ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მანანა ცერცვაძე

#

 

„მიმაჩნია, რომ შემოქმედისათვის მთავარი არის ძიების წყურვილი, სულ ძიებაში უნდა იყოს, რომ უკეთესი ნაწარმოები შექმნას. არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით. ეს არის მთავარი. როგორც ჩემი პედაგოგი, ბატონი ალექსი მაჭავარიანი მეუბნებოდა - მუსიკაში მთავარია აზრი. ე.ი. უნდა შეგეძლოს იმის თქმა, რასაც დაინახავ, გაიაზრებ, უნდა შეგეძლოს იმის გადმოტანა მუსიკაში. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ეს არის მხოლოდ დამხმარე ელემენტი მუსიკოსისათვის. ახალგაზრდა შემოქმედი უნდა იყოს თამამი. არ უნდა ეშინოდეს სიძნელეების და რაც მთავარია ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე“ - მანანა ცერცვაძე. (ლიტ. 4)

მანანა ცერცვაძე მუსიკალურ გარემოში გაიზარდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა ორი და, დედა, მამა, რომელიც გიტარაზეც უკრავდა.

 მამა, შალვა ცერცვაძე ზესტაფონიდან იყო. როგორც კი მან დაამთავრა სკოლა გადავიდა თბილისში. განათლება მიიღო ჯერ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ-პეტერბურგში). დაამთავრა აგრომეტეოროლოგთა უმაღლესი კვალიფიკაციის კურსები.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად მუშაობდა აგრომეტეოროლოგიის სფეროში. 1954 წელს  მან, თავის კოლეგებთან ერთად, დააარსა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი, სადაც ძალიან კარგი ახალგაზრდები გაზარდა და ბევრს შეუწყო ხელი წინსვლაში. იყო ჰიდრომეტეოროლოგიურ მეცნიერებათა დოცენტი.

მანანა ცერცვაძის დის, ქალბატონი ნანა ცერცვაძის მონაყოლით, მათი დედის, ქალბატონ მერის მშობლები ქუთაისიდან ყოფილან. გაბადაძეებში ბევრი იყო სასულიერო პირი. მისი მამა, ვასილი, გახლდათ ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი. ისიც და მისი მეუღლეც კარგად მღეროდნენ. წინაპრის სასულიერო მოღვაწეობამ ეტყობა გავლენა მოახდინა მათ შთამომავალზე და კომუნისტური იდეოლოგიის მიუხედავად მანანა ძალიან მორწმუნე ყოფილა.

ცერცვაძეების ოჯახი ჯერ ცხოვრობდა  დავით აღმაშენებელზე (მაშინდელ პლეხანოვზე). საკუთარი სახლი ჰქონდათ ძალიან ლამაზი ეზოთი. „მანანას ვეძახდი დედოჩას, იმიტომ რომ, როგორც დედა ისე მივლიდა. მშობლები მუშაობდნენ, დედა პროვიზორი იყო. ძიძა გვყავდა. მაგრამ, როდესაც მანანა წამოიზარდა ძიძა გაუშვეს და მანანა მე თავს მევლებოდა -  იხსენებს მანანას და, ქალბატონი ნანა - საოცრად თბილი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.“

მალე ისინი ახალ ბინაში გადავიდნენ, ბულაჩაურის ქუჩაზე და აქ გაიზარდნენ მანანა და მისი და - ნანა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ოჯახში.  მათთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები. მშობლები გადაგებული იყვნენ ბავშვებზე. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილებს არაფერი დაჰკლებოდათ, მიეღოთ კარგი განათლება. ძალიან უყვარდათ გოგონებთან ერთად მოგზაურობა. მამას ექსპედიციებშიც დაჰყავდა ისინი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონიათ დებს. „ეს დობაზე მეტი იყოო“ - ამბობს ქალბატონი ნანა. ყველას უკვირდა, რომ წლოვანებით უფროსი მანანა არსად დადიოდა დის გარეშე.

მანანა სწავლობდა 24-ე სკოლაში. პარალელურად  იყო მეორე სამუსიკო სკოლის მოსწავლე. შემდეგ კი სწავლა გააგრძელა მეორე სამუსიკო სასწავლებელში, როგორც პიანისტმა. მისი პედაგოგი იყო  ფხაკაძე. დირექტორი გახლდათ კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი. მას  ძალიან უყვარდა მანანა, იმიტომ, რომ გამორჩეულად ნიჭიერიც იყო და კარგადაც სწავლობდა.  ის პატარაობიდანვე სულ რაღაცას თხზავდა. უმცროს დას თავისი სიმღერებით აძინებდა. როდესაც ნანა პირველად წავიდა სკოლაში, მაშინაც სიმღერა მიუძღვნა. სასწავლებელში  პედაგოგებმა შეამჩნიეს მისი საკომპოზიტორო მონაცემები. როდესაც მანანამ პირველი კურსი დახურა, მას მოუსმინა ბიძინა კვერნაძემ და ცაგარეიშვილს უთხრა „ეს გოგო არაა პიანისტი, ის კომპოზიტორი იქნებაო“. ასე გახდა მანანა ცერცვაძე  ბიძინა კვერნაძის მოსწავლე კომპოზიციაში. ინსტრუმენტობას, ორკესტრირებას კი გია ყანჩელი ასწავლიდა.

სასწავლებელში ყოფნის პერიოდში დაიწერა მანანა ცერცვაძის ადრინდელი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო საფორტეპიანო პრელუდია, რომელიც მიუძღვნა კომპოზიტორ შალვა მშველიძეს. ეს ნაწარმოები თავად შეასრულა მანანამ,  კომპოზიტორის 60 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, რომელიც სასწავლებელში ჩატარდა 1964 წელს. ამას მოყვა: საგუნდო სიმღერა „თოვლი მოდის“; ორი საფორტეპიანო პრელუდია; „რომანსი“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის; პიესები ვიოლინოს, ჩელოს, ფლეიტის, ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის; ცეკვა საფორტეპიანო ტრიოსთვის და სხვა. ეს ნაწარმოებები პირველად საჯაროდ აქვე, სასწავლებელში შესრულდა.

კონსერვატორიაში, მანანა ცერცვაძემ სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1968 წელს ჩააბარა. აქაც გაუმართლა - ის გამოჩენილი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის კლასში მოხვდა. აი, რას ამბობდა 1977  წელს ჩაწერილ რადიო გადაცემაში ბატონი ალექსი: „მნიშვნელოვანი არის და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი, კონსერვატორიის ხუთწლიანი პერიოდი, როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსი ეუფლება საკომპოზიციო წერის ტექნიკას. როდესაც მისი აზროვნება იღებს უფრო ფართო მასშტაბებს, შეიცნობს  სილამაზეს, მუსიკალური ესთეტიკის მაღალ საკითხებს. მანანა ცერცვაძე ამ მხრივ საგრძნობლად გამოირჩეოდა. ის უაღრესად დიდი ყურადღებით ექცეოდა ყოველ მოცემულ მასალას. საინტერესო შემოქმედებითი ნიშნები ჰქონდა თავიდანვე მის  ნაწარმოებებს, რომლებიც ყურადღებას იპყრობდა როგორც კლასში, მის მეგობრებთან, ისე კონსერვატორიის საჩვენებელ კონცერტებზე, საანგარიშო კონცერტებზე. და ამ ხუთი წლის განმავლობაში მანანა ცერცვაძემ საკმარისად შეიძინა სათანადო ცოდნა.

კონსერვატორიის შემდეგ იწყება ახალი პერიოდი. უფრო საპასუხისმგებლო, უფრო დამოუკიდებელი, როდესაც ის უკვე პედაგოგის დახმარების გარეშე იწყებს დამოუკიდებელ მუშაობას. და აი, სწორედ აქედან მანანა ცერცვაძემ გაამართლა ჩემი იმედები იმ მხრივ, რომ საინტერესოდ განაგრძო მუშაობა. აი, თუნდაც მისი სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც შესრულდა ერთ-ერთ პლენუმზე და საკმარისად მაღალი გამოხმაურება პოვა და მიიპყრო ყურადღება. ეს მაჩვენებელია მისი შემოქმედებითი აქტიურობისა და შემოქმედებითი ნიჭიერების. როდესაც  მე მომიხდა საფრანგეთში ყოფნა, ფირზე ჩაწერილი მთელი რიგი ნაწარმოებები წავიღე. ერთ-ერთი ჩემი გამოსვლის დროს საფრანგეთის რადიოთი, ამ ახალგაზრდათა შემოქმედება წარვუდგინე ფრანგ მსმენელს. და უნდა მოგახსენოთ, რომ  რადიოს მუსიკალურ რედაქციაში მანანას ამ პიესამ მიიპყრო ყურადღება. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ვფიქრობ, რომ მანანას სახით ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც საინტერესოდ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მას შეუძლია კარგ შედეგებს მიაღწიოს.“ (ლიტ. 4)

მანანა ცერცვაძის თაობა გამორჩეული იყო. მცირე ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის: გოგი ჩლაიძე, ელიზბარ ლონდარიძე, იოსებ ბარდანაშვილი, მიხეილ ოძელი, თენგიზ შავლოხაშვილი, მედეა ფანიაშვილი, ნანა ლორია, მანანა დოიჯაშვილი, რუბენ კაჟილოტი, თამარ აფაქიძე და სხვები. ცოტა მოგვიანებით - ალექსანდრე თორაძე, ვახტანგ მაჭავარიანი. „ალეკო მაჭავარიანს თავისი გუნდი ჰყავდა, გუგული თორაძეს თავისი, მაგრამ ერთმანეთის კი არ შურდათ, უხაროდათ მეგობრის წარმატება, ხელს უწყობდნენ ერთმანეთს. მანანა ყველასთან მეგობრობდა, ბიჭებთანაც და გოგონებთანაც. ეს მარტო მანანას დამსახურება არაა, მართლა კარგები იყვნენ“ (ნანა ცერცვაძე).

მათი სწავლა და შემოქმედებითი ჩამოყალიბება დაემთხვა ქართული მუსიკის საოცარ პერიოდს, როდესაც  ახალ, თამამ, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ფეხი აუბა და შეიძლება ითქვას მუსიკალური ენით, ძიებებით, ნოვატორობით გაუტოლდა ქართული მუსიკა. და ბუნებრივია, საოცარი ნიჭით დაჯილდოებული, შესანიშნავი პროფესიული ცოდნით აღჭურვილი, სიახლეების მაძიებელი მანანა ცერცვაძე ამ თაობის ავანგარდში მოექცა.

მანანა ძალიან მიზანდასახული იყო, უნდოდა ყველაფერში პირველი  ყოფილიყო. აქტიურად იყო ჩართული კონსერვატორიის საკონცერტო ცხოვრებაში.

მანანა ცერცვაძემ სწავლის პერიოდში დაწერა არაერთი ნაწარმოები: პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვარიაციები და სონატა ფორტეპიანოსათვის, საგუნდო პოემა „ციხის სიზმარი“ ლადო ასათიანის ტექსტზე, პიესები სასულე კვინტეტისათვის, ვოკალური ციკლი ვაჟა ფშაველას ტექსტზე, სიმფონიური პოემა „განთიადი“. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო კონცერტი ორკესტრისათვის.

ეს ნაწარმოები ფილარმონიაში შეასრულა სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა   ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით. ის გაოგნებული ყოფილა „ეს შეუძლებელია ქალის დაწერილი იყოსო.“

1973 წელს მოსკოვში ჩატარდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწარმოებების ჩვენება. კონცერტი გაიმართა მოსკოვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში. აი, რას წერდა ამ კონცერტის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა  კავშირის მდივანი მუსიკისმცოდნე აფონინი: „მანანა ცერცვაძის საფორტეპიანო სონატა-ფანტაზია გამოირჩევა რიტმულობით, ტემპერამენტით, მთლიანობით, ეროვნული კოლორიტით. კომპოზიტორი თავისუფლად ფლობს ყველა პიანისტურ რესურსს და უქვემდებარებს მას ხასიათების დინამიკურ განვითარებას. ახალგაზრდა კომპოზიტორმა ყურადღება მიიპყრო თავისი ინდივიდუალური ხელწერითა და თემისადმი ორიგინალური მიდგომით. ჩანს, რომ მანანა ცერცვაძეს ახასიათებს სერიოზული მიდგომა თავისი შემოქმედებისადმი და შრომის დიდი უნარი.“ (ლიტ. 4)

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ  მანანა ცერცვაძე გარდა კომპოზიციისა, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის თეორიული საგნების პედაგოგი. 1974 – 1976 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ნაწილის რეჟისორი. აქ ის გაიცნო ცნობილმა რეჟისორმა დოდო ალექსიძემ და ისე მოეწონა, რომ თავისთან გადაიყვანა სამუშაოდ და 1976 წელს მანანა ცერცვაძე გახდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის სამეცნიერო - შემოქმედებით კაბინეტის ხელმძღვანელი. აქ დახვდა ძალიან კარგი კოლექტივი, საინტერესო სამუშაო. სწორედ ბატონმა დოდომ გააცნო თავისი ვაჟი მანანას. ბატონი ალექსანდრე ალექსიძე იყო შესანიშნავი მეცნიერი, აღიარებული ბიზანტიოლოგი, ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა ცენტრალურ კომიტეტში კულტურის განყოფილების გამგედ.

გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ისინი შეუღლდნენ ასე შეიქმნა ეს ლამაზი, თბილი ოჯახი. ერთ წელიწადში დიმა (დიმიტრი) მოევლინა ამ ქვეყანას.

1978 წლიდან მანანა მუსიკის თეორიის საგნებს, ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ სკოლაში. 1980 წლიდან კი გახდა პედაგოგი კონსერვატორიაში, უძღვებოდა თანამედროვე მუსიკის პრაქტიკას და მუსიკის თეორიის საგნებს.

უამრავი შემოქმედებითი გეგმა ჰქონდა. არ ჩერდებოდა, სულ რაღაცას წერდა, ჩქარა წერდა. ყოველ ახალ წელს ახალი სიმღერა იქმნებოდა. მანანას სახელი მუდმივად ფიგურირებდა კონცერტების აფიშებზე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ყრილობასა თუ პლენუმებზე. მისი ნაწარმოებები ყოველთვის იქცევდა ყურადღებას.            

მანანა ცერცვაძის ინტერესები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. ეს იყო ინსტრუმენტული თუ ვოკალური კამერული, სიმფონიური მუსიკა, საესტრადო ჟანრი. განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა ნანი ბრეგვაძეს და მისთვის რამდენიმე სიმღერა დაწერა. მინდა გამოვყო მისი ვოკალური ციკლები ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე. სიტყვისადმი ფაქიზი დამოკიდებულება, ლექსის აზრისა და ინტონაციის ღრმა გააზრება იგრძნობა მათში. განსხვავებულია თითოეული ციკლის შემსრულებელთა შემადგენლობა: ზოგჯერ ტრადიციულად თანხლებას მხოლოდ  ფორტეპიანო უწევს,  ზოგჯერ დუეტისთვისაა განკუთვნილი ნაწარმოები, ან ჩასაბერი და დასარტყამი საკრავებია ჩართული.  მის ყველა ნაწარმოებში ემოციისა და შინაარსის გადმოცემაში მუდამ დატვირთული, ინტენსიურია, როგორც ინტონაციური ასე რიტმული მხარე. მისი ყველა ნაწარმოები ეროვნულიცა და ამავე დროს ძალიან თანამედროვე. ეროვნულობა მის გულში, მის ბუნებაში იყო. ამდენად, თანამედროვე მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებებით შექმნილი მისი ყოველი ნაწარმოები არა გარეგნულად, არამედ შინაგანად, არსებით იყო ეროვნულობით გამსჭვალული, არასდროს იყო თვალში საცემი.

უამრავი გეგმა ჰქონდა. განსაკუთრებით ხიბლავდა თეატრი. „თეატრი მიზიდავს თავისი უშუალობით, რადგან აქ ხდება პირდაპირი კონტაქტი მსახიობსა და მაყურებელს შორის. ასევე ძალიან მაინტერესებს კინოფილმზე მუშაობა“ - მანანამ ეს 1977 წელს ჩაწერილ რადიოგადაცემაში თქვა და მოხდა ისე, რომ 1980 წელს თავისი სადიპლომო სპექტაკლის მუსიკალურ გამფორმებლად მიიწვია მამუკა არეშიძემ.

და კიდევ მისი ერთი ოცნება... მანანა ცერცვაძის მეგობარი, პოეტი ნინო ქუთათელაძე იხსენებს: „უკანასკნელად რომ ვნახე ... ზღაპრებზე ვსაუბრობდით მე და მანანა. რაღაც დიდი ნაწარმოების შექმნაზე ოცნებობდა. მე ქართული ხალხური ზღაპრების თემა შევთავაზე ოპერის ან ბალეტის ლიბრეტოდ. ძალიან გაუკვირდა, ამდენი ხანია, მეც ამაზე ვფიქრობო. მინდა, რომ ზღაპრის პერსონაჟი თანამედროვე კაცად ჩამოყალიბდეს, რომ ზღაპარი ჩვენს თვალწინ ხდებოდეს, რომ მხოლოდ ბავშვებს კი არა, უფროსებსაც სჯეროდეთ სასწაულებისო.

მოგეხსენებათ, მხოლოდ გველეშაპის ძლევა როდია სასწაული. ყველაზე დიდი სასწაული ამ ქვეყნად ადამიანის იმედია.

კაცურ, ადამიანურ იმედზე ვაპირებდით ჩვენი მომავალი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი, ზღაპრულსიუჟეტიანი ნაწარმოების აგებას...“ (ლიტ. 9)

თითქოს აღარაფერი უნდოდა მანანას სრული ბედნიერებისთვის. საყვარელი საქმე,  აღიარება, პატივისცემა, ლამაზი, მოსიყვარულე ოჯახი, შესანიშნავი გარემო, ახლობლები, მეგობრები... ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო მისი ხანმოკლე ავადმყოფობა... მისი გულის ძგერა 35 წლის ასაკში შეწყდა.

ლამაზი, საინტერესო შემოქმედება დატოვა და დიდი სიყვარული...

„მანანა როდესაც გარდაიცვალა, ის საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს და  რამდენი არ მივედით, საფლავზე ყვავილები გვხვდებოდა. ძალიან ხშირად ადიოდნენ მისი მეგობრები.“ (ნანა ცერცვაძე)

„საოცარია, რაც ხდება ჩვენში,

რაც ხდება მიღმა, საოცარია...

არის ზეიმი, დღესასწაული

და ყველაფერი მხოლოდ ქარია;

და მოლოდინი არ დამთავრდება,

ხალხით დამთვრალი ვრცელი გარემო,

არის სიმაღლე და უკვდავება;

როდესაც სული მიწას სცილდება

და მომავალი თვალს ეფარება,

თუ მოდის თოვლი, ღრუბლად გეცემა,

თუ მოდის წვიმა, ზღვად მოზარდება.

გარდამეტია ირგვლივ ყოველი,

 ჩვენი ზეიმი, ჩვენი წვალება -

გარდასიცოცხლე,

გარდასიმღერა,

გარდასხივება, გარდაცვალება.“

ეძღვნება მანანა ცერცვაძის ხსოვნას. ნინო ქუთათელაძე. (ლიტ. 9)

ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა კომპოზიტორმა, ვაჟა აზარაშვილის ინიციატივით, რომელიც მაშინ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო, განათავსეს მანანა ცერცვაძის მემორიალური დაფა.

 

მარიამ (მარიკა) ჩიჯავაძე

2025.05.27.