ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

რუსუდან მეიფარიანი

#

რუსუდან მეიფარიანის შემოქმედებითი გზა

 

დღეს რუსუდანის შემოქმედება აღიარებულია ევროპულ მუსიკალურ სივრცეში. როგორც წერენ, „მან ხმოვანების ახალი სივრცეები გახსნა“, მისი მართლაც გამორჩეული შემოქმედებითი სტილით.

მიღწეულ წარმატებასა და მდგომარეობას რუსუდანის აკადემიური სამუ­სიკო განათლება უდევს საფუძვლად:

 სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ გულნარა ნიკოლაძესთან. კონსერვატორიაში ცნობილ პიანისტთან და საზოგადო მოღვაწესთან, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის კლასში განაგრძო სწავლა. ქალბატონი მანანა წერს, რომ „რუსუდან მეიფარიანი ჩემი მოსწავლე იყო ჯერ კიდევ „ნიჭიერთა ათწლედში“. იგი უაღრესად კულტურული, დახვეწილი გემოვნების, გამორჩეული ნიჭისა და სულიერი ინტერესების მქონე მუსიკოსია. მის მეტად საინტერესო  ცდები აქვს კომპოზიციაშიც. რუსუდან მეიფარიანი იმ სტუდენტთაგანია, რომლებიც ჩვენი კონსერვატორიის ღირსებას წარმოადგენენ“.

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ რუსუდანი გერმანიაში მიემგზავრება და კარლსრუეს მუსიკის უმაღლესი სკოლაში, პროფესორ ვოლფგანგ რიმის კლასში სწავლობს კომპოზიციას (2000-2004). სწავლის პერიოდში 2002-2003 Erasmus-ის პროგრამით მიემგზავრება ოსლოში, ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში, პროფესორ ლასე ტორესენის კლასში. ნორვეგიაში აყალიბებს ანსამბლს, რომელიც დიდ გამოცდილებას სძენს მას.

კამერული ანსამბლის მიმართულებით 2004-2006 პროფესორ მიქაელ ჰოიბერთან სწავლობს, მანჰაიმის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.

დასახელებული სამი სპეციალობა - სოლო ფორტეპიანო, კომპოზიცია და კამერული ანსამბლი განსაზღვრავს მის სტილს, რომელიც ერთდორულად მოიცავს - მუსიკის შექმნას და ანსამბლში შესრულებას ინსტრუმენტზე და ხმით. ინსტრუმენტი

2000 წლიდან რუსუდან მეიფარიანი გერმანიაში ცხოვრობს. 2025 წლისთვის რუსუდანს დროის თანაბარი რაოდენობა აქვს გატარებული საქართველოში და საზღვარგარეთ. საქართველოში ჰყავს მშობლები, იქ, ოჯახი - მეუღლე და შვილები; ასევე, და ნატა და ძმა ირაკლი, იკა, ოჯახებთან ერთად. და-ძმა მეიფარიანების ოჯახური ერთიანობა, რომელიც თბილისის მუსიკალურ, საკონცერტო ცხოვრებაში მათი ყოფნისას თვალშისაცემი იყო, უცხოეთშიც ურღვევი აღმოჩნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი რუსუდანის შემოქმედებითი თანამშრომლობაა  ნატას ოჯახთან - ეს არის ტრიო „დაფიონი“ რუსუდანის, ნატას და მისი მეუღლის, ვიოლონჩელისტ გოგა ხელაიას შემადგენლობით, დების „მეიფარიანი დუო“, მოგვიანებით რუსუდან მეიფარიანის ანსამბლი, რომლის შემადგენლობა ცვალებადია და ამ კოლექტივის ბირთვს, უმეტესად, ოჯახური ტრიო წარმოადგენს. რუსუდანის ცხოვრების ე. წ. კონკურსების პერიოდში პირველი გამარჯვება სწორედ 1998 წ. დაარსებულმა საფორტეპიანო ტრიო „დაფიონმა“ მოიპოვა საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებულ კამერული მუსიკის კონკურში „ცინცაძე”, რასაც მოჰყვა ტრიოს გამარჯვებები კამერული მუსიკის კონკურსებში Guadamora” ესპანეთი (2002), „Carlo Soliva”, იტალია (2002), და „Gaetano Zinetti”, იტალია (2005).

იმავე პერიოდში, რუსუდანი  აქტიურად ჩაერთო საკომპოზიტორო შემოქმედებაში და ამ მიმართულებითაც მონაწილეობდა კონკურსებში. ასეთია პრემია “Pamina”, რომელიც 2002 წელს გერმანიაში, ვაინგარტენში გამართულ ახალგაზრდა ხელოვანთა მუსიკალურ დღეებზე მიიღო. ასევე, 2005 წელს გაიმარჯვა ახალი მუსიკის შვეიცარულ-ქართულ ფესტივალზე “Close Encounters”. რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული კულტურების წარმომადგენელთა თანამშრომლობასა და შემოქმედებით დაახლოებას.

მისი მოღვაწეობის გეოგრაფიული ველი მოიცავს საქართველოს, გერმანიას, ნორვეგიას, შვეიცარიას.

ჟანრობრივად კი კამერულ-ინსტრუმენტულ, კამერულ-ვოკალურ, ელექტრონულ მუსიკას წარმოადგენს.