ნანული ბრეგვაძე
კომპოზიტორი, პედაგოგი, პიანისტი და კონცერტმაისტერი ნანული ვიქტორის ასული ბრეგვაძე დაიბადა 1945 წლის 3 ივნისს ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში. მისი ბავშვობა უკავშირდება მაშინდელ „ზემელს“. მოსკოვის ქუჩაზე მაცხოვრებელ ბრეგვაძეების ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა: გურამი, ნანული და ვიქტორი.
მამა, ვიქტორ ბრეგვაძე, პროფესიით ინჟინერი, მუშაობის დაწყებიდან ხე-ტყის დამამუშავებელი კომბინატის მთავარ პოზიციებზე მსახურობდა. დედა, ანა დევიძე გახლდათ პროვიზორი და მუშაობდა თბილისის N 24 აფთიაქში.
ბაბუა, ოქროპირ ბრეგვაძე, ერთი პერიოდი ქ.თბილისში ცხოვრობდა. ჰქონია კარგი სმენა და ხშირ-ხშირად მღეროდა ქალაქურ სიმღერებს: „ერთი საწყალი კაცი ვარ“, „ოდეს ზღვა დაშრეს“, „რა კარგი რამ ხარ ჩემო სამშობლოვ“, „გახსოვს ტურფავ“ და სხვ. შესაბამისად შვილიშვილების მუსიკალურობა სწორედ ბაბუას ერთგვარი დამსახურებაც არის.
ნანულის მამას, რომელიც სწავლობდა ქ.ჭიათურის სკოლაში, ცნობილი სანდრო კავსაძე ჰყავდა მასწავლებლად. იგი საკმაოდ მკაცრი მასწავლებელი ყოფილა. ამასთან დაკავშირებით მოგონებებში კომპოზიტორი გვითხრობს - „თუ კავსაძეს არ მოეწონებოდა ვინმე, გარეთ გააბრძანებდა. ასე დაემართა დავით გამრეკელსაც, რომელსაც მქუხარე ხმა ჰქონდა და თავისი ხმით დანარჩენი მოსწავლეების ხმას ახშობდა, ხშირად იყო დავითი გარეთ“.
ბრეგვაძეების სახლში ხშირი სტუმრიანობა იყო. თითქმის ყოველდღიურად გაისმოდა სიმღერები კავსაძის რეპერტუარიდან და იყო დიდი მხიარულება. უფროსი ძმა - გურამი მუსიკას სწავლობდა, შესაბამისად მეცადინეობის პროცესის მომსწრე ნანულის, კლასიკური განათლების საფუძვლები, ადრეული ასაკიდანვე, გათავისებული ჰქონდა.
ერთხელ მამას, პატარა ნანული და ვიქტორი (ძმა) კინოთეატრში წაუყვანია, სადაც ფილმი „აკაკის აკვანი“ უნახავთ. სახლში დაბრუნებისთანავე პიანინოსთან მისულა და პატარა თითებით „სანთელივით ჩავქრები“ ორი ხელით დაუკრავს. შემდგომში, ხშირად უკრავდა საოჯახო კონცერტებზე, ზოგჯერ ძმასთან ერთადაც 4 ხელში და აპლოდისმენტებსაც იმსახურებდა.
აფთიაქში, სადაც ნანული ბრეგვაძის დედა, ქალბატონი ანა მუშაობდა, მასთან თანამშრომლობდა პროვიზორი ელენე ფხაკაძე. საუბრისას ელენემ გაიგო, რომ ანას ჰყავდა გოგონა, რომელიც სიმღერებს უკრავდა. ქალბატონმა, რომელიც გათვითცნობიერებული იყო მუსიკაში, შესთავაზა: „ბავშვს,რომელიც ასე პატარაა, შეიძლება გაუფუჭდეს ხელის აპარატი. მიუყვანე შენი გოგონა ცაცას, რომელიც მასწავლებელია და გაუწევს კონტროლს“.
ასე გახდა „ნორჩი პიანისტი“ თამარ (ცაცა) ფხაკაძის მოსწავლე. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან იწყებს მუსიკალური ანბანის შესწავლას. 7 წლის ასაკში კი ზ.ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სკოლის მოსწავლე გახდა. მისაღებმა გამოცდამ მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. ფორტეპიანოზე დაკვრამ სმენის განვითარებას ხელი შეუწყო.
კომპოზიტორი იხსენებს: „გავიდა დრო. მე და ცაცა კარგი მეგობრები გავხდით. არცერთი კონცერტი არ ჩატარებულა ისე, რომელსაც არ დავსწრებოდით. თავისი მოღვაწეობა ცაცამ ხელის გასწორებასა და ლამაზი ბგერით დაკვრას შეალია. ამ პერიოდში ვწერდი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. კერძოდ სიმღერებს. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მირზა გელოვანმა ცაცას მიუძღვნა, იყო „ნატვრა“. ეს სიმღერა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის დარბაზში შეასრულა ცაცას მოსწავლემ, ინგა ურუშაძემ.“
ნანული ბრეგვაძემ 1953-1957 წლებში საშუალო განათლება თბილისის 57-ე საშუალო სკოლაში მიიღო.
1953-1963 წლებში, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუს. სკოლაში („ნიჭიერთა ათწლედი“) სწავლობდა, ფორტეპიანოს განხრით პედაგოგ თამარ (ცაცა) ფხაკაძესთან.
1968 წელს ჩააბარა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე და ჩაირიცხა პროფესორ თინათინ გოგოლაშვილის კლასში. 1973 წელს დაამთავრა საფორტეპიანო ფაკულტეტი, ხოლო 2 წლის შემდეგ 1975 წელს ისევ ჩააბარა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ამჯერად საკომპოზიციო ფაკულტეტზე. კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანთან კომპოზიციის საფუძვლებს დაეუფლა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ფართო ასპარეზიც წარმატებით წამოიწყო.
ნანული ბრეგვაძე იხსენებს: „ კონსერვატორიაში სწავლისას, ჩემი მასწავლებელი იყო თინათინ გოგოლაშვილი. იგი ამავე დროს არტისტიც გახლდათ. ძალიან გამეხარდა, როდესაც ქალბატონმა თინამ ჩემი საფორტეპიანო პიესები „გურული სახუმარო“ და „მგზავრული“ შეასრულა.“
დიდი წარმატება ხვდა წილად ნანული ბრეგვაძის საკომპოზიციო ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე შექმნილ სადიპლომო ნაშრომს - კონცერტინო ფაგოტისათვის ფორტეპიანოს თანხლებით. ამ ნაწარმოების შექმნა განაპირობა შესანიშნავი მუსიკოსის ზურაბ ალავიძის შესრულებამ ,რომელსაც ადრე დაკრული ჰქონდა ბრეგვაძის „სახუმარო“ფაგოტისათვის, რამაც კომპოზიტორს გადააწყვეტინა მოზრდილი ფორმის და ფაქტურულად დატვირთული ნაწარმოების შექმნა. კონცერტინო 1977 წელს შესრულდა ქ. მოსკოვში პ. ჩაიკოვსკის სახ. დარბაზში შესანიშნავი მუსიკოსის ვალოდია ბოგორადის მიერ, საფორტეპიანო თანხლებას უწევდა ცნობილი პიანისტი მედეა ალთუნაშვილი.
სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ქ.თბილისის უნივერსიტეტში ფიზ-აღზრდის კათედრაზე აკომპანიატორად. მხატვრული ტანმოვარჯიშეები საღამოს საათებში ვარჯიშობდნენ, რომელთა შორის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ნელი სალაძე. ამ სპორტის ყველა მიმართულებისთვის საჭირო იყო მუსიკალური თანხლება, რომელსაც ნანული ბრეგვაძე დიდი წარმატებით უწევდა. ქართული და ევროპელი კომპოზიტორების სხვადასხვა ნაწარმოებების და ძველ ფირფიტებზე აჟღერებულ მელოდიების ინტერპრეტაციით, აგრეთვე სპონტანურად საკუთარი ნაწარმოებების შეთხზვის პროცესი ხშირად საინტერესო და შთამბეჭდავ შემოქმედებაში გადაიზრდებოდა. ნანული ბრეგვაძის აბსოლუტურმა სმენამ, მისმა მუსიკალური იმპროვიზაციის უზადო შესაძლებლობებმა და პიანისტური სკოლის მაღალპროფესიონალურმა ფლობამ საოცარი ნაყოფი გამოიღო. შემოქმედებით წიაღში აღმოცენილი მისი მუსიკით ათობით ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეს შეეწყო ხელი წარმატებულ კარიერაში და მსოფლიო ჩემპიონებიც კი გამხდარიყვნენ.
საკომპოზიტორო შემოქმედების კუთხით ნანული ბრეგვაძე ძირითადად კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში მოღვაწეობს. ასევე, იგი ქმნის ვოკალურ ნაწარმოებებს. აფხაზეთის თემაზე კომპოზიტორის მეგობარმა, ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშე - ნელი სალაძემ (დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი), დაწერა ლექსი „აფხაზეთო გელი!“. მუსიკა ლექსზე შექმნა ნანული ბრეგვაძემ, ხოლო სიმღერა შეასრულა შესანიშნავმა ქართველმა მომღერალმა ეთერ კაკულიამ და ხშირად ჟღერდა პირველი რადიოს ეთერში.
ქ.ლონდონში ჩატარებულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაჟღერდა ნანული ბრეგვაძის ნაწარმოები „მოგონებები“, რომლის ფონზე გამოდიოდა ბრწყინვალე ტანმოვარჯიშე ირინა გაბაშვილი. მუსიკის და პლასტიკის ტანდემმა ისე მონუსხა მაყურებელი და ჟიური, რომ უმაღლესი შეფასება ხვდა წილად. ირინა გაბაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბურთით ვარჯიშში. ამ წარმატებამ ახალი იდეები წარმოშვა - შექმნილიყო სპორტული ბალეტი, თუმცა იდეა, სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
შემოქმედებითი მოღვაწეობა კომპოზიტორ ნანული ბრეგვაძისთვის ყოველდღიურ პროცესს წარმოადგენს. ქმნის პატარებისთვის, მოზრდილებისთვის და ითვალისწინებს ინსტრუმენტზე დაკვრისთვის უნარების გამომუშავების ხერხებს. წლების მანძილზე მან შეიქმნა მრავალი საბავშვო პიესა, რომელსაც პატარა პიანისტები სიამოვნებით ასრულებენ.
ქალბატონი ნანული 1973 წლიდან გარდაბნის და 1980 წლიდან წყნეთის სამუსიკო სკოლებში მოღვაწეობს და ფორტეპიანოს კლასი მიჰყავს. ხშირ შემთხვევაში იგი ითვალისწინებს მოსწავლის მონაცემებს და ქმნის მისი ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამის ნაწარმოებს, რათა სწავლის პროცესი, მეტად სახალისო და მოტივირებული გახდეს. ოდნავ მოგვიანებით იგი იწყებს თანამშრომლობას კინოსტუდიასთან, კერძოდ, იწვევენ მულტფილმების მუსიკის შესაქმნელად. თავდაპირველად მოუწია თანამშრომლობა ცნობილ რეჟისორ კარლო სულაკაურთან. მწერალ ნაირა გელაშვილის ზღაპრის მიხედვით შეიქმნა სცენარი სახელწოდებით „ობობა და მზე“. დაიწყო შემოქმედებითი მუშაობა მულტფილმებზე.
კომპოზიტორი იხსენებს: „პირველი რაც დავწერე იყო შესავლის თემა, რომელიც ყოველი კადრის წინ გაისმოდა და აერთიანებდა სხვადასხვა ეპიზოდს. ფილმში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლ „მზიურის“ პატარა მომღერლები, ხოლო ობობას პარტიას ასრულებდა ცნობილი მომღერალი გიული ჩოხელი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა სიმღერა და ფილმს საკავშირო წარმატება მოუტანა. მუსიკა ფილმისთვის „ობობა და მზე“ დაიწერა სოლისტების, გუნდის და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელსაც დირიჟორობას უწევდა ავთანდილ მამაცაშვილი. მეორე მულტიპლიკაციური ფილმი, რომელზეც მოუწია მუშაობა არის „პაპა-ბუა“. რეჟისორი კვლავ კარლო სულაკაურია. ეს ფილმიც წარმატებით სარგებლობდა. შემდგომში რეჟისორ სოსო სამსონაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ფილმები „ჩიკო-რიკო“ და „მორი“. ამ უკანასკნელზე მუშაობისას გამოიყენა ის ქალაქური მელოდიები, რომელსაც მამა მღეროდა.
საბავშვო თემატიკის ფილმებზე მუშაობამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია, რის შედეგადაც ნანული ბრეგვაძის შემოქმედება ძირითადად საბავშვო მუსიკას უკავშირდება. ყურადღებას იპყრობს მისი საფორტეპიანო ციკლები - „ტყის ზღაპარი“ და „ცხოველთა სამყარო“. პიესების სათაურებიდან გამომდინარე თემატიკა ესადაგება ნორჩ შემსრულებელთათვის განსაზღვრულ რეპერტუარს. ფაქტურული და გამომსახველური ხერხები ზედმიწევნით გამოხატავს დასათაურებების მნიშვნელობას. ასე მაგალითად, პიესების სახელწოდებებია: „მხიარული მგაზვრული“, „კატა და თაგვი“, „დათუნია“, „სპილო და სპლიყვი“, „მაკაკა“, „კენგურუ“, „ვასაკა“, „ჟირაფი“, „ობობების შედევრი“, „ეშმაკუნა“, „აბა, დამეწიე“, „მელაკუდა“, „ხეებზე მოთამაშე მაიმუნი“, „ზღარბი“, „მოცეკვავე ცხენი“, „პენტა და ტონიკა“, „მოგონებები“, „მერანი“, „ძილისპირული“, „შეჯიბრი“, „მელაკუდა“, „მოწყენილი დათუნია“, „მთებში“, „სიმღერა“, „აისი ტყეში“, „ტყის ზღაპარი“, „სამაია“, „წყაროსთან“, „ელი და ნიკოტრისა“, „ნანა“, „გურული სახუმარო“, „მხიარული მეეტლე“, „მოდაფდაფე ჭიანჭველების აღლუმი“, „მარულა“, „გომბეშოთა შეჯიბრი“, „საზეიმო სვლა“ და სხვა.
კომპოზიტორი ქმნის საანსამბლო ნიმუშებს, რაც მოზარდებს აჩვევს ანსამბლურობის შეგრძნებას და პრაქტიკას უმუშავებს.
ნანული ბრეგვაძე აღნიშნავს: „ყველა ოჯახში, სადაც სიმღერა გაისმის, არ შეიძლება ერთი მაინც არ მოიძებნოს, რომელიც შექმნის რაიმე მუსიკალურ ნაწარმოებს. ასე იქმნებოდა და ვითარდებოდა ჩვენი ხალხური და კლასიკური მუსიკა, რომელიც დღესაც გვაცოცხლებს და გვახარებს.“
კომპოზიტორი ნანული ბრეგვაძე, როგორც შემსრულებელი და პედაგოგი, დიდი პრაქტიკით და სტაჟით, დღესაც ნაყოფიერად მოღვაწეობს და ამდიდრებს საბავშვო მუსიკის რეპერტუარს.
ვუსურვებთ მას შემოქმედებით სფეროში წარმატებებს.
ლელა მაქარაშვილი
2023.06.23.