ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ლელა მაქარაშვილი

#

ლელა მაქარაშვილი ავტორია პროექტისა, რომელიც შეისწავლის ქართველი ქალი კომპოზიტორების შემოქმედებას, აღნუსხვას მათ საარქივო მასალას და ყოველივეს წინამდებარე საიტით - www.georgianwomencomposers.ge ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ავტორი, ამ საქმიანობას საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 2022 წლიდან ეწევა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

ბუნებრივია იბადება კითხვა, საიდან ჩაისახა ეს იდეა? კომპოზიტორის შემოქმედებითი ცხოვრების გაცნობა გვარწმუნებს, რომ პროექტის არსი ავტობიოგრაფიულ შტრიხებსაც შეიცავს. იმ პრობლემებმა, რომელიც ქალი კომპოზიტორის წინაშე დადგა, შედეგად პროექტის იდეა - ქართველი ქალი კომპოზიტორების პოპულარიზაციის იდეა დაბადა.

ლელა მაქარაშვილის ინტერესის წრე ბავშვობიდან ფართო იყო - მუსიკა, ფერწერა, ბალეტი. დაჯილდოვებული იყო  მათემატიკური აზროვნებით, რის გამოც თვლიდნენ, რომ ამ სფეროს გაჰყვებოდა. 1986 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი და ამავე წელს ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში. მისი ფორტეპიანოს პედაგოგები იყვნენ თამარ (ცაცა) ფხაკაძე (სასწავლებელში) და ამირან გირგვლიანი (კონსერვატორიაში). კომპოზიციის პედაგოგები კი სხვადასხვა დროს - მერი დავითაშვილი, ალექსი შანიძე, ოთარ თაქთაქიშვილი, სულხან ნასიძე და ნოდარ მამისაშვილი.

მუსიკალურში ლელა მაქარაშვილი სამუსიკისმცოდნეო განხრით სწავლობდა. აქ აუცილებელ საგანს - კომპოზიციის საფუძვლებს, სწორედ მერი დავითაშვილი ასწავლიდა. სწორედ ამ დროს შექმნა პიესა საფორტეპიანო ტრიოსთვის. როგორც კომპოზიტორის მონათხრობიდან ვიგებთ, კომპოზიციაზე სერიოზულად ფიქრი მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შემდეგ დაიწყო: თბილისში ჩამოვიდა პეტერბურგის (იმ დროს ლენინგრადის) სერგეი პროკოფიევის სახელობის ქალთა კვარტეტი, რომლის წევრებიც ლელა მაქარაშვილის ოჯახის ახლობლები იყვნენ. მათ ახალგაზრდა მუსიკოსს საკვარტეტო მინიატურების შექმნა შესთავაზეს, რომელიც შეასრულეს კიდეც. ამის შემდეგ, მუსიკისმცოდნე ნანა ქავთარაძის შუამდგომლობით შეხვდა სულხან ნასიძეს, რომელმაც ახალგაზრდას საცდელ ვადად 3-4 თვე მისცა. ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტს უნდა შეექმნა მისაღები გამოცდის პროგრამისთვის თხზულებები. კომპოზიტორმა ალექსი შანიძის ხელმძღვანელობით შექმნა საფორტეპიანო “პრელუდი” და “ცეკვა”; ორი რომანსი ანა კალანდიძის ლექსებზე, “ვედრება” შერეული გუნდისთვის და ტრიო ფორტეპიანოს, ჰობოისა და ფაგოტისთვის. ამ ნამუშევრებმა სულხან ნასიძის დიდი სიმპათია გამოიწვია და ახალგაზრდა ლელა მაქარაშვილი დაარწმუნა, რომ ამ გზას უნდა გაჰყოლოდა.

უკვე კონსერვატორიაში, სტუდენტი გამოჩენილი კომპოზიტორისა და ყოფილი კულტურის მინისტრის - ოთარ თაქთაქიშვილის კლასში ჩაირიცხა. სტუდენტისთვის ეს უდიდესი ბედნიერება იყო. ერთი მოგონება: ოთარ თაქთაქიშვილმა ჩათვალა, რომ პირველ კურსელის დონიდან გამომდინარე უკვე შეიძლებოდა მეორე კურსის პროგრამაზე, ვარიაციულ ფორმაზე მუშაობა. მისი მოთხოვნა ამ ნაწარმოების შექმნისთვის შემდეგი იყო - თემა ყოფილიყო “ქართული” და “მელოდიური”. ერთ წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა საფორტეპიანო ვარიაციები, რომელიც მოგვიანებით ოთარ თაქთაქიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. პირველი კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე, “ვარიაციებისადმი” ალექსი მაჭავარიანს ვერ დაუფარავს აღტაცება და თქვა, რომ ეგონა სადიპლომო ნაშრომს ისმენდა.

ოთარ თაქთაქიშვილთან მეცადინეობის პერიოდს კომპოზიტორი დიდი სითბოთი იხსენებს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სრულდება. 1989 წელს ოთარ თაქთაქიშვილი გარდაიცვალა. მესამე კურსელ ლელა მაქარაშვილს კი წლის ბოლომდე სულხან ნასიძე ხელმძღვანელობდა.

ბოლო ორი წელი სტუდენტი ნოდარ მამისაშვილის კლასში მუშაობდა. როგორც მამისაშვილი აღნიშნავს დახასიათებაში, სტუდენტმა მისი პედაგოგიური სისტემის ათვისება წარმატებით შესძლო. სწორედ მასთან დაიწერა სადიპლომო ნაშრომი “სიმფონიეტა” დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც დღემდე შესრულებას ელის.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ლელა მაქარაშვილი სხვადასხვა მხრივ ვითარდება: 1989-1995 წლებში “ჯვარის მამაში” მგალობელია; ნოტების ასაციფრ პროგრამას “Finale”-ს ეუფლება; თბილისის კონსერვატორიაში ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომელია; თორაძის სახელობის მუსიკალური სტუდიაში კომპოზიციისა და ფორტეპიანოს პედაგოგია და აქვე კომპიუტერული ინფორმატიკის კურსიც მიჰყავს და ა.შ.
კომპოზიტორს ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიყვარული მთელი ცხოვრება გასდევს. ხან რომელიმე ხალხური მუსიკის ანსამბლის წევრია, ხანაც კი სიმღერების სანოტო გამოცემაში იღებს მონაწილეობას. ავტორი იმდენად დიდ პატივს სცემს მშობლიურ ხალხურ მუსიკას, რომ ვერ ბედავს მის ციტირებას. ერთადერთი გამონაკლისია მის შემოქმედებაში, როც აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა, სვეტლანა ქეცბამ სთოხვა აფაზური სიმღერა "გუდისა"-ს მიხედვით ნაწარმოები შექმნა. კომპოზიტორმა შეასრულა მოთხოვნა, შეიქმნა "აფხაზური ლეგენდა", რომელიც რამდენჯერმე გაჟღერდა კიდეც ამ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. 
საერთოდ კომპოზიტორის მუსიკალური ენა მთელი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, მთლიანობითა და ერთიანობით გამოირჩევა. საინტერესოა, მის მიერ გამოყენებული საკომპოზიტორო ხერხები, რომელზედაც თავად ამბობს, რომ "მათემატიკურ გათვლებს" ეფუძნება. ის მსოფლიოს პროფესიული მუსიკის მიღწევებს თავის ნიადაგზე ამუშავებს. 
მაგალითად, კომპოზიტორის ორ ნაწარმოები "პერფორმაცია" და "ფუგა" (ციკლიდან "ხმა მოხმობისა"), ეფუძნება თორმეტტონიან სერიას. ვენის ახალი სკოლის ეს მიღწევა კომპოზიტორთან თავისუფლადაა გაშლილი. სერია დაშლილია, გატარებულია არატრადიციულად და ყველა საინტერესოა ისაა, რომ ჟღერადობით არ ემსაგვსება ატონალურ ქმნილებას. 
2022 წელს საქართველოს კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსზე მისმა "მოგონებმანმა" ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის I პრემია დაიმსახურა. ამ მოვლენამ ერთი ორად დაადასტურა ლელა მაქარაშვილის ადგილი დღევანდელ ქართულ მუსიკაში და მას მუშაობის მეტი მოტივაციაც მისცა. 

 

ირაკლი არეშიძე

2024.06.02