მანანა ალფაიძე

მანანა ალფაიძე
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
მანანა ალფაიძე ქართველ კომპოზიტორთა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. იგი დაიბადა 1957 წელს, ქალაქ რუსთავში, ილია ალფაიძისა და ლილი ჩადუნელის ოჯახში. მშობლებს ტექნიკური განათლება ჰქონდათ მიღებული. დედა - ლილი ჩადუნელი ინჟინერ-მეტალურგი იყო. მამას, ილია ალფაიძეს, პროფესიით ინჟინერ-მშენებელს, დიდი ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობები ეკავა და როგორც თავად ამბობდა, სიცოცხლის ძალას და ხალისს სიმღერა აძლევდა. ილია ალფაიძეს თავისი მშობლებისგან, განსაკუთრებით მამისგან - ამბროსი ალფაიძისგან, რომელიც სამხედრო პირი იყო, გამოჰყვა ხალხური სიმღერის ცოდნა და სიყვარული.
მანანა გაიზარდა ქართული სიმღერისადმი სიყვარულით აღსავსე გარემოში. მღეროდნენ მისი მშობლები - იმ დროისათვის მოდურ სიმღერებს. მღეროდა მანანას ბებია, დედის დედა - კლარა სიხარულიძე, სწორედ მას უმადლის მანანა ქალაქური ჰანგების შეთვისებას, შვიდსიამიანი გიტარის დაუფლებას. მღეროდა მისი დაც მადონა, ამიტომ ოჯახური კვარტეტის რეპერტუარი დიდი და მრავალფეროვანი იყო. მანანა არანაკლები მადლიერებით იხსენებს მამის დედას - პარასკევა (პაშა) ტაბიძეს, რომლის მამა - ილარიონ ტაბიძე, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ბიძაშვილი იყო. პაშა ტაბიძე ჭყვიშში, მათ გარემოცვაში გაიზარდა და პოეზიის სიყვარულით გამოირჩეოდა. ამიტომ ზაფხულობით მასთან სამტრედიაში ჩამოსულ შვილიშვილებს ქართული პოეზიის ნიმუშებს აცნობდა და აყვარებდა.
როგორც თავად კომპოზიტორი თვლის, მუსიკალური განათლების მიღების პირველივე საფეხურზე გაუმართლა: 1965 წელს შევიდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, პედაგოგ ვანდა ბუკოვსკაიას კლასში, მისი სკოლიდან წასვლის შემდეგ, უკვე მე-5 კლასიდან, მანანას ფორტეპიანოს პედაგოგი კომპოზიტორი კარლო ჩუხრუკიძე გახდა, რომელიც ამ სკოლის დირექტორი იყო. სწორედ კარლო ჩუხრუკიძემ მიაქცია ყურადღება მისი მოწაფის მიდრეკილებას იმპროვიზირებისადმი, რამაც მისცა საფუძველი მანანა ალფაიძეში საკომპოზიტორო უნარი განევითარებინა. ასე განაწყო მასწავლებელმა მე-5 კლასელი მოსწავლე, შეექმნა პირველი საკუთარი ნაწარმოები, საფორტეპიანო პიესა „წვიმა“. მომდევნო წელს მანანა უკვე საკომპოზიციო განყოფილებაზე მიიღეს, პედაგოგ ნუგზარ ვაწაძის კლასში. ამ პერიოდში დაწერა საფორტეპიანო პიესები: „შემოდგომა“, „ჩონგურული“, „სხარტულა“, „პოემა“, რომლებიც აჟღერდა ნორჩი ავტორის შესრულებით. ამის შემდეგ, პედაგოგების რჩევით, სწავლა განაგრძო მუსიკალურ ტექნიკუმში, სადაც უკვე ინფორმირებულები იყვნენ, რომ მოდიოდა მომავალი კომპოზიტორი. ტექნიკუმში მისაღები გამოცდის თავმჯდომარე იყო კომპოზიტორი ოთარ გორდელი, რომლის დასწრებამ ისე ააღელვა აბიტურიენტი, რომ მის წინ გადაშლილი საკუთარი ნაწარმოების ტექსტი ზუსტად ვერ დაუკრა და განსხვავებული ვერსია ააჟღერა. ოთარ გორდელმა შენიშნა, რომ ნოტში დაწერილი არ ემთხვეოდა მოსმენილს და ასე დაახასიათა მანანა ალფაიძე - ეს არის შემოქმედი გოგონა!
ტექნიკუმში თეორიულ ფაკულტეტზე შევიდა, პარალელურად სწავლობდა კომპოზიციას რუბენ კაჟილოტისა და რევაზ ჩიტაშვილის ხელმძღვანელობით, ამავდროულად ფორტეპიანოს კურსსაც პიანისტების დონეზე გადიოდა, პედაგოგის, ბელა ოდიშარიას ხელმძღვანელობით. მეტად მრავალფეროვანი, დიდი რაოდენობის ლიტერატურა აითვისა და აახმოვანა, ძველი პოლიფონისტებიდან დაწყებული, თანამედროვე ავტორებით დამთავრებული. პროგრამაში ჰქონდა თითქმის ყველა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები. აქ სწავლის პერიოდში, ზაფხულობით, საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტების ძალებით საშეფო კონცერტები ეწყობოდა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (გორში, მარნეულში, გარდაბანში, და ა.შ.). მანანა, მართალია, თეორიულ განყოფილებაზე სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის მონაწილეობდა, ამ ღონისძიებებში, როგორც შემსრულებელი.
მუსიკალურ ტექნიკუმში საესტრადო ვოკალს ასწავლიდა რობერტ გოგოლაშვილი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა გოგონათა კვარტეტი, შემდეგ ჯაზ-სექსტეტი. ამ ანსამბლში სიმღერამ და რობერტ გოგოლაშვილთან ურთიერთობამ ბევრი მისცა მანანას ჰარმონიულ აზროვნების განვითარების, საესტრადო სფეროს გათავისების მიმართულებით.
ტექნიკუმის მე-2 კურსზე იყო, როდესაც დაწერა საკვარტეტო პიესა „ელეგია“ - ფლეიტის, ვიოლინოს, ალტისა და ფ-ნოსათვის. ეს ფაქტურულად საკმაოდ რთული ნაწარმოები იქაურმა მოსწავლეებმა შეასრულეს (გიორგი ქუთათელაძე (ვიოლინო), თენგიზ შაუთიძე (ალტი), გია ინგოროყვა (ფლეიტა), მანანა ალფაიძე (ფ-ნო)). ნაწარმოები სასწავლებლის საიუბილეო კონცერტზე აჟღერდა. აქ სწავლის პერიოდში დაწერა ციკლიც - სამი საფორტეპიანო პიესა: „სოფლის გახსენება“, „სალამური“, „ჩონგური“. კონსერვატორიაში შესვლამდე, შუალედში შექმნა კიდევ სხვა ნაწარმოებებიც: ვოკალური ციკლი „წუთისოფელი“, რომელიც შვიდი ნომრისაგან შედგებოდა (ციკლი კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე შეასრულეს მანანა ეგაძემ (მეცო-სოპრანო) და ნუნუ ჭელიძემ (ფ-ნო)), ამავე პერიოდში დაწერა პიესა „მელოდია“ ფაგოტისა და ფ-ნოსათვის, საგუნდო ნაწარმოები აკაპელა შერეული გუნდისთვის. ეს ნაწარმოებები წარადგინა კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე.
კონსერვატორიაში საკომპოზიტორო განხრით, დავით თორაძის კლასში ჩაირიცხა. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი. დავით (გუგული) თორაძის კლასი, ეს იყო ,ფაქტობრივად, სტუდია, სადაც სტუდენტები დროის დიდ ნაწილს ატარებდნენ, აქ ეცნობოდნენ როგორც კლასიკური მუსიკის კანონზომიერებებს, ასევე თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებს. პედაგოგის მეთვალყურეობით ქმნიდნენ საკუთარ ნაწარმოებებს. მასწავლებელი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ამ პროცესში, რითაც საბოლოოდ სასიკეთო გავლენას ახდენდა მათი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. მე-3 კურსზე იყო მანანა, როდესაც მისი ნაწარმოები „მთიულური მოძახილი“ შეირჩა ამიერკავკასიის სტუდენტ-კომპოზიტორთა ფესტივალზე ასაჟღერებლად. კონცერტი ერევნის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა, მას ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული დიდი სომეხი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი, აგრეთვე სხვა ცნობილი კომპოზიტორები; არუტიუნიანი, ედუარდ მირზოიანი და სხვები. „მთიულური მოძახილი“ შეასრულეს გიორგი ბერიძემ (ჰობოი) და მედეა ფანიაშვილმა (კლავესინი).
კონსერვატორიის III კურსზე იყო, როდესაც დავით თორაძე გარდაიცვალა, რაც დიდი დარტყმა იყო მისი ყველა მოსწავლისათვის. მანანამ, წლების შემდეგ, საფორტეპიანო პიესა “ფიქრი“ (ციკლიდან „რვა შთაბეჭდილება“) მიუძღვნა საყვარელ პედაგოგს. კონსერვატორიის დამთავრებამდე კი სპეციალობაში მეცადინეობა დავით თორაძის უახლოეს მეგობარსა და თანამოაზრესთან, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანთან განაგრძო და კონსერვატორია მისი ხელმძღვანელობით დაამთავრა. სადიპლომო ნაწარმოების მომზადებისას მაჭავარიანის მოსწავლე, კომპოზიტორი თენგიზ შავლოხაშვილიც უწევდა კონსულტაციას. გამოსაშვებ გამოცდაზე წარმოადგინა ტრიპტიხი ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ეს ის წელი იყო , როდესაც სტუდენტ-კომპოზიტორთა ნაწარმოებები პირველად შეასრულა სიმფონიურმა ორკესტრმა (დირიჟორი, სოლისტი).
ზემოთაღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანი იყო მანანა ალფაიძის პირად ცხოვრებაშიც, ის ამ დროს ქმნის ოჯახს, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ხდება ორი ვაჟიშვილის დედა.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მანანა ალფაიძე ძალიან აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის 1985 წლიდან მუშაობს რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმში, სადაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს ასწავლის თითქმის ყველა თეორიულ საგანს: სოლფეჯიოს, ჰარმონიას, ელემენტარული თეორია, ფორმის ანალიზს, პოლიფონიას, საკრავმცოდნეობა, კომპოზიცია, მუს. ლიტერატურას. ის ასევე ეწევა ინტენსიურ საშემსრულებლო მოღვაწეობასაც.
1987-1990 წლებში არის საესტრადო კვარტეტის ”იასამანი” წევრი, რაც აძლევდა შემოქმედებით მოტივაციასაც, ამ დროს დაწერა რიგი საესტრადო სიმღერების, აგრეთვე საგუნდო ნაწარმოებებისა. ყოველივე ამან პირობა შეუქმნა მოემზადებინა საავტორო კონცერტი, რომელიც გაიმართა 1990 წელს. რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში. იმ დროს რუსთავის მაჟორიტარული დეპუტატის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ჟიული შარტავას ინიციატივით დაწერა სიმღერა რუსთავზე, ბელა შალვაშვილის ტექსტზე. ამ ნაწარმოების პრემიერა კი სულ მოკლე ხანში, ჟიული შარტავას გმირული დაღუპვის შემდეგ შედგა რუსთავის დრამატულ თეატრში და მის ხსოვნას მიეძღვნა. “სიმღერა რუსთავზე” (1992) შეასრულა სახელმწიფო კაპრელამ გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მანანა ალფაიძემ არაერთი დარტყმა იწვნია პირად ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც წარმოჩნდა, ამ ყველაფერმა შინაგანად უფრო გააძლიერა. როგორც თავად ამბობს: „მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, კი არ დავეცი, ავდექი და განვაგრძე აქტიური ცხოვრება. ეს აქტიურობა გამოიხატებოდა მისი უკიდურესად დატვირთული საქმიანობით - პედაგოგიურ და საშემსრულებლო სფეროში, რუსთავის ტექნიკუმის პარალელურად მუშაობს რუსთავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისში ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეში” ფორტეპიანოს პედაგოგად (1991-1994), შემდეგ - ტელეკომპანია „რუსთავი-2”-ში, მუსიკალურ რედაქტორად (1994-1996) , იძლევა კერძო გაკვეთილებს მუსიკის თეორიის საგნებში, ამ ყველაფრის აუცილებლობის პირობას უქმნიდა დიდი პასუხისმგებლობა - მას მარტო უწევდა ორი ვაჟიშვილის აღზრდა, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებული პიროვნებები არიან.
ზემოთაღნიშნული ფაქტების პარალელურად, მანანა ალფაიძე განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობასაც. ამ დროისათვის მას დაწერილი აქვს სიმღერა „დატირება“, ხალხურ ტექსტზე, ტენორის, ინგლისური ქარახსისა და ფორტეპიანოსათვის (1986). 1994 წელს, უკვე მესამედ იმართება მანანა ალფაიძის საავტორო კონცერტი, რუსთავის დრამატულ თეატრში, სრულდება მისი საფორტეპიანო პიესები, საბავშვო სიმღერები, საგუნდო სიმღერები, პირველად ჟღერს ფრაგმენტი მიუზიკლიდან „თამუნია მხატვარი”. კონცერტს დაესწრნენ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სამდივნოს წარმომადგენლები და ამის შემდეგ გადაწყდა მანანა ალფაიძის კომპოზიტორთა კავშირში მიღების საკითხი.
90-იანი წლების ბოლოდან კომპოზიტორი კვლავ ემზადება საავტორო კონცერტისთვის. ამ პერიოდში კირა კვეიძის ლექსის შთაგონებით შექმნა პატრიოტული ხასიათის სიმღერა - „სამშობლო”, ტენორის, მამაკაცთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის. ამავე პერიოდში დაიწერა საფორტეპიანო მინიატიურები, საბავშვო სიმღერები: „პეპელა”, „ცვარი”, „წვიმა”. ასევე საესტრადო სიმღერები: „ვედრება”, „გიცდი”, „შენით”, „გულო ჩემო”. ეს ნაწარმოებები აჟღერდა მის შემოქმედებით საღამოზე, და უმეტეს სიმღერების შემსრულებელი თავად იყო, რომელიც ჩატარდა 2001 წელს, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
მანანა ალფაიძის შემოქმედებით ცოხვრებაში მნიშვნელოვანია 2001-2006 წლები. ამ პერიოდში დაწერილმა ნაწარმოებებმა განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ავტორს. 2001 წელს რუსთავის ბავშვთა თეატრალური სტუდია „დიდობანა” წარმოადგენს მისი მიუზიკლის „თამუნია მხატვარი”, პრემიერას. 2001-2002 წლებს მიეკუთვნება - საესტრადო სიმღერები: „შემოდგომის ფრაგმენტი”, „დრო არსად მიდის”, „მთვარემ ღამე გაათია”, „ფიფქი“, „თოვლი თოვს”… 2004-2006 წლებში დაწერილი ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის შენაძენს წარმოადგენს, ესენია: პიესა ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის - “მთიულური მოძახილები”, საგუნდო საბავშვო სიმღერები: „ვარსკვლავი“, „ლილე”, „ზარი სექტემბრის“, „ტყეში“ (2004); პიესები საფორტეპიანო ტრიოსათვის: „იავნანა”, „ვალსი”, „ხუმრობა”. ეს პიესები წარმატებული პრემიერის შემდეგ (შეასრულა კომპოზიტორთა კავშირის ტრიომ: ია ბახტაძე (ფლეიტა), ქეთევან თავშავაძე (ვიოლინო), მაია ჯინჭველაშვილი (ფ-ნო), განაგრძობენ სიცოცხლეს საკონცერტო სცენაზე. აღსანიშნავია ამ ციკლის შესრულება 2017 წელს, თბილისის კონსერვატორიის 100 წლის საიუბილეო კონცერტზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
2006-2008 საყურადღებოა მანანა ალფაიძის, როგორც პედაგოგ-შემსრულებლის ცხოვრებაშიც, ის ამ პერიოდში რუსთავის ჯაზ-ვოკალ ბენდის ხელმძღვანელია.
2007 წლიდან მანანა ალფაიძისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ამ წელს აწყობს ქართული მუსიკის კონცერტს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რაც იძლევა ბიძგს უფრო მასშტაბური ჩანაფიქრის განსახორციელებლად. 2008 წელს მისი ორგანიზებით დაფუძნდა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის ძალებით. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდებოდა (ის 2019 წელს, პანდემიის დასაწყისიდან შეწყდა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (სულ 28 კონცერტი ჩატარდა) და დიდი რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბით. სწორედ მისი ამ საზოგადო მოღვაწეობის შედეგს წარმოადგენდა 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების -UNAG , USAID მიერ მანანა ალფაიძის დაჯილდოება „ტოლერანტის ქომაგის” წოდებით.
მანანა ალფაიძის ნაწარმოებები სრულდება პერიოდულად საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე, სხვადასხვა ფესტივალებზე. 2024 წელს იმართება მანანა ალფაიძის საავტორო კონცერტი, რომელიც უკვე მრავალწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების შეჯამებას წარმოადგენს.
მანანა ალფაიძე თავისი განვლილი ცხოვრების გზით, შემოქმედებითი, პედაგოგიური, საზოგადო მოღვაწეობით სათანადო ყურადღებას იმსახურებს.
თამარ წულუკიძე
2024.06.02.