან ვერ შეძლო სახლიდან მოშორებით ქალიშვილის ტარება და ნანას მოუწია მუსიკალური სკოლის შეცვლა. თბილისის მე-13 მუსიკალურში ნანას პედაგოგები იყვნენ თინათინ ვაშაკიძე (ფორტეპიანო), მერი კინწურაშვილი (სოლფეჯიო) და სხვანი. მან საშუალო განათლება თბილისის 71-ე სკოლაში დაიწყო, ხოლო 1964 წლიდან, უკვე მესამე კლასის მოსწავლემ, როდესაც გველესიანების ოჯახმა დატოვა ძველი სახლი და საცხოვრებლად გადავიდა დელისთან, ახლად აშენებული კორპუსის ბინაში, სწავლა თბილისის მე-60 საშუალო სკოლაში განაგრძო.

1970-1974  წლებში ნანა გველესიანი მუსიკალურ განათლებას იღებდა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც მისი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო ქალბატონი ჩარა ჯაფარიძე. პარალელურად, ნანას საკომპოზიციო მიმართულებით მოღვაწეობის პროცესს ხელმძღვანელობდა კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე. ტექნიკური სასწავლებელი ნანა გველესიანმა დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით, ხოლო უმაღლესი განათლების მიღება საკომპოზიციო მიმართულებით გადაწყვიტა. თუმცა, უმაღლესში ჩაბარებამდე ნანა (ე.წ. სტაჟის მოპოვების მიზნით) 1974-1978 წლებში თბილისის ალექსანდრე თვალჭრელიძისსახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა.

1976 წელს ნანამ მიიღო შეთავაზება მუსიკალურად გაეფორმებინა მხატვრული ფილმი. საინტერესო აღმოჩნდა თანამშრომლობა რეჟისორ გოგი დოლიძესთან, რომელმაც განახორციელა ცნობილი რეჟისორის - დავით რონდელის მუნჯი ფილმის - „უგუბზიარას“ აღდგენა. შემოქმედებითმა პროცესმა დიდ გამოცდილება მისცა ჯერ კიდევ ნორჩ კომპოზიტორს. მან, ფილმის მუსიკა, ძირითადად ქართული, კერძოდ აფხაზური ფოლკლორის ნიმუშებით გაამშვენა, თან საკუთარი კომპოზიციებიც მიუსადაგა, რომელსაც თვითონვე ასრულებდა. 

1978-1984 წლები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის ის პერიოდი იყო, როდესაც ნანა გველესიანის უმაღლეს განათლებაზე იზრუნეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც იყვნენ ალექსი მაჭავარიანი, დავით თორაძე, შალვა მშველიძე, კუკური ჭოხონელიძე, ანტონ წულუკიძე, მანანა ხვთისიაშვილი, დალი ჩხეიძე და ქრისტეფორე არაქელოვი.

სტუდენტობის პერიოდში ნანა გველესიანმა დაწერა ნაწარმოებები სხვადასხვა ჟანრის და შემადგენლობებისთვის. მის საფორტეპიანო ვარიაციებს, რომლის პრემიერა შედგა ქალაქ ერევანში, ასრულებდა პიანისტი მანანა ციცუაშვილი. სწავლის ბოლო კურსზე  დაწერილი სადიპლომო ნაშრომი - სიმფონია დიდი საორკესტრო შემადგენლობისთვის - სხვა სტუდენტთა ნაწარმოებებთან ერთად, შეასრულა რადიო-ტელევიზიის ორკესტრის მიერ. დირიჟორობა გაუწია გივი აზმაიფარაშვილმა.

კონსერვატორიის სწავლის პარალელურად, ნანა გველესიანს შესთავაზეს შემოქმედებითი მიმართულებით მუშაობა დაეწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს ხელოვნების კლუბში.  1983-1984 წლებში არაერთი წარმოდგენა და საღამო გააფორმა მუსიკალურად, შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის და საკუთარი ნაწარმოებების შესრულებისას კონცერტმაისტერობასაც სწევდა.

1984 წელს ნანა გველესიანმა დაამთავრა კონსერვატორიის მუს. მცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტი, კომპოზიციის სპეციალობით, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის საკომპოზიციო კლასი და მას გადაეცა დიპლომი.

შემდგომი პერიოდიდან დაიწყო ნანა გველესიანის, როგორც აქტიური შემოქმედებითი, საორგანიზაციო, ასევე  პედაგოგიური მოღვაწეობა.

ნანა გველესიანისთვის პირველი შეხება თეატრთან, მუსიკალური გამფორმებელის ამპლუაში, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მას მერე არაერთ თეატრთან ითანამშრომლა. 1985-1987 წლებში თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში რამდენიმე სპექტაკლი გააფორმა.

შთამბეჭდავი იყო ტყუპი დების - ანი და მარიამ ურუშაძეების მიერ შესრულებული ნანა გველესიანის სიმღერა „ჯამბაზები“ ინგლისურ ენაზე. გოგონების ეფექტური ვიზუალი (სცენაზე გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ) და სიმღერის ლამაზი მუსიკალური ჰანგები მომაჯადოებელ სანახაობას ქმნიდა. სიმღერას, რომელიც 1995 წელს დაიწერა, ფონოგრამა მოუმზადა ზურა მახნიაშვილმა, რამაც ნაწარმოებს საორკესტრო თანხლება ოსტატურად შეავსო.

ნანა გველესიანმა 1986 წელს მუსიკალურად გააფორმა თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლი და მას შემდეგ 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, როგორც კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი. რეჟისორ იური კაკულიას სპექტაკლის მუსიკის ერთ-ერთ ნომრად კომპოზიტორმა ნოდარ დუმბაძის ტექსტზე შექმნა „სიმღერა თბილისზე“, რომელმაც მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1987 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო (150) თარიღის აღსანიშნავად 26 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაჟღერდა ნანა გველესიანის ახლად შექმნილი ნაწარმოები ხმის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. სოლისტი გახლდათ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. მას თანხლება გაუწია საქართველოს რადიო-ტელევიზიის სიმფონიურმა ორკესტრმა. დირიჟორობდა იმ დროისთვის ლენინგრადიდან საგანგებოდ  მოწვეული ბატონი ვლადიმერ ჩერნუშენკო. დამზადდა ნაწარმოების ჩანაწერი, რომელსაც რედაქტორობა გაუწია ბატონმა გელა ლეჟავამ და დღესდღეობით დაცულია რადიო-ტელევიზიის არქივის ოქროს ფონდში.

ამავე წელს დაიწერა ვოკალური თხზულება კომპოზიტორის მოგვარის, ბატონ ლევან გველესიანის ლექსზე. სახელწოდებით „ცისკარი“, ცნობილი, როგორც „თავისუფლება“ - 1990 წელს საკონკურსო ნაშრომთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა. მას სხვადასხვა დროს ასრულებდნენ სხვადასხვა შემადგენლობით. ინტერნეტ სივრცეში არის წარმოდგენილი მომღერალ ეკა მამალაძის მიერ შესრულებული საესტრადო სასიმღერო ვერსია, რომლის არანჟირების ავტორი იყო ბატონი გივი გაჩეჩილაძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე ჟღერდა გადაცემა ალიონის მუსიკალური ქუდის საფუძვლად ნანა გველესიანის ეს არაჩვეულებრივი მუსიკა.

1989 წელს ნანა გველესიანმა დაწერა სიმღერა ბატონ რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმის გმირის - მიხეილ თამარაშვილის (1858-1911) მიერ შეთხზულ ერთადერთ ლექსზე -„სალამი შენ და სამშობლოვ ჩემო“. სიმღერა - სახელწოდებით „ნოსტალგია“  რომელიც ასახავს ესოდენ სევდიან ამბავს ქართველი ემიგრანტისა, არ შესრულებულა და ელოდება გამხმოვანებელს.

ნანა გველესიანი 1990-1993 წლებში თბილისის საბავშვო თეატრალური სტუდია „გალას“-თან თანამშრომლობდა. იყო მუსიკის პედაგოგი და როგორც კომპოზიტორი ქმნიდა რეპერტუარს სტუდიისთვის. ეს იყო ურთულესი პერიოდი - არა შუქი, არა გათბობა, არა სამუშაო პირობები.  პედაგოგებს, პრაქტიკულად, უწევდათ გმირობის ტოლფასი ღვაწლის გაწევა, რათა მოზარდ-ახალგაზრდობას შეჰქმნოდა სათანადო პირობა, მიეღოთ სახელოვნებო დარგის სფეროში რეალიზების და შემეცნების საშუალება.

1993-1996 წლებში ნანა გველესიანმა თბილისის ბავშვთა ფედერაციის თეატრალური სტუდიის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელობას დაუთმო დრო, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი.

1993 წლიდან დაიწყო, და დღემდე გრძელდება ნანა გველესიანის და სტუდია „ბასტი ბუბუს“ მეგობრობა. სტუდიის პატარა წევრებმა არაერთი ნიმუში შეასრულეს კომპოზიტორის საბავშვო რეპერტუარიდან და ნანაც სიყვარულით ქმნიდა მათთვის ახალ-ახალ სახალისო სიმღერებს. „ბასტი ბუბუს“ სამხატვრო ხელმძღვანელის, მაკა აროშიძის დიდი დამსახურებაა ნანა გველესიანის (ასევე სხვათა) შემოქმედების  პოპულარიზაცია და ფართო მსმენელისთვის გაცნობა. და ეს ყველაფერი ხდება (ვოკალის, ქორეოგრაფიის, მხატვრული გადაწყვეტის და ჰარმონიულად გაჟღერების) მაღალპროფესიულ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ნანა გველესიანის ნაწარმოებები შემსრულებლებისთვის წარმატებების მომტანია. ასე მაგალითად, 1997 წელს გამოცხადდა კონკურსი „სიმღერა ბათუმზე“. ნანა გველესიანმა საგანგებოდ დაწერა სიმღერა „ბათუმს“, რომელსაც ასრულებდა მომღერალი ნინო სურგულაძე. კონკურსის ჟიურიმ პრიზით დააჯილდოვა ახალგაზრდა შემსრულებელი, ხოლო ნანა გველესიანის სიმღერა საუკეთესოთა შორის დასახელდა, დიდი აპლოდისმენტები და დიპლომი დაიმსახურა.

1999 წელს დიპლომი და ჯილდო გადაეცა ნანა გველესიანს ბელორუსის ქალაქ ვიტებსკის VIII საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე - „სლავური ბაზარი ვიტებსკში“, სადაც შესრულდა მისი სიმღერა ვოკალური დუეტისა და ბავშვთა გუნდისათვის „ასე მოხდა ეს ამბავი“, დალი მესაბლიშვილის ლექსზე „ამას ვერავინ დაიჯერებს“.

2000 წელს ფესტივალზე „შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“ საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა ნუგზარ წერეთლის სიტყვებზე შექმნილი ნანას ვოკალური ნაწარმოები „თბილისო“, რომელსაც მომღერალი სოფო კაკულია ასრულებდა.

ამავე წელს ჩატარდა  ბორჯომის ბავშვთა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი (I) - „ბროლის ნაძვი“, სადაც ნანა გველესიანი ჟიურის თავმჯდომარედ მიიწვიეს.

როგორც გველესიანი იხსენებდა, ბავშვობაში თურმე მამამ ასწავლა ჭადრაკის თამაში და ნანაც ოსტატურად უწევდა მეტოქეობას. ამ პროცესს უკვალოდ არ ჩაუვლია. მან 2002 წელს, სპორტის ამ განსაკუთრებული სახეობისადმი დიდი სიყვარულით, შექმნა „ჭადრაკის ჰიმნი“. ტექსტად პოეტ მარიამ წიკლაურის მიერ დაწერილი სიტყვები მიუსადაგა და ჰიმნს სადღესასწაულო ელფერი შესძინა. არაერთხელ გაჟღერდა ჭადრაკის სასახლეში მომღერლების - ლიზა მარტიროსიანის, სოფო კაკულიას და გია ონიანის შესრულებით.

ნანა გველესიანის შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის საკმაოდ დატვირთულია. სკრუპულოზურად უდგება რჩეულ თემატიკას, რაც შედეგზე უთუოდ ისახება. მიუხედავად ენის არ ცოდნისა, დიდი რუდუნებით შეუდგა მეგრულ ტექსტზე მუშაობას და შექმნა ნაწარმოები ხმის, გუნდისა და ორკესტრისათვის, რომელიც გაჟღერდა 2004 წელს ქალაქ ხობის საერთაშორისო ფესტივალზე. სოლისტებმა ნონა ბერაძემ (სოპრანო) და გივი ჭიჭინაძემ (ტენორი) დიდი აუდიტორიის წინაშე შეასრულეს გველესიანის „სამეგრელოს ჰიმნი“ - "მარგალური" (მეგრული), რომლის ფონოგრამა მოამზადა გიგა კუხიანიძემ. ნანა გველესიანს გადაეცა ქალაქ ხობის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო დიპლომი და ფესტივალის ლაურეატი გახდა.

2005 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზში გამართულ საშობაო კონცერტზე მომღერალ ალა სიმონიშვილის და პიანისტ ნანა დიმიტრიადის მონაწილეობით პირველად შესრულდა  მარიამ წიკლაურის ლექსზე შექმნილი სიმღერა - „ალილო“. შემდგომში ამ სიმღერით საზოგადოების წინაშე წარდგნენ ნონა ბერაძე (ვოკალი) და კვინტეტი „მეტეხი“. საქართველოს საპატრიარქოს არხზე შესრულდა. აგრეთვე, უწმინდესის, ილია მეორის წვეულებაზე ავტორის მონაწილეობითაც გაჟღერებულა.

2006 წელს თბილისის მერიის კულტურის განყოფილებამ ნანა გველესიანს გადასცა მედალი, „ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისათვის“.

როგორც აღვნიშნეთ, ნანა გველესიანი შემოქმედებით მოღვაწეობას უთავსებდა პედაგოგიურ პრაქტიკას. 2007-2019 წლებში თბილისის მე-60 საშუალო სკოლაში ასწავლიდა მუსიკის საგანს. მისი საკომპოზიტორო შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ სფეროში  (სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საესტრადო სიმღერა, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის) შექმნილ რეპერტუარს.

ვაჟა-ფშაველას სიტყვებზე შექმნილი საგუნდო სიმღერა - „სამშობლოს თავისუფლება უნდა ახარო“ (გამარჯვებისა) – ბატონ კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით ვაჟთა ვოკალური გუნდის - „მძლევარის“ მიერ, საოცარი შემართებით და სულისკვეთებით შესრულდა 2008 წელს კონკურსზე „პატრინოტი“. სიმღერა დაჯილდოვდა  ჯგუფ „ჯეოპრომაინინგის“ კომპანია „მადნეულის“ სპეციალური პრიზით ნომინაციისთვის „საუკეთესო კომპოზიცია“. ჯილდო (ქართული მადანი) სადღესასწაულო ვითარებაში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაეცა კომპოზიტორს (დაჯილდოების ამსახველი ვიდეო მასალა წარმოდგენილია ვებ-პორტალის ბმულების ნუსხაში).

კომპოზიტორმა სპორტის თემატიკას მეორედაც მიმართა. „რაგბის ჰიმნის“ სიტყვები ეკუთვნის ცნობილ მორაგბეს - ამირან ლობჟანიძეს. მისი კომპოზიცია - „მერსედეს-ბენცი“ (გერმანულ ენოვან ტექსტზე)  შესრულდა გერმანიაში,  ფრაიბურგის ფესტივალზე და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მას დაწერილი აქვს ინგლისურენოვანი ვოკალური ნაწარმოები - „ბაირონი“. დიდი წამატება ხვდა წილად სიმღერას „ვითვლი და ვითვლი“ რომელსაც ასრულებდა მომღერალი ნინო ქათამაძე და ბასტი-ბუბუს სტუდიის ბავშვთა ჯგუფი. ნანას „სააღდგომო“ სიმღერა შეასრულა ასევე „ბასტი ბუბუს“ სტუდიის ბავშვებთან ერთად მომღერალმა მანანა ჯაფარიძემ. საბავშვო რეპერტუარიდან გამოვარჩევდით რამდენიმე სახასიათო სიმღერას, რომლებიც ნორჩმა შემსრულებელმა შეიყვარა და რეპერტუარშიც აქვთ შეტანილი. ეს სიმღერებია: „სააღდგომო საგალობელი“, „ზღაპრიდან ცხადში“ (პინოქიო), „სამი გოჭი“,  „ცეკვავს ყველა“, „წვიმა“ (დანამა დანამა), „დედიკონა“, „რატომ?“, „ათინათი“. გამორჩეულია ჰარმონიული ელფერით კომპოზიტორის მუსიკა სპექტაკლებისთვის:  „შობის ზღაპარი“, თოლია“, „მარადიული წრე“, „ზამთრის ტყის ზღაპარი“, „სმარტი“ და სხვ.

2009 წელს ნანა გველესიანს საბავშვო ლიტერატურის სფეროში აქტიური მოღვაწეობისათვის დიპლომი და ჯილდო „კიკლი-კიკლი“ გადასცა მაყვალა მრევლიშვილის ფონდმა.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გველესიანების ოჯახში ორი შვილი იზრდებოდა - გიორგი (გოგი) და ნანა. ორივემ ცხოვრების მეგზურად ხელოვნება აირჩია: ძმამ - მხატვრობა, დამ - მუსიკა. გოგისთან დაკავშირებით უნდა ითქვას რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა. 9 თვის პატარას არასწორი მკურნალობის გამო სმენა დაეკარგა. ოჯახისთვის არსებული მდგომარეობა დიდი სადარდებელი იყო, თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ მისთვის. გოგი გველესიანმა შეძლო მიეღო განათლება, ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და წარმატებასაც მიაღწია - გახდა მხატვარი-ფერმწერი და საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. 2010 წელს, 59 წლის ასაკში გოგი გარდაიცვალა. განცდა სევდისა, რომ მის გვერდით არ არის მისი ერთადერთი ძმა, მტკივნეულია.  ნანა გველესიანისთვის დიდ დანაკლის უამებს გოგის არაჩვეულებრივი ფერწერული ტილოები, რომლებიც ბინის ინტერიერში განფენილნი საოცარ აურას ქნიან. ნანასთვის გოგის ნახატებით მიღებული შთაბეჭდილებები ხშირად ყოფილა მუზის გამომწვევი.

კომპოზიტორი მისი შემოქმედების იმპულს ხშირად პოეზიიდან იღებს. ნანა გველესიანს შექმნილი აქვს ვოკალური ნაწარმოებები (რომანსი, სიმღერა, ჰიმნი, საბავშვო რეპერტუარი) ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, მაყვალა მრევლიშვილის, ანა კალანდაძის, მორის ფოცხიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ნუგზარ წერეთლის, ამირან ლობჟანიძის, მარიამ წიკლაურის, ლევან გველესიანის, ლაშა გახარიას, მაკა აროშიძის, დალი მესაბლიშვილის ლექსებზე.

კომპოზიტორ ნანა გველესიანის ნაწარმოებები, სხვადასხვა დროს შეასრულა არაერთმა მომღერალმა და მუსიკოს-შემსრულებელმა. ესენი არიან: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, მანანა ჯაფარიძე, ნინო სურგულაძე, დინი ვირსალაძე, ალა სიმონიშვილი, ნანა დიმიტრიადი, ნინო ქათამაძე, ნონა ბერაძე, გივი ჭიჭინაძე, ლიზა მარტიროსიანი, სოფო კაკულია, გია ონიანი, კვინტეტი „მეტეხი“, კახა ონაშვილის ვაჟთა გუნდი „მძლევარი“, სტუდია „ბასტი-ბუბუ“, დირიჟორები გივი აზმაიფარაშვილი და ვლადიმერ ჩერნუშენკო. ნანა გველესიანი თანამშრომლობდა არანჟირების საუკეთესო ოსტატებთან გივი გაჩეჩილაძესთან, ზურა მახნიაშვილთან, გიგა კუხიანიძესთან.

ქართველი კომპოზიტორი ქალი - ნანა გველესიანი - პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე, სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული, ოსტატურად უსადაგებს თავის მუსიკალურ ხელწერას პოეტთა სიტყვიერ მასალას, ზოგჯერ საკუთარ ტექსტზეც  და მსმენელამდე მოაქვს თხზულებები, რომლის მოსმენისას დიდი, თუ პატარა, მონუსხული რჩება და აღფრთოვანებას განიცდის.

საბავშვო რეპერტუარი - მელოდიური, თბილი, სიყვარულით სავსე, ხალისიანი, მდიდარი ჰარმონიული ჟღერადობით - ნორჩ და ახალგაზრდა შემსრულებელს მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის მუსიკალური გემოვნების სათანადოდ ჩამოყალიბებაში.

წარმატებას ვუსურვებთ კომპოზიტორ ნანა გველესიანს შემოქმედებით ასპარეზზე.

 

ლელა მაქარაშვილი

2025.05.28.