მარინა ადამია

მარინა ადამია
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
მარინა ადამია დაიბადა თბილისში, 1957 წლის 25 თებერვალს. მისი მშობლები, შოთა ადამია და ციცინო ქიშმარეიშვილი, გეოლოგები იყვნენ. ამან განაპირობა მარინას და მისი უფროსი ძმის, რეზოს მდიდარი ბავშვობა - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრება, ბუნებასთან და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, მოგზაურობის თუ ცხოველების სიყვარული და მრავალი სხვა. მუსიკასთან პირველი შეხებაც გეოლოგებთან იყო დაკავშირებული, რომელთაგანაც ბევრი ნიჭიერი მომღერალი თუ გიტარაზე შემსრულებელი იყო.
მარინას პირველი მუსიკის მასწავლებელი პიანისტი თამარ (პუსკა) რუსიშვილი იყო, რომელმაც ის კლასიკურ მუსიკას აზიარა. მუსიკის წერა ადრეულ ასაკში დაიწყო და 13 წლისა ცნობილი კომპოზიტორისა და პედაგოგის, ნოდარ მამისაშვილის მოსწავლე გახდა. სწორედ მისი რეკომენდაციით 1972 წელს თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდგომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში. სწავლის პირველივე წელს მისი სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეასრულეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორც მიხეილ ხოშტარია და ნანა ხუბუტია იყვნენ. ერთი წლის შემდეგ კი ეს ნაწარმოები მოსკოვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში აჟღერდა.
1978 წელს მარინა მოსკოვში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და თეორიის ფაკულტეტზე გადავიდა. ოფიციალურად აქ მისი კომპოზიციის მასწავლებელი ნიკოლაი სიდელნიკოვი, ხოლო არაოფიციალურად - ცნობილი კომპოზიტორი, საბჭოთა მუსიკაში ე.წ. „ანდერგრაუნდის“, „ალტერნატიული“ თუ „ნონკორფომისტული“ მიმართულების წარმომადგენელი, ედისონ დენისოვი იყო. დენისოვს, როგორც ახალგაზრდების ქომაგსა და ყველაფერი ყალბის მწვავე კრიტიკოსს იმდროინდელი საბჭოთა მუსიკალური ისთებლიშმენთი დისიდენტად აღიქვამდა და შესაბამისად, ბევრ რამეში ზღუდავდა. მაგალითად, მან კომპოზიციის სწავლების უფლება მხოლოდ “პერესტროიკის” შედმგომ მოიპოვა, მანამდე კი ის კომპოზიტორებს მხოლოდ გაორკესტრებას ასწავლიდა. მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობასა და მისგან ცოდნის მიღებას ბევრი ესწრაფოდა. მისი არაოფიციალური მოსწავლეები იყვნენ იმ დროის ისეთი საინტერესო და მომავალში ცნობილი კომპოზიტორები, როგორც ელენა ფირსოვა, დიმიტრი სმირნოვი და ვლადიმერ ტარნოპოლსკი იყვნენ. დენისოვთან ურთიერთობამ მარინა არა მარტო ამ უაღრესად საინტერესო ხალხთან დაახალოვა, არამედ იმ დროის საბჭოთა კავშირში ბევრისთვის უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანი თანამედროვე კომპოზიტორების შემოქმედება გააცნო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა ახალგაზრდა კომპოზიტორის განვითარებაში.
მოსკოვის კონსერვატორიაში სტუდენტობის დროს დაიწერა მარინას რიგი ნაწარმოები - პირველი და მეორე სიმებიანი კვარეტეტი, ორი გუნდი ვაჟა ფშაველას ლექსებზე, ოთხი სიმღერა ხალხურ ტექსტებზე, ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისთვის და სხვ. 1983 წელს მარინა წარმატებით ამთავრებს მოსკოვის კონსერვატორიას კონცერტით ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (შემსრულებლები: ნაზიმ ამედოვი (ვიოლინო) და მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი დირიჟორი ვლადიმერ კოჟუხარის დირიჟორობით).
1983 წელს მარინა თბილისში ბრუნდება და საკომპოზიციო მოღვაწეობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის მუშაობს თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელსა და ახალციხის სამუსიკო სკოლაში (1983 – 1991), სადაც ელემენტარულ თეორიასა და ფუნქციონალურ ჰარმონიას ასწავლის. სწორედ ამ პერიოდში, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების ახალ ტალღას მოსდევს რიგი ნიჭიერი თეატრალური რეჟისორის - გიორგი შალუტაშვილის, თამილა პატაშურისა და ზურაბ სიხარულიძის, გადასვლა ახალციხის ქართულ დრამატულ თეატრში. ამ ტალღის ნაწილია მარინაც, რომელიც ამავე თეატრში მუსიკალურ გამფორმებლად იწყებს მუშაობას.
ამავე წლებში იქმნება მარინას ვოკალური ციკლები, გუნდები, საფორტეპიანო და სავიოლინო პიესები, მუსიკა დასარტყამი საკრავებისთვის, საფორტეპიანო ფანტაზია, პიესები კამერული ორკესტრისათვის და სხვ.
1991 წელს მარინას ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ახალი ეტაპი იწყება. ის მიდის შოტლანდიაში საცხოვრებლად, ხოლო 1992 წლიდან ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის დოქტორანტი ხდება. აქ მისი ხელმძღვანელი ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ნაიჯელ ოსბორნია, რომელთან სწავლასა და ურთიერთობას მარინას ცხოვრებაში ახალი მუხტი შემოაქვს. ნაიჯელ ოსბორნი თავისი მუსიკის გარდა ცნობილია თავისი საქველმოქმედო მუშაობით ბოსნიის, სირიის, კავკასიისა და უკრაინის ომებით ტრავმირებულ ბავშვებთან. მარინას ინიციატივით 1990-იან წლებში ის ჩამოდის საქართველოში, სადაც ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ის წარმომადგენლებს, რომელთა მიზანი აფხაზეთიდან დევნილ და თბილისის ქუჩის ბავშვებთან მუშაობა, ომით და სოციალური სიდუხჭირით ტრავმირებულ ადამიანებთან მომუშავე მუსიკოსების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ტრენინგია.
1998 წელს მარინას კომპოზიციის დოქტორის ხარისხი (PhD) მიენიჭა. 1992 წლიდან ის ნაიჯელ ოსბორნის ასისტენტი, ხოლო 1994-იდან 2006-მდე - ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ლექტორია. ამავდროულად აქტიურად მუშაობს, როგორც თავისუფალი (freelance) კომპოზიტორი და ცნობილი ბრიტანული და ევროპული მუსიკოსების, ანსამბლებისა, ორკესტრებისა თუ ორგანიზაციების დაკვეთით ქმნის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. მათ შორისაა BBC Scottish Symphony Orchestra, Scottish Chamber Orchestra, The Endymion Ensemble, The Emperor Quartet, The Edinburgh Quartet, The NKG Ensemble, The One Voice Ensemble, ედინბურგის ფესტივალი, შოტლანდიის ხელოვნების საბჭო, Almeida თეატრი, საბალეტო დასი Norman Douglas & Co და სხვ.
კომპოზიტორ ადამიას, ქორეოგრაფ ნორმან დაგლასის და ანიმატორ ჯესიკა ლანგფორდის ერთობლივმა ნამუშევარმა - "At the Still point of the Turning World", „მბრუნავი სამყაროს უძრავ წერტილში“ – 2001 წელს მიიღო პრემია "Creative Scotlend".
2006 წელ მარინა ადამია თავის ირლანდიელ მეუღლე პატრიკ ჯოზეფ (ფიჯეი) ჰილერისთან ერთად საქართველოში ბრუნდება. ამ დროიდან საკომპოზიტორო შემოქმედება უკანა პლანზე გადადის და ყურადღების ცენტრში საგანმანათლებლო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა დგება. ჩამოსვლისთანავე მარინა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში („ნიჭიერთა ათწლედი“) აკადემიურ კონსულტანტადაა მიწვეული, სადაც სასწავლებლის დირექტორ, პიანისტ ნინო მამრაძესთან ერთად ებმება საგანმანათლებლო რეფორმაში და ერთდროულად ხელმძღვანელობს მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განყოფილებებს. სწორედ ამ პერიოდში ხდება კარლ ორფის მეთოდის, ბლოკფლეიტებზე დაკვრის, ჯაზის, კომპოზიციის ადრეულ ეტაპზე სწავლების დანერგვა, საგუნდო, საანსამბლო და საორკესტრო პრაქტიკის აღორძინება და სხვ.
2009 წელს მარინა, ნინო მამრაძესთან, რეზო კიკნაძესთან, ირინე ებრალიძესთან, ნინო კალანდაძესა და თამაზ გაბისონიასთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აარსებს მუსიკის ცენტრს, რომლის ბაზაზე იქმნება მუსიკის საბაკავრო და სადოქტორო პროგრამები და ვითარდება ახალი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამუსიკო მიმართულებები. მარინა ხდება ცენტრის დირექტორი და კომპოზიციის, გაორკესტრების, მუსიკის თეორიისა და თანამედროვე აკადემიური მუსიკის ისტორიის ლექტორი. ცენტრს დღეს უკვე რიგი ცნობილი მუსიკოსი ჰყავს აღზრდილი, რომელთა შორისაც არიან “პოსტრედის” დამაარსებელი ბესარიონ კაჭარავა, ხმის ინჟინრები, კომპოზიტორები და შემსრულებლები ალექსანდრე (ბაჩო) ხოხიაშვილი და ნაზი ჭავჭავაძე, კომპოზიტორები ანზორ კიკნაველიძე და ალექსი უთურგაიძე, “მოკუ-მოკუს” მიშო ელიავა, Bedford Falls-ის გიორგი მიგრიაული, ნინუცა გაბისონია, მერცია ქუთათელაძე, დოქტორები ნანა მჟავანაძე, ნათია ბერაია და მრავალი სხვა.
მარინა ადამიას 5 pieces for piano შესულია კრებულში "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12", 2014 (თანდართული CD). მისი Penumbra კლარნეტის, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და Science Fiction სოპრანო და ბარიტონ საქსოფონის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის შესულია კრებულში “Georgian Professional Music of the 21 Century”, PWN, 2018
დღეს მარინას განსაკუთრებული ინტერესები ფართოა. მათ შორისაა თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკა, 50-60-იანი წლების იაპონური კინო, სამხრეთ კორეული დრამა და პოპ-მუსიკა, მუსიკის სარეაბილიტაციო როლი საზოგადოებაში და სხვ.
მარიკა ჩიჯავაძე
2024.05.31.