ლიანა (ლია) რობიტაშვილი

ლიანა რობიტაშვილი (1930-1994)
ლიანა რობიტაშვილი ის კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებითი ნიმუშები მოძიებას, მიკვლევას, საზოგადოებისათვის გაცოცხლებას საჭიროებს.
ლიანა რობიტაშვილი დაიბადა 1930 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში. მისი მამა - ინჟინერი გიორგი რობიტაშვილი, წლების მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, იყო გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, საავტომობილო გზების მინისტრი. დედამ - ნინო ციკაშვილმა, პროფესიით არქიტექტორმა, თავისი ცხოვრება ოჯახს, შვილების, ქალ-ვაჟის - ლიანასა და ნურის აღზრდას მიუძღვნა.
ლიანამ ადრეული ბავშვობიდან გამოამჟღავნა განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაზე ადრე თბილისის (1936) მუსიკის მოსამზადებელ სკოლაში შეიყვანეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე თბილისის I საშუალო სკოლაში (ამჟამად კლასიკური გიმნაზია). ორ წელიწადში ლიანა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუსიკალური ათწლედის მოსწავლე გახდა, ფორტეპიანოზე დაკვრას პედაგოგ ანდრია სვანიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა, მესამე-მეოთხე კლასიდან უკვე საფორტეპიანო კონცერტებს უკრავდა. თანდათან ავლენდა საკუთარი ნაწარმოებების შეთხზვის მცდელობებსაც, რამაც მის მასწავლებლებს საფუძველი მისცა ერჩიათ პარალელურად საკომპოზიტორო ფაკულტეტზე შესულიყო. იგი სკოლის დამთავრებამდე ბოლო ორი წელი (1948-1950) საკომპოზიტორო ხელოვნებას ეუფლებოდა ალექსანდრე შავერზაშვილის ხელმძღვანელობით.
1950 წელს ლიანა რობიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩააბარა, სერგო ბარხუდარიანის კლასში. საფუძვლიანი თეორიული განათლების მიღებას ხელს უწყობდა ქართული მუსიკოლოგიის კორიფეებთან ურთიერთობა. მისი პედაგოგები იყვნენ პროფესორები: შალვა ასლანიშვილი (ჰარმონია), გრიგოლ ჩხიკვაძე (ხალხურ შემოქმედება), პავლე ხუჭუა (მუსიკის ისტორიას), საკრავთმცოდნეობას - კომპოზიტორი გრიგოლ კილაძე, პარტიტურის კითხვას დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი და კომპოზიტორი რევაზ გაბიჩვაძე ასწავლიდნენ.
საარქივო ცნობებიდან გამომდინარე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლიანა რობიტაშვილის სტუდენტურ პერიოდში მისი, როგორც შემოქმედისა და პედაგოგის მოტივირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა უფროსი თაობის კომპოზიტორ ქალებთან ურთიერთობამ. ესენი გახლდნენ - თამარ შავერზაშვილი, ერთ-ერთი პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი, რომელიც მას პირველივე კურსიდან ბოლომდე სავალდებულო ფორტეპიანოს, ხოლო მესამე კურსიდან კი პოლიფონიასაც ასწავ;ლიდა, მასთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ახალგაზრდა შემოქმედის შინაგან სამყაროზე. აგრეთვე განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა მის მიმართ კომპოზიტორი ქალი, ოლღა ბარამიშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც სოლფეჯიოს კურსი გაიარა.
ლიანა რობიტაშვილმა ყურადღება მიიპყრო სტუდენტურ წლებში დაწერილი პირველივე ნაწარმოებებით: სონატინა ფორტეპიანოსათვის (1953), „პასტორალური სიმღერა” ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1953), ვოკალიზი მაღალი ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1954). მისი საფლეიტო პიესების შესახებ უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში და შემდეგაც ეს ნაწარმოებები თითქმის ყველა ფლეიტისტის რეპერტუარში იყო, მას უკრავდნენ ცნობილი მუსიკოსები: ნუგზარ კიკნაძე, მიხეილ ებრალიძე, ამ ნაწარმოებებს დიდხანს ჰქონდა დაკავებული ადგილი მათ პედაგოგიურ რეპერტუარში. სამწუხაროდ, დასახელებული საფლეიტო ნაწარმოებები მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა და ვრცელდებოდა და ამჟამად, ჩატარებული მათი კვლევა-ძიება, ჯერჯერობით, უშედეგოდ დამთავრდა. თუმცა კვლავ გრძელდება მათი ძიება.
ბოლო, მეხუთე კურსიდან ლიანა რობიტაშვილი სპეციალობის განხრით გადავიდა ანდრია ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასში, რომლის ხელმძღვანელობითაც დაამთავრა კონსერვატორია. ლიანა რობიტაშვილის სადიპლომო ნამუშევარი იყო - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. საყურადღებოა, თუ როგორ ახასიათებდა თავის სტუდენტს ანდრია ბალანჩივაძე: “მართალია, მე ლიანა რობიტაშვილთან მცირე ხნით მომიწია მუშაობა, ამიტომაც მას არ მიეცა საშუალება ბოლომდე გარკვეულიყო ჩემს მოთხოვნებში. თუმცა ვიტყოდი, რომ მის ნამუშევრებში შეიმჩნევა შემოქმედებითი თავისებურებები, მელოდიური ხაზის მკაფიოება, ფორმის მკვეთრი შეგრძნება. მის სადიპლომო ნამუშევარში გამომჟღავნდა შემოქმედებითი ინიციატივა და ახალი ტექნოლოგიური რესურსების სწრაფი ათვისების უნარი. ყოველივე ეს მისი საინტერესო საკომპოზიტორო მომავლის იმედს იძლევა”.
ლიანა რობიტაშვილის სადიპლომო ნაწარმოების რეცენზენტი გახლდათ კომპოზიტორი ალექსანდრე შავერზაშვილი, რომელმაც შემდეგნაირად შეაფასა თხზულება: „ლიანა რობიტაშვილის საფორტეპიანო კონცერტი ერთნაწილიანია. ნაწარმოები გამოირჩევა ფორმისა და მუსიკალური განვითარების ლოგიკურობით. თემატური მასალა მკაფიოა და არ არის მოკლებული სახიერებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მეორე, მოძრავი თემა, რომელიც მოგვაგონებს ქართულ ხალხურ საიერიშო სიმღერებს. საფორტეპიანო ფაქტურა დაწერილია პიანისტური აპარატის გათვალისწინებით. იმედია ამ მხრივ ავტორი მომავალში მეტ თავისუფლებაა და ინდივიდუალიზმს გამოავლენს.
ნაწარმოები ყურადღებას იპყრობს მელოდიური გამომსახველობით, ჰარმონიის შეგრძნებით. ვიმედოვნებთ, ავტორი გააგრძელებს საკომპოზიტორო ოსტატობაზე მუშაობას, რასაც მაღალი შედეგი უნდა მოჰყვეს.
მთლიანობაში ლიანა რობიტაშვილის კონცერტი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.”
აღსანიშნავია, რომ სტუდენტურ წლებში კომპოზიტორის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავის ბიძაშვილთან, მევიოლინე ნიკოლოზ (კოკა) რობიტაშვილთან და მის წრესთან ურთიერთობამ. აქედან მისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა კომპოზიტორ ნიკოლოზ (კოკა) გუდიაშვილთან შეხვედრები, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართული ჯაზ-ბენდის წევრი გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში ლიანა გატაცებული იყო საუნდტრეკებით, ფირებზე იწერდა ვოკალისა და ფორტეპიანოს პარტიების საკუთარ შესრულებას. ალბათ, შემთხვევითი არც ის იყო, რომ საკომპოზიტორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ლიანა რობიტაშვილმა მუსიკალურ სასწავლებელში, ვოკალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო, აღარ დაუსრულებია ამ მიმართულებით სწავლა.
ლიანა რობიტაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას უკვე კონსერვატორიის დამთავრებამდე შეუდგა, 1954 წელს უკვე გაანაწილეს თბილისის მე-2 სამუსიკო სკოლაში თეორიული საგნების პედაგოგად. 1959-დან თბილისის VIII სამუსიკო სკოლაში ასწავლის თეორიული საგნებს, ხოლო 1961-დან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის VII სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს კლასი მიჰყავს. ამგვარად, აღმზრდელობითი სფერო ბოლომდე მისი ცხოვრების ა და საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა.
1955 წელს ლიანა რობიტაშვილის პირად ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილება ხდება. იგი თავის ბედს უკავშირებს მიხეილ მერაბიშვილს, პროფესიით ინჟინერს. 1956 წელს მათ უჩნდებათ ქალიშვილი მანანა, რომელმაც მომავალში დედის გზა განაგრძო. მანანა მერაბიშვილი დღეს ცნობილია, როგორც საბავშვო მუსიკის სფეროში ერთ-ერთი აქტიურად მოღვაწე კომპოზიტორი.
როგორც უმრავლესობა კომპოზიტორი ქალების ბიოგრაფია გვაუწყებს, ლიანა რობიტაშვილის შემთხვევაშიც შვილის მოვლინებამ შემოქმედებითი მიმართულებაც განსაზღვრა. მის ცხოვრებას უკვე მანანას აღზრდა, მისი ინტერესები წარმართავს. 60-იანი წლებიდან ლიანა რობიტაშვილი ინტენსიურად მიმართავს საბავშვო სასიმღერო სფეროს. ზედიზედ იქმნება მისი საბავშვო სიმღერები: „აბა ვისი ბრალია”, „ბუტია”, „კბილი და თხილი”, „საქანელა”, „მანანა და წიწილები” და სხვ.
1967 წელს კომპოზიტორი წერს მსხვილი ფორმის საბავშვო ნაწარმოებს მუსიკალური თეატრისათვის - „ციცქნა იას დღეობა”, გივი ჭიჭინაძის ლიბრეტოს მიხედვით. ავტორმა მას უწოდა ოპერა -ზღაპარი. ის პირველად დაიდგა 1967 წელს თბილისის 41-ე საშუალო სკოლაში. ნაწარმოებსა და სპექტაკლს წარმატება ხვდა წილად. ორი წლის შემდეგ, 1969 „ციცქნა იას დღეობა” წარმოადგინეს თბილისის მხატვრული აღზრდის სახლში, არსებობს ამ სპექტაკლის რადიო-ჩანაწერი, ტელე-რადიო ორკესტრის შესრულებით (დირიჟორი ჯანსუღ კახიძე).
საინტერესოდ წარიმართა ამ ნაწარმოების შემდგომი სცენური ისტორია.
„ციცქნა იას დღეობის” ნოტები ხელში ჩაუვარდა მუსიკოსს მიხეილ გუგურიანს, რომელმაც გადაწყვიტა ნაწარმოები წარმოედგინათ სოხუმის მე-5 საშუალო სკოლაში, სადაც ის ვოკალურ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. სპექტაკლის დადგმა სოხუმის თეატრის ცნობილ მსახიობს გიორგი რატიანს სთხოვეს. სპექტაკლის პრემიერა აფხაზეთის მასწავლებელთა პროფკავშირების სახლში გაიმართა, სადაც ბავშვთა თეატრალური სტუდია იყო განთავსებული. სტუდიის ხელმძღვანელს, გიორგი რატიანს ჩაფიქრებულ ჰქონდა სოხუმში ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსება, სადაც „ციცქნა იას დღეობაც” სარეპერტუარო სპექტაკლად მოიაზრებოდა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში დატრიალდა ავბედითი პოლიტიკური პროცესები. სტუდიამ არსებობა უკვე დევნილობის პერიოდში, თბილისში განაგრძო, „თეთრი ტალღის” სახელწოდებით. უკვე აქ წარმოადგინეს „ციცქნა იას დღეობა”. ამჯერად დამდგმელმა ჯგუფმა არანჟირებისთვის კომპოზიტორ გურამ ჯაიანს მიმართა, მხატვრული გაფორმებისთვის ივანე ასკურავას. სპექტაკლის პრემიერა 2013 წლის 24 ივლისს გაიმართა, თბილისის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. თეატრმცოდნე თამარ ქუთათელაძე გიორგი რატიანისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში, ამ წარმოდგენის შესახებ წერს: „ეს სპექტაკლი ღია დიალოგს მართავს პატარა მაყურებელთან. უხვი, უაღრესად მელოდიური, მომხიბლავი მუსიკალური ნომრებით, ცეკვებითა და სიმღერებით გაჯერებული, ვიზუალურად ხალისიანი ფერებით კოსტიუმირებული სცენური გმირები, შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და მიზანსცენებთან ერთად, კიდევ უფრო ამძაფრებს აუდიტორიის ინტერესს”.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ლიანა რობიტაშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში კონცერტმაისტერად. სწორედ ამ პერიოდში შეუდგა მიუზიკლის „საქორწილო საჩუქარი” წერას, რომლის ტექსტიც ქართული ოპერეტების ცნობილ ლიბრეტისტს მიხეილ თარხნიშვილს ეკუთვნოდა. მუშაობის პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო კომპოზიტორმა მიუზიკლი არ დაასრულა. შემორჩენილია დაუმთავრებელი ხელნაწერი კლავირი, რომელიც რიგი არიებისა და დუეტებისაგან შედგება. პროექტის „ქართველი კომპოზიტორი ქალების” ფარგლებში, კომპოზიტორმა ლელა მაქარაშვილმა იმუშავა ნაწარმოების მუსიკალურ ტექსტზე და შექმნა რამდენიმე ნომრის ინსტრუმენტული ვერსია, რაც ამ ნაწარმოების სიცოცხლისუნარიანობის პირობას იძლევა.
განსაკუთრებით საგულისხმოა ლიანა რობიტაშვილის წვლილი სკოლამდელი ბავშვების მუსიკალურ განვითარებაში. ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ შექმნილი მუსიკალური თამაშობები. ამ პროექტში გაერთიანებული იყო პედაგოგთა შემოქმედებითი ჯგუფი: პოეტი - ბაბო ვაშაძე, სპორტის ოსტატი - ნათელა ყირქისალიშვილი, კომპოზიტორი - ლიანა რობიტაშვილი. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენდა მუსიკალური თამაში „დამშვიდობება საბავშვო ბაღთან” (1973). ასევე მნიშვნელოვანი იყო სკოლამდელ აღსაზრდელთა სფეროში მოღვაწე თვითნასწავლ მუსიკოსთან, ქეთევან ანდრონიკაშვილთან ერთად შექმნილი თამაშები: „მხიარული მოგზაურობა“ და „გასეირნება ზოოპარკში” (1977).
ლიანა რობიტაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას. იგი გარდაიცვალა 1994 წლის 17 თებერვალს, თბილისში, 64 წლის ასაკში.
ლიანა რობიტაშვილის მუსიკალური მემკვიდრეობის გაცნობა, გაცოცხლება განსაკუთრებით უნდა წაადგეს სკოლამდელი თუ სასკოლო პედაგოგიკის სფეროში მომუშავეთ. მისი სიმღერები, თამაშობები, ოპერა-ზღაპარი, მიუზიკლი - ის ნაწარმოებებია, რომელთა ათვისება სასიკეთო შედეგს იქონიებს მომავალი თაობის მუსიკალური უნარების განვითარებაზე, გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
თამარ წულუკიძე
2025.05.31.