ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თინათინ (დალი) ჩხეიძე

#

დალი ჩხეიძე დაიბადა 1927 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში. მისი მამა იყო მწერალი, საზოგადო, მოღვაწე - დავით ჩხეიძე, რომელიც თურდოსპირელის ფსევდონიმით გახდა ცნობილი. მას მნიშვნელოვანი და საინტერესო გზა ჰქონდა გავლილი: იგი ძმასთან, გიორგი ჩხეიძესთან ერთად (შემდგომში პოეტ გიორგი ქუჩიშვილი), ქართულ გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული არალეგალური წრეების მუშაობაში, რის გამოც კიდეც დააპატიმრეს. დავით ჩხეიძე, ერთ-ერთი იყო იმ  პიროვნებათაგან, ვინც 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, ხოლო უკვე 1919-21 წლებში  საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

1927 წელს, მაშინ როდესაც დალი დაიბადა, მამამისი დავით თურდოსპირელი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თელავში  და სწორედ იმ წელს გახდა ერთ-ერთი ინიციატორი თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაფუძნების. ამ პერიოდში, მცირე ხნის განმავლობაში, დავით თურდოსპირელს მეუღლესთან, ელენე მიქელაძესთან და ორ მცირეწლოვან ქალიშვილებთან -  მზიასთან და დალისთან ერთად თელავში მოუწიათ ცხოვრება. სულ მალე ელენე მიქელაძე თავის ქალიშვილებთან ერთად გადმოვიდა თბილისში. აქ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმეთა მმართველად. ამ უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელოვანი საბუთების, დოკუმენტების მომზადებაში  ხელს უწყობდა ბავშვობიდან მიღებული განათლება, ენების ცოდნა. ოჯახის გაძღოლასა და ბავშვების აღზრდაში კი ძირითად დახმარებას უწევდა დედა, ელისაბედ (ლიზა) მირიანაშვილი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დალი ჩხეიძის   აღზრდასა და ჩამოყალიბებაში.

პირველდაწყებითი განათლების მიღებას დალი ჩხეიძე შეუდგა 1934 წლიდან თბილისის მე-5 ქალთა  (მე-18  საშუალო) სკოლაში, ერთი წლის შემდეგ შეიყვანეს მე-8 მუსიკალურ სკოლაში, საფ-ნო განხრით, პედ. თ. ბახტაძის კლასში, სადაც სწავლობდა 1935-43 წლებში.  მუსიკალური მონაცემებით მანამდეც მიუქცევია ყურადღება, მაგრამ მუსიკალურ სკოლაში უკვე აშკარად გამოიკვეთა მისი განსაკუთრებული მიდრეკილება, ამიტომაც  შემდეგ განაგრძო სწავლა თბილისის მე-სამუსიკო სასწავლებელში, ფორტეპიანოს განხრით, მ. ნუნუპაროვას კლასში. სასწავლებლის პერიოდში უკვე ქმნიდა საფორტეპიანო ნაწარმოებებს და გადაწყვიტა კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩაბარება. თავდაპირველად სწავლობდა სერგო გარხუდარიანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი იონა ტუსკიას კლასში. თან არ ეთმობოდა საფორტეპიანო დარგიც, ამიტომ პარალელურად განაგრძო სწავლა  კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე, ვანდა შიუკაშვილის კლასში.

ფრიად მნიშვნელოვანი იყო დალი ჩხეიძისათვის კონსერვატორიის დამამთავრებელი პერიოდი. მისი სადიპლომო ნამუშევარი - საფორტეპიანო კონცერტი მოსკოვშიც კი შესრულდა (1951 წ.) წარმატებით სტუდენტ-კომპოზიტორთა საკავშირო დათვალიერებაზე, ავტორის მიერ.

კონსერვატორიის  დამთავრების შემდეგ დალი ჩხეიძე ინტენსიურად ქმნის კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს. წარმატება ხვდა წილად მის საფორტეპიანო თხზულებებს -  „პრელუდიას“, „ესკიზს“, სონატას, სავიოლინო ნაწარმოებებს: „მელოდიას’“, „რომანსს“, „იუმორესკას“, „გაზაფხულის სიმღერას“, აგრეთვე ვოკალურ , საგუნდო ნაწარმოებებს.

დალი ჩხეიძე წლების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სკოლაში, შემდეგ უკვე კონსერვატორიაში.  ამ გარემომ განაპირობა მისი  განსაკუთრებული დაინტერესება საბავშვო და ახალგაზრდული რეპერტუარით. ის ინტენსიურად წერს არამხოლოდ მცირე, არამედ მსხვილი ფორმის ნაწარმოებებს.

საყურადღებო მოვლენებად ქცეულა დალი ჩხეიძის  ნაწარმოებების პრემიერები, ეს განსაკუთრებით შეეხება საფორტეპიანო კონცერტებს N  2 (1955), და N 3 (1965), სავიოლინო კონცერტს (1964). 1975 წელს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში წარმატებით შესრულდა მისი საბავშვო ოპერა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. მისი საფორტეპიანო ნაწარმოებები დამკვიდრებულიც იყო სასწავლო რეპერტუარში.

დალი ჩხეიძე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში შევლისთანავე მისი აქტიური წევრი გახდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ხშირად თვითონაც ყოფილა მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი.

დალი ჩხეიძე თავისი შემოქმედებითი ნიმუშებით წარმდგარა საავტორო კონცერტებზე, როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში.

დალი ჩხეიძის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ მაღალ აზრს გამოთქვამდნენ ჩვენი სასიქადულო კომპოზიტორები:

„დალი ჩხეიძის ნაწარმოებები გამოირჩევა მელოდიურობით, სინათლით, მკვეთრად გამოხატული ეროვნული კოლორიტით“ - ანდრია ბალანჩივაძე.

„დალი ჩხეიძეს, როგორც კომპოზიტორს, ფართოდ იცნობენ მუსიკალურ საზოგადოებაში. იგი  შესანიშნავი მუსიკოსია, აღჭურვილი დახვეწილი მუსიკალური გემოვნებითა და სათანადო პედაგოგიური კულტურით“.  ოთარ თევდორაძე.

„დალი ჩხეიძე საქართველოში ცნობილი კომპოზიტორია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიღწევები,  საბავშვო მუსიკის სფეროში, მას დიდი წვლილი შეაქვს   მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდა-განვითარებაში“ - ნოდარ გაბუნია.

ზემოთმოყვანილი სიტყვები კიდევ მეტად გვაფიქრებს დალი ჩხეიძის როლზე, ადგილზე ქართულ მუსიკალურ კულტურაში. გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად არის ცნობილი და დაფასებული იგი დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მუსიკალური მემკვიდრეობის გამომზეურება, მოვლა-პატრონობა, მისი სახელის საზოგადოებისათვის კვლავ დაბრუნება.

 

თამარ წულუკიძე

2023.06.23.