ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ეკა ჭაბაშვილი

#

ეკა ჭაბაშვილი 90-იანელთა თაობის „ახალი“ ქართული მუსიკის ერთ­ერთი თვალსაჩინო და ნიჭიერი წარმომადგენელია. მისი მუსიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სრულდება. ის აქტიურად მუშაობს როგორც კინო,  საბალეტო, ასევე თეატრალური მუსიკის ჟანრში, ამასთანავე იკვლევს მუსიკალური გენეტიკის პრობლემებს, მულტი-ტოპოფონიურ საკომპოზიციო ტექნიკას და ატონალურ-ბირთვულ მუსიკალურ სისტემას, გატაცებულია ფერწერით და ლიტერატურით.

ეკა ჭაბაშვილი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი. 2000-2005 წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა საკრავების ექსპერიმენტული თეატრი SENSUS”. იგი ორგანიზატორია ფესტივალის “ქალი და მუსიკა”. განხორციელებული აქვს სხვადასხვა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროექტი.

ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სრულდება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის: 2018 წელს მიწვეული იყო კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი), როგორც რეზიდენტი კომპოზიტორი “NOW MUSIC”  ფესტივალზე; 2016 წელს მიუნსტერში (გერმანია) ფესტივალზე KlangzeitMunster - Festival fur Neue Music  შესრულდა “ფრესკები”; 2014 წელს აშშ-ში ელექტონული მუსიკის ფესტივალზე OPENSIGNAL  Granoff Center for the Creative Arts -ში შესრულდა ელ. კომპოზიცია “გვალვა”, ICE FEST 2004: „POLYPHONIC VOICES, MUSIC BY EMERGING COMPOSERS FROM AROUND THE WORLD“

            ქ. ჩიკაგოში შესრულდა ეკა ჭაბაშვილი “პოლიფონიური ლექსები” ოთხი მკითხველისთვის და არჩეულ იქნა ფესტივალის სიმბოლოდ. მის ნაწარმოებებს შორისაა საფორტეპიანო პიესა „პანორამა“, რომელიც არაერთი პიანისტის საკონცერტო რეპერტუარშია ჩართული და ჩაწერილი კომპაქტ-დისკზე (შესრულდა: კარნეგი ჰოლში, საფრანგეთში ორლეანის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე და სხვ.) და კვარტეტი “პორტრეტები”, რომელიც დაუკვეთეს ნიუ-იორკის ქალი კომპოზიტორების კონცერტისთვის (ნაწარმოები შესრულდა ასევე 2013 წელს პეტერბურგში ფესტივალზე “From the Avant-garde to the Present Day”) ეკა ჭაბაშვილის შემოქმედებაში ხშირად შევხვდებით რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს: მიკრო-ორატორია “გალობანი სინანულისა“ ორგანისთვის (2006 წელს ჰოლანდიაში  ალკმარის საორგანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე კომპოზიტორებისთვის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით და შესრულდა Grote of Sint-Laurenskerk -ის ისტორიულ ორღანზე); 

ბალეტები “ციალი”  და “ფერხული სიკვდილთა”  მუსიკალური რომანი ხმაური და მძვინვარება  ჰოლოგრამული თეატრისთვის, (აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტშიც); ოპერა/გამოფენა  “მოხეტიალე სურვილები“; საორკესტრო ნაწარმოებები -სიმფონიური ტრილოგია  “სხეულები” (ჩართულია NYU-ს კომპოზიციის მიმართულების სასწავლო პროგრამაში) “ანდაზები”, “მოზაიკა”, "აპოკალიფსი",  “შომნუს”, “ლურჯ მთებში”, მუსიკალური ნოველები `მსოფლიოს შვიდი საოცრება"; საგუნდო ნაწარმოებები _ “ღვთისმშობლის 7 საგალობელი” (შესრულდა და ჩაიწერა კომპაქტ-დისკზე გერმანიაში ანსამბლ „იბერიას” მიერ), “პოეტი”, “რეკვიემი”, “ლუდის კანტატა”,   “ქორალი” (2008 წელს დაჯილდოვდა MDR-Rundfunkchor -ის პრიზით გერმანიაში, ლაიფციგის საგუნდო მუსიკის კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურზე).  მულტიმედიები - „უფლის იდეა-სფეროები”, მიკრო-ბალეტი თითებისთვის “გზა”, “პრიზმა” (შეიქმნა ტეხასის უნივერსიტეტის დაკვეთით, სადაც შესრულდა 2007 წელს),

 2018 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა ექპერიმენტული-ინტერაქტიული მულტიმედიური პროექტი სიმფონია/გამოფენა “ხმა”. პანდემიის პერიოდში შექმნა ახალი ჟანრის ნანო-ოპერა “პანდორა” ინტერნეტ-სივრცისთვის.

„ბიო-რიტმები“ (შეიქმნა პროექტისთვის "კ. შტოკჰაუზენი და ქალი კომპოზიტორები" და 2014 წელს შესრულდა ნიუ-იორკში „Spectrum“-ში) და სხვ.

კ. შტოკჰაუზენმა ასე დაახასიათა ე. ჭაბაშვილის მუსიკა: „თავის შემოქმედებაში ეკა ქმნის ტემბრულ-თეატრალიზებურ კომპოზიციებს.  ხშირად,  სიტყვის მუსიკიდან გამომდინარე, რიტმულ-მელოდიური ინტონაციების ორატორულ-სამსახიობო კომპოზიციებს წერს. მისი საკომპოზიციო ტექნიკა არის ორიგინალური და საინტერესო. მუსიკა ინტუიციურია და ეყრდნობა გამეორებისა და ვარირების პრინციპს“  (კომპაქტ-დისკის “ხმაური და მძვინვარება” ბუკლეტიდან).

როგორც მეცნიერ-მკვლევარს ეკა ჭაბაშვილი იკვლევს მუსიკალური ვიზუალისა და მუსიკის სინკრეტიზმს; რასაც ეძღვნება რიგი პუბლიკაციებისა ქართულ და უცხოურ ენებზე.  2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პიანისტებთან ნინო და თამარ ჟვანიებთან ერთად განახორციელა ფუნდამენტური კვლევა “შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის და XXI საუკუნის ფორტეპიანოს პერსპექტივები”, რომლის ფარგლებშიც შექმნა მოდიფიცირებული ფორტეპიანო ““ModEkAl საქართველოში პირველი ოფიციალური მხატვრული კვლევისთვის “Has Piano Come to an End?”  ქართულად “ფორტეპიანოს აპოკალიფსი“.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; მიწვეული იყო კომპოზიციაში მასტეკლასების ჩასატარებლად ევროპისა და აშშ-ს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

„ეკა ჭაბაშვილის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოკვეთილი ინდივიდუალური სტილი თავიდანვე იპყრობს ყურადღებას და მის დავიწყებას შეუძლებელს ხდის. ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებები გაძლევს საშუალებას შეიგრძნო სამყაროს სილამაზე, მთავარი განცდა კი, რაც გვეუფლება - არის სილაღე, რომელიც ავტორისგან თითქოს მსმენელსა და მაყურებელს ,,გადაედება“.  (მაკა ვირსალაძე „დახატული მუსიკა და აჟღერებული ნახატები“,  ჟურნალი „მუსიკა“ 2012 N4).

 

მერი შეყილაძე

2022.10.15.