ელისაბედ (ლილი) შავერზაშვილი
ელისაბედ (ლილი) ვასილის ასული შავერზაშვილი დაიბადა 1941 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, კომპოზიტორ ვასილ შავერზაშვილისა და პიანისტ ზოია დიაკოვას ოჯახში. მშობლები მალევე დაცილდნენ და ბავშვს დედა ზრდიდა. მოგვიანებით ლილიმ სითბოთი, სიყვარულით, ყურადღებით გადაუხადა დედას დიდი ამაგი. ლილი შავერზაშვილის ბავშვობის მეგობარი ქეთევან თუხარელი ასე იხსენებს ზოია დიაკოვას „მუსიკოსი...კონცერტმაისტერი, ღრმად განათლებული პიროვნება. სიამოვნებით ვიხსენებ მასთან საუბრებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.“(ლიტ. 1).
ლილი შავერზაშვილი იზრდებოდა ვერაზე. სწავლობდა ქალთა გიმნაზიაში, პეტრიაშვილზე (1948-1958), რომელიც მისი სწავლის დროს გადაკეთდა საშუალო სკოლად. პარალელურად დადიოდა მერვე სამუსიკო სკოლაში, რომელიც 1955 წელს დაამთავრა და იმავე წელს შევიდა დიმიტრი არაყიშვილის სახ. პირველ სამუსიკო სასწავლებელში. აქ ლილი შავერზაშვილის პედაგოგი იყო გრიგოლ კოკელაძე. სამუსიკო სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. ჩაირიცხა პროფესორ იონა ტუსკიას კლასში. მაგრამ მასთან ვერ დაასრულა სწავლა, რადგან იონა ტუსკია, 1963 წელს, პარიზში ყოფნისას გარდაიცვალა. ახალგაზრდა კომპოზიტორის პედაგოგი გახდა დავით თორაძე. ამ ორი პიროვნების ცოდნამ და გამოცდილებამ ნაყოფი გამოიღო და ლილი შავერზაშვილი შესანიშნავ პროფესიონალად ჩამოყალიბდა.
კონსერვატორია დაამთავრა „კომპოზიტორისა და სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგის კვალიფიკაციით“ (1964). სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კომიტეტში, რადიოს მუსიკალურ რედაქტორად (1964-1968). 1966 წელს ლილი შავერზაშვილი გახდა კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1967 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მეორე სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგი, სადაც მიყავდა პოლიფონიის, საკრავთმცოდნეობისა და პარტიტურის კითხვის კურსი.
ლილი შავერზაშვილი მშვენიერი პიანისტი იყო და საკუთარ ნაწარმოებების შესრულებისას ხშირად გამოდიოდა როგორც აკომპანიატორი.
პედაგოგიურ საქმიანობას ლილი შავერზაშვილი, მთელი ცხოვრება ეწეოდა, მაგრამ მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო კომპოზიცია. ის ბევრს წერდა, მისი ნაწარმოებები მუდმივად სრულდებოდა კომპოზიტორთა კავშირის ყრილობებსა თუ პლენუმებზე, პიანისტების, მომღერლების, საგუნდო კოლექტივების კონცერტებზე.
ლილი შავერზაშვილის ცხოვრების ერთი განსაკუთრებული და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე უნდა აღვნიშნოთ. 80-იანი წლების დასაწყისიდან, ძნელად თუ ნახავდა ვინმე მას პატარა ნოეს გარეშე. შვილი მისი ცხოვრების საზრისი გახდა, იყო არაჩვეულებრივი, მზრუნველი, მოსიყვარულე დედა, რომელმაც გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე პერიოდში აღზარდა კეთილშობილი, წესიერი, პროფესიონალი, დედის ამაგის დამფასებელი შვილი. ახლა უკვე ცნობილი პროდიუსერის, ტელეწამყვან, სპეციალობით ფილოლოგ, ნოე სულაბერიძის პატარა მოგონება: “დედა მუშაობდა ძალიან მარტივად, მე ვერც ვამჩნევდი როდის და როგორ, არასდროს მინახავს საათობრივი, ხანგრძლივი პროცესი... უყვარდა მეგობრებთან ერთად დაკვრა, სიმღერა... მახსოვს, ეს განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში. თავად მუსიკის შექმნის პროცესს ნაკლებად შევსწრებივარ... ყოფილა შემთხვევა, როდესაც სახლიდან გავსულვარ და დაბრულისთვის უთქვამს, რომ ამ პერიოდში ერთი ნაწარმოები უკვე დაწერა... ახლა, როდესაც მის ნაწარმოებებს ვისმენ, ლილის ხასიათს მაგონებს, რომელიც მას პირდაპირ შეესაბამება.“ (ლიტ. 2)
ხასიათი კი ასეთი ჰქონდა: კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია - „თბილი, გულისხმიერი, არაჩვეულებრივი პიროვნება, თითქმის 60 წელი ვმეგობრობდით და არ გამახსენდება მისი ხმამაღალი სიტყვა, სულ იცინოდა, მხიარული, კეთილმოსურნე იყო.“ (ლიტ. 2)
მუსიკოლოგი რუსუდან ქუთათელაძე „ლილის ერთ უნარს განსაკუთრებით ვაფასებდი - მეგობრობის ნიჭს! დიახ, სიყვარულისა და ერთგულების გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული... ხალასი მეგობრობა იცოდა!..“ (ლიტ. 3)
ლილი შავერზაშვილის შემოქმედება არაერთ ჟანრს მოიცავს. ესაა. საბავშვო მუსიკა - ინსტრუმენტული თუ ვოკალური, საფორტეპიანო მინიატურები, რომანსები, ვოკალურ-სიმფონიური ჟანრი, საესტრადო სიმღერები და სხვა. მაგრამ ცენტრალური ადგილი საგუნდო მუსიკას უკავია. აქაა ძირითადად a cappella გუნდები.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი: საგუნდო ნაწარმოებები დაწერილია „უდიდესი ცოდნით, საგუნდო ფაქტურაში, ხმების როგორი განაწილებაა. როგორი თანამედროვე და ეროვნულია. ... საფორტეპიანო ნაწარმოებებიც, ფორტეპიანოს როგორი ცოდნითაა გაკეთებული... აქაც ხაზს ვუსვამ, თანამედროვე და ძალიან ეროვნულია... მე ვარ მოწმე მოსკოვში როგორი წარმატებით შესრულდა მისი ვოკალური ციკლი, როგორი ტაში იყო და როგორ გამოეხმაურა პრესა... გამორჩეული კომპოზიტორი იყო, თავისი სახე ჰქონდა.“ (ლიტ. 2).
გიორგი შავერზაშვილი: „მომწონდა ყოველთვის მისი საგუნდო მუსიკა, რომელიც ძალიან თანამედროვეა, პროფესიულად მაღალ დონეზე შესრულებული და ხალხურით გაჯერებული, პირდაპირი ციტირებით კი არა, მთის ფოლკლორის შეგრძნებით, ეს ყველას არ აქვს. და მისი სარომანსო ლირიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი პერიოდის საფორტეპიანო ნაწარმოებებს არ ვიცნობდი და ბოლო ხანს ისევ საფორტეპიანო მუსიკა იყო წამოწეული, ეს ალბათ ტუკასთან (ეთერ გულისაშვილი. ავტ.) ურთიერთობიდან გამომდინარე.“ (ლიტ. 2)
საერთოდ, ლილი შავერზაშვილის ნაწარმოებებს არაერთი ცნობილი ქართველი შემსრულებელი ჰყავდა - თამარ გურგენიძე, ელზა გარსევანიშვილი, ნუგზარ კიკნაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ელენე ძამაშვილი, საქართველოს სახ. საგუნდო კაპელა და სხვა. ეთერ (ტუკა) გულისაშვილი მეგობრის მუსიკის ერთგული და ჩინებული ინტერპრეტატორი იყო. „ლილი ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა თავისი ნაწარმოების აღქმაში. ჰქონდა არაჩვეულებივი ყური, არაჩვეულებრივი გემოვნება... თავად უკრავდა შესანიშნავად და რასაკვირველია ლილის გავლენის ქვეშ ვიყავი, როდესაც ვასრულებდი ამ ნაწარმოებებს“ (ეთერ გულისაშვილის მოგონება, ლიტ. 2).
ლილი შავერზაშვილის ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: სრულიად ახალგაზრდა ლილის ნაწარმოები „მუსიკა ორკესტრისათვის“ 1969 წელს, მოსკოვში, საკავშირო დათვალიერებაზე, დიპლომით აღინიშნა;
ბერლინში, 1973 წელს წარმატება ხვდა ვოკალურ - ინსტრუმენტულ ტრიპტიქს „დიალოგები“, მეცო სოპრანოს, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის.
მოსკოვში ქართული მუსიკის დღეების დროს, როდესაც სულ ორი კონცერტი გაიმართა, ლილი შავერზაშვილის 2 გუნდი იყო პროგრამაში და აქაც მოწონება დაიმსახურა.
მუსიკოლოგი რუსუდან ქუთათელაძე წერს: მასთან „არაფერია ზერელე, ნაუცბათევად დაწერილი... უამრავ ქართველს დასწყვიტა გული კლდეების ვეფხვის - მიხეილ ხერგიანის ტრაგიკულმა აღსასრულმა, მაგრამ საკუთარი მუსიკით მხოლოდ და მხოლოდ ლილი შავერზაშილმა გამოხატა გულისტკივილი და მშვენიერი ნაწარმოები შექმნა - სამნაწილიანი ციკლი „მიხეილ ხერგიანს“ a cappella გუნდისთვის (1977). საფორტეპიანო პიესებში პიანისტურ ხერხებში, რა ორგანულადაა ჩაწნული კრიმანჭულის ჭირვეული რიტმი თუ ინტონაცია. განა ციტირებული, განა ზუსტადაა რეპროდუცირებული ფოკლორული მასალა, შემოქმედებითადაა გააზრებულ-გადამუშავებული. ან კიდევ ავიღოთ საესტრადო სიმღერები... თანამედროვედაც ჟღერს და ქართული იერიც გამოკვეთილია, არც მელოდურობა აკლია და არც დღეს ესოდენ მოდური მძაფრი ჰარმონიული შეხამებები... მე ვაფასებ მის პროფესიონალიზმს, პროფესიის ერთგულებას და კიდევ უფრო მეტად საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობას.“ (ლიტ. 3)
„არსებობს ცხოვრებაში გარემოებები, როცა აუცილებლად გაინტერესებს აზრი, აზრი იმ ადამიანის, რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია.. დედაზე ღირებული ადამიანი, რა თქმა უნდა არ არის... როგორც ყველა დედას, ლილისაც რაღაც შინაგანი სიამაყის გრძნობა ჰქონდა. როდესაც რაღაცას აკეთებ, პირველ რიგში გაინტერესებს ყველაზე ახლო ადამიანის აზრი და ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო, რასაც დედაჩემი იტყოდა ხოლმე... ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნამდვილი... და ეს ყველაფერი მე დღეს მაკლია“ - ნოე სულაბერიძე (ლიტ. 2)
ლილი შავერზაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 18 მარტს, თბილისში, დაკრძალულია მუხათგევრდის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის ალექსანდრე სულაბერიძის გვერდით.
მარიკა ჩიჯავაძე
2022.10.30.
ლიტერატურა:
1. ჟურნალი „მუსიკა“ 2018 N 2, ქეთევან თუხარელი „უახლოესი მეგობრის ხსოვნას“;
2. ლილი შავერზაშვილის გახსენება, საქართველოს რადიო, პროგრამა „ვარიაციები მუსიკალურ თემაზე“, ავტორი მარიამ ჩიჯავაძე, 2018.03.29.
3. „ღირსეული პიროვნება“, ავტორი: რუსუდან ქუთათელაძე, ჟურნალი „მუსიკა“ 2018 N 2;