ნინო ჯანჯღავა
ნინო ჯანჯღავა
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
ნინო ჯანჯღავას ბიოგრაფიული და შემოქმედებითი გზის შესახებ საუბარი – მისი მოღვაწეობის ყველა წახნაგის ლაკონურად და ამავე დროს სრულყოფილად წარმოდგენა – საკმაოდ რთულია. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი ბევრია. ნინოს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი. იგი იმთავითვე გამოირჩეოდა არაორდინარულობით, რაც მოგვიანებით მისი შემოქმედების ყველა მიმართულებაში გამოვლინდა და, ამავე დროს, უსაზღვრო გულისხმიერებითა და თავაზიანობით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ბოლომდე არ ვიცნობ. ნამდვილად მადლიერი ვარ ამ პროექტის, რომელმაც მომცა საშუალება ნინო მრავალი მხრიდან დამენახა: საინტერესო კომპოზიტორი, შემსრულებელი, დირიჟორი, პუბლიცისტი, ბლოგერი, პედაგოგი, რედაქტორი, ხმის-რეჟისორი, იდეების გენერატორი, პროექტების ავტორი და განმახორციელებელი, აგრეთვე, სანიმუშო შვილი, მეუღლე და მეგობარი, კოლეგა. წლების წინ დაწყებული ჩვენი ნაცნობობა მოგვიანებით მეგობრობაში გადაიზარდა. ერთმანეთს, ძირითადად, ვერა-ვაკის გასაყარზე ვხვდებოდით ხოლმე და მთავარი სასაუბრო თემა იყო, თუ როგორ გვიყვარს ჩვენი „ოთხფეხა მეგობრები“. ხშირად გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს და სწორედ ნინოს გაფრთხილებამ და მისი რჩევის გათვალისწინებამ გადაარჩინა ჩვენი ოჯახის ბინადარი „ჯესიკა“ (ძაღლი) ხიფათისაგან. მადლიერებით აღვნიშნავ, რომ ნინოსგან სხვა დროსაც მახსოვს ხელშეწყობისა და თანადგომის არაერთი შემთხვევა, რაც მის კოლეგიალობაზე და კეთილშობილურ ბუნებაზე მეტყველებს.
ნინო ჯანჯღავას ბიოგრაფიული მონაცემები იწყება ქალაქ თბილისიდან, სადაც იგი დაიბადა 1964 წლის 29 ივლისს. ნინოს მამა, ბატონი კარლო ჯანჯღავა, პროფესიით ფიზიკოსი, ნაკლებად იყო დაკავშირებული მუსიკალურ სამყაროსთან, მისი მეუღლის – ლიანა მოისწრაფიშვილისგან განსხვავებით. დღეს უკვე ღვაწლმოსილი პედაგოგის, ქალბატონი ლიანას წვლილი დიდია მისი ქალიშვილების ცხოვრების არსის განსაზღვრაში. სწორედ მისი წყალობით ნინომ მუსიკის წიაღში აიდგა ფეხი და მას მერე ემსახურება მის უდიდებულესობა მუსიკას.
ნინო ჯანჯღავას პროფესიული მუსიკალური განათლება სათავეს იღებს თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლიდან. 54-ე საშუალო სკოლის მოსწავლე, იგი 1971 წლიდან მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს საფუძვლების შესწავლას პედაგოგ რუსუდან ჩაჩუასთან ეუფლება. მომდევნო წლებში კი ძირითად ინსტრუმენტად ფლეიტას ირჩევს, რომლის ათვისებაშიც მას ეხმარება პედაგოგი ნუგზარ კიკნაძე. ჯერ კიდევ სამუსიკო სკოლის მოსწავლე, მუსიკის შექმნასაც ცდილობს და ფორტეპიანოსთვის დაწერილი თხზულებების ავტორად გვევლინება. ამ პერიოდში მისი კომპოზიციის პედაგოგია ალექსი შანიძე.
ნინოს შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, დამეხმარა მის მიერ დაწერილი და 2021 წელს გამოცემული წიგნი, სახელწოდებით „როგორ გავხდი კომპოზიტორი“. სიამოვნებით, როგორც იტყვიან, „ერთი ამოსუნთქვით“ წავიკითხე. თუმცა, რამდენიმეჯერ მქონდა განცდა, თითქოს „სუნთქვა შემეკრაო...“. ეს იმ ეპიზოდების კითხვისას, სადაც ნინო საუბრობს პერიპეტიებზე, გარშემო მყოფთა არასასურველ დამოკიდებულებაზე, რთულ დროებაზე. აქვე, წიგნის ავტორის იუმორის და წერის ექსტრავაგანტული მანერის წყალობით, ბევჯერ სიცილით „გავიგუდე“ და მართლა ვერ ამოვისუნთქე. მოკლედ, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის მიუხედავად, ბევრი რამ შევიტყვე, ყურად ვიღე და სიამოვნებაც მივიღე. აზრის გამოსათქმელად მართლაც რომ ნატიფი გემოვნების წყალობით ნინო მორგებულად ირჩევს „საშენ მასალას“, სიტყვებს შორის – ლიტერატურული, ბგერებს შორის კი – მუსიკალური თხზულებებისთვის.
მინდა ციტატის სახით წიგნიდან რამდენიმე გამონათქვამი შემოგთავაზოთ.
ნინო ჯანჯღავა აღწერს მისი პირველი ქმნილებების დაბადებას: „კომპოზიტორობა კი შენს თავთან პირისპირ დარჩენაა, ოღონდ ბგერებთან ერთად. მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო. გაფართოებული თვალებით და მგრძნობიარე საცეცებით ყოველ დილით ვიწყებდი ამის ძებნას. როგორც კი გავიღვიძებდი, ღამის პერანგით მივუჯდებოდი როიალს. დაკვრა არც კი ვიცოდი, ავიღებდი დაბალ, საშუალო და მაღალ ბგერებს... და ვუსმენდი. ცოტა მოგვიანებით ვაწყობდი იმ მელოდიებს, რაც მომწონდა. შემდეგ ვიგონებდი, პირველად სწორედ ფორტეპიანოსთან ერთად.“ (ლიტ. 12. გვ. 7)
წიგნიდან ვიგებთ, თუ რა განცდა ეუფლება, ჯერ კიდევ პატარა გოგონას, მუსიკის სფეროში საწყისი ნაბიჯების გადადგმისას: „სახლში მეცადინეობა ლოცვასავით იყო. სულიერი ემიგრაცია, უკვე როგორც დამოუკიდებელი მოვლენა-შეგრძნება, სწორედ აქ ჩამომიყალიბდა.“; „სპეციალობის გაკვეთილები მუქი მწვანე და ალუმინის ფერი რომ შეურიო, ასეთი იყო. სოლფეჯიო თეთრი და მზის ფერი, მასწავლებელიც სწორედ ასეთი გახლდათ, ნუნუ დეიდა (სოლფეჯიოს მასწავლებელი ნუნუ ბახუტაშვილი). ვალია მასწავლებელმა (მუს.ლიტ. მასწავლებელი ვალენტინა ჯაიანი) კი ისეთი სიხარულის და სინათლის ტონალობა დამიტოვა, რომ მთელი ცხოვრება მახსოვს...“; „პირველმა ღია კონცერტებმა კი ფრენის შეგრძნება დამიტოვა. აი, როცა საკრავი შენი სხეულის ნაწილი ხდება და ყურით მხოლოდ იმ ბგერას მიჰყვები, რასაც შენ თვითონ წარმოქმნი. რაღაც ამგვარი...“, „დიდია მისი დამსახურება ჩემი პროფესიის არჩევაში. ჩემი პირველი კომპოზიციაც მის გაკვეთილზე შესასრულებლად შევქმენი. ეს იყო „საყვარელი სექსტა.“, „...დეიდა ნუნუს ყველა გაკვეთილი დღესასწაული იყო.“ (ლიტ. 12, გვ. 15-16)
კითხულობ ნინოს წიგნს, ან მისი ბლოგის ჩანაწერებს და ხვდები, რომ სამყარო შენ ირგვლივ იცვლება, იცვლება უკეთესობისაკენ, უფრო საინტერესო, შთამბეჭდავი ხდება და გრძნობ რომ ნიჭი „წამყვანია“, რომელიც დიდსულოვანს გხდის და გავსებს.
ნინო ჯანჯღავას მუსიკალური განათლების შემდგომი ეტაპი თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლას უკავშირდება. 1978-1983 წლებში მისი ფორტეპიანოს პედაგოგი არის ბეჟან ნამგლაძე, ხოლო კომპოზიციისა – კვლავ ალექსი შანიძე.
ათწლედის დამთავრების შემდეგ ნინო გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღოს. ჩაბარებამდე, სასურველი იყო, კონსულტაცია გაევლო პროფესიონალ კომპოზიტორთან, რათა განსაზღვრულიყო, შეესაბამებოდა თუ არა წარსადგენი ნაწარმოებები, ე.წ. „საგამოცდო პროგრამა“ საგამოცდო მოთხოვნებს. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ აბიურიენტმა გოგონამ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, როდესაც კომპოზიტორისგან უარყოფითი რეკომენდაცია მოისმინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო გადაელახა ფსიქოლოგიური ბარიერი. მეტიც, წარმატებით ჩააბარა კონსერვატორიაში. 1983-1988 წლებში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლისას მისი სპეციალობის პედაგოგი იყო კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი. ამ პერიოდში ნინომ მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ფესტივალებზე თბილისში, ბაქოსა და დილიჟანში. 1987 წელს ქალაქ მოსკოვში მოეწყო ახალგაზრდა სტუდენტ-ასპირანტ კომპოზიტორთა კონკურსი, სადაც ნინომ წარადგინა კამერული ნაწარმოები სახელწოდებით „ჯარჯი ფხოველის სამი ლექსი“ და ჯილდო – III პრემია დაიმსახურა. საკონკურსო ნაწარმოები შეასრულეს ნატალია ჩაგანავამ (სოპრანო) და ირინა სხირტლაძემ (ფორტეპიანო).
სწავლის პარალელურად იწყებს მუშაობას სასწავლო თეატრში, მუსიკალურად აფორმებს და ქმნის მუსიკას სპექტაკლებისთვის. ინტერესთა სფეროს გაფართოების კვალდაკვალ მისი შემოქმედება თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.
1988-1990 წლებში ნინო ჯანჯღავა აგრძელებს სწავლას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კლასში. 1989 წელს კი იწყებს მუშაობას თბილისის 27-ე ბაგა-ბაღში, სადაც აღსაზრდელებს მუსიკას ასწავლის. ამ პერიოდს უკავშირდება შემოქმედების ის წახნაგი, როდესაც სათავეს იღებს ნინო ჯანჯღავას საბავშვო მუსიკის სფეროში სიფაქიზით და რუდუნებით გაჯერებული მოღვაწეობა.
თუმცა ნინო თავის მოწოდებას არ ღალატობს, ვგულისხმობთ „განათლება უპირველეს ყოვლისა“ და 1990-1993 წლებს ისევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას უკავშირებს. ახლა უკვე, როგორც საკომპოზიციო ფაკულტეტის ასისტენტ-სტაჟიორი. მისი ხელმძღვანელი კვლავ კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანია. 1995-1997 წლებში დიდ გამოცდილებას იღებს იმ დროისათვის უახლესი საკომპოზიტორო სფეროს ბრწყინვალე წარმომადგენელის, თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის სტუდიაში. თავის წიგნში ნინო მასწავლებლის შესახებ ვრცლად საუბრობს და ბოლოს ამთავრებს სიტყვებით: „ბედნიერებაა, როდესაც ყველაფერი შეგიძლია თქვა და გამოხატო იმიტომ, რომ კარგად გასწავლეს, კარგად აგიხსნეს. აი, ეს გააკეთა მიხომ.“ (ლიტ. 12, გვ. 86).
ნინო ჯანჯღავას საკომპოზიციო შემოქმედება ყურადღებას იპყრობს შინაარსით, მრავალფეროვნებით, მრავალჟანრობრივი სპექტრით და თემატიკის ნინოსეული ხედვით. მას შექმნილი აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები: ბალეტი, პანტომიმა, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საბავშვო მუსიკა, მუსიკა ფილმებისთვის (მხატვრული, დოკუმენტური, მულტიპლიკაციური), მუსიკა სპექტაკლისთვის და საესტრადო სიმღერები.
შემოქმედებითი გზის განმავლობაში ნინო ჯანჯღავა არაერთ პროექტს ანხორციელებს საგანმანათლებლო და მუსიკალური სფეროს სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. 1991-2012 წლებში მოღვაწეობს როგორც პედაგოგი, კომპოზიტორი, საბავშვო სტუდიაში „აბლი-ბაბლი“, რომელიც ქალბატონ ლიანა მოისწრაფიშვილის მიერ იყო დაარსებული. 2012 წელს აყალიბებს საბავშვო, სასწავლო მუსიკალურ სტუდიას სახელწოდებით „ბგერებთან ერთად“, საგანგებოდ მათთვის ქმნის ნაწარმოებებს და კონცერტებსაც უწევს ხელმძღვანელობას. 1999 წლიდან დააფუძნა „საავტორო სტუდია“ და დღემდე უძღვება მის საქმიანობას. საქართველოს მთელი მასშტაბით აწარმოებს მრავალარხიანი აპარატურით აუდიოჩაწერას და ვიდეოგადაღებას, შემდეგ სამონტაჟო პროცესს და საგამომცემლო საქმიანობას. ნინო ჯანჯღავას დიდი წვლილი მიუძღვის მოზარდთა შორის მუსიკის პოპულარიზაციის პროცესში თბილისის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა აქტიურად ჩართვაში. ამ მიზნით 2008-2012 მან წლებში ორგანიზება გაუწია არაერთ პროექტს, რომელიც მის მიერ დაარსებული რადიოფესტივალის – „ბგერებთან ერთად“ – ეგიდით ჩატარდა.
მოგეხსენებათ, თუ რა კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს ფესტივალის მოწყობა. ამ მიმართულებით 2013-2021 წლებში ნინო ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას თბილისის კლასიკური გიტარის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში, რომელიც თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სივრცეში იმართება. ბოლო 2 წელია რაც დაფინანსების გამო ფესტივალი ვერ შედგა. არადა, კონკურსის სპეციფიკა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ნინო ჯანჯღავა გვევლინება, როგორც კიდევ ერთი საინტერესო, საჭირო და სასიამოვნო შემოქმედებითი აქტივობის ხელმძღვანელი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. 2019 წელს მან ჩამოაყალიბა სიმღერის მოყვარულთა გუნდი, რომლის რეპერტუარში შედის ქართული თუ უცხოური პროფესიული მუსიკის ნიმუშები.
აღსანიშნავია ნინო ჯანჯღავას სამეცნიერო კვლევები ქართული ტრადიციული და პროფესიული მუსიკის სფეროში. მის მიერ ჩატარებული იქნა გრანდიოზული სამუშაო, რომლის შედეგები გამოქვეყნდა წიგნის სახით, სახელწოდებით „ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის პოლიფონიის საფუძვლები“.
სასურველი იქნებოდა, თუ ნინო ჯანჯღავას საკომპოზიტორო შემოქმედებით დაინტერესებულთათვის მომზადდებოდა პროფესიონალთა კვლევა, სადაც ყურადღება გამახვილდებოდა კომპოზიტორის მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების თავისებურებაზე თხზულებათა თემატიკის გათვალისწინებით. ხელოვანი საკუთარი ქმნილებებისთვის ირჩევს საინტერესო თემებს. აღვნიშნავთ რამდენიმე მათგანს: „სამი მინიატურა ჯანი როდარის ზღაპრების მიხედვით“, „მილიტარისტული“, „გარდასახვა“, „საათი, რომელიც გააკეთა მესაათე ტიკ-ტაკმა, საათმა შეწყვიტა დროის ჩვენება“, „ელიფსისი“, „ძახილი და პალინდრომი“, „სალამი, სევდავ“, „ამბავი დონ კიხოტისა, რომელმაც გადალახა ტრიტონებით სავსე ოკეანე და გზა განაგრძო“, „ოქროსფერი მუსიკა დიდი სასულე ორკესტრისათვის“, „ალიხე-მალიხე“, „ზღვარი“, „რა უდარდელად ყვავის ასკილი“, „რემინისცენციები“, „83 ტაქტი“, „ჰერაგრამა“, „ზურმუხტი“, „კონტრამარკა“, „მედიანტა, ანუ სამის გამაერთიანებელი“, „მი ბემოლი და რე დიეზი“, „ჭვრეტა“, „ხილულიდან უხილავისკენ“, „პატარა სარკმლიდან დანახული დიდი სამყარო“, „უსასრულობისაკენ“, „სარკე“, „ჩუმად, მაგრამ მთელი ძალით“, „დიდი დიმინუენდო“, „ელექტრიკი ლილი“, „ერიკ ტრუფასის მოსმენის შემდეგ“, „უპასუხო კითხვა“, „Subito“, „გამონთავისუფლება“, „მუქი ლურჯი ბუშტი“, „განა მართლა ტრელებია, შემოდგომის ფოთლებია“, „29 ივლისი“, „მეგობრობისთვის“, „აკუსტიკური სივრცე“, „ვიტრაჟი“, „ნეტარია წამკითხველი და მომსმენი“, „ReActive“, „გალობანი აღვსებისანი“, „წითელი და ყვითელი“, „მწვანე მადრიგალი“, „მრავალჟამიერი“, „სიმღერა დალაქების და ეპისკოპოსების“, „პარალელურები“, „დიდება“, „სამი ლექსი ჯარჯი ფხოველის მიხედვით“, „რიტმოფონიები“, „ესენინიანა“, „ძველი თბილისის ბოჰემა“, „მერანი“, „მოწყენილი სიმღერა“, „მწუხრისა ზარი“, „ოდა ყავას“, „საზაფხულო დღიური“, „ზვიადის ზაზუნა“, „პირველი სექტემბერი“, „სიხარულის წრეწირი“, „რიტმფორმაცია“, „სამების საკათედრო ტაძარი“, „ვინ არის მოჩვენება?“, „ოქროს თევზი“, „გადაიღალა“, „კონსპირაცია“, „ფოკუსში დანახული სამყარო“, „კავკასიის შორეული ხეობები“ და ა.შ.
სათაურებიდან ჩანს, რომ ზოგადად ნინოს „არჩევანი“ თავისუფლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სხვანაირად არც კი შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნის ერთ-ერთი ქვეთავის სათაურია „შიში“, ნინო იქვე საუბრობს იმ გამოცდილებაზე, რომელმაც სწორედ თავისუფალი, სივრცული აზროვნების უნარები ჩამოუყალიბა, რაც ყოველთვის დააძლევინებს საფრთხეს... ნინო იხსენებს - „დო მინორული პრელუდია და ფუგა, ბახი, ფორტეპიანოს დახურულ კონცერტზე დავუკარი. მაშინ მივხვდი, რა იყო ბგერებით აზროვნება, ფიქრი. დომინანტის დისტანციური გადაწყვეტა, ფუგის სართულები, ხმების მაკრო და მიკროსკოპიული ურთიერთობა.“ (ლიტ.12, გვ. 20)
ნინო ჯანჯღავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს რელიგიურ თემატიკას. არის საგალობლების ავტორი. ტექსტი, ძირითადად, საეკლესიო კანონიკურ სიტყვებზეა აგებული. ნაწარმოებების დასახელებიდანვე შეგვიძლია განვსაზღვროთ მათი თემატიკა: „წმინდა ნიკოლოზისადმი“, „XXII ფსალმუნი“, „შიო მღვიმისა მეორე“, „წმინდა არს“, „განკითხვის დღე“, „გალობანი სინანულისანი“, „ვარძიის ღვთისმშობლის საგალობელი“, „გალობა მაცხოვრისადმი“, „იამბიკონი იოანე მტბევარ ეპისკოპოსისა თქმული შობისთვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, „17 ალილუია“, „მომეცი ძალა, რომ გადიდო“, „წმინდა მარინეს ტროპარი“, „თამარ მეფის სადიდებელი ტროპარი“, „კირილე ალექსანრდიელის კონდაკი“, „წმინდა მოწამე მარინეს ტროპარი“, „ღვთისმშობლის მიძინების ტროპარი“, „მოწამე ანდრიანესა და ნატალიას კონდაკი“, „წმინდა არს“.
აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობს კომპოზიტორი საბალეტო, პანტომიმის, თეატრის და კინომუსიკის სფეროში. თეატრმა ნინოზე უდიდესი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოახდინა. ნინო და თეატრი, ანუ თეატრი და ნინო, ასე ვთქვათ „სხვა ფენომენია“. ბავშვობიდანვე მას თეატრის თავისებური აღქმა ჰქონდა. მოგონებებიდან ვიგებთ, რომ თითქმის ყოველ საღამოს ფიქრებში იგი ცდილობს დეტალურად აღიდგინოს ნანახი სპექტაკლი და მას მიუსადაგოს თავისი მუსიკალური გაფორმება, რამაც სცენური დრამატურგიის შეცვლაც კი შეიძლება განაპირობოს. ეს ყველაფერი მეტყველებს წარმოსახვის ნიჭზე და მუსიკალური კომპოზიციის შექმნის შესაძლებლობებზე. ნორჩი გოგონას თეატრის მიმართ შეხედულებების ჩამოყალიბებაზე კარდინალური ცვლილებები მოახდინა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებმა. ბუმბერაზ რეჟისორს მასზე უთქვამს – ეს თეატრის ქალიაო და ბეთჰოვენთანაც შეუდარებია: ისიც ასე იყოო. ნინოს ამ სიტყვებზე თავისი ახსნა მოუძებნია: „თუ ასე იყო, იმიტომ შემადარა ბეთჰოვენს, რომ ფეთქდებოდა ისიც ყველაფერზე, როგორც მე. ისე მზეც ასეა, სულ ფეთქდება, ფეთქდება და ამიტომაც ანათებს, ათბობს, ადგილებში აცხუნებს.“
ნინო ჯანჯღავას მოღვაწეობის ერთ-ერთი შედარებით ეპიზოდური, თუმცა აღსანიშნავი წახნაგია დირიჟორობა. მან თავის რამდენიმე ნაწარმოებს უდირიჟორა და თანაც, წარმატებით. არსებობს არაერთი სტუდიური ვიდეოჩანაწერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ ნინო ერთდროულად კომპოზიტორის და დირიჟორის ამპლუაში (იხ. ბმული).
სხვადასხვა წლებში კომპოზიტორი ქმნის ნაწარმოებებს სხვადასხვა სტუდიებისთვის, ანსამბლებისთვის, ჯგუფებისთვის, პარალელურად უწევს მათი ხელმძღვანელობა და, შესაბამისად, საორგანიზაციო საქმიანობაც. ზემოაღნიშნულის მიუხედავად კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ ნინო ჯანჯღავას ღვაწლი და მონდომება, რაც მის შემოქმედებით ბუნებაზე მეტყველებს. 2002 წელს მან მეუღლესთან – დავით ხოსიტაშვილთან და დასთან – მარინა ჯანჯღავასთან ერთად ჩამოაყალიბა საოჯახო ანსამბლი, სახელწოდებით „სტუმარი“. ანსამბლი იწვევს მუსიკოსებს და მათთან კოლაბორაციაში იწერს სხვადასხვა კომპოზიციებს. 2008-2012 წლებში ნინო, მის მიერ დაარსებულ საგუნდო-ინსტრუმენტული ანსამბლის – „ბგერის თეატრი“-ს საქმიანობის ფარგლებში არაერთ პროექტს ანხორციელებს.
2022 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსზე ნინო ჯანჯღავამ წარადგინა სიმფონიური ნაწარმოები „სიმღერა“, სადაც მიიღო ლაურეატობა (III პრემია კატეგორიაში „სიმფონიური მუსიკა“). ნაწარმოები წარმატებით შესრულდა 2023 წლის 11 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის საკონცერტო დარბაზში. ორკესტრს დირიჟორობდა ბატონი დავით მუქერია.
აღსანიშნავია ნინო ჯანჯღავას საგანმანათლებლო-საგამომცემლო საქმიანობა, თანამშრომლობა გამომცემლობებთან. მან „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობასთან ერთად განახორციელა პროექტი – ხმოვანი ზღაპრები და მოთხრობები ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით; რედაქტირება გაუწია ენციკლოპედიის მუსიკალურ ნაწილს; გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად კი წლების მანძილზე გამოსცემს მუსიკის სახელმძღვანელოებს.
ნინო ჯანჯღავა გამოირჩევა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობით. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი ლელა ოჩიაური 2005 წლის ერთ-ერთ სტატიაში საუბრობს „დღევანდელობაზე“; „ ..., როდესაცსამუსიკოხელოვნებიდანთანდათანობითიდევნებაისღირებულებანი, რისგარეშეცადამიანისსრულფასოვანიცხოვრებაწარმოუდგენელია, როდესაცმაღალმხატვრულსმასკულტურაცვლის, ბუნებრივადჩნდებაკითხვა,არსებობსთუარათანამედროვექართულისაკომპოზიტოროსკოლადაიქმნებათუარარაიმეიმტრადიციებისგამგრძელებელი, რითაცეროვნულისამუსიკოსივრცეყოველთვისამაყობდა,...“ და სვამს კითხვას: „რასაკეთებსმუსიკოსთაახალითაობადარასქმნიანისინი, ვისაცკულტურისამსფეროსგაძღოლისურთულესიმისიააკისრია?“. ოჩიაური იქვე აღნიშნავს: „იმმუსიკოსთაშორის, ვინცდღესქართულსაკომპოზიტოროსინამდვილისარსებობასგანსაზღვრავს, თამამადშეგვიძლიანინოჯანჯღავადავასახელოთ, რომელიცსაუკეთესოტრადიციებისგამგრძელებელიადაამასთან, ნოვატორულიმიღწევებითგამოირჩევა. ... კომპოზიტორისშემოქმედებამრავალფეროვანია, იგიერთნაირადძლიერია, როგორცსიმფონიებში, ვოკალურ, საგუნდო, საკრავიერიჟანრისნაწარმოებებში, კინოსადათეატრისათვისშექმნილმუსიკაში...“. (ლიტ. 11)
კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას შემოქმედების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ სივრცეში. წარმოვადგენთ რამდენიმე ბმულს:
https://ninojanjgava.musicaneo.com/
http://www.composers21.com/compdocs/janjgavan.htm
http://www.edition-s.dk/composer/nino-janjgava
https://www.imdb.com/name/nm2369859/
https://en.wikipedia.org/wiki/Nino_Janjgava
„ყველგან, ოღონდ ბგერებთან ერთად“ – ნინო ჯანჯღავას ეს და სხვა გამონათქვამები, როგორც თვითონ უწოდებს – „აკინძული ბგერათრიგები“, – საოცარ განწყობას ბადებს ისევე, როგორც მისი მუსიკა, რომელიც მოწოდებულია მაღალპროფესიული და ინდივიდუალური ხელწერით.
წარმატებებს ვუსურვებთ არაჩვეულებრივ, არაორდინარულ ადამიანს, საინტერესო კომპოზიტორს, ნიჭიერ შემოქმედს და მოღვაწეს – ნინო ჯანჯღავას.
ლელა მაქარაშვილი
2024.05.31.