ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ შავერზაშვილი

#

თამარ შავერზაშვილი - კომპოზიტორი, პედაგოგი, პიანისტი - ქართული საბავშვო მუსიკის ფუძემდებელია. მისი წვლილი ქართულ მუსიკაში, ამ სფეროში ფასდაუდებელია. მის სიმღერებსა, თუ საფორტეპიანო პიესებს ათეული წლების მანძილზე დიდი წარმატებით ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ ბავშვები სკოლებსა, თუ ბაგა-ბაღებში. მაგრამ, მარტო ამით არ შემოიფარგლება თამარ შავერზაშვილის ინტერესების წრე. ის წარმატებით მოღვაწეობდა აკადემიური მუსიკის ისეთ სფეროეში, როგორიცაა კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური ჟანრები, საორკესტრო მუსიკა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თამარ შავერზაშვილს ეკუთვნის ოპერა „იავნანა“, რომელიც ისევ და ისევ ბავშვთა აუდიტორიისათვის იყო ძირითადად განკუთვნილი.

თამარ შავერზაშვილი დაიბადა ქუთაისში. დაბადების წელი სხვადასხვა წყაროში განსხვავებულადაა მითითებული. ერთი, 1901 წელი, ნამდვილად არაა სწორი, რადგან თავად მის მიერ შედგენილ არც ერთ ხელნაწერ დოკუმენტში (ავტობიოგრაფია, ანკეტა და სხვა), ეს წელი ნახსენებიც არაა. მათში აღიშნულია მხოლოდ ორი წელი - ზოგან  1891, ზოგან 1893, თუმცა რიცხვი ერთია 14 (2) ოქტომბერი.

თამარ შავერზაშვილის მამა - ანტონ შავერზაშვილი ფარმაცევტი იყო, დედა - სქოლასტიკ ბაჯ ოღლი, ქართველი, მესხი კათოლიკე. ის ადრე გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა ითავა ნათესავმა, ვიქტორია ბუდაგოვსკაია - მიზანდარმა, რომლის ბიძა იყო ალოიზ მიზანდარი, ქართული პიანისტური სკოლის ფუძემდებელი. ვიქტორიაც პიანისტი გახლდათ. არ გვითქვამს, რომ ანტონ შავერზაშვილი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ძალიან კარგად მღეროდა. ასე რომ ბავშვები მუსიკალურ გარემოში გაიზარდნენ და მათი კარიერაც მუსიკას დაუკავშირდა. თამარის ძმა, ალექსანდრე პიანისტი იყო. სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. და - მარია, მომღერალი გახდა. როგორც  რეცენზიებში ვკითხულობთ, ძალიან კარგი ხმა (ლირიკო-კოლორატურული სოპრანო) ჰქონდა, სწავლობდა ე. რიადნოვთან. კონცერტებსაც მართავდა. მაგრამ ჯანმრთელობა შეერყა და ისიც ადრე გარდაიცვალა. მეორე ძმა - ვასილი კომპოზიტორი, პიანისტი, საქართველოში საესტრადო მუსიკის ერთერთი ფუძემდებელი იყო (შვილები, კომპოზიტორები - ალექსანდრე (შურა) და ელისაბედ (ლილი) შავერზაშვილები).

თამარმა, 5-6 წლიდან, დაიწყო პატარა გიტარაზე დაკვრა, თავის უფროს და, მაროსთან ერთად ასრულებდა დუეტებს, ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს. ავტობიოგრაფიაში ის წერს: „რაც თავი მახსოვს, პატარაობიდანვე, ჩემთვის მხოლოდ მუსიკა და სიმღერა არსებობდა, მუდამ ვმღეროდით სახლში მთელი ოჯახი. ხშირად ვისმენდით დედ-მამას დუეტებს. მამაჩემს ანტონს, იშვიათი ხმა ჰქონდა - ტენორი. ბავშვობიდანვე თავისი ხმით არჩენდა მრავალრიცხოვან, ძლიერ ოჯახს, იწვევდნენ ქორწილებში ან წვეულებებზე და ასაჩუქრებდნენ ფულით“. (საქ. ეროვნული არქივი. 235/1 125. ავტობიოგრაფია)

შავერზაშვილები კათოლიკეები იყვნენ და ბავშვობიდანვე გალობდნენ საეკლესიო გუნდში. ასრულებდნენ სოლოს და დუეტებს. თამარი, თურმე ხშირად ფისგარმონიასა და ორგანზეც უკრავდა. „მთელი ჩემი მიზანი და სურვილი იყო მუსიკა, მინდოდა შემესწავლა ღრმად, სერიოზულად, რომ მუსიკოსი გამოვსულიყავი“. (საქ. ეროვნული არქივი. 235/1 125. ავტობიოგრაფია)

8 წლისაც არ იყო თამარი, როდესაც ფორტეპიანოზე დაიწყო სწავლა. ქუთაისში სწავლობდა კარგ მასწავლებლებთან - ჟიუვენელთან და ჩარკვიანთან. როგორც თავად იხსენებს, მათ კიდევ უფრო შეაყვარეს მუსიკა. მისი საყვარელი კომპოზიტორები იყვნენ მოცარტი, ბეთჰოვენი და შოპენი (მოგვიანებით მათ ბახი დაემატა).

ქუთაისში, თამარ შავერზაშვილი, წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. 15 წლისა უკვე წარმატებით გამოდიოდა საჯარო კონცერტებზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი საკომპოზიტორო ნაბიჯები, ფორტეპიანოსთვის შექმნა ზღაპარი-ფანტაზია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუსიკალური განათლების მისაღებად, ჩააბარა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, ფორტეპიანოს განხრით, პროფესორ ი. ს. აისბერგთან. 1917 წელს, სასწავლებლის პირველი ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ, შევიდა სახელმწიფო კონსერვატორიაში. აქ მეცადინეობას კვლავ პროფესორ  აისბერგთან აგრძელებდა. 1919 წლიდან კომპოზიციასაც მიჰყო ხელი. 1920 წელს პირველად შესრულდა და გამოიცა თამარ შავერზაშვილის რომანსი „ლერწამი ხარ“.

 ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (N 23, გვ. 3-4, 1920 წ.) დაიბეჭდა წერილი „დები შავერზაშვილები“. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ: „აი, ჩვენი განახლებული სამუსიკო ხელოვნების ორი ნორჩი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი ყვავილი - მარო და თამრო, ქუთათურ ქართველ კათოლიკეთა ასულნი, დედით ადრე დაობლებულნი, სიღარიბეში აღზრდილნი, თავისი შრომითა და უნარით, სამუსიკო მოღვაწეობისთვის მომზადებულნი...

მარომ 1915 წელს დაამთავრა კურსი რიადნოვთან და საზოგადოების წინაშე პირველივე გამოსვლიდან მიიპყრო ყურადღება...

უმცროსმა დაამთავრა სამუსიკო სკოლა,  სხვათაშორის, ა. წ. ივნისის 10-ში, სახელმწიფო თეატრში, ი. გრიშაშვილის საღამოზე, ი. სარაჯიშვილმა იმღერა მისი რომანსი „ლერწამი ხარ“ (სიტყვები ი. გრიშაშვილის), რამაც მთელი საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა და მქუხარე ტაში გამოიწვია. მანვე დასწერა დუეტი „სამშობლო“ (სიტყვები რ. ერისთავის)...

უფროსი და, მარო შავერზაშვილი დღე-ღამეს ასწორებდა, თავადაც სწავლობდა და სხვასაც ასწავლიდა, რომ თავისი დაც, თამარი მუსიკოსად აღეზარდნა... ნატვრა ასრულდა, მაგრამ რაი: გადამეტებულმა შრომამ იგი მოქანცა და ერთი წელიწადია ეს გაუფურჩქვნელი ყვავილი - ლოგინშია ძვალ-ტყავად ჩარჩეული... მისი პატრონია ხელმოკლე ნათესავი ვ. ბუდაგოვის და ერთადერთი და, თამარი, რომელიც უზომოდ შრომაშია, რომ და სიკვდილს გამოაგლიჯოს. ამავე დროს თავი ირჩინოს, მუსიკასაც ემსახუროს... ძმა ვასო თავის წვრილ შვილსაც ვერ გასძღოლია“. ამ სტატიის ბოლოს, ავტორი, იოსებ არიმათიელი საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, რათა დაეხმარონ ორ ნიჭიერ დას.

1921 – 1923 წლებში თამარ შავერზაშვილი ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობს სამუსიკო სტუდიაში. ასეთი მძიმე  ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური  მდგომარეობის მიუხედავად, თამარ შავერზაშვილი „თავისუფალი ხელოვანის წოდებით“ წარჩინებით ამთავრებს სახელმწიფო კონსერვატორიას (1923 წ.) და აქვე იწვევენ  ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად. ამავე წლიდან მისი შემოქმედების ცენტრში ექცევა საბავშვო მუსიკა. 1923 წელს, ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო სიმღერა „მინდორში“ (გ. ქუჩიშვილის ტექსტი). თამარ შავერზაშვილი, ქართულ მუსიკაში ქმნის პირველ საბავშვო, როგორც ვოკალურ, ისე ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს. „ყოველი მისი ნაწარმოები დაწერილია დიდი სიყვარულით, ფაქიზი გემოვნებით, ბავშვთა ფსიქიკის ღრმა ცოდნით, შთანაფიქრის შესაბამისი მუსიკალურ-მხატვრული სახის შექმნის უნარით“  - წერს მუსიკოლოგი გრიგოლ ჩხიკვაძე (გრ, ჩხიკვაძე.  საქართველის საბჭოთა კომპოზიტორები. 1956)

ამ პერიოდში დაიწერა რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. მათ შორის „სინანული“, „შემიყვარე“ და „ჩენი ოცნება“ იოსებ გრიშაშვილის ლექსებზე. მათ  მოყვა ორი „ნანა“ ა. წერეთლისა და  ი. ჭავჭავაძის ტექსტებზე, 12  საბავშვო სიმღერა, „ჩემი წუხილი“ ი. ჭავჭავაძის ტექსტზე, ორი რომანსი  პუშკინის ტექსტებზე - Не пой, красавица და  На холмах Грузии. როგორც  მუსიკოლოგი, გრიგოლ ჩხიკვაძე წერს:  „ამ ნაწარმოებებმა, თავისი უშუალობითა და გამომსახველი მელოდიით, შემსრულებლებისა და ფართო საზოგადოების ყურადღება მიიზიდა“. ამ სიტყვების დადასტურებაა ის, რომ შექმნისთანავე, ისინი საზოგადოებას წარუდგინეს ცნობილმა მომღერლებმა ლადო კავსაძემ, ნიკო ქუმსიაშვილმა, თამარ ბახტაძე, დავით გამრეკელმა.

თამარ შავერზაშვილის, პიროვნებისა და შემოქმედის ჩამოყალობებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ურთიერთობამ იმ დროს აღიარებულ  ხელოვანებთან. ეს იყვნენ პოეტები, მისი პროფესორები, მუსიკოს-შემსრულებლები, კომპოზიტორები. ამ მხრივ საინტერესოა თავად თამარის მოგონება ზაქარია ფალიაშვილზე, რომელიც გამოაქვეყნა მუსიკოლოგმა მედეა ქელბაქიანმა. „ჩვენს დიდ ხელოვანს ვიცნობდი ბავშვობიდანვე, რადგან მჭიდრო ოჯახური კავშირი ხელს მიწყობდა უფრო ახლო ვყოფილიყავი ფალიაშვილებთან, რაც მთავარია, თვითონ კომპოზიტორთან. მუდამ მაკვირვებდა მისი სისტემატურად დისციპლინებული შრომა. უაღრესად კეთილსინდისიერი მოპყრობა საქმისადმი... 1923 წელს ოპერა ზეიმობდა „აბესალომ და ეთერის“ მესამე განახლებულ დადგმას. მე და ზაქარია ვბრუნდებოდით თეატრიდან. ამ დადგმით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ დავფარე და ზაქარიას ვუთხარი: „რა ბედნიერი ხართ, ბატონო ზაქარია, რომ მოესწარით „აბესალომის“ მესამე დადგმას. მან უეცრად შემაჩერა და აღელვებულმა წამოიძახა: „რას ამბობ, თამარ! მე ყველაფერს შევწირავდი ჩემი ირაკლის სიცოხლისათვის!“. ამ გულწრფელობით სავსე სიტყვებმა ცრემლებამდე მიმიყვანა. ჩვენ დიდხანს მივდიოდით ჩუმად, ძნელი იყო ხმის ამოღება...“ (12.10.1971).

1923-1931 წლებში თამარ შავერზაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, თუმცა არც კომპოზიციას ანებებს თავს. გაზეთი „კომუნისტი“ იუწყება, რომ გამოიცა საბავშვო სიმღერების კრებული (12 სიმღერა, სახელგამი) და რომ „ესაა პირევლი სასიმღერო სახელმძღვანელი სასწავლებლებისათვის“ („კომუნისტი“ N 32. 10/2 -27. საქართველოს ეროვნული არქივი). 1928 წელს კი „მუზრეწვმა“ გამოსცა თამარ შავერზაშვილის ახალი რომანსები - „სინანული“ და „ნანა“.

შემორჩენილია 1929 წლის 1 მარტს, კონსერვატორიაში გამართული საავტორო კონცერტის პროგრამა, სადაც კოპოზიტორი თავადაა აკომპანიატორი. კონცერტში მონაწილეობდნენ პიანისტი - მ. ევთიევა, მევიოლინე - ვ. სვიმონიშვილი, ჩელისტი ე. კაპელნიცკი, მომღერლები ნიკო ქუმსიაშვილი და სანდრო ინაშვილი.

პირველი ნაწარმოებების წარმატებებმა მუსიკოსს აფიქრებინა უფრო სერიოზულად დაუფლებოდა კომპოზიციას და 1931 წელს კიდევ ერთხელ ჩააბარა კონსერვატორიაში. ამჯერად, კომპოზიციის განხრით. ის პროფესორ ვ. ვ. შჩერბაჩოვის კლასში ჩაირიცხა. მასთან ერთად კომპოზიციის კურსზე სწავლობდნენ დაგმარა სლიანოვა და რევაზ გაბიჩვაძე. სწავლის პერიოდში თამარ შავერზაშვილის  შემოქმედებითი არეალი ფართოვდება. გარდა რომანსისა „ტბა (მარიჯანის ტექსტზე), ის მეტ ყურადღებას უთმობს ინსტრუმენტულ მუსიკას, ქმნის 6 პრელუდიას, 6 ეტიუდს, ინტერმეცოს, პასტორალს, კრებულს „საბავშვო მუსიკალური სურათები“ (6 პიესა), ქართულ პოლიფონიურ სუიტას ორ სიმებიან კვატეტს. კონსერვატორიის დირექტორი, კომპოზიტორი გრ. კილაძე წერს: „ სიმებიანი კვარტეტი - მნიშვნელოვანი ეტაპია თ. შავერზაშვილის შემოქმედებით გზაზე. ამ ნაწარმოებში მხატვრული ჩანაფიქრი და ფორმა დიდ ინტერესს იწვევს“. (კონსერვატორიის არქივი გრ. კილაძის შუამდგომლობა საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროს).

 

1933 წელს თამარ შავერზაშვილი გახდა კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1935 წელს მან წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია და აქვე დატოვეს კომპოზიციის კლასში  ასპირანტად. მისი პედაგოგები გახდნენ პროფესორები პ. ბ. რიაზანოვი და ი. ი. ტუსკია.  ამავე წელს მიიწვიეს კონსერვატორიასთან შექმნილ „ნიჭიერი ბავშვების ჯგუფში“ (შემდგომში ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“) თეორიული საგნების პედაგოგად. ასპირანტურაში სწავლის დროს თამარ შავერზაშვილი, ერთი თვით, მივლინებული იყო ლენინგრადში (სანქტ პეტერბურგი) ცნობილ მუსიკოსებთან, პროფესორ პ. ბ. რიაზანოვთან და პროფესორ ს. ხ.  კუშნარიოვთან კომპოზიციასა და პოლიფონიაში სამუშაოდ.

თამარ შავერზაშვილის ნაწარმოებებს, საქართველოს მიღმა,  საბჭოთა კავშირის  ქალაქებშიც ასრულებდნენ. გაზეთი „Советское искусствоიუწყება, რომ პიანისტმა ა. კამენსკიმ წარმატებით შეასრულა თამარ შავერზაშვილის საფორტეპიანო პიესები, Andante, პასტორალი და საცეკვაო, ლენინგრადში გამართულ კონცერტზე. „კომპოზიტორის შემოქმედება გამსჭვალულია ეროვნული მელოსით, ბავშვები მალე და ადვილად ითვისებენ უბრალომ მათთვის გასაგებ ხალხურ ინტონაციებს“. («Советское искусство» N 5 10.08. 1938).

მომღერალი ეკატერინე სოხაძე იხსენებს, რომ 1937 წელს, ქართული დეკადის დროს, სტალინის მიერ კრემლში გამართულ საღამოზე იმღერა თამარ შავერზაშვილის რომანსი. (Заря Востока N 15, 18,01,1937)

მართალია, თამარ შავერზაშვილი ბევრს არ ქმნიდა კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში, მაგრამ აქაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მისი ნაწარმოებები საკონცერტო ცხოვრების გაუყოფელი ნაწილი გახდა. გაზეთი Вечерний Тбилиси წერს: ჩვენთან „რამდენადმე ჩამორჩება საკვარტეტო მუსიკა. ეს სიცარიელე, ჩავარდნა მნიშვნელოვნად შეივსო თამარ შავერზაშვილის კვარტეტით, რომელმაც საუკეთესო შეფასება მიიღო კლნსერვატორიაში გამართულ კონცერტზე.“

1937 – 1940 წწ. ის მეთოდისტად მუშაობდა ქალაქის მეთოდ-კაბინეტში, ხელმძღვანელობდა საბავშვო ბაღის მუშაკთა აღზრდას.

1938 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში პროფესორ ნ. ს. ჩიგოგიძის კლასში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. სამი წლის შემდეგ კი დამოუკიდებლად უძღვებოდა პოლიფონიის კლასს, როგორც უფროსი პედაგოგი. 1944 წელს მას დოცენტის წოდება მიენიჭა. მის სტუდენტთა შორის იყვნენ ბ. კვერნაძე, ნ. სვანიძე, ლ. რობიტაშვილი.

თამარ შავერზაშვილის მოღვაწეობის 15 და 20 წლის საიუბილეოდ გაიმართა კონცერტები, ეს მოვლენა  აღინიშნა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებასა“ და ქართულ პრესაში.

მეორე მსოფლიო ომის წლებში,  „შეუნელებელი მუშაობისათვის“კომპოზიტორი დაჯილდოვდა მედლით - „შრომითი მამაცობისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.“.

1946 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამარ შავერზაშვილს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

თამარ შავერზაშვილის მოღვაწეობა (განსაკუთრებით საბავშვო მუსიკის სფეროში) თავისებურად დაგვირგვინდა ისეთი მსხვილი ფორმის ნაწარმოებით, როგორიცაა ოპერა.

ხელოვნების სამმართველოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, თამარ შავერზაშვილს,  ოპერა 2 წელიწადში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ერთი წელი ვერ იმუშავა დეიდისა დ შვილის, იზოლდას ავადმყოფობის გამო. მაგრამ მეორე წელს, ლიბრეტისტთან ინტენსიური მუშაობით მოასწრო ოპერის შექმნა. 1948 წლის 11 ივნისს დაამთავრა ოთხ მოქმედებიანი ოპერა „იავნანა“.

ოპერა „იავნანას“ დასრულების შემდეგ ერთერთ ინტერვიუში კომპოზიტორი წერს: „დიდი ხანია ჩემი ოცნება და მისწრაფება იყო შემექმნა ქართული ოპერა... ნათელი და გასაგები მუსიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის და კეთილშობილური ადამიანური გრძნობების გაღვივებას და აღზრდას ახალგაზრდობაში. ამ მიზნის განხორციელებისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭირო იყო კარგი ლიბრეტო. 1946 წელს ნ. ძიძიშვილმა დამიწერა ლიბრეტო ი. გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქნას“ მიხედვით... მე დიდი გატაცებით შევუდექი მუშაობას. ერთი წლის განუწყვეტელი ინტენსიური შრომის შედეგად ჩემს სანუკვარ ოცნებას მივაღწიე; დღეს უკვე მზადა მაქვს ოთხ მოქმედებიანი ოპერა „იავნანა“, რომელსაც მხოლოდ გაორკესტრება სჭირდება...

არავითარი სენტიმენტალური გრძნობები ჩემში არ ყოფილა და არ არის, ჩემი მუსიკა წმინდა ლირიკულია,  ჯანსაღი, მინდა ყოველივე კეთილი გრძნობები ბავშვებს აღუძრას ჩემმა მუსიკამ.

მუშაობის მთელს პერიოდში ვცდლობდი ჩემი ოპერა რეალისტურ საფუძველზე ამეგო, გამომეყენებინა ქართული მუსიკალური ფოლკლორი, მისი შესანიშნავი და წარმტაცი მელოდიურობა. თუ რამდენად მივაღწიე მიზანს, იმაზე თავის პირუთვნელ სიტყვას იტყვის საბჭოთა მაყურებელი, ჩვენი ლიტერატურული და მუსიკალური საზოგადოება“ („ლიტერატურა და ხელოვნება“ N 46 (239) 21 ნოემბერი, 1948 წ.)

მიუხედავად იმისა, რომ საოპერო თეატრმა ორჯერ განიხილა „იავნანას“ დადგმის შესაძლებლობა, ეს ვერ განხორციელდა. საბჭოთა ცენზურამ მიუღებელად ჩათვალა  ოპერაში ლეკების მიერ ქართველი გოგონას მოტაცება.

„იავნანას“ საკონცერტო შესრულებას, 1962 წელს, კომპოზიტორი ვერ მოესწრო. ამ შესრულებისთვის ოპერა გააორკესტრა ანდრია ბალანჩივაძემ. შემსრულებლები: სოლისტები ა. მიქაბერიძე, თ. ბახტაძე, ც. ციცქიშვილი ........ კაპელა გურამ ბახტაძის ხელმძღვანელობით, სიმფონიური ორკესტრი ჯემალ გოკიელის დირიჟორობით. კონცერტმაისტერი რახილ გლეზერი. ჩვენ ხელთ გვაქვს მოსმენის შემდეგ გამართული კულტურის სამინისტროს თეატრალური სექციის სხდომის ოქმი, რომელზეც განიხილეს ეს შესრულება.  შეფასება ძირითადად დადებითია, გამოითქვა ცალკეული შენიშვნები და გაიცა სათანადო რეკომენდციები ოპერის თბილისის საოპერო თეატრში დასადგმელად. რამდენიმე ამონარიდი ამ ოქმიდან:

მუსიკოლოგი შალვა ასლანიშვილი აღნიშნავს, რომ ოპერა სასიამოვნოა, როგორც  მოსასმენად და ისე შესასრულებლად. ეს იგრძნობა იმ ბუნებრიობაში, რომლითაც გამოირჩეოდა თითქმის ყველა შემსრულებელი.... მთელი ნაწარმოების მანძილზე შენარჩუნებულია ქართული კოლორიტი და ავტორისთვის ჩვეული იშვიათი მელოდიურობა...  

მუსიკოლოგი გივი ორჯონიკიძის აზრით ეს ოპერა უნდა დაიდგას, თუმცა ბევრი რამ მიაჩნია ჯერ კიდევ დასახვეწად.

ფილარმონიის წარმომადგენელი გოცირიძე ამბობს, რომ თ. შავერზაშვილის „იავნანა“ ფილარმონიამ მოამზადა საკონცერტო შესრულებისთვის. „პირველად „იავნანა“ დაუდგმთ რაიონებში და დიდი აღტაცებით მიიღეს. ეს შესრულება მოუსმენიათ მოსკოველ მუსიკისმცოდნეებასაც, რომლებმაც წერილი მიუძღვნეს ჟურნალში. რადგან ასეთი დიდი გამოხმაურება ჰპოვა ოპერამ, გადაუწყვეტიათ მისი თბილისში შესრულება  სიმფონიურ ორკესტრთან ერთად“.

მუსიკოლოგი ლადო დონაძე ხაზს უსვამს ოპერის თემატიკას, მის იდეურ-აღმზრდელობით მნიშვნელობას... „ოპერის მუსიკა დაწერილია ეროვნული სტილის მთლიანობით, ლირიზმით; მელოდიურობა ოპერის ღირსებაა, გარდა ამისა დრამატულად გააზრებულია. ლ. დონაძეს სხვების მსგავსად მიაჩნია, რომ „პირველი და მეორე აქტები ჩამორჩება მესამესა და მეოთხეს... შეიძლება მისი შეკვეცა და იქნება ბევრად უფრო ლაკონური.“

კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი მიიჩნევს, იმისთვის, რომ ოპერა უფრო შეკრული იყოს, ზოგი რამ შესაცვლელია. მისი აზრით ალ. შავერზაშვილი და ა. ბალანჩივაძე ლიბრეტისტთან ერთად შეძლებენ  ამის გაკეთებას. მას  აუცილებლად მიაჩნია შუამდგომლობის აღძვრა ოპერის თეატრთან ოპერის დადგმასთან დაკავშირებით.

 „დადგინდა აღიძრას შუამდგომლობა ოპერის თეატრთან თ. შავერზაშვილის ოპერა „ „იავ-ნანა“ დაგმულ იქნას“  (საქ. ეროვნული არქივი, ფონდი 9, ანაწერი 1, საქმე 348)

სამწუხაროდ, ეს სურვილები განუხორციელებელი დარჩა. თამარ შავერზაშვილის ოპერა „იავნანა“ დღემდე არ დადგმულა სცენაზე.

1947 წელს დაიბეჭდა „საბავშვო ალბომი“, რომელიც 40 საფორტეპიანო პიესისაგან შედგება. „ამ კრებულით ავტორი მიზნად ისახავს უზრუნველჰყოს ბავშვები ხარისხოვანი საბავშვო პიესებით სწავლებისა და მეცადინეობის პირველ წლებში.

 ეს კრებული, პედაგოგიური თვალსაზრისით, ფრიად ძვირფას მასალას შეიცავს. ალბომი წარმოადგენს ხანგრძლივი შემოქმედებითი მუშაობის ნაყოფს ქართული საბავშვო მუსიკალური ლიტერატურის შექმნის საქმეში. ყოველ პიესაში მოცემულია საფორტეპიანო ხასიათის მთელი რიგი დავალებანი. ამ ალბომში დიდი ყურადღება ექცევა მარჯვენა და მარცხენა ხელის თანაბარ განვითარებას და საერთოდ თითების მთელი აპარატურის განმტკიცებას. პიესების უმრავლესიბა უახლოვდება ჩვენი ბავშვებისათვის ნაცნობ ხალხურ ბგერადობას, ამავე დროს მათში დაცულია ქართული მუსიკის დამახასიათებელი თავისებურებანი - რიტმი, ინტონაციური კილოკავი და პოლიფონიური ხერხები.“ (ლიტერატურა და ხელოვნება N 1. 04.01.1948. „საბავშვო მუსიკალური ალბომი“. მიხეილ ბახტაძე. საქართველოს ეროვნული არქივი).

კომპოზიტორის  ბოლო ნამუშევარებია, 1952 წელს შექმნილი „20 საფორტეპიანო პიესა“ სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის და „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ (1954)

თამარ შავერზაშვილი გარდაიცვალა 1955 წლის 18 სექტემბერს.

ამ სამწუხარო ფაქტს გამოეხმაურა ქართული პრესა. ერთი ამონარიდი: „თამარ შავერზაშვილი ეკუთვნოდა საუკეთესო ქართველ მოღვაწეთა რიცხვს. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მას ასაზრდოებდა  ღრმა სიყვარული მშობლიური კულტურისადმი. თამარ შავეზაშილმა თავისი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი ქართული მუსიკალური ხელოვნების ზრდასა და აყვავების საქმე მოახმარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შეუნელებელი ზრუნვა ... ბავშვების მხატვრულ-მუსიკალურ აღზრდაზე; ჩვენს ნორჩ თაობას კომპოზიტორმა არა ერთი ფაქიზი გემოვნებით შექმნილი ნაწარმოები მიუძღვნა... ყოველი მისი ნაწარმოები დაწერილია დიდ სიყვარულით, ბავშვთა ფსიქიკის ღრმა ცოდნით, შთანაფიქრის შესაბამისი მუსიკალურ -მხატვრული სახის შექმნის უნარით. („ლიტერატურული გაზეთი“, 23,09 1955წ. ამხანაგების ჯგუფი)

 სამგლოვიარო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა კომპოზიტორი დავით თორაძე. “ძნელია ჩვენს რესპუბლიკაში მოინახოს ბავშვებისათვის უფრო ძვირფასი და საყვარელი მუსიკოსის  სახელი, ვიდრე სახელი პირველი საბჭოთა კომპოზიტორი ქალის, თამარ შავერზაშვილისა, რომელმაც ყველაზედ უფრო ადრე, ყველაზედ უფრო ლამაზი ფერებით,  სუფთა წერითა და  გამჭვირვალე მელოდიებით დაქარგა და დაასურათა საბჭოთა ნორჩი თაობის სამყარო, არამარტო ჩვენი ძვირფასი ქართველი ხალხის, ქართული კულტურის და მის ტკბილ- ჰანგოვან მუსიკის, არა მარტო ჩვენი ცქრიალა ქართველი პატარა გოგო-ბიჭების... - არა მარტო მისი ტკბილი, მოხუცი დედის, მისი ახლობლების, მოწაფეების, კოლეგების და რაც მთავარია, მისი მთრთოლვარე და სათუთი გრძნობით გამთბარი ქალიშვილის, პატარა იზოლდას დანაკლისია ჩვენი საყვარელი თამარ შავერზაშვილი, იგი მძიმე დანაკლისია მთელი საბჭოთა მუსიკისათვის, საბჭოთა ბავშვებისათვის, რომელთა მხატვრულ-მუსიკალური აღზრდისთვის მთელი თავისი ლამაზი ცხოვრება და შემოქმედება მოახმარა.

თავდადებული სამსახური, დაუღალავი ზრუნვა ეროვნული მუსიკალური შემოქმედებითი აღზრდისათვის, დაუცხრომელი სურვილი მშობლიური მუსიკალური კულტურის სრული აყვავებისა - ასეთია ჩვენი ძვირფასი მუსიკოსის - თამარ შავერზაშვილის, ნამდვილის მოქალაქის და მოწინავე საბჭოთა მუსიკალური მოღვაწის იდეალი. დღეს მის შემოქმედებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მის წყაროსავით ანკარა მელოდიებზე იფურჩქნება ათი ათასობით ნორჩი თაობა. ამ კეთილშობილურ ტრადიციებს სათუთად შენახვა, მისი გამდიდრება მისებრი სუფთა, კამკამა და გამჭვირვალე მუსიკალური სახეებით, ჩვენი წმინდათა წმინდა მოვალეობაა...“

თამარ შავერზაშვილი დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

მარიკა ჩიჯავაძე

2022.10.20.