დარეჯან ოქრომჭედლიშვილი

ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
კომპოზიტორ დარეჯან ოქრომჭედლიშვილის შემოქმედება მხოლოდ ხელნაწერი სახით ინახებოდა საოჯახო არქივში. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ისტორიკოსმა ნათია ვეფხვიაშვილმა მთელი შემოქმედების ხელნაწერი მასალა დაასკანერა და საქართველოს საპარლამენტო ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. დარეჯან ოქრომჭედლიშვილის შემოქმედების შესწავლისა და გაცნობის საშუალება, სწორედ პროექტის განხორციელების ფარგლებში მოგვეცა. ამ პროცესს ხელი შეუწყო ქალბატონ ნათიასთან თანამშრომლობამ, რომელმაც მოგვაწოდა სრული ინფორმაცია (მათ შორის დღიურების სახით), რისთვისაც მადლობას ვუხდით.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილის ნაწარმოებების შექმნის წლები ქრონოლოგიურად მუსიკალურ სკოლასა და კონსერვატორიაში სწავლის პერიოდს ემთხვევა. სწორედ რომ დიდია ინტერესი კომპოზიტორის ცხოვრების იმ პერიოდისადმი, როდესაც მისი შემოქმედება იქმნებოდა.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილი დაიბადა გეოლოგების ოჯახში. მშობლები იმ დროისთვის, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამბროლაურის მუნიციპალეტის სოფელ ურავში მოღვაწეობდნენ. სწორედ აქ, 1942 წლის 25 იანვარს, დაიბადა დარეჯან ოქრომჭედლიშვილი. აქვე იზრდებოდა სკოლის ასაკამდე.
1948-1956 წლებში ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლა (მოგვიანებით III საშუალო სკოლად წოდებული) დაამთავრა. ხოლო, 1949 წელს მან ჩააბარა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში - ფორტეპიანოს მიმართულებით. ამავე სასწავლებელში, ის 1956-1961 წლებში, დამსახურებული პედაგოგისა და ღირსების ორდენოსანი - იდა ნამიოტის კლასში ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილი სკოლის ასაკიდან დიდი შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. ის დღიურში იდა ნამიოტთან პირველ გაკვეთილს ასე აღწერს: „ხუთ საათამდე პიანინოს ვუჯექი, რომ არ შევრცხვენილიყავი ახალ მასწავლებელთან. ხუთ საათს რომ აკლდა 10 წუთი, გავეშურე „გულის ფანცქალით“ მუსიკალური სასწავლებლისკენ. (...) დავიწყეთ გაკვეთილი, მაგრამ რა გაკვეთილი: ისეთი როგორის ღირსი მე ჯერ არ გავმხდარვარ ძველი მასწავლებლის (...) ხელში. მხიარული, ყოველგვარ ოფიციალურობას მოკლებული. განა მასწავლებელი და მოსწავლე ვიყავით მაშინ?! არა... უბრალოდ მეგობრები. მართალია ბევრი შენიშვნები გამიკეთა, მაგრამ ეს მე როდი მეწყინა. სრულებითაც არა. (...) ძალიან კარგად ესმის მუსიკა, ძალიან ენერგიულია და თავისი სპეციალობის უსაზღვროდ ერთგული.“
იდა ნამიოტის როლი დიდია დარეჯან ოქრომჭედლიშვილის ცხოვრებაში, ვინაიდან მასწავლებელი აღმოჩნდა მოსწავლის საკომპოზიტორო თხზულებების პირველი შემფასებელი. „დღეს იდა სამსონოვნას დრო ჰქონდა და ჩემი „ეჭვიც“ დავუკარი. ვიმუშავეთ კიდეც მასზე. შემდეგ გაკვეთილზე უნდა მივუტანო. „რომანს“-საც მოვასმენინებ“; „დღეს საბოლოოდ ჩავწერე ჩემი „ეჭვი“ და წავიღე. იდა სამსონოვნასთვის უნდა მეჩვენებინა. მისი შენიშვნის შემდეგ (წინა გაკვეთილზე მივუტანე და პატარა შესწორება მომცა. მეც შევამოწმე და ზოგი რამ შევცვალე და წავუღე დღეს).“ (1956 წელი, 25 ნოემბერი)
ყურადსაღებია დღიურის სხვა სტრიქონებიც: „ერთი ჭკვიანური აზრი მომივიდა. წავიკითხე შარლოტა ბრონტეს „შერლი“ ინგლისურ ენაზე. (მე იგი ამ ზაფხულს ვიყიდე) და გადავწყვიტე გადმოვთარგმნო ქართულად“. ყმაწვილი გოგონას ყოველდღიური სულიერი მოთხოვნილება იყო კონცერტებზე, კინოში, თეატრში და გამოფენაზე, მეგობრებთან ერთად სიარული. დარეჯანის ბავშვობის მეგობარი იყო მომავლში სახელგანთქმული მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი, რომელსაც „რომანსი“ უძღვნა. „დღეს მაყვალას მოვასმენინე მისთვის დაწერილი „რომანსი“. მოეწონა და დამპირდა შევასრულებო“. დღიურში ავტორი წერს შთაბეჭდილებებს, აზრებს და განხილვას ამა თუ იმ ხელოვნების ნაწარმოებებზე. შემთხვევითი არაა, რომ ასეთი მონდომებული და ხელოვნების ერთგული გოგონა 1956-1961 წლებში მუსიკალურში, სასწავლებლის გაზეთის „მუსიკის ხმის“ რედაქტორი იყო.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სამი წელი (1961-1964 წწ.) საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებულ მუსიკალური ჯგუფიდან, ფორტეპიანოს პედაგოგად იყო მივლინებული თბილისში. სწორედ ამ პერიოდში ინტენსიურად წერს მუსიკას.
აბიტურიენტობისას, დარეჯან ოქრომჭედლიშვილი ალექსანდრე შავერზაშვილთან მეცადინეობდა. 1964 წელს, ჩააბარა კიდეც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, დავით (გუგული თორაძის) კლასში. კონსერვატორიაში ის ფრიადოსან სტუდენტად ითვლებოდა და ლექტორებისგან დიდ სიმპათიასაც იმსახურებდა.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილის დღიურიდან კიდევ ერთ ციტატას მოვიყავნთ, რომელიც ლევან ფალიაშვილზეა: „დღეს ლევან პეტროვიჩმა (ფალიაშვილმა) გოგოები ცხარე ცრემლით ატირა. მე კი არაფერი არ მკითხა. კარგი გოგო ხარო და გამომიშვა. დანარჩენები დატოვა ამოცანების გამოსაყვანად. ის შეუვალი კაცია (ზაქარია ფალიაშვილის უმცროსი ძმაა) ხანდაზმულია და ძალზე კეთილსინდისიერი. მასთან არაფერი არ ჭრის, გარდა ნამდვილი ცოდნისა. ძალიან არ უყვარს, როცა ლექციებს უცდენენ. მე არცერთი მისი ლექცია არ გამიცდენია. არავითარ გასამართლებელ საბაბს არ ცნობს. თვითონაც ძალზე მუშა კაცია და სტუდენტებისგანაც მოითხოვს კეთილსინდისიერ შრომას“ (1962 წელი, 9 იანვარი, კვირა, თბილისი).
დარეჯან ოქრომჭედლიშვილის შემოქმედება 40-მდე კამერულ-ინსტრუმენტული (საფორტეპიანო და საანსამბლო), ვოკალურ ინსტრუმენტული და საგუნდო ჟანრის თხზულებას მოიცავს.
ნაწარმოებების სანოტო მასალის ნაწილი მაღალი დონის კალიგრაფიით არის შესრულებული. ამის მიზეზი ოქროს მჭედელი და კალიგრაფი წინაპრებისგან მომადლებული ნიჭია. წინაპრების შესახებ ინფორმაციას დარეჯან ოქრომჭედლიშვილის ქალიშვილის - ისტორიკოს ნათია ვეფხვიაშვილის ნაშრომიდან - „ოქრომჭედლის შვილები” - ვიღებთ (გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2024).
დარეჯან ოქრომჭედლიშვილის საფორტეპიანო შემოქმედება მოიცავს - ეტიუდებს, ნოქტურნს, ფუგას, სამ საფორტეპიანო ციკლსა და პროგრამულ პიესებს („ქარიშხალი“, „ჯავრი“, „დაისი“, „ეჭვი“ და სხვ.). თხზულებებიდან ჩანს, რომ კომპოზიტორი საკრავს ზედმიწევნით ფლობს. მას ასევე დაწერილი აქვს ორი ანსამბლი - 1. „ესპანური ცეკვა“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (რომელიც ადრე დაწერილი ვოკალური თხზულების „ესპანური სიმღერის“ ტრანსკრიპციას წარმოადგენს) და 2. ერთ-ერთი ბოლო თხზულება, „მელოდია“ კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის.
საგუნდო და ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებში, დარეჯან ოქრომჭედლიშვილი ძირითადად გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანისა და ილია ჭავჭავაძის პოეზიას მიმართავს. ამ ჟანრის ნაწარმოებები სადა მუსიკალურ-გამომსახველობითი ხერხებით არის დაწერილი, სადაც აქცენტი გადატანილია სიტყვიერ ტექსტის მნიშვნელობაზე.
ჩვენამდე მოღწეული ყველა ნაწარმოები შექმნილია დაოჯახებამდე. როგორც ჩანს, მან არჩევანი გააკეთა მოთხოვნილებებსა და ვალდებულებას შორის. იყო ქალიშვილებისთვის - ნათია და ნატალიასთვის მზრუნველი დედა და ალექსანდრე ვეფხვიაშვილისთვის სანიმუშო მეუღლე. ამით ყველაფერი ნათქვამია.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილი, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა თბილისში 2018 წლის, 3 ივლისს და დაკრძალულია კუკიას სასაფლაოზე.
დარეჯან ოქრომჭედლიშვილის მოღვაწეობის მაგალითი გვიჩენს სურვილს დავფიქრდეთ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდებიან ქალი კომპოზიტორები.
ირაკლი არეშიძე
2024.05.25