ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ოლღა ბარამიშვილი

#

კომპოზიტორი ოლღა ბარამიშვილი 1907 წლის 30 ნოემბერს დაიბადა თბილისში, ინჟინერ ივანე ბარამიშვილის ოჯახში. მის ბავშვობაზე ცნობები თითქმის არ მოიპოვება. საარქივო მასალის მონაცემებით ვიგებთ, რომ 1925-1930 წლებში სწავლობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციიო ფაკულტეტზე პროფესორ ს. ბარხუდარიანთან (კომპოზიცია), ხოლო სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულებით პროფესორ ა. თულაშვილთან.

1931-1933 წლებში სწავლას აგრძელებს ლენინგრადის კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულებაზე ჯერ ვ. შჩერბაჩოვთან, მოგვიანებით ქ. ს. კუშნარიოვთან. ამავე პერიოდში ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებასთან თანამშრომლობს და ქმნის მუსიკას სპექტაკლებისთვის.

სწავლის პერიოდში შექმნილი თხზულებები - საფორტეპიანო სონატა fis-moll, კამერული დუეტი, სიმღერები და რომანსები - მუსიკალური ფაქტურით და თემატიკით უკვე დიდი პერსპექტივას უქათდა ახალგაზრდა კომპოზიტორს. მოგვეცა საშუალება გავცნობოდით მის პირად სანოტო მასალის ნაწილს, რომელიც ინახება შთამომავალთა საოჯახო არქივში. სანოტო მასალის უმეტესობა დაუთარიღებელია. ხელწერისა და მუსიკალური სტილის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფორტეპიანო  მინიატურები:  პრელუდია cis-moll, მენუეტი, სავიოლინო პიესა h-moll, ორი პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის და რომანსი „მოვდივარ, მოგვიხარია“ შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება.

ბარამიშვილის საოჯახო არქივის სანოტო ხელნაწერებს შორის არის ვოკალური ნაწარმობი - რომანსი „В моём саду мерцают розы“ (ჩემს ბაღში კიაფობენ ვარდები) ხმისა და ფორტეპიანოსთვის. მუსიკა და სიტყვები ეკუთვნის ოლღა ბარამიშვილს და რაც ნიშანდობლივია, რომ ავტორი მას პირველ თხზულებად მიიჩნევს, ვინაიდან ხელნაწერში იკითხება - „Op.1“.

1935 წლიდან ოლღა ბარამიშვილი აქტიურ შემოქმედებით სარბიელზე გამოდის. ბარამიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა ძირითადად აკადემიურ მუსიკით (კამერულ-ვოკალური და ვოკალურ-სიმფონიური ჟანრები) განისაზღვრება. ასევე იგი აქტიურად იწყებს მუშაობას თეატრის სფეროში და ქმნის მუსიკას დრამატიული სპექტაკლებისთვის. პარალელურად წარმატებით მოღვაწეობს პედაგოგიური, ძირითადად თეორიული საგნების (სოლფეჯიო) მიმართულებით.

1935 წელს ოლღა ბარამიშვილი ქმნის პირველ ვოკალურ-სიმფონიურ ციკლს „ლირიკული“ მაღალი ხმისა და სიმფონიური ორკესტრისთვის სამ ნაწილად. უკვე ამ პერიოდიდან ვოკალური მუსიკა წითელ ზოლად გასდევს კომპოზიტორის შემოქმედებას და ფაქტობრივად, 2 წელიც ისე არ გაივლის ერთი მცირე ვოკალური მინიატურა რომ არ შექმნას. ამ ჟანრის შემდეგ, კომპოზიტორისთვის საეტაპო, ქმნილებაა ვოკალურ-სიმფონიური პოემა „სიმღერა ქარიშხალზე“, რის შესახებ იმდროინდელ პრესაში გამოხმაურება ჰქონდა და მაღალი შეფასებაც მიიღო.  

სიმფონიური პოემა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ საორკესტრო რეპერტუარის მხრივ საინტერესო მოვლენაა. ჯერ ერთი, აქამდე ქართულ მუსიკაში არავის შეუქმნია ნაწარმოები ვაჟა-ფშაველას ამავსახელიანი შედევრალური მოთხრობის მიხედვით. თბილისის კონსერვატორიის არქივის მასალებშია, თუ საგაზეთო სტატიაში ხაზგასმით არის არნიშნული, რომ დიდი ინტერესით ელოდა მსმენელს პრემიერას და ოვაციებიც არ დაუკლიათ. სამწუხაროდ, სრული პარტიტურა არ იძებნება. საოჯახო არქივში აღმოჩნდა სანოტო ხელნაწერის ორი ვერსია მცირე ზომის მონაკვეთები ფიქსირებული ფანქრით და ტუშით. მუსიკალური მასალა იგივეა. ერთსა და იმავე ნაწარმოების სამუშაო ვარიანტებს შორის სხვაობაა მხოლოდ მინაწერში, რომელიც ფანქრით შესრულებულ ვერსიას აქვს. პოემა ეძღვნება ვაჟს - იანს.  პოემის სათაური არცერთზე არ არის მითითებული.

ოლღა ბარამიშვილის ერთერთი დიდი ფორმის ნაწარმოებია „ვოკალური ციკლი ა. პუშკინის სიტყვებზე“. ნაწარმოების ორ ნაწილში გამოყენებულია ლექსები - „ივერიის მთებზე“ და „ყვავილი“, რომლებითაც ადრეც დაინტერესებულან ქართველი კომპოზიტორები.

ბარამიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იბყრობს  სამნაწილიანი კანტატა - „ხალხთა ბედნიერება - მშვიდობა“ გალაკტიონ ტაბიძის ლექსის მიხედვით. არაერთ წყაროში (მათ შორის პოეტის დღიურებში) ნათქვამია, რომ დიდი წარმატებით ჩაუვლია პრემიერას. კომპოზიტორი დ. შოსტაკოვიჩი თავის პუბლიკაციაში აღნიშნავდა, რომ ნაწარმოები მოწიფული და „პროფესიული“ ღირსებების მფლობელია. ამავდროულად გამოთქვამდა კანტატასთან მიმართებით პრაქტიკულ შენიშვნებსაც.

სუიტა „რომეო და ჯულიეტა“ ოლღა ბარამიშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია (ამ ჯერად ვოკალის გარეშე). ის შეუძენია მოსკოვის მუსიკალურ განყოფილებას 1955 წელს და გამოცემასთან ერთად შეუსრულებულა კიდეც.  სასიამოვნოა, როცა თხზულების ორი განსხვავებული შესრულება (ა. გაუკის და შ. აზმაიფარაშვილის დირიჟორობით) არსებობს, რომლებიც დაცულია ტელე-რადიო ფონდის აუდიო საცავში. თუკი ჩანაწერში სუიტა 9 ნაწილიანია, 1962 წელს გამოშვებულ პარტიტურაში მხოლოდ 7 ნაწილია შესული (ამოღებულია „მეჯლისი - სამი ცეკვა“ და „იტალიური სიმღერა“).

ოლღა ბარამიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია - დრამატიული სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა.  პრესაში, სტატიაში „ახალგაზრდობის საყვარელი თეატრები“ (გაზეთი „კომუნისტი“ 1955 წ. N 291) რამდენიმე ქართველ კომპოზიტორთან ერთად, ოლღა ბარამიშვილიც სახელდება და აღნიშნულია მისი ღვაწლი სპექტაკლების შექმნის პროცესში. დავასახელებთ სპექტაკლებს, რომელნიც ქართული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: „რომეო და ჯულიეტა“ (მოზარდმაყურებელთა თეატრი), „მარგარიტა გოტიე“ და „პიგმალიონი“ (მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). ჩანს, რომ ოლღა ბარამიშვილი სპექტაკლებისთვის მუსიკის შექმნის სპეციფიკას სანიმუშოდ ფლობდა, ვინაიდან ასეთი საეტაპო წარმოდგენების მუსიკის შექმნა მაღალ პროფესიონალისმს მოითხოვდა.

ოლღა ბარამიშვილი საკმაოდ დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით.  1938 წლიდან ის ასისტენტად მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასწავლის სავალდებულო ფორტეპიანოს და ჰარმონიის საგნებს. 1943 წლიდან ინიშნება დოცენტად და ასწავლის სპეციალურ და სავალდებულო სოლფეჯიოს (ვოკალისტებსა და საორკესტრო ჩასაბერ, სიმებიან ჯგუფებს). როგორც ირკვევა,  ოლღა ბარამიშვილი ამ საქმეს დიდი გულისყურით ეკიდებოდა. მან 1950 წელს დ. სლიანოვა-მიზანდართან ერთად გამოსცა ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის მასალის საფუძველზე შექმნილი ერთხმიანი სოლფეჯიოს სახელმძღვანელო. როგორც გრიგოლ ჩხიკვაძე აღნიშნავს, 1956 წელს გამოშვებული წიგნში, ავტორები იმ პერიოდში უკვე მუშაობდნენ მეორე ნაწილის გამოცემაზე. ამის კვალს კი მივაგენით საოჯახო არქივში, სადაც გადაწერილი და ხელით მონიშნული ორ-სამ ხმიანი საქართველოს აღმოსავლეთ მთის ხალხური სიმღერებს მივაგენით. იბადება ეჭვი, რომ ეს სამუშაო სწორედ მეორე გამოცემისთვის სრულდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი საოჯახო არქივშივე მიკვლეული ორი ბეჭდური მოხსენება (რუსულ ენაზე) სოლფეჯიოს სწავლების მეთოდიკის შესახებ.

ოლღა ბარამიშვილის შემოქმედებით შეიძლება დაინტერესდნენ შემდეგი პირები -  ისინი ვინ ქართული ვოკალურ-სიმფონიური და კამერულ-ვოკალური მუსიკით, თეატრის მუსიკითა და სოლფეჯიოსთან დაკავშირებული საკითხებით არიან დაინტერესებულნი. ცალკე აღნიშვნის ღირსია პოემა „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რომელიც ასევე კვლევის საგანია.

როდესაც ოლღა ბარამიშვილის შემოქმედებას თვალს ვავლებთ, ვხვდებით, რომ ეს ოდნავ ტრაგიკული ხელოვანის ცხოვრებაა. თუნდაც მისი სამუშაო ჩატარებული სოლფეჯიოს სწავლების კუთხით, მისი თხზულებები გვაფიქრებს, რომ ადრეულ ასაკში რომ არ წასულიყო ხელოვანი, ალბათ, რამდენი რამ გაკეთდებოდა კიდევ.

ოლღა ბარამიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 29 სექტემბერს თბილისში, 48 წლის ასაკში. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე ეკლესიასთან ახლოს. მისი საიუბილეო თარიღი, 2027 წელს დაბადებიდან 120, ხოლო 2026 წელს გარდაცვალებიდან 70 წელი სრულდება.

ოლღა ბარამიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა ქართული საკომპოზიტორო სკოლის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელია.

 

ირაკლი არეშიძე

2023.06.25.