ლეილა ხაფავა
ლეილა ხაფავა (1924 - 2016)
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
ლეილა ხაფავას მუსიკალური მემკვიდრეობის, განვლილი გზის, მის გარშემო არსებული ატმოსფეროს გაცნობა სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს. რამდენადაც წინააღმდეგობებითა და სირთულით იყო აღსავსე კომპოზიტორის ყოფა, იმდენად ძნელი აღმოჩნდა მისი შემოქმედებითი ნიმუშების მიკვლევაც. ცხოვრება მას ერთი მხრივ საუკეთესო პირობებს სთავაზობდა, მეორე მხრივ მძიმე დარტყმებსაც აგემებდა. დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, წარმატებული მშობლების გარემოცვაში, მისი მამა - გრიგოლ ხაფავა, ოდესის უნივერსიტეტის ელექტროსაინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბათუმის ელექტროფიკაციის უფროსი იყო, პარალელურად ასწავლიდა ინდუსტრიულ და საზღვაო ტექნიკუმებში ფიზიკა-მათემატიკას, მას ეკუთვნოდა 15-მდე გამოგონება, გახლდათ მოსკოვის გამომგონებელთა ბიუროს მთავარი ექსპერტი. დედამ - ნინო აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის უმაღლესი კურსები ფილოლოგიის განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, მუშაობდა პედაგოგად, იყო დამსახურებული პედაგოგი- მეთოდისტი, აგრეთვე აჭარის „მთავლიტის“ უფროსის მოადგილე.
ლეილამ ბავშვობის პერიოდი ბათუმში გაატარა. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით, 7 წლიდან თხზავდა სიმღერებს. მაგრამ ამ პერიოდში მიიღო ფიზიკური ტრავმა, რის შემდეგაც დაიწყო რიგი სირთულეები მის ცხოვრებაში. საჭირო ხდებოდა მისი წაყვანა რუსეთში საოპერაციოდ, შემდეგ მშობლები იძულებული იყვნენ ბათუმში, ახლოს მდებარე რუსულ სკოლაში შეეყვანათ. არც მის მუსიკალურ მონაცემებს ტოვებდნენ უყურადღებოდ, თუმცა თავად ლეილას არ იზიდავდა ის სტილი, რომელიც მის მუსიკის მეცადინეობას ახლდა. უკვე სკოლის მაღალი კლასის მოსწავლე იყო, როდესაც დედამ საჭიროდ ჩათვალა, ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორთან, კომპოზიტორ ალექსანდრე ფარცხალაძესთან მიეყვანა, მისი მუსიკალური მონაცემების შესახებ მოსაზრება გაეგო და შესაბამისი რჩევაც მიეღო. ფარცხალაძემ მოსმენის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად ურჩია ლეილას თბილისში გადაყვანა, მუსიკალურ სასწავლებელში საკომპოზიციო ფაკულტეტზე შეყვანა. ცხადია, ოჯახისათვის რთული იყო ბათუმიდან თბილისში საცხოვრებლად გადმობარგება, მაგრამ მშობლებმა უპირველეს ამოცანად შვილის სწავლა-განათლების საკითხი დააყენეს. ხაფავების ოჯახი დედაქალაქში გადმოვიდა, ლეილამ სკოლის ბოლო კლასი თბილისში დაასრულა. ამავე დროს ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში.
აქ სწავლის პერიოდიდან კომპოზიტორსათვის ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად დარჩა მოსკოვიდან ჩამოსული კომისიის მიერ შემთხვევით მისი ნაწარმოებების მოსმენა და შედეგად მიღებული გადაწყვეტილება - ლეილა ხაფავა სასწავლებლიდან პირდაპირ გადაეყვანათ თბილისის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე. თუმცა ამ ფაქტს არ მოყოლია ერთმნიშვნელოვანი რეაქცია, ამის შესახებ იგი გულისტკივილით, დაწვრილებით საუბრობს „ქალთა გაზეთისათვის“ მიცემულ ინტერვიუში (ლიტ. 10).
კონსერვატორიაში ლეილა ხაფავა კომპოზიტორ იონა ტუსკიას ხელმძღვანელობით ეუფლებოდა საკომპოზიტორო ხელოვნების საფუძვლებს. პარალელურად დიდი სერიოზულობით მიუდგა მუსიკის თეორიის საგნების შესწავლას, რაშიც ხელმძღვანელობა გაუწია ლენინგრადიდან ჩამოსულმა გამოჩენილმა მუსიკის თეორეტიკოსმა სიროეჟინმა. თეორიული საგნების საფუძვლიანი ბაზის მიღებამ პირობა შეუქმნა მისი, როგორც პედაგოგის წარმატებულ კარიერას, რაც ფაქტობრივად, ლეილა ხაფავას ძირითად საქმიანობად იქცა.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ლეილა ხაფავას ცხოვრებაში იწყება ახალი პერიოდი, რომელიც ქალაქ სოხუმს უკავშირდება. 1949 წლიდან იგი სოხუმში ბინადრობს, აქ იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც - ასწავლის სამუსიკო სკოლაში (1949-1951), ამავე დროს სასწავლო ნაწილის გამგეა; ასევე, მიჰყავს თეორიული საგნების კურსი სამუსიკო სასწავლებელში (1949-1953); პარალელურად დრამატული თეატრის ქართულ დასის კომპოზიტორია. ბუნებრივია, ეს გარემო მას, როგორც შემოქმედს უქმნის მოტივაციას, ამ პერიოდში წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის: „ალანის ოჯახი“, „მარსელელი ბიჭი“, „ცოცხალი ლეში“, „მოჩვენებანი“, „ოტელო“ და სხვ. სწორედ აქედან მოყოლებული მისთვის ახლობელი ხდება თეატრალური სფერო, ლიტერატურისა და მუსიკის სინთეზის პრინციპი.
სოხუმში ყოფნისას ლეილა ხაფავა მრავალმხრივი აქტიურობით გამოირჩევა, ეწევა საზოგადო საქმიანობასაც - ირჩევენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რაც მას სასიკეთო საქმეების განხორციელების საშუალებას აძლევს. მაგრამ ეს პერიოდი კომპოზიტორისათვის ხანმოკლე აღმოჩნდა. პირადი მიზეზის გამო, ის აფხაზეთიდან თბილისში ბრუნდება. შემდეგ იწყება ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში - ლეილა ხაფავა ქმნის ოჯახს და მალე ვაჟიშვილის, მალხაზის დედა ხდება. პატარა ვაჟი მისი შემოქმედებითი შთაგონების წყაროცაა. სულ მალე კომპოზიტორი წერს საბავშვო სიმღერების ციკლს „მალხაზის სიმღერები“, რომელიც 15 სიმღერისაგან შედგება. გარკვეული დორის შემდეგ ქმნის ბავშვთა საგუნდო სიმღერების ციკლსაც. აქედან იწყება მისი ურთიერთობა საბავშვო მუსიკის სფეროსთან, რისი გაგრძელებისა და განმტკიცების პირობას პედაგოგიური მოღვაწეობა იძლეოდა.
ლეილა ხაფავა პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებს თბილისში, კულტსაგანმანათლებლო (იგივე სასეტრადო) სასწავლებელში (1953-1977). წლების შემდეგ პარალელურად მუშაობას იწყებს თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა-ფილოლოგიის კათედრაზე (1964-67), სადაც იგი უფროსი მასწავლებელი და დეკანის მოადგილეა. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ეტაპი (1966-1999) კი თბილისის დ. არაყიშვილის სახ. მუსიკალურ სასწავლებელს უკავშირდება, სადაც ათეული წლების მანძილზე მუსიკოსთა თაობები აღზარდა,
ლეილა ხაფავა თავისი ნაწარმოებების აღნუსხვას იმ ნაწარმოებით იწყებს, რითიც წარსდგა კონსერვატორიის დამამთავრებელ გამოცდაზე - კანტატით „ფოლადის აკვანი“ (გრიგოლ აბაშიძის პოემის მიხედვით, 1949), ამიტომაც მანამდე შექმნილი თხზულებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
ლეილა ხაფავა ცხოვრებისეული წინაარმდეგობებით, კონკრეტული ფაქტებით ხსნიდა მის შემოქმედებით ცხოვრებაში ხანგრძლივ „უძრაობის პერიოდს“, რის შესახებაც მოთხრობილია ზემოთხსენებულ ინტერვიუში (ლიტ. 10), ახალი სუნთქვის დასაწყისს, კი ცნობილ ქართველ კომპოზიტორ ქალს - მერი დავითაშვილს უმადლიდა. ქალბატონი მერის დაჟინებულმა თხოვნამ განაწყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსზე გასატანი ნაწარმოების შესაქმნელად. ასე დაიწერა საფორტეპიანო პიესა - ხორუმი-ტოკატა (1966). ამ თხზულებამ კონკურსში მეორე ადგილი მიიღო, პირველი არ გაცემულა. „ხორუმის“ ნოტები ახლახან იქნა აღმოჩენილი პიანისტ თინა გოგოლაშვილის არქივში. ნაწარმოები ყურადღებას იპყრობს ქართული ეროვნული საცეკვაო რიტმული და მელოდიური ხაზის ორიგინალური გარდასახვით, ფორმის სიმწყობრით, საშემსრულებლო აპარატის მრავალმხრივი წარმოჩენით. ამ თვისებებიდან გამომდინარე „ხორუმი-ტოკატა“ შეიძლება ქართული საფორტეპიანო მუსიკის მნიშვნელოვან შენაძენად იქნეს მიჩნეული, რომელიც დღეს აუცილებლად დააინტერესებს შემსრულებელს და არამარტო ჩვენში.
„ხორუმ-ტოკატას“ შექმნიდან ერთი წლის შემდეგ სიმფონიურ სურათი „განთიადი“ იწერება. ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი კი კომპოზიტორს უდგება გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, რასაც იგი კვლავ მერი დავითაშვილს უმადლის, რომლის დაარსებული „ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის კვირეული“ ნაწარმოებთა გაჟღერების გარანტიას და შესაბამისად, მათი შეთხზვის მოტივაციას იძლეოდა. ამასთან ერთად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინტენსიური პედაგოგიური მოღვაწეობა უქმნიდა პირობას ეწერა უმეტესად ბავშვებისათვის. ამ პერიოდში კომპოზიტორი მიმართავს და მისთვის ახლობელი ხდება კამერულ ინსტრუმენტული სფერო. წარმატებით სრულდება მისი პიესები სხვადასხვა საკრავისათვის: „სამი განწყობილება“ ფლეიტისათვის (1978), პიესა საყვირისა და ფორტეპიანოსათვის (1978), დუეტი 2 ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1978), „სამაისო“ კამერული ანსამბლისათვის (1978), საფორტეპიანო პიესათა ციკლი 3 „წამიერება“ ფორტეპიანოსათვის (1978) და სხვ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ლეილა ხაფავამ, როგორც პედაგოგმა თითქმის 25 წელი იმუშავა კულტსაგანმანათლებლო (იგივე სასეტრადო) სასწავლებელში, რამაც როგორც შემოქმედიც მჭიდროდ დააკავშირა საესტრადო სფეროსთან. ამ პერიოდში ქმნის რიგ სიმღერებს, აგრეთვე საესტრადო სუიტას, შემორჩენილია ამ ნაწარმოების ვერსია, 2 ფორტეპიანოსათვის.
1979 წელს კომპოზიტორმა დაასრულა კონცერტი ფორტეპიანოსათვის N1, რომლის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია, რომ ამავე წელს შესრულდა „ბავშვთა მუსიკის კვირეულზე”.
უკვალოდ არ რჩება თეატრალურ სამყაროში მიღებული გამოცდილება და ჩვევებიც. კომპოზიტორი არაერთგზის მიმართავს საოპერო სფეროს, ამ ჟანრის ნაწარმოებებს წერს ბავშვებისთვის. ზედიზედ იქმნება საბავშვო ოპერები: „სალამურა“ (იგივე „ცისკარა“, 1978), „ჭრიჭინა“ (1979), „ამბავი გედის ჭუკისა“ (1980).
ლეილა ხაფავას შემოქმედებით ცხოვრებაში ნაყოფიერია გასული საუკუნის 80-იანი წლებიც. ის კვლავ ამდიდრებს ეროვნული საბავშვო მუსიკის რეპერტუარს. ამ პერიოდში გარდა ზემოხსენებული ოპერისა, იქმნება კანტატა „სიმღერა საქართველოზე“, რომელიც ასევე შესრულდა „ბავშვთა მუსიკის კვირეულზე“ (თბ.სახელმწ. ფილარმონიის დიდ საკონც. დარბაზში, თბ. III მუს. სასწ. გუნდის მიერ), 2 პიესა ფორტეპიანოსათვის, საფორტეპიანო პიესების ციკლი „პრელუდები“, სიმღერების კრებული „ნერგები“. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა; 3 საფორტეპიანო კონცერტი (N2, N3, N4). აქედან განსაკუთრებით გამოარჩევენ კონცერტს N4 - „ახალგაზრდული”. აღსანიშნავია კომპოზიტორ ფელიქს ღლონტის სიტყვები: „საბავშვო ჟანრში ბევრს წერენ, მაგრამ უფრო მეტად ეს ბავშვური მუსიკაა. ლეილა კი საბავშვო მუსიკის დიდი ოსტატია“ (ლიტ. 9).
ლეილა ხაფავა საკუთარი ნაწარმოებებით გამოეხმაურა გასული საუკუნის 90-იან წლებსი ჩვენს ქვეყანაში დატრიალებულ დრამატულ მოვლენებს. მაგალითად, ე. წ. „თბილისი ომის” შემდეგ, 1992 წელს დაიწერა სიმფონიური პოემა „სამშობლოს გასაჭირი”, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წელს - კონცერტი ჩელოსათვის („ვუძღვნი აფხაზეთს“). ამ პერიოდში, აგრეთვე, შეიქმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მათ შორის, საგუნდო სიმღერების ციკლი „დასავლეთის ჰანგები” (1992).
1985 წელს გაიმართა ლეილა ხაფავას დაბადებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავი საღამო-კონცერტი თბილისის დ. არაყიშვილის სახ, I სამუსიკო სასწავლებელში, იქ, სადაც ეუფლებოდა მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს, შემდგომში კი ათეული წლების მანძილზე თავად გადასცემდა ცოდნას მომავალ თაობებს.
1995 წელს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში ჩატარდა ლეილა ხაფავას დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო საღამო-კოცერტი (არსებობს აუდიო-ჩანაწერი), სადაც შესრულდა საფორტეპიანი პრელუდი, საესტრადო სიუიტა 2 როიალისათვის, სავიოლინო კონცერტი, საფორტეპიანო კონცერტი N 4, „ახალგაზრდული”, კონცერტი ფლეიტისათვის. ამ კონცერტის შემდეგ მუსიკოლოგი ლეილა კაკაბაძე წერდა: „იუბილარი მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა დამსწრეთა წინაშე და გააცნო მათ ბოლო წლებში შექმნილი ნაწარმოებები, რომელნიც მიგვითითებენ ავტორის უშრეტ შემოქმედებით პოტენციაზე, მის ნიჭსა და ცოდნაზე, რაც მთავარია, უბერებელ ახალგაზრდულ სულისკვეთებაზე” (ლიტ. 8).
2005 წელს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში კვლავ გაიმართა ლეილა ხაფავას დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავი საღამო. ამჯერად შესრულდა სხვადასხვა დროს შექმნილი ნაწარმოებები: საფორტეპიანო პიესა, კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის, ფანტაზია ფორტეპიანოსათვის, კონცერტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და სხვ. ამ დროისათვის ჟურნალ „მუსიკალურ საქართველოში” გამოქვეყნდა მუსიკოლოგ ნათელა მამალაძის სტატია „ლეილა ხაფავა” (ლიტ. 9). აღსანიშნავია ამ პუბლიკაციაში მოყვანილი გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების მოსაზრებები. მაგალითად, ალექსი მაჭავარიანის სიტყვებით „ლეილა ხაფავას ძალზედ განვითარებული აქვს ზომიერების გრძნობა. არცერთი ტაქტი არ არის მეტი ან ნაკლები, მის ნაწარმოებებს აქვს საკუთარი ენა, ჰარმონია, მოდულაციები და ა.შ.”
ლეილა ხაფავა გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, 2016 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
თამარ წულუკიძე
2024.05.26.