ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ვალენტინა ჯაიანი

#

ვალენტინა ჯაიანი 1912 - 1998

 

ვალენტინა ანატოლის ასული ჯაიანი დაიბადა 1912 წელს ქალაქ ფოთში. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური და სამსახიობო ნიჭით. სკოლის პერიოდში წარმატებით მონაწილეობდა საბავშვო წარმოდგენებში. საოჯახო არქივის ერთ-ერთ ფოტოზე, წარწერით „ფოთის საბავშვო თეატრი“ (იხ. გალერეა), ასახულია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქ ფოთში მოღვაწე თეატრალური დასი. პატარა ვალენტინას ადრეული ასაკიდან უწევდა სცენაზე მრავალრიცხვოვანი პუბლიკის წინაშე გამოსვლა, რაც ერთგვარ სითამამეს ჰმატებდა მას და ცხოვრების მომდევნო წლებში, მისმა თავდაჯერებულობამ დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

1936 წელს ვ. ჯაიანი უმაღლეს განათლების მისაღებად აბარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისტორიულ-თეორიული ფაკულტეტზე, სადაც მისი ხელმძღვანელია პროფესორი პავლე ხუჭუა, ხოლო 1937 წელს პარალელურად სწავლას იწყებს სამეცნიერო-საკომპოზიციო ფაკულტეტზე კომპოზიციის სპეციალობით პროფესორ სერგო ბარხუდარიანთან. საოჯახო წყაროს ცნობით იგი დიმიტრი არაყიშვილის რჩეული სტუდენტიც ყოფილა. კონსერვატორიის საარქივო მასალიდან ირკვევა, რომ ვალენტინამ 1942 წელს დაამთავრა კონსერვატორია ორი მიმართულებით - მუსიკათმცოდნე-ისტორიკოსის და კომპოზიციის სპეციალობით.

1942 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ვალენტინა ჯაიანი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ფოთის სამუსიკო სასწავლებელში. თავისუფალ დროს, კი მონაწილეობს სამოყვარულო ანსამბლის კონცერტებში, როგორც მომღერალი და კონცერტმაისტერი.

მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელოვანთა მოღვაწეობა საკმაოდ დაძაბულ და სირთულეებით აღსავსე მოვლენებთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია იმ დროისათვის ახალგაზრდა ქალის მიერ გამოჩენილი სიმამაცე. შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურებისა და მეომრებისთვის ტარდებოდა გასვლითი კონცერტები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების დროს, რომელიც ფოთში, სამხედრო ხომალდზე მიმდინარეობდა, ვალენტინა მოყვა ნახევარსაათიანი დაბომბვის ქვეშ. სცენაზე მდგომმა, სროლის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ განაგრძო თავისი გამოსვლა. ვალენტინა ჯაიანის მიერ გაჟღერებულმა სიმღერამ – „ჩვენ დავბრუნდებით მალე“ - საოცარი რეზონანსი გამოიწვია. ამ ფაქტიდან ოცდაათიოდე წლის შემდეგ გაზეთ „ვეჩერნი ტბილისის“ 1975 წლის 5 მაისის ფურცლებზე ჩნდება სტატია (ავტორი ე. კუდრიავცევი, რუსულ ენაზე) სახელწოდებით „ცხოვრება ხელოვნებაში“ (ლიტ. 5). სტატიაში მოთხრობილია, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიოდში მეომართათვის ხელოვნების მოღვაწეთა მხარდაჭერას. სამადლობელ წერილში მეზღვაურები გულითადად აღნიშნავდნენ, თუ როგორ სტიმულს აძლევდა მათ ბრძოლაში ვალენტინა ჯაიანის მიერ  შესრულებული სიმღერები.

კომპოზიტორ ვალენტინა ჯაიანის შემოქმედებითი მოღვაწეობა პედაგოგიურ საქმიანობასთან პარალელურად მიმდინარეობდა. მან 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლაში მუსიკის ისტორიის პედაგოგად. წლების მანძილზე მოსწავლეთა მრავალ თაობას გადასცემდა ცოდნას და თითოეულ მათგანს მუსიკის მიმართ სიყვარულს უნერგავდა. ქალბატონ ვალენტინას შესახებ მასალის ძიებისას გაირკვა, რომ მისი მოსწავლეები იყვნენ ჩემი მეგობრები: თეონა კეჩხუაშვილი, თინი დოლიძე, ნინო ჯანჯღავა. მათ დიდი სითბოთი გაიხსენეს საყვარელი მასწავლებელი. ნინო ჯანჯღავა მის წიგნში - „როგორ გავხდი კომპოზიტორი“, მადლიერებით იხსენებს: „ვალია მასწავლებელმა კი ისეთი სიხარულის და სინათლის ტონალობა დამიტოვა, რომ მთელი ცხოვრება მახსოვს. ერთხელ, გაკვეთილის შემდეგ, კლასში დამტოვა, ჩანთიდან ყვითელი სათამაშო დათუნია ამოიღო და მაჩუქა“. ეს მოგონება მეტყველებს ბევრზე, ის რომ მასწავლებელის გულისხმიერება სამუდამოდ ამახსოვრდება პატარას და მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.

ვალენტინა ჯაიანის ამაგი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1974 წლის 4 ოქტომბერს მას სახალხო განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა (იხ. გალერეა). პარალელურად ვ. ჯაიანი საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიდა სხვადასხვა ჟანრში. მისი საფორტეპიანო პიესები: „ცისფერი მთები“, „მწყემსური“, „მინდორი და ნაკადული“, „ცეკვა მთებში“, შევიდა მუსიკალური სკოლების სავალდებულო პროგრამაში. ვ. ჯაიანის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა პიანისტმა ირინა მჟავანაძემ ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ჯემალ გოკიელი დირიჟორობდა; შესრულების აუდიოჩანაწერი ინახება საქართველოს რადიო-ტელევიზიის საარქივო ფონდში.  

სამწუხაროდ, ვალენტინა ჯაიანის საკომპოზიციო ქმნილებების დიდ ნაწილს ნოტების სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. საოჯახო არქივში ინახება კომპოზიტორის ხელნაწერების მცირე რაოდენობა, რაც ნაკლებად იძლევა საშუალებას სრულყოფილი წარმოდგენა ვიქონიოთ, კიდევ რომელ მუსიკალურ სფეროსა და ჟანრში ჰქონდა კომპოზიტორს ნაწარმოებები შექმნილი. არსებულ მასალაზე დაყრდნობით მისი საკომპოზიციო მემკვიდრეობა ძირითადად მოზარდი თაობის რეპერტუარისთვის არის განკუთვნილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვალენტინა ჯაიანის საბავშვო ბალეტი „სალამურა“, რომლის კლავირი ხელნაწერის სახით ინახება საოჯახო არქივში. ზოგადად, საბალეტო ჟანრში ბავშვებისათვის ცოტა ნაწარმოებია შექმნილი. ამდენად, ეს ნაწარმოები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც კომპოზიტორის მიერ დამუშავებული თემატიკის თვალსაზრისით, ასევე მუსიკალური ენის ორიგინალობის მხრივ – ბალეტი ქართული და უცხოური მუსიკალური ფოლკლორის ქარგებით არის გაჯერებული. კომპოზიტორის შვილიშვილისგან, მუსიკოს ნინო ჯაიანისგან შევიტყვეთ, რომ ვალენტინა ჯაიანი მეგობრობდა ცნობილ მოცეკვავე, პედაგოგ და ქორეოგრაფ ქეთევან ნადარეიშვილთან (1915-1995), რომლის მიწვევით რამდენიმე წელი იმუშავა კონცერტმაისტერად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სწორედ ამ სივრცეში დაიბადა იდეა და დაიწერა აღნიშნული საბავშვო ბალეტი, რომლის დადგმაც არაერთხელ განხორციელდა ახალგაზრდა საბალეტო დასის მონაწილეობით.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა საკონცერტო სცენებზე ვ. ჯაიანის საესტრადო სიმღერები. პოეტ ბიეტა აბშილავას ტექსტზე შექმნილი სიმღერა „ორი დედა მყავს“ ხშირად ჟღერდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. „თბილისის პიონერთა სასახლის თვითშემოქმედება“ იწერებოდა სტუდია „მელოდიაში“. სწორედ მათ მიერ 1968 წელს გამოცემული გრამფირფიტების ერთ-ერთ კრებულში შევიდა ამ სიმღერის პირველი ვერსია ხმისა და ფორტეპიანოსთვის. მას ასრულებდა ახალგაზრდა მომღერალი მამუკა მეტრეველი (იხ. ბმული). ამ ფაქტის შესახებ შევიტყვეთ 1 წლის წინ სოციალურ სივრცეში განთავსებული ინფორმაციიდან. დასანანია, რომ ინფორმაციაში კომპოზიტორის ვინაობა არ არის მითითებული. 1969 წელს კი სიმღერის სანოტო ვერსია (ვოკალური დუეტისთვის) გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს ქალში“ (იხ. ლიტ. და გალერეა).

ვალენტინა ჯაიანის შემოქმედება პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩევა, რასაც მოწმობს მისი ხელნაწერები და ბეჭდური სამი სანოტო წყარო. კომპოზიტორის შესახებ მასალის ძიებისას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში აღმოჩნდა „ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის“ 1969 წლის სანოტო გამოცემა. სიმღერა სახელწოდებით „სამშობლოს“, სოლისტისა და გუნდისათვის ფორტეპიანოს თანხლებით, დაწერილი გ. გრიგოლიშვილს სიტყვებზე, განმსჭვალულია სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის გრძნობით. სამწუხაროდ, მუსიკის ავტორი რომ ქალბატონია, ძნელი მისახვედრია, ვინაიდან სახელი მხოლოდ ინიციალით ფიქსირდება.

ვალენტინა ჯაიანს, დამსახურებული მასწავლებლის წოდებასთან ერთად, 1978 წლის 10 აპრილს საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით  მიენიჭა შრომის ვეტერანის წოდება. თუმცა აღნიშნული დამსახურებები არ უქმნიდა პირობებს შემოქმედს, რომ ჰქონოდა რეალიზაციის და პოპულარიზაციისთვის თავისუფალი ასპარეზი. უმეტესწილად, კომპოზიტორ ქალს უწევდა მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობა. 1986 წელს, ე.წ. „მასწავლებლის სახლში“ მან ჩამოაყალიბა ახალგაზრდული სამოყვარულო საესტრადო ანსამბლი „ჰანგი“, რომლისთვისაც შექმნა მრავალი სიმღერა, მათ შორის „ახალგაზრდული ლირიკული“. ამ კოლექტივში მონაწილეთა უმეტესობამ პროფესიული მუსიკის გზა აირჩია. (ლიტ. 5)

გარდა იმისა, რომ ვალენტინა ჯაიანი მოღვაწეობდა და ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს კამერულ-ინსტრუმენტულ, ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო ჟანრებში, უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ მან აღზარდა მრავალი თაობა და ეწეოდა პედაგოგიურ პრაქტიკას და მისი ამაგი შთამომავლების წინაშე დიდია. ვალენტინა ჯაიანის პროფესიული ხაზის გამგრძელებელია მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, გამოჩენილი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი თენგიზ ჯაიანი. ათწლეულების მანძილზე იგი იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის, „რეროს“ პიანისტი და დირიჟორი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი  და სხვ. ბატონ თენგიზს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი:  მეუღლე – ნანა ჟორჟოლიანი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი), შვილები – ნინო ჯაიანი (პიანისტი, კონცერტმაისტერი) და ლაშა ჯაიანი (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოების დამსახურებული წევრი; ნიუ იორკის Hudson Dermatology კლინიკის წამყვანი სპეციალისტი კლინიკურ, კოსმეტიკურ და ქირურგიულ დერმატოლოგიაში); წარმატებებით აღსავსეა ვალენტინა ჯაიანის შვილთაშვილების, ნინო ჯაიანის ვაჟების – ლაშა და დავით ხმალაძეების და ლაშა ჯაიანის ქალიშვილების – ანა და ნინა ჯაიანების კარიერული, თუ საგანმანათლებლო გზა. შთამომავალთა სულიერ განვითარებაზე ზრუნავდა და მცდელობას არ აკლებდა ვალენტინა ჯაიანი, რომელიც ღრმა ასაკშიც წარმატებით ახერხებდა უმცროსი თაობის მუსიკალური გემოვნების გამდიდრებას მუზიცირებითა და კლასიკური ნიმუშების გაჟღერებით.

პენსიაზე გასვლის შემდგომ, ვალენტინა ჯაიანის მრავალმხრივი ნიჭი, კიდე ერთი ჭრილით –ორიგინალური ხერხით ხატვაში გამოვლინდა. შავი ტუშის გამოყენებით იგი ქმნიდა ნატურმორტებს. 1988 წელს ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ გამოფენაზე მისმა ნამუშევრებმა მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა.

1998 წლის 15 ივნისს კომპოზიტორი და პედაგოგი, ვალენტინა ჯაიანი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში,  ვაკის სასაფლაოზე.

კომპოზიტორი ქალის მუსიკა მსმენელში საოცარ, თბილ და სიამაყით აღსავსე გრძნობას ბადებს. სამარადისო ხსოვნა ვალენტინა ჯაიანის სულს და დღეგრძელობა მისი ქმნილებების ჰანგებს.

 

ლელა მაქარაშვილი

2024.05.16.