ელეონორა (ნორა) ექსანიშვილი
ელეონორა (ნორა) ექსანიშვილი 1919 წლის 11 თებერვალს დაიბადა თბილისში, გრიგოლ ექსანიშვილისა და ელისაბედ დარახველიძის (მოგვიანებით, საბჭოთა საქართველოს დამსახურებული პედაგოგების) ოჯახში.
კომპოზიტორისა და პიანისტის პედაგოგები, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ქართული საკომპოზიტორო და საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლები - ანდრია ბალანჩივაძე (1940-1946 წწ.) და ანასტასია თულაშვილი (1935-1941 წწ.) იყვნენ.
თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს ფორტეპიანოს განხრით მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურაში აბარებს, ცნობილი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე გოლდენვეიზერის კლასში (1946-1950 წწ.).
1949-1952 წლებში მუშაობს დისერტაციაზე, რომელსაც 1953 წელს მოსკოვის კონსერვატორიაშივე დაიცავს. დისერტაციის თემაა “მ.ა.ბალაკირევის საფორტეპიანო ტრანსკრიპციები” (105 გვერდის ტექსტითა და 22 გვერდიანი სანოტო მაგალითების დანართით). გოლდენვეიზერი დადებითად ახასიათებს ნაშრომს. დისერტაციის დაცვაზე კი ექსანიშვილის ოპონენტები პროფესორები ა.გირიუკოვი და ა.შაცკერი იყვნენ. წარმატებული დაცვის შედეგად ელეონორა ექსანიშვილი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ქართველი ქალი პიანისტია.
შემთხვევითი არაა დისერტაციის საკვლევი ობიექტი. სწორედ საფორტეპიანო ტრანსკრიპციის ჟანრით დაიმკვიდრა თავი ელეონორა ექსანიშვილმა, როგორც ქართველმა შემსრულებელმა და კომპოზიტორმა. მისი ტრანსკრიპციები მოიცავს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების - ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, შალვა მშველიძისა და შალვა თაქთაქიშვილის ნაწარმოებებს. იმ აფიშებიდან, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო პროექტზე მუშაობისას, დავინახეთ, რომ შემსრულებლის რეპერტუარში ამავე ტრანსკრიპციებს დიდი ადგილი ეჭირა. მისი მხრიდან, ეს ქმედება ქართული მუსიკის მხარდაჭერა და გულშემატკივრობაა. დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე შესრულებადი ტრანსკრიპციაა ანდრია ბალანჩივაძის “ხორუმი” ბალეტიდან “მთების გული”.
1944-1979 წლებში ელეონორა ექსანიშვილო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. ის აქაც დიდი მოწადინებით მუშაობს ქართველ კომპოზიტორთა თხზულებებს. მაგალითად, 1945 წლის 17 აპრილს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში მეოთხე კამერული კონცერტზე მან, მევიოლინე ირაკლი ბერიძესა და იმ დროს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიოლონჩელისტთან, სულხან ცინცაძესთან ერთად, შეასრულა ჯემალ გოკიელის ნაწყვეტი ოპერა „პატარა კახიდან“ გადატანილი საფორტეპიანო ტრიოსთვის.
პედაგოგიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო იყო ელეონორა ექსანისვილის შემოქმედებით ცხოვრებაში. სტუდენტობის ბოლო წლებიდან მოყოლებული, ასწავლიდა, როგორც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ისე კონსერვატორიაში სპეციალური ფორტეპიანოს კათედრაზე (სადაც 1956 წლიდან დოცენტია, ხოლო 1973 წლიდან პროფესორი). მისი მოსწავლეებისა და სტუდენტების რეპერტუარში ყურადღება ექცეოდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. მათ შორის ექსანიშვილის მიერვე დაწერილ საბავშვო პიესებს, რომელთაც გარკვეული ტექნიკური ამოცანის ამოხსნის ფუნქცია ჰქონდათ.
1973 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებულ მუსიკალური მეთოდკაბინეტის ესთეტიკური აღზრდის სექციაში თავმჯდომარეა. ამ დროიდანვე განათლების სამინისტროსთან არსებული საქართველოს პირველ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლა-სტუდიას ხსნის, სადაც მეთოდისტი და ამავდროულად პედაგოგია.
როგორც პედაგოგი, ცხოვრებაში ძალიან დაფასებული იყო. 1957 წელს გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის მუსიკალურ სკოლებში, კულტურის სამინისტროსგან მივლინებით ნაყოფიერი ღია გაკვეთილები ჩაატარა, რისი დამადასტურებელი ამ მუსიკალური სკოლების დირექტორების სამადლობელი წერილებია. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ქალაქში ატარებდა ღია გაკვეთილებსა და ლექციებს (1958 წელს ბათუმში, 1962 წელს სოხუმში, 1965 წელს რუსთავში, 1974 წელს კი მოსკოვში, ქართულ საბავშვო მუსიკაზე). კომპოზიტორი ერთმანეთს უთავსებდა, პედაგოგიურ, სამეცნიერო, რედაქტორულ და საკომპოზიციო მუშაობას.
ცხადია, მისი ცხოვრების ამ დეტალებმა დიდი ზეგავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. ამიტომაცაა, რომ ცხოვრების მეორე ნახევარში, ის ფაქტობრივად, თითქმის მხოლოდ საბავშვო მუსიკას ქმნის. საბავშვო საფორტეპიანო მუსიკასთან ერთად, საბავშვო მუსიკალური თეატრის ნიმუშებიც შექმნა. ეს ის მუსიკაა, რაზეც იმ დროის ბავშვები იზრდებოდნენ.
მაგრამ ექსანიშვილი ავტორია აკადემიური მუსიკის ე.წ. „სერიოზული“ ჟანრის თხზულებებისა. საფორტეპიანო კონცერტებთან და სიმებიან კვარტეტთან ერთად, მის კალამს საფორტეპიანო კვინტეტიც ეკუთვნის, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული მუსიკის ისტორიაში. საფორტეპიანო კვინტეტის პირველი კლასიკურ ნიმუშად ქართულ მუსიკაში ნიკოლოზ (კოკა) გუდიაშვილის მიერ 1947 წელს დაწერილი კვინტეტი ითვლება. ექსანიშვილის ოთხნაწილიანი კვინტეტი დაწერილია 1945 წელს. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ექსანიშვილის ეს თხზულება, ერთ-ერთი პირველთაგანია, ამ ჟანრში.
ელეონორა ექსანიშვილი 89 წლის ასაკში, 2003 წელს გარდაიცვალა. მისი პირადი არქივი, ამ მომენტისთვის მიუგნებელია. მაგრამ დიდი დახმარება გაგვიწია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივმა და ბიბლიოთეკამ. შემოქმედის როლი დიდია ჩვენი კულტურის ისტორიაში და იმედია მალე დადგება დღე, როცა არქივი სრულად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის.
ირაკლი არეშიძე
01.06.2024